ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გზა პიროვნულ-ზნეობრივი უნივერსუმისკენ

(ალუდა ქეთელაური)

 ,,ალუდა ქეთელაური” ვაჟა-ფშაველას პოეტური შედევრების რიგს განეკუთვნება. არიან ავტორები, რომელთა პირადი ცხოვრება და შემოქმედება თითქმის ერთი და იგივეა, თვით ავტორი მოქმედი პირია თავის შემოქმედებაში.

 

ეს ეხება ვაჟა-ფშაველას ამ პოემასაც. აღნიშნული იყო, რომ ალუდას სახე ავტორის ხასიათის ორეულია, ალტერ ეგო, მის სულიერ ვნებათა ანარეკლი.

 

ალუდა პირველივე გასროლით კლავს მუცალის ძმას. ამის შემდეგ იწყება ალუდასა და მუცალის ორთაბრძოლა პოემაში. ეს ერთ-ერთი უძლიერესი ეპიზოდია და საოცარი ექსპრესიულობით არის აღწერილი. ამ ბრძოლით იწყება ალუდას საოცარი გარდაქმნა. ალუდას მთელი შემდგომი მოქმედება თითქოს თავისებური განმუხტვაა იმ ჟინიანი შერკინების შემდეგ. მალე მისი ხასიათი სრულიად მოულოდნელი კუთხით იხსნება: იგი დაიტირებს მუცალს (ეს არის დატირების ფორმა, რომელიც ვაჟას სხვა პოემებშიც გვხვდება, მაგრამ აქ ფსიქოლოგიური სიღრმე მიიღწევა იმით, რომ გმირს ტირის მისივე მკვლელი), გვარს დაულოცავს, გამზრდელს შეუქებს და აქვე დასცდება მისივე და თემის შეხედულებებისათვის ყოვლად წარმოუდგენელი ,,ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო” მუცალის მისამართით. ალუდას შინაგანი ხედვა უფრო ღრმაა, ვიდრე მუცალში თანასწორი მეომრის, ვაჟკაცის აღიარება. ალუდა ინსტინქტურად ხვდება, რომ მისი მტერი მისივე მსგავსი ადამიანია. შინაგანი წვდომით იგი იმ აზრამდე მიდის, რომ განსხვავებული სარწმუნოება არ იძლევა ადამიანთა შორის განსხვავების საფუძველს, ამიტომ ლოცავს მოკლულ მტერს და ,,მოუნათლავ გმირად” მიიჩნევს. პოემის გმირი ადათ-ჩვეულებების, ტრადიციების, თემური სიბრძნის ნაცვლად თავის ერთადერთ მრჩევლად საკუთარ გულს მოიხმობს. ქრისტიანი ალუდა თითქოს არღვევს ადამიანებს შორის აღმართულ რელიგიურ კედელს, როცა იმეორებს: ,,იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინა სდებიყო გულადა”.

 

ის, რომ ვაჟასთვის ძირითადად მხოლოდ ადამიანი არსებობს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი და რა სარწმუნოებაც არ უნდა იზიარებდეს, ჩანს ,,ალუდა ქეთელაურში”. ადამიანის სულიერი სიმაღლის, პიროვნული ძლიერების გამომხატველია სხვა ეროვნების წარმომადგენლისადმი პატივისცემა, ისიც, რომ დაპირისპირებული, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე მდგომი ადამიანები ერთმანეთის ღირსებებს ხედავენ, არის რ ა ი ნ დ უ ლ ო ბ ი ს გამოვლენის უმაღლესი საფეხური. პოემის მიხედვით, არა მარტო ქრისტიანი შეიძლება იყოს ,,კაი ყმა”, არამედ მაჰმადიანიც, თუ ის გამოირჩევა სათანადო სულიერი სიმაღლითა და ე.წ. ,,სულის რაინდობით”, რაც ვაჟა-ფშაველას მსგავსად მრავალი მოაზროვნისა და მწერლის მიერაა იდეალად დასახული. ასეთი რაინდული მოქმედება ამშვენებს ალუდა ქეთელაურის პიროვნებასაც. შურისძიების გრძნობამ აიძულა იგი მუცალის მტერი გამხდარიყო, მაგრამ შინაგანმა, ზნეობრივმა კეთილშობილებამ არ მისცა უფლება, ვაჟკაცურად დაღუპული მოწინააღმდეგისათვის მკლავი მოეკვეთა. ამგვარად ,,უმაღლეს რწმენად ვაჟა-ფშაველამ ადამიანის ღირსების აღიარება, მისდამი პატივისცემა მიიჩნია, რა ეროვნებასა და სარწმუნოებასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. პოეტმა ამით გამოხატა ახალი დროის უმაღლესი სულიერი სწრაფვის _ ადამიანის ღირსების ცნობის დიდი და საპატიო ეთიკურ-ესთეტიკური წყურვილი” (ი. ევგენიძე).

 

ალუდა ტირილით გამოიგლოვებს ურჯულო მუცალს. ვაჟას თქმით, ხევსურეთში მიცვალებულზე ,,დედაკაცები ზარით ტირიან… კაცები ცრემლს არა ჰღვრიან, მხოლოდ ქვითინებენ და თვალებზე ქუდებს იფარებენ” (ვაჟა-ფშაველა, IX). ტირილი კი ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია ცრემლის დენასთან. ამგვარად, ხევსურეთში მიცვალებულზე ტირილი არ არის კაცის წესი, რაც პოემაში ალუდას მისამართით ნათქვამ სტრიქონშიც ჩანს: ,,ატირდა როგორც ქალიო”. ამ ნიუანსით ვაჟა გვიჩვენებს მუცალისადმი ალუდას ემოციური დამოკიდებულების სიმძაფრეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ,,ალუდას ამ ტირილს რაღაცნაირი კავშირი აქვს რუსთაველის გმირების ტირილთან, რომელნიც პოემის ყველაზე ტრაგიკული, დიდი შინაგანი განცდით აღბეჭდილი სიტუაციების ნიშანდობლივ აკომპანემენტს წარმოადგენს” (თამაზ ჩხენკელი). ამგვარად, მუცალთან ორთაბრძოლის შემდეგ ქეთელაურის ქცევასა და აზრებში ისეთი რამ ჩნდება, რაც მას არასდროს გამოუმჟღავნებია აქამდე და რამაც ის ბოლოს საზოგადოებასთან კონფლიქტამდე მიიყვანა. იმ საზოგადოებისა, რომლის იდეალებსა და ცხოვრების წესსაც ალუდა მანამდე სავსებით იზიარებდა. აშკარაა, მხოლოდ დიდ შინაგან შერყევას შეეძლო, გამოეწვია პიროვნების ასეთი ღრმა გარდაქმნა, რომელიც პოემაში თანდათანობით მიმდინარეობს.

 

ალუდამ ჯერ კიდევ არ იცის საკუთარ გულში დაბადებული ამ ახალი რწმენის მთელი სიღრმე, თუმცა იგი გრძნობს, რომ გაეხსნა რაღაც შინაგანი გულისყური და დაჟინებით უსმენს თავისი არსების სიღრმიდან მომავალ ხმას. ასე შინაგანად შეცვლილი უახლოვდება იგი შატილს, რომელიც ძველებურად უცვლელია და შეურყეველი, სადაც ქავებზე ურჯულოთა ხელები ცხარე მზეზე დნება, სადაც უცვლელია დაპირისპირებულ საზოგადოებათა სასიცოცხლო პრინციპის, მ ტ ე რ ო ბ ი ს, საფუძველზე აგებული ყოფიერება. წუთისოფელში კაცთა დაუსრულებელი და მარადიული მტრობის შემაზრზენ, ჯოჯოხეთურ სურათს გვიხატავს ვაჟა-ფშაველა, სადაც ერთი მკვლელობა ბადებს მეორეს, დაღვრილი სისხლი ახალ სისხლს მოითხოვს. ,,შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია” – ეს დახშული სივრცე უნდა გაარღვიოს ქეთელაურმა, რადგან ისიც ამ მარადი მტრობის მორევშია ჩათრეული. ასეთი იყო ძველი, წარმართული, შურისგების ზნეობრიობა. ამას უპირისპირდება ქრისტიანული, როგორც მიტევების ზნეობრიობა, რადგან შურისგების რეფლექსი ადგილს უთმობს სიყვარულსა და მიტევებას. ეს უკანასკნელი კი შურისგებაზე ძლიერია (თუმცა ამ პოემაში მტერი ასოცირდება პირად მტერთან, რომელზეც ათ მცნებაში ნათქვამია: ,,გიყვარდეს მტერი შენი”. რაც შეეხება სამშობლოს მტერს, მისი სიყვარული წარმოუდგენელია ქართული ქრისტიანული თვალთახედვისა და სინამდვილისათვის).

 

ალუდას უკვე ეეჭვება მისთვის აქამდე უეჭველი რელიგიური და სამართლებრივი მცნებების სისწორე. ის თითქოს კაცობრიობის პირველცოდვის შემეცნებით ვნებული ადამიანია. ალუდას ეეჭვება საყოველთაოდ აღიარებული რელიგიური ჭეშმარიტება თემისა, რომლისთვისაც ჩვეულია ახალთან შეურიგებლობა, ურჯულოსადმი მტრობა და არ მოსწონს ბრმა დოგმატიზმი, უძრავი რელიგიური წესებისადმი ერთგული ხევისბერისა, თუმცა ეს ღვთის ანუ გუდანის ჯვრის ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში დაეჭვებას არ გულისხმობს.

 

სიზმრის (რომელშიც მტრობის-კაციჭამიობის მთელი საშინელებაა ნაჩვენები და სწორედ ამით აიხსნება ხატობაზე ალუდას ტრაგიზმით აღბეჭდილი მოქმედება, როცა ირკვევა, რომ მას მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რაც სიზმრის ფარული აზრის გაცნობიერების შედეგია) ქვეცნობიერის წიაღგამოვლილი ალუდა ხატობაზე ,,ნისლივით მოდგება”. მას შავი კურატი მიჰყავს. ალუდას ახალი რწმენა რელიგიური შინაარსისაა, ამიტომაც საუფლო ჟამს ხატობაზე უნდა გამჟღავნდეს, როცა თემი და ღვთაება საკრალურად ერთიანდებიან, როცა ყმის გული გახსნილია ღვთისადმი (,,უნდა აცნობონ ბატონსა, ვისაც კი რამა სტკიოდა”) და უფალიც მოწყალეა (,,კარგი ყმა უყვარს ბატონსა, წყალობა ემეტებისა”). ხევსურთა თემის რელიგიურ დღესასწაულზე ხევისბერის მიერ ურჯულოსთვის სამხვეწროს დამწყალობნება გაუგონარი მკრეხელობა რომ იქნებოდა, ეს ალუდას უნდა სცოდნოდა. მას უნდა სცოდნოდა ისიც, როგორი იქნებოდა ხევისბერის რეაქცია, თუმცა ალუდა ისეა თავისი ახალი ჭეშმარიტებით აღსავსე, ვერ გრძნობს ამას. ბერდია აღშფოთებულია, ცდილობს გონს მოიყვანოს ალუდა, რომლის საქციელი გაუგებარია მისთვის. ხევისბერი, რაღა თქმა უნდა, უარს ამბობს სამხვეწროს დამწყალობნებაზე. ამგვარად, გუდანის ჯვარი, როგორც ქრისტიანული ღვთაება სხვადასხვანაირად ესმით ხევისბერსა და ალუდას. ალუდას მიერ წვდომილი ღმერთისთვის არ არსებობს მტრად და მოყვრად, რჯულიანად და ურჯულოდ, ცოდვიანად და უცოდველად გაორებული საწუთრო. ყველა ერთი ღმერთის საუფლოშია შეყვანილი.

 

,,ალუდას მიერ შინაგანად განცდილი უნივერსალური ღმერთიც სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ქ რ ი ს ტ ი ა ნ უ ლ ა დ მოაზრებული ღმერთი” (თამაზ ჩხენკელი). ხატობაზე აშკარავდება, რომ მომწიფებული კონფლიქტი ალუდას ახალი რწმენით გაზრდილ პიროვნებასა და შატილის კონსერვატიულად შეზღუდულ საზოგადოებას შორის კულმინაციას აღწევს. ამ საზოგადოების ტრადიციულ ღმერთს უპირისპირდება ალუდა ქეთელაურის ინდივიდუალობა, მისგან მოპოვებული, უშუალოდ განცდილი ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ი ღმერთი და კაცის პიროვნებასაც ამ ღმერთთან მსგავსება ქმნის.

 

ალუდა, როცა რწმუნდება, რომ პირს ,,ტყუილად იცვეთს”, მღვდელმოქმედებას თვითონვე კისრულობს, ხელს გაიკრავს ფრანგულზე და თავისი ხელით კლავს მუცალის სულის მოსახსენიენიებელ შესწირავს, როგორც შუამდგომელი საკუთარ თავსა და ღმერთს შორის:

 

,,გაჯავრდა ქეთელაური,

ფერი დაიდვა მგლისაო,

ხელი გაიკრა ფრანგულსა,

შუქი ამოხდა მზისაო.

უქნივა მოზვერს, ქედზედა,

თავი მიგორავს ძირსაო,

თან შეახვეწნა ბატონსა,

ნუ შემიცოდებ შვილსაო,

ალლადა ჰქონდეს მუცალსა,

მაგ მოუნათლავ გმირსაო”.

 

ალუდა უარყოფს არა სარწმუნოებას, არამედ მხოლოდ მის გაქვავებულ ფორმებს, ბრმა დოგმატებს, რომლებიც აღარ შეესაბამება მის მიერ აღმოჩენილი ახალი ჭეშმარიტების შინაარს. ,,ნუ შემიცოდებ შვილსაო” – ალუდა ბატონს ევედრება, ეს საქციელი ცოდვად არ ჩაუთვალოს, რადგან გრძნობს თავისი მოქმედების უჩვეულობას.

 

თემისა და ალუდას ერთად თანაარსებობა შეუძლებელი ხდება. თემი ხევისბერის პირით დაწყევლის და მოიკვეთს ქეთელაურს, როგორც უღირსსა და მისთვის საშიშ პიროვნებას. ალუდა ქეთელაური განდევნილ იქნა თემიდან, მაგრამ განდევნილ იქნა არა როგორც ,,მარჯვენა მკლავის მომკვეთის ტრადიციის დამრღვევი, არამედ როგორც ქრისტიანული მორალის უარმყოფელი. თემი საკითხს წყვეტს არა ნაციონალური, არა სოციალური მოტივით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებრივი ეთიკით” (დ. ბენაშვილი). ვაჟას გმირებს სულაც არა აქვთ წინასწარ განსაზღრული, დაუპირისპირდნენ თემის რომელიმე ადათს და უარყონ იგი, უფრო მეტიც, ,,არა აქვთ ადათთა დარღვევის ცნობიერება. მას შემდეგაც, რაც ისინი თემის მიერ გაკიცხულნი აღმოჩნდებიან” (გრ. კიკნაძე). გავიხსენოთ ტრაგიკულად ამაღლებული ფინალი: ქარბუქში მთის გაუკვალავ ბილიკზე მიდის მგზავრი, მას უკან ქალები მიჰყვებიან. მგზავრი საოცარი სიმშვიდით იღებს თავის ხვედრს, რაც მტკიცე გადაწყვეტილების, რწმენის შედეგია. თუმცა ალუდას ამ თითქოს სულიერი სიმშვიდის მიღმა ღრმა გულისტკივილი იმალება. იგი თავს მოაბრუნებს, რათა უკანასკნელად გამოემშვიდობოს თავის სალოცავებს, მიწა-წყალს, სახლ-კარს. (,,გადვიდნენ, ქედი გარდავლეს, თხრილი აღარ ჩანს კვალისა, ერთი გაისმა შორითა, მწარე ქვითინი ქალისა”). ასეთია ხოლმე ზოგჯერ ბედი მაღლად მხედი კაცისა.

 

ალუდა ქეთელაური ვაჟას უმშვენიერესი გმირია. იგი იბადება თემის კოლექტივიდან, როგორც პიროვნება, არღვევს გაქვავებულ რელიგიურ დოგმებს და აღწევს თავისუფლებას, მიდის ღმერთამდე, ალუდა იბრძვის არა საკუთარ ინტერესთა დასაცავად, თავისი განსაკუთრებული ადგილის დასამტკიცებლად, არამედ სიკეთის, ჭეშმარიტების სახელით გამოდის. იგი ზ ნ ე ო ბ რ ი ვ ი გმირია. მისთვის უცხოა შინაგანი გაორება, მერყეობა, სისუსტე. ის შეგნებული თანმიმდევრულობით მისდევს თავის მიერვე აღმოჩენილ ჭეშმარიტებას და ეწირება მას. ეს არის შემთხვევა, როცა გმირის შეგნება უსწრებს მასის შეგნებას და იგულისხმება, რომ მასა უნდა დაეწიოს გმირს, რომელიც წინამავლის როლში აღმოჩნდა. ალუდა ქეთელაურისნაირი ადამიანები „წარმოადგენენ უკუნის გამარღვეველ სინათლის სხივს. ისინი არიან წინამორბედნი ახალი ცხოვრებისა… მათი ცხოვრების მოწოდებაა გაანაყოფიერონ მსოფლიო, გამოაცოცხლონ სიკეთის ის მარცვლები, რომლებიც უიმათოდ ვერ გაიხარებს. იმის შემდეგ, რაც (ასეთი კაცი) გაივლის ჩვენ წინაშე, ჩვენ მეტად აღარ შეგვეძლება ისეთნაირები ვიყოთ, როგორებიც მანამდე ვიყავით“ (В.джемс, Многообразие гелигиозного опыта ). ,,ალუდა ქეთელაური” დღესაც გვაღელვებს, არ კარგავს ჰუმანისტურ აქტუალობას და ალბათ მანამ შეინარჩუნებს ზემოქმედების ძალას, სანამ ადამიანურ საზოგადოებაში იარსებებს მტრობა, კლასობრივი, ეთნიკური თუ სარწმუნოებრივი ფანატიზმი და ურთიერთდაუნდობლობა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი