სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების გრძელვადიანი მიზნები  დაწყებით საფეხურზე

 მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გრძელვადიანი მიზნები წარმოდგენილი არის სტანდარტის შედეგებისა და ამ შედეგებთან დაკავშირებული სამიზნე ცნებებით.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ანბანის შემდგომი პერიოდიდან მეოთხე კლასის ბოლომდე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოკვეთს სამ სამიზნე ცნებას:

  1. ტექსტი და კონკრეტული ჟანრი

(შედეგები: I 2;  I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)

  1. ფუნქციური სამეტყველო ქმედება

(შედეგები: I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9;  I. 13; I. 14; I. 15)

  1. სიტყვის ფორმაცვალება

(შედეგები: ქართული, დაწყებითი I. 11)

სამიზნე ცნებები ქმნის პედაგოგიკურ ჩარჩო-ინსტრუმენტს, რომელიც გაღრმავებული სწავლა-სწავლების საშუალებას იძლევა.

თითოეულ სამიზნე ცნებას მიწერილი აქვს სტანდარტის შესაბამისი ინდექსი.

აზროვნების სტრუქტურირებას,  ორგანიზებას და გრძელვადიან მეხსიერებაში განვითარებას უზრუნველყოფს სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები, რომელიც

პირდაპირ უკავშირდება სამიზნე ცნებების არსობრივ მახასიათებლებს.

რას გულისხმობს სამიზნე ცნება ტექსტი და კონკრეტული ჟანრი?

ზოგადად, ყველასთვის ცნობილია, რომ მხატვრული და არამხატვრული ტიპის ტექსტები ჯგუფდება სხვადასხვა ჟანრის მიხედვით.

მხატვრული ჟანრის ტექსტებია:

  • მოთხრობა
  • იგავი
  • ზღაპარი
  • ლექსი
  • თქმულება

არამხატვრული ჟანრის ტექსტებია:

  • საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი
  • წერილი
  • საინსტრუქციო ტექსტი
  • საინფორმაციო-ყოფითი ტექსტი
  • რეკლამა

ნებისმიერ ტექსტზე მუშაობის პროცესში მუშავდება კონკრეტული ჟანრი. სწორედ ამიტომ არის ერთ სამიზნე ცნებაში მოქცეული ტექსტი და კონკრეტული ჟანრი.

 

ამ სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებია:

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
  4. ტექსტი შეიძლება იყოს:

ზღაპარი, მოთხრობა, იგავი, თქმულება, ლექსი, საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი, წერილი, რეკლამა, ინსტრუქცია, კომიქსი, პოსტერი, ჩანახატი, დღიური,  საინფორმაციო-ყოფითი.

 

რას გულისხმობს სამიზნე ცნება, ფუნქციური სამეტყველო ქმედება?

კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდების დიდი უმრავლესობის მეტყველება არის უკიდურესად მწირი, რომელიც აფერხებს აზრების, განცდების, გრძნობების  ჩამოყალიბების პროცესს და მოსწავლე ვერ ახერხებს აზრის გადმოცემას, გასიტყვებას.

ამიტომ აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსწავლეთა მეტყველების განვითარებას.

ფუნქციური სამეტყველო ქმედება გულისხმობს ,,მეტყველების წისქვილის ამუშავებას’’ საკლასო ოთახებში და თითოეული მოსწავლის ,,გონებრივ საამქროში’’. როგორც წისქვილს აუცილებლად სჭირდება მასალა, რომ იმუშაოს, ასევე სჭირდება მოსწავლეს მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების მიწოდება, რომ მისმა ,,გონებრივმა საამქრომ’’ შეძლოს ამუშავება. (თამარ ჯაყელი)

სამიზნე ცნებას, ფუნქციურ სამეტყველო ქმედებას, ახლავს ქვეცნებები:

  1. თხრობა
  2. შედარება
  3. აღწერა
  4. დასაბუთება

ამ სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებია:

  1. სამეტყველო ქმედების სხვადასხვა ტიპს (მაგ., თხრობას, აღწერას, დასაბუთებას) თავისებური სტრუქტურა-აგებულება აქვს.
  2. მეტყველებისას საჭიროა სიტყვების შერჩევა სამეტყველო ამოცანის გათვალისწინებით.
  3. ზეპირი სამეტყველო ქმედების დროს წინადადების შინაარსს გამოვხატავთ ინტონაციით, წერითი სამეტყველო ქმედების დროს – სასვენი ნიშნებით.
  4. სამეტყველო ქმედების შესასრულებლად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

რას გულისხმობს სამიზნე ცნება, სიტყვის ფორმაცვალება?

ეს გახლავთ გრამატიკული ცნება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ოთხწლედის განმავლობაში გრამატიკული საკითხების გაგებასა და შესწავლაში მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. მათ სჭირდებათ ფორმალური, თვალსაჩინო ნიშან-თვისებები, რომლის საფუძველზეც მოსწავლეები განახორციელებენ სხვადასხვა პროცედურას.

სამიზნე ცნებას, სიტყვის ფორმაცვალებას, ახლავს ქვეცნებები, როგორიცაა:

  1. ბრუნება
  2. სიტყვაწარმოება
  3. რიცხვის წარმოება
  4. უღლება
  5. ხარისხის ფორმები და სხვა.

ამ სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებია:

  1. წინადადებაში სიტყვები ერთმანეთთან დასაკავშირებლად საჭირო ფორმას იძენს.
  2. სიტყვის ფორმის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მნიშვნელობის ცვლილება.

 

ამიზნე ცნებები წარმოადგენს აზროვნების განვითარების არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელიც აადვილებს თემის დაგეგმვასა და  სასწავლო პროცესის მიზანმიმართულად მართვას პირობისეული,  არსობრივი ცოდნისაკენ.

განსაზღვრავს, რა მიმართულებით უნდა ხდებოდეს მოსწავლის ცოდნის გაღრმავება წლისა და საფეხურის განმავლობაში.

ეს არის ორგანიზებული იდეა, რომლის დაუფლებაც განაპირობებს აზროვნების სტრუქტურირებას,  ორგანიზებას და გრძელვადიან მეხსიერებაში განვითარებას.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. (ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტის, თამარ ჯაყელის ვიდეოლექცია)
  2. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანისშემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი