პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

იყო და არა იყო რა…

ასე იწყებოდა ჩვენს ბავშვობაში ზღაპრები. უკრაინული თუ ფრანგული, ნორვეგიული თუ გერმანული, ამერიკული თუ ირანული ზღაპრების დასაწყისიც თითქმის ასეთივეა. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ასევე იწყებდნენ ზღაპრის მოყოლას შუმერები, მაიასტომელები და აცტეკებიც. რატომ ან როგორ შეთანხმდნენ მთელი მსოფლიოს მეზღაპრეები თხრობის ამ სტილზე? ეგებ იმიტომ, რომ ის ყველაზე ახლოს არის ჩვენს ყოფასთან, ჩვენს მისწრაფებებსა და მოლოდინთან, სამყაროს მოწყობისა და ბედნიერების შესახებ ჩვენს წარმოდგენებთან… ჩვენს შინაგან „მეს” სწადია, ჩვენი არსებობაც ასევე მშვიდად დაიწყოს და ბედნიერ დასასრულს (გნებავთ, აღსასრულს) მიაღწიოს. ამიტომაც შემოგვპარვია ლექსიკაში სიტყვა „ზღაპრული”: „ზღაპრული ცხოვრება”, „ზღაპრული ბუნება”, – რაც ძალიან ლამაზს, მშვენიერს, ენით აუწერელს, საოცნებოს, თუმცა კი ბოლომდე ვერმიღწეულს ნიშნავს.
ნაერთის ისტორიაც, რომელიც ახლა მინდა გიამბოთ, ზღაპარივითაა.

ეს ერთი პატარა მოლეკულაა, ორი ნახშირბადითა და ორი იმდენი წყალბადით. ძველები მას ეთილენს ეძახდნენ. დღეს უკვე ეთენად არის მონათლული, მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და, გოლოვინის პროსპექტისა არ იყოს, ბარე ორი თაობა შეიცვლება, ვიდრე „ეთილენი” ჩვენს ქიმიურ ლექსიკონში „ეთენად” იქცეოდეს.

ჰოდა, იყო და არა იყო რა, იყო ერთი ყოველთა სულიერთა – კაცთა, ნადირთა, ფრინველთა – თვალით უხილავი, ხელით მიუკარებელი, ყნოსვით შეუგრძნობელი მოლეკულა, სახელად ეთილენი. მისი არსებობა დედამიწაზე არავის ადარდებდა და აღელვებდა. ვერც თვითონ გუობდა ტალახიან მიწას და მის უაზრო თუხთუხს, ამიტომ დაბადებიდანვე მაღლა, მზისკენ მიიწევდა, სანამ იკაროსივით არ დაეთუთქებოდა ფრთები.

ხშირად ვაშლის, ბლის, ატმისა თუ მსხლის ფოთლებში დაიბადებოდა და აღმასვლისას მათ ნაყოფს მიელამუნებოდა. ისინიც დაიმორცხვებდნენ, ღაწვზე ალმური აუვიდოდათ და მერე თავს იწონებდნენ შეფაკლული ლოყით.

ეს ქიმიკოსებმა შეამჩნიეს და ეთილენს დედამიწაზევე გამოუძებნეს საქმე. ერთი კია, მთა-ბარში თავისუფლად ნარნარი აუკრძალეს და დიდ ცივ ოთახებში გამოკეტეს ცხრა მთას იქიდან ჩამოტანილ ბანანსა თუ პომიდორთან ერთად.

გავიდა ხანი და ერთ მშვენიერ დღეს ეთილენი რეგინალდ გიბსონისა და ერიკ ფოსეტის ხელში აღმოჩნდა. მტრისას და ავისას, მას რომ დღე აყარეს: მწარე ნუშის ზეთთან (ბენზალდეჰიდი) ერთად დაამწყვდიეს ბნელ, უსარკმლო რეაქტორში, უზარმაზარი ცეცხლი შეუნთეს (200 °C) და წნეხიც არ დააკლეს (2000 ატმ). მთელი დღე-ღამით მიუსაჯეს ეს „ჯოჯოხეთური” კარცერი, მაგრამ ბედმა გაუღიმა – პატარა ხვრელი იპოვა და საპყრობილეს თავი დააღწია. ერთობ გაწბილდნენ გიბსონი და ფოსეტი, როცა მეორე დღეს საკნის კარი გამოაღეს და… ატყდა ერთი განგაში და ფაციფუცი. ვინ საკნის უწვრილეს ღრიჭოებს გმანავდა საგულდაგულოდ, ვინ გაპარულ ეთილენს ეძებდა… ბოლოს შეიპყრეს და ისევ საკანში დააბრუნეს… ამჯერად მისი გაბრძოლება ამაო აღმოჩნდა, საპყრობილეს თავი ვეღარ დააღწია და „გველისმჭამელის” მინდიასავით ტანჯვით ხელმეორედ შობილი, ახალ ნაერთად მოევლინა კაცობრიობას. თუმცა ხელმარჯვე ინჟინრებსაც ახალი, უფრო დიდი თავსატეხი გაუჩინა: წითელი ფხვნილის ნაცლად რეაქტორში მათ თეთრი ცვილისებრი ნაერთი დახვდათ, რომელმაც კინაღამ ეჭვქვეშ დააყენა ხელისგულზე ნატარები ნახშირბადის ოთხვალენტიანობა. გიბსონმაც და ფოსეტმა ერთხანს კიდევ უკირკიტეს „ორვალენტიანი” ნახშირბადის ამ თეთრ ნაერთს, მაგრამ მხოლოდ ბუტლეროვის თეორია გაადარჩინეს, თვით ცვილს კი ვერაფერი მოუხერხეს და ხელი ჩაიქნიეს. მწარე იყო მოლოდინის გაცრუება – ორივე ხვდებოდა, რომ კაცობრიობისათვის რაღაც ახალი იბადებოდა, მაგრამ…

გამოხდა კიდევ მცირე ხანი და ბედმა ეთილენი ჯერ ციგლერს, მერე კი ნატას შეახვედრა. მათ გულში ჩახედეს და მიხვდნენ, როგორ შეეძლო ახალი სიტყვის თქმა ქიმიისა და კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ მათი წყალობით იშვა ხელახლა ეთილენი, სწორედ მათი მიგნებით გარდაიქმნა იგი პოლიეთილენად და ჩვენ, მამებს, საშუალება მოგვცა, „ტყე შევუნახოთ შვილებსა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი