პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მუზილი, მოზარდობის ვნებები

„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ – დიდი მწერლის, რობერტ მუზილის პირველი რომანი – ისეთი წიგნია, ნელა, დროდადრო თავის აწევითა და უხილავი წერტილისთვის თვალის გაშტერებით რომ უნდა იკითხო. აუცილებლად დაგაბრუნებს სკოლის წლებში, იმ მოგონებებსაც წამოგიშლის, რომლების დავიწყებაც გინდა და ვერ მოგიხერხებია. წარსულის სიბნელიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოვლენ ისინი, ვინც გაღიზიანებდნენ, გტკენდნენ, გაწამებდნენ, ვისაც აღიზიანებდი, სტკენდი, აწამებდი… წაკითხული მეხსიერების ზედაპირზე მოულოდნელად გაჩენილს შეერევა, დაუნაწევრებელ მთლიანობად იქცევა. დიახ, შენც ასეთი აზრები გიჩნდებოდა, როცა ცხოვრების საიდუმლოს ამოხსნას სასოწარკვეთით ესწრაფვოდი, როცა საკუთარ ფრაზებს, ქმედებებს ვეღარ სცნობდი.

„ყოველთვის არსებობს რაღაც წერტილი, როცა ვერ ხვდები, იტყუები თუ რაც მოიგონე, იმაზე რეალურია, ვიდრე შენ ხარ“, – ამბობს წიგნის მთავარი გმირი – ტერლესი, რომელსაც ათასგვარი საფიქრებელ-სადარდებელი მოსვენებას არ აძლევს. ცხელ თავში ფიქრების ქარიშხალი ტრიალებს – დიდი, დამანგრეველი ძალის. ახალ-ახალი შეგრძნებები ჩნდება და ქრება. „ტერლესს ტანში ზიზღის ჟრუანტელმა დაუარა. საკუთარმა წარმოსახვამ თავადვე გააკვირვა და ცოტა შეაშინა კიდეც, რადგან დღეს უკვე მეორედ მის ფიქრებს სრულიად მოულოდნელად და უადგილოდ რაღაც შეერია, რაც სქესს უკავშირდებოდა“.

მოზარდობისას სქესის საკითხი ყველაზე მტანჯველია – ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი ლამის სიცოცხლის ფასად გიჯდება. არასდროს იცი, რისკენ წაგიყვანს აზრი, თავში რომ უცაბედად გაგიკრთა, ტუჩებს დაცდენილი სიტყვა, უნებლიე თუ თითქმის უნებლიე მოძრაობები… „მოზარდის პირველი ვნება ერთი ადამიანის სიყვარული კი არა, ყველას სიძულვილია. გრძნობ, რომ შენი არავის ესმის და შენთვისაც გაუგებარია სამყარო, პირველი ვნების თანმხლები კი არა, მისი ერთადერთი და არცთუ შემთხვევითი მიზეზია. თავად ვნება კი გაქცევაა და ამ დროს ორის ერთად ყოფნა გაორმაგებული მარტოობაა“, – ვკითხულობთ რომანში, რომლის ახალგაზრდა ავტორიც გამოცდილი მწერლის ოსტატობით აღწერს ყველაზე რთულად აღსაწერს. ვხედავთ, როგორ ემსგავსება სამყარო ბნელ, ცარიელს სახლს, სადაც ერთადერთი ადამიანი დადის – შეშინებული, ხელის ცეცებით. ვერასდროს გამოიცნობს, რა შეიძლება ელოდეს ახალ ოთახში, ახალ დერეფანში.

ასეთ ტექსტებს ყოველთვის ატყვია პირადი გამოცდილების კვალი. „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვაც“ იმდენადვეა ავტობიოგრაფიული, რამდენადაც მოსწავლეობის წლებზე დაწერილი სხვა კარგი წიგნები, სადაც მწერლები არაფერს ხსნიან, სახელებს არ არქმევენ, დიდი ხნის წინ განცდილს, დამახსოვრებულს კი მხოლოდ მცირედ ცვლიან. კითხულობ და ხვდები, რომ რაღაც ისეთი გაგიმხილეს, რაც აუტანლად მძიმე ტვირთივით დაგაწვება მხრებზე – ერთხანს მაინც. სხვა წიგნის გადაშლამდე მაინც.

მახსენდება, როგორ ვარიდებდი თავს იმ გოგოსთან მეგობრობას, რომელიც მუდმივად ცუდ ნიშნებს იღებდა. თითქოს მისი ბრალი იყო, რომ სქელშუშიანი სათვალით დადიოდა გაკვეთილებზე, ვერც გამართული წერა-კითხვა ისწავლა და ვერც კალათში ბურთის ჩაგდება.

ტერლესი და მისი ახალი მეგობრებიც პოულობენ მას, ვინც ჯერ უნდა აითვალწუნონ, მერე კი სამაგალითოდ დასაჯონ – ცხადია, თავადვე არ ეცოდინებათ – რისთვის? გზა, რომელსაც მიუყვებიან, უფრო და უფრო შემზარავი ხდება, მოზარდების ფანტაზიები თავზარდამცემ სინამდვილედ იქცევა. მთავარი გმირი ხან შეშინებულია იმით, რაც მის თვალწინ ხდება და რის მონაწილედაც იქცევა, ხან უსაშველოდ დაღლილი და ფეხქვეშ მიწაგამოცლილია, ხან კი, გაწამებულს, კითხვების ნიაღვარი ახრჩობს: „უფროსებიც ასეთები არიან? სამყაროც ასეთია? საყოველთაო წესია, რომ ჩვენში რაღაც ჩვენზე უფრო ძლიერი, დიდი, ლამაზი, ვნებიანი და ბნელია? რაზეც ჩვენი ძალა აღარ ვრცელდება და მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ალალბედზე მიმოვაბნიოთ მარცვლები, სანამ უეცრად რომელიმესგან მუქი ალი არ იფეთქებს, რომელიც ჩვენზე მაღალი იქნება?.. და სხეულის თითოეულ ნერვში პასუხად მოუთმენელი „დიახ“ უცახცახებდა“.

„რა მინდა მისგან?“ – როცა ტერლესი საკუთარ თავს ეკითხება, მარტივი პასუხის ძებნა დიდხანს არ უხდება. თავს უტყდება, რომ „ამ სისასტიკესა და ავხორცობას მიზანი არ აქვს“.

რობერტ მუზილის ეს წიგნი ადვილად წასაკითხი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც შევიტანდი სავლდებულო საკითხავის სიაში და უფრო მოზარდებს გავუწვდიდი, ვიდრე ზრდასრულებს.

ესეც – მის მიხედვით გადაღებული ფოლკერ შლენდორფის შესანიშნავი ფილმის ბმული:

https://www.imovies.cc/ka/movies/5777/Young-Trless/GER/MEDIUM

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი