შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვები ეზოში აღარ ჩადიან

კომპიუტერი რომ საშინელებაა, ამაზე, რა თქმა უნდა, აღარავინ დავობს. ის იწვევს გაუცხოებას, ავიწყებს რეალურ ურთიერთობებს, აშორებს ბუნებას, ხელს უწყობს სიზარმაცეს, უძილობას, წარმოშობს უსწავლელობის, გაუნათლებლობის, ცუდი ქცევის საფრთხეს, იწვევს აგრესიის მოზღვავებას, გაღიზიანებას, ემოციური ფონის გამწვავებას და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხშირად ძალიან ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც, რაც თავის ტკივილებითა თუ მხედველობის გაფუჭებით გამოიხატება. ჰო, ასეთია კომპიუტერი, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი კერპი და ნამდვილი მსოფლიო იმპერატორი. ჩვენ, ჰომო კომპიუტერუსები, ბოლომდე ვემონებით და თაყვანს ვცემთ დიად სამებას: კომპიუტერს, ინტერნეტს და ახლა უკვე მათ პირმშოს – ფეისბუქს. უდავოა, ჩვენ მეორედ მოსვლის ეპოქის შვილები ვართ და რაც უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტექნიკური პროგრესი, მით უფრო ახლოვდება აპოკალიფსიც. დედამიწამ რა ხანია დაკარგა მართვის სადავეები და ახლა ყველაფერს დიდი ობობა მართავს, რომლის World Wide Web ან უბრალოდ WWW უკვე მთელ მსოფლიოს ფარავს და თითოეულ ჩვენგანს ბუზივით ითრევს შიგნით. ჰო, ასეა, კომპიუტერი ნამდვილად საშინელებაა…

ბევრს ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა, როგორ დავამარცხოთ ჩვენ, ადამიანებმა, ეს მონსტრი, რომელიც გვართმევს ჩვენს საუკეთესო თვისებებს: ერთმანეთის სიყვარულს, ბუნებისადმი ლტოლვას, განათლებისა და ცოდნის მიღების დაუოკებელ სურვილს და ა.შ. არადა, ნამდვილად დასანანია რომ კაცობრიობა ამ ყუთის კაპრიზებზე კარგავს დროს, ნაცვლად იმისა, რომ უკეთეს მომავალზე იფიქროს. გამოფხიზლდით, ხალხო, ჩვენ ხომ ასეთი კარგები ვართ სინამდვილეში, ჩვენ ხომ ისიც კარგად გვესმის, რომ ყველაფერი კომპიუტერით არ დაწყებულა. თავს ვერ დავდებ, რომ ეს მართლაც ორგანიზებული შეთქმულებაა კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ სამყარო ნაბიჯ-ნაბიჯ მიექანება უფსკრულისკენ, რომ ტექნიკური პროგრესის შედეგად ჩვენ სულ უფრო გვაშორებენ რეალურ იდეალებს, რომლებსაც ყოველთვის ესწრაფოდა ადამიანი. თვალი გავახილოთ, ამისთვის ისტორიის გახსენებაც კმარა. აი, მაგალითად, სულ სხვა იყო შუა საუკუნეები, მაშინ არც ამდენი ომი იყო მსოფლიოში და არც ამდენი კატაკლიზმა. ქრისტიანული და მუსულმანური სამყაროებიც კი ტკბილად ცხოვრობდნენ. თუნდაც მაშინდელი მედიცინა რად ღირდა! ახლა, ტექნოლოგიური ბუმის პირობებში, ხალხს უაზროდ ჭყეპენ წამლებით, მაშინ კი – გაიხსენეთ, ოდნავ მოგვიანებით, როგორ გაუსწორდა ევროპა შავ ჭირს! აღგავა პირისაგან მიწისა! და ურთიერთობები? სულ სხვა იყო… ადამიანებს სამი, ოთხი, ხშირად მთელი ხუთი მეგობარიც კი ჰყავდათ ისეთი, რომლებსაც ყოველდღე ესაუბრებოდნენ, ახლანდელი ფეისბუქივით კი არ იყო ყველაფერი… თუმცა ეს – მაშინ, ახლა კი ჩვენ, ბუნებით კეთილშობილ ადამიანებს, ეს საშინელი გამოგონება, ეს ეშმაკის ყუთი გვრყვნის და გვანადგურებს. ვის ახსოვს, რომელ ეპოქაში ყოფილა გარყვნილებისადმი ამხელა მიდრეკილება?! ახლა ყოველ ფილმში სექსუალური სცენებია, მაშინ კი, იმ ძველ დროში, ნამდვილი უმანკოების ხანა იდგა, თუნდაც რომის იმპერია ავიღოთ, ან საფრანგეთის ძლიერი სამეფო – ერთ მეძავსაც ვერ ნახავდით ქუჩაში. ფაქტია, ეს ყველაფერი ახალმა საუკუნემ მოიტანა. ჩვენ, კეთილშობილი ბუნების ადამიანებს, ამაში ბრალი არ მიგვიძღვის, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ კომპიუტერიზაცია და ტვინები გამოგვილაყონ, რამეთუ ასეთი ძვირფასია ჩვენი ტვინები, გამოტენილი ცოდნითა და შემეცნების სურვილით. ასე ძვირფასი იყო ჩვენი ტვინები ყოველთვის. აკი თითის განძრევაც არ დასჭირდა ილია ჭავჭავაძეს, რომ წერა-კითხვა და, საზოგადოდ, განათლების სიყვარული ესწავლებინა ერისთვის – ერმა პირველივე დაძახებაზე აიტაცა შემეცნების იდეა და კეთილად დაადგა ამ გზას, ვიდრე თითიდან გამოწოვილმა დასავლურმა ფასეულობებმა არ დაგვაბრმავა და არ მოგვიტანა დასავლური სიბნელე. აბა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს სიტუაციას, როცა საკუთარი ახლობლის მეზობლის მონაყოლი ვერ დაგვიჯერებია, რომელმაც თავისი თვალით ნახა გარკვეული ფაქტი და მის გადამოწმებას ფეისბუქსა და საინფორმაციო საიტებზე ვცდილობთ, რომლებზეც, ვინ იცის, რა ჯურის ხალხი აქვეყნებს სტატიებს. და ენის პრობლემა?! განა ეს ნათელი არ არის?! ჩვენ, ერი, რომელმაც დღემდე ასე შეურყვნელად მოიტანა ქართული ენა; ერი, რომელმაც, არაერთი დამპყრობლის მიუხედავად, არ დაუშვა ენაში არაბული, მონღოლური, თურქული, სპარსული, რუსული სიტყვების ბარბარიზმებად ქცევა; ერი, რომლის ენაზე არც სპარსულს მოუხდენია გავლენა და არც რუსულად მეტყველება ჩაუთვლია ოდესმე თვითწარმოსაჩენ მიზეზად; აი, საკუთარ ენაზე შეყვარებული სწორედ ეს ერი ახლა რას სჩადის?! – გაისმის ინგლისური სიტყვების რახარუხი: ისთებლიშმენთი, ივენთი, ლაიქი, ფართი… განა ეს ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალიზაციის ნაყოფი არ არის?! განა ეს არ არის 21-ე საუკუნის ლოგიკური შედეგი?! განა ადრე ასე იყო?! ახლა ხომ ყველაფერი გაცილებით უარესადაა, ამის დაუნახავობა ხომ წარმოუდგენელია, არა?

და მაინც…

სულ ერთი წამით დავუშვათ, რომ კომპიუტერი უბრალო ხელსაწყოა, აი, როგორც თოხი ან სავარცხელი, ოღონდ ამ ხელსაწყოებზე უფრო მეტი, ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობებით. დავუშვათ, რომ კომპიუტერი სულაც არ არის მიზეზი ჩვენი გაბოროტების, გაუცხოების, გაზარმაცების. დავუშვათ, რომ პრობლემა ჩვენშია. მაშინ? არა, მესმის, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც… ვცადოთ და დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ ჩვენ ვართ დამნაშავე და მხოლოდ იმიტომ არ აღვიბეჭდეთ დანაშაულის ამსახველ არც ერთ ფოტოზე, რომ თავად ვართ ამ ყველაფრის ფოტოგრაფი? თუმცა არა… სისულელეა…. ასე ხომ გამოვა, რომ ჩვენშია სიზარმაცეც, გაუცხოებისკენ სწრაფვაც, კომფორტის ხათრით ბუნებაზე უარის თქმის სურვილიც; ასე გამოვა, რომ თავად ვიკიდებთ ფეხებზე მეგობრებს, როცა ერთად ვართ და მაინც ფეისბუქს ვსტუმრობთ, რომ ჩვენ ვართ ის აპოკალიპსური მხეცი, რომელსაც ადამიანებს შორის რეალური ურთიერთობის დანგრევა სურს. გამოვა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უკეთაა, ბევრად, ბევრად უკეთ, ვიდრე ადრე იყო, გარდასულ საუკუნეებში, უბრალოდ, გვირჩევნია, პრობლემა სხვაგან ვეძებოთ, სხვებს დავაბრალოთ, მტრებს, გაურკვეველი შეთქმულების ავტორებს, მასონებს, უცხოპლანეტელებს თუნდაც, ან – კომპიუტერს, და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ, რომ პრობლემა ჩვენშია, რადგან ჩვენ ისეთი კარგები ვართ, ვერანაირად ვერ ვიქნებით იმ უბედურებათა სათავე, რაც მოაქვს 21-ე საუკუნეს… და მოაქვს კი 21-ე საუკუნეს უბედურება? ან ცოტა სხვანაირად ვიკითხოთ: მოიტანს კი 21-ე საუკუნე უბედურებას, თუ საკუთარ თავში აღმოვაჩენთ პრობლემათა სათავეს და გავაქრობთ მას? თუ მივხვდებით, რომ კომპიუტერიც ჯადოსნური ყუთია, რომელსაც სწორი შელოცვები უნდა ჩასძახო, რომ კეთილად გემსახუროს, ან შენივე შინაგანი ბრაზის შემნახველ პანდორას ყუთად აქციო. ჰო, მგონი, ასე გამოვა… ამიტომ ეს არ დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ, ჯობია, ისევ ისე იყოს ყველაფერი, როცა კომპიუტერი საშინელებაა და ამაზე ყველა ვთანხმდებით.

ბოლოს ცოტა გავხალისდეთ. რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუქზე მარტივი/რთული კითხვა დავსვი. კითხვას მრავალი საინტერესო პასუხი მოჰყვა, რამდენიმე მათგანს ვეთანხმები, რამდენიმეს – არ, რამდენიმეზე კი ზემოთ უკვე ვისაუბრე. შესაბამისად, ისღა დამრჩენია, უცვლელი სახით შემოგთავაზოთ ჩემი სტატუსისქვეშეთი, თქვენ კი, თუ მიგაჩნიათ, რომ ამ ბლოგის სახით დიდაქტიკური პათოსით განმსჭვალული სისულელე წაიკითხეთ, ჩემი თხოვნაა, კომპიუტერს დააბრალოთ ეს ყველაფერი, – აბა, მე რა შუაში ვარ?



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი