ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნორმალური მოსწავლეები, ნორმალური მასწავლებლები და ჰოგვორტსი

„ვინ წარმოიდგენდა, რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს, პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობენ, ოდესმე უცნაური, თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს. ისინი ხომ ყოველგვარ სასწაულს სისულელედ მიიჩნევდნენ და სულ იმით ამაყობდნენ, ჩვენ სავსებით ნორმალური ადამიანები ვართო”.

ჩვენი მამები ხშირად იხსენებენ, როგორ არ იშოვებოდა მათ დროს „ბითლზის”, „ლედ ზეპელინის”, „პინკ ფლოიდის” მუსიკის ჩანაწერები, როგორ უსმენდნენ მალულად და წვალებით მოპოვებულ ბაბინებზე როკ-ენ-როლს და როგორ გადადიოდა ეს ბაბინები ხელიდან ხელში. სხვა დრო იყო მაშინო, – იტყვიან ხოლმე, – თქვენ რა გიჭირთ, ყველაფერი მზამზარეული გაქვთ ინტერნეტის წყალობითო… გაივლის, ალბათ, წლები და მეც მოვუყვები შვილებს, როგორ გადაიწერა პირჯვარი გამვლელმა ქალმა, როცა 14-15 წლის ბავშვები ალექსანდრეს ბაღში ჯადოსნური ჯოხებით და „ჰარი პოტერის” ტომებით „შეიარაღებულები” დაგვინახა. იმასაც მოვუყვები, რომ ამ უწყინარ ჯადოქრულ საგას ლამის იგივე ბედი ეწია, რაც „ლედ ზეპელინის” ბაბინებს. თუმცა დიდი ვნებათა ღელვის შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ახლა ისეთი ადამიანებისგანაც კი გამიგონია „ჰარი პოტერის” ქება, ვინც ადრე მასში ბნელი ძალების ხოტბას და სატანისტურ გეგმასაც კი ჭვრეტდა. ჩვენ კი, პატარა პოტერომანები, მაინც ვყიდულობდით წიგნებს და ხშირად მასწავლებლებისგან მალულად ვკითხულობდით. ზოგს მშობლები უკრძალავდნენ, ზოგს, პირიქით – მშობლები ურჩევდნენ. ვისაც ამ მხრივ ბედმა გაგვიღიმა, ბავშვობიდანვე ჩავერთეთ ფილოსოფიური ქვისა თუ საიდუმლო ოთახის ძიებაში…

შეამჩნევდით, რომ ამ წერილის დასაწყისი ჰარი პოტერის თავგადასავლის პირველი წიგნის პირველი აბზაციდანაა აღებული. ტავტოლოგიისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ნამდვილად პირველი შეხვედრა იყო ნამდვილ სკოლასთან. შეიძლება ითქვას, პირველი სიყვარულიც კი. ვიცოდით, რომ ჩვენ, უბრალო და ამსამყაროსეული სკოლის მოსწავლეები, დიდი-დიდი, ბიოლოგები, გეოგრაფები, ფილოლოგები ან მათემატიკოსები გამოვსულიყავით, მაგრამ ყველაფერში მაინც ჯადოსნობას ვხედავდით. სკოლას ფერი მიეცა, ჩვენ – სტიმული. ამიტომ მინდა, ბლოგის დარჩენილი ნაწილი სწორედ ამ თემას მივუძღვნა: სკოლას, როგორც ასეთს. ბავშვების პირველ შთაბეჭდილებებს, მოლოდინებს, ყოველდღიურობასა და გამოწვევებს. 

რატომ არის, რომ ზოგიერთ მოსწავლეს უხარია სკოლაში წასვლა, ზოგიერთს კი სძაგს? ვითომ ყველაფერი სიბეჯითე-სიზარმაცით განისაზღვრება? ვინ იცის… მე კი მგონია, რომ სკოლა ჯადოსნური ადგილია, სადაც უცნაური შელოცვებისა თუ ელექსირების წყალობით იბადება მეგობრობა, საუკეთესო მოგონებები და ხშირად – პირველი სიყვარულიც.

მომდევნო წლებშიც შემიმჩნევია კაფეებში, ნაცნობ-მეგობრების სახლებში, კლუბებსა თუ სხვა დაწესებულებებში – პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ყველაზე ძლიერია. თუ პირველი მისვლისას იქაურობა არ მომწონებია, განწყობა მეტწილად არც მერე შემცვლია.

მაინც როგორი შთაბეჭდილებები აქვთ პირველკლასელებს სწავლის პირველ დღეს? 

ყველაფერი, ალბათ, გაცილებით ადრე იწყება – მაშინ, როცა მშობლები მათ სასკოლოდ ამზადებენ, უყვებიან, რომ დგება დრო, როცა ყველა ბავშვი მიდის სკოლაში, იქ ბევრი მისი თანატოლი იქნება და მეგობრებს შეიძენს, ახალ-ახალ რაღაც-რუღაცებს ისწავლის და უკვე დიდი გოგო (ბიჭი) იქნება. ეს სამყაროც უთვალავ ფერს იძენს ბავშვის წარმოსახვაში და ვინ იცის, ვის ახსოვს, რა სახეს იღებს საბოლოოდ… მაგრამ ყველაფერი პირველსავე დღეს იცვლება – ზარის მჭახე ხმა ბავშვს რეალობასთან აბრუნებს და ახლა ის უკვე იმას ცდილობს, სკოლის რეალურ ფერებს საკუთარი ისე შეუხამოს, რომ წარმოსახვითი სამყარო სულ მთლად არ დაენგრეს.

რა თქმა უნდა, ყველა სკოლისკენ მიმავალი ტრანსპორტი ვერ იქნება „ჰოგვორტს ექსპრესი” და არც ნავებით გასეირნება მოუწევთ ბავშვებს მთავარ ჭიშკარში შესასვლელად; კლასებში მათ გამანაწილებელი ქუდი კი არა, სკოლის მენეჯმენტი ანაწილებს, ხოლო შიდა კიბეები სრულიად უძრავია, თუ, რა თქმა უნდა, დაუდევრობით არ მოირყა. მოკლედ, სკოლა ხშირად რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაზეც შეიძლებოდა ბავშვს ეოცნება. მაგრამ ჯადოსნობა ხომ ყველაფერშია, მით უფრო – ბავშვის თვალით დანახულ სამყაროში. იქნებ ეს მასწავლებლებზეცაა დამოკიდებული? იქნებ ერთი შეხედვით სრულიად არამაგიურად ჩაცმული პედაგოგები პატარების თვალში იოლად იქცევიან მინერვა მაკგონაგელებად? რა არის ამისთვის საჭირო – ჯადოსნური ქუდი თუ სწავლის პროცესის ერთ დიდ ზეიმად ქცევა?

მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დაბეჯითებით: ბავშვებს ყველაზე ნაკლებად სურთ, „ნორმალური” ადამიანები იყვნენ; ისინი ზებუნებრივ ძალასა თუ ჯადოქრობის ნიჭზე ოცნებობენ და ვინაიდან არსებული სინამდვილის პირობითობა ამის საშუალებას არ იძლევა, ერთადერთი გამოსავალი, ალბათ, ნორმალური მოვლენებისა და პროცესების არანორმალურ ფერებად შეღებვაა. ასეთ დროს შესაძლოა ყავისფერი დაფა მფრინავ ხალიჩად იქცეს, ცარცი – ჯადოსნურ ჯოხად, რვეული – მაგიურ დღიურად… და ვინ იცის, რა საოცარ და დაუვიწყარ თავგადასავალს დაემსგავსოს სწავლა მათთვის, ვინც ცხოვრებისეული სასწაულების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი