ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
23 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

Tabula rasa – ანუ „სუფთა დაფა“

(ფილოსოფია ცნობიერებაზე და გიორგი ბაქანიძის „ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“)

 

ეს ლათინური სიტყვათშეთანხმება ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ჯონ ლოკმა, გამოიყენა, როცა მას ადამიანის ცნობიერება შეადარა, რომელზეც გარშემო მომდინარე მოვლენები აღიბეჭდება… რა არის ადამიანის ცნობიერება? ეს ის ფენომენია, რომლითაც ადამიანი განსხვავდება, გამოირჩევა და აღმატებულია სხვა ცოცხალი არსებებზე. ცნობიერებისგანაა შემეცნების უნარები და ცოდნის მოპოვება-დაგროვება. მხოლოდ ცნობიერებაა ცოდნის მატარებელი, თუ სხვა ფენომენებიც? მაგალითად, ქვეცნობიერის დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი სფერო. ქვეცნობიერი ძევს ცნობიერების სიღრმეში და ზემოქმედებს ამ უკანასკნელზე. არის ცოდნა და არის „ცოდნა“, ინტუიციური სიბრძნე. ცოდნა ყოველთვის ცხადი არა, ანუ „თვალწინ არ გვიდგას“. მაგალითად, ბავშვობის თავგადასავლები, წარსული ცხოვრების ყველა წუთი როდი გვახსოვს თვალნათლივ, თუმცა ეს „სადღაც“, ქვეცნობიერის „ყულაბაში“ გადანახული ამბები წამსვე ამოტივტივდება, როცა რაიმე წინაპირობა ან მაპროვოცირებელი მოხდება… ხოლო ინტუიციური „ცოდნა-კოდები“, ღვთსგანაა ჩადებული ჩვენში და ამის მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს მაღალი ინტელექტი, — ბუნების ინტელექტიც კმარა – მაგალითად, ძროხა ყოველთვის უშეცდომოდ აგნებს თავისთვის სამკურნალო ბალახს, თუმცა მან არ იცის მედიცინა, მაგრამ „იცის“ საშველი თავისი წყლულებისა…

 

ჯონ ლოკისთვის ადამიანის ცნობიერება სუფთა, დაუწერელი დაფაა, რომელზეც აღიბეჭდება ინფორმაციები, ცნობიერების მიღმა რომ ხდება. ლოკის ეს თვალსაზრისი უპირისპირდება ე.წ. თანშობილი იდეების თეორიას, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ცნობიერებას თან დაჰყვება იდეები და ცოდნა, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა მოგონება. ცოდნა, როგორც მოგონება, პირველად პლატონთან გვხვდება. პლატონი თვლიდა, რომ ადამიანის უკვდავ სულს თან ახლავს ცოდნა, რომელიც მიძინებულია და სათანადო ვარჯიშის შემდეგ მოგვაგონდება.

 

მოდი, ნუ ჩავუღრმავდებით იმის გარკვევას, რომელი ცდებოდა – პლატონი თუ ლოკი; ეს საკითხი შესწავლის საგანია, ცხადია. და როცა ცნობიერებაზე ვსაუბრობთ, მთავარი იმის გარკვევაა, რა გზებით იღებს ის (ცნობიერება) ცოდნას. ფილოსოფოსთა ერთი ნაწილის აზრით, ცოდნის მთავარი წყაროა ჩვენი შეგრძნებები (სმენა, გემო, მხედველობა, შეხება, ყნოსვა). ეს არისო შემეცნების (ცოდნის შეთვისების) პირველი საფეხური. ამ კონცეფციის გამზიარებლებს ემპირიკოსები ეწოდებოდათ, რადგან შეგრძნებებით მიღებული ცოდნა მოცემულია ემპირიულში, ცდაში. ფილოსოფოსთა მეორე ნაწილი ცოდნის მიღების მთავარ გზად გონებას მიიჩნევდა, ანუ ინტელექტს და მათ რაციონალისტები (რაციო – გონება) ეწოდებათ, ხოლო მათ გზას – რაციონალური საფეხური.

 

უპრიანი იქნება, ვთქვათ, ზემოთქმულიდან გამომდინარეც, რომ შემეცნების პროცესში ცოდნის დაუფლებისთვის სწორედ ამ ორი საფეხურის თანაფარდობაა მისაღები თუ საჭირო და არის კიდევ ერთი აზრი, რომელიც ყველაზე სწორი უნდა იყოს; – ცოდნის მოპოვება აზროვნების გარეშე შეუძლებელია. მოდი და ვთქვათ აზროვნებაზეც…

 

Cogito ergo sum! – ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ! ეს გამოთქმა პირველად დიდმა ფრანგმა სწავლულმა, ფილოსოფოსმა და მეცნიერმა, რენე დეკარტმა, იხმარა… ახლა კი გავარკვიოთ, რა არის აზროვნება. ეს უკანასკნელი აანალიზებს შეგრძნებების გზით მიღებულ მასალებს და მათში ადგენს ისეთ კავშირებს, რომლებიც უშუალოდ შეგრძნებებში არის მოცემული.

 

აზროვნების ამოცანაა არა მხოლოდ სინამდვილის შემეცნება, არამედ ჭეშმარიტების დადგენაც. როგორ მიიღწევა ეს? სწორი დასკვნისთვის ლოგიკური მსჯელობაა საჭირო; ხოლო სწორ დასკვნებს წარმოშობს სწორი აზროვნება. სწორ აზროვნებას კი ლოგიკა შეისწავლის. ლოგიკას, როგორც მეცნიერების დარგს, ანტიკური დროის ბერძენმა ფილოსოფოსმა, არისტოტელემ ჩაუყარა საფუძველი.

 

მოდი, ახლა ისევ პირველ და მთავარ სიტყვას დავუბრუნდეთ. რაში დასჭირდა დეკარტს Cogito ergo sum-ის შემოტანა? იყო ასეთი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი ნეტარი ავგუსტინე, რომელმაც აზროვნების ისტორიაში პირველმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ ყველაფერში შეიძლება შეიტანო ეჭვი, გარდა ერთისა – რომ ეჭვის შემტანი მართლა არსებობს. აქედან გამომდინარე, ავგუსტინეს აზრით, ვინც ეჭვობს, ის ფლობს კიდეც ჭეშმარიტებას და სწორედ ამის გამო ეჭვობს. დეკარტს რაც შეეხება, იგი თვლიდა, რომ ერთადერთი მეცნიერება მათემატიკაა, რომლის დებულებები საეჭვო არ არის; ფილოსოფიური დებულებებზე ამას ვერ ვიტყვით. ხოლო დებულება: „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ!“ ჰგავს გეომეტრიულ აქსიომას, რომელშიც ეჭვს ვერ შეიტან და აქედან უნდა აიგოს ცოდნაც…

 

ფილოსოფიიდან ლიტერატურაზე გადმოვინაცვლოთ, რომელიც ისეთივე დამკვირვებელი და შემფასებელია ცხოვრებისა, როგორიც ფილოსოფია. ვნახოთ, აბა, რა დასკვნებს გვთავაზობს გიორგი ბაქანიძე ამასთან დაკავშირებით თავის რჩეულ მოთხრობაში „ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“, რომელიც პატარა ბიჭუნაზეა და იმაზე, როგორ იჭრება ცხოვრება, მთელი თავისი სიხისტით, მის „თოთო“, უმანკო, დაუბინძურებელ ცნობიერებაში, როგორ უყალიბებს და უუხეშებს აზროვნებას, ასვამს დაღს…

 

მოთხრობაში სიტყვების საკრალიზაციაცაა – ბიჭს იობის ჰქვია და მისი თავგადასავალიც აღძრავს ბიბლიური იობის ასოციაციას; და ციფრებისაც: 40 არაა ჩვეულებრივი ციფრი – მოსემ 40 წელი ატარა უდაბნოში ებრაელთა მოდგმა, სანამ ერში თავისუფალი სული, თაობა, დაიბადებოდა; ქრისტემ 40 დღე გაატარა უდაბნოში, როცა მას ეშმაკი ცდიდა; 40 დღის შემდეგ იმკვიდრებს ადგილს მიცვალებულის სული იმქვეყნად. მოთხრობაში იობის დედა ახალი გარდაცვლილია; ბიჭს არც მამა ჰყავს გვერდით, რადგან მშობლები გაყრილები იყვნენ და მამას ბათუმში სხვა ოჯახი ჰყავს. თავგზააბნეული, ბიძა-ბიცოლას მეურვეობის ქვეშ მყოფი, ბიჭიც, უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ მამასთან გადაწყვეტს გაპარვას. სიუჟეტი, მოქმედება ორთქლმავალშიც მიმდინარეობს, რომელიც, სავარაუდოდ, წუთისოფლის სიმბოლოა. მაგრამ ეს დაუსრულებელი მგზავრობა არ მთავრდება კარგად და ბიჭის ქედზეც სიცოცხლის ტვირთი ძალიან, აუტანლად მძიმდება.

 

განზოგადება ბიბლიურ-ფილოსოფიურია, თუმცა სოციალური კონტექსტი და მძიმე საბჭოთა პერიოდი არ რჩება ყურადღების მიღმა, „დახუნძლული“ ადამიანი-მსხვერპლებით, რომლებსაც ბიჭიც ემატება. მიუხედავად ტროპული მეტყველების დიდი ოსტატურებით გადმოცემული სინამდვილისა („ჩაჟალტამებულ ველზე იწვა შუაღამე; მდოგვისფერ ცაზე ბრდღვიალებს ყვითლად გაშხეფილი მზე; გაყურსულიყო ღამენასვამი ველი;“), მკითხველს გულს უმძიმებს ბავშვის სიმარტოვე და მიუსაფრობა, მისი ასაკისთვის უჩვეულო პრობლემები.

ნაწარმოებში რეალობის გადმოცემის ერთ-ერთი მეთოდი „ცნობიერების ნაკადია“; და ასე, სიზმრის ამორფულობაში, ბიჭის შიშით აღგზნებულ გონებაში ამოტივტივებული მოგონებებით, შეგრძნებების ორიგინალურობით იქმნება ცხოვრების ისეთი ალოგიკური ლოგიკურობა, ობობას ქსელივით ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენების ურთიერთობა, როგორიც სიურრეალისტურ ფილმებშია; მოთხრობაშიც ფილმის კადრებივითაა თუნდაც ჩქარი სიარულის ასოციაცია ბიჭის ერთ-ერთ მოგონებაში, ვაგონში ძილ-ღვიძილის დროს (როცა იობი ბებიამ პირველად წაიყვანა მამასთან): „ლაწალუწით გამორბოდა ხე… სხვა ხე მოვარდებოდა – ისევ წამოფრთხიალდებოდნენ ოქროსფერი ჩიტები, ისევ გადაიკარგებოდნენ… გუნდი და გუნდი ფრენდა ხიდან ხემდე, ხიდან ხემდე… მერე პალმებით გახასხასებულ ციცქნა ეზოში იყვნენ ყველანი“ (394).

 

ხან გრძნობს კაცი, რომ სამყარო იბზარება და ირღვევა, ხანაც ის ნამის ერთ წვეთში შეიკვრება მწერლის მადლიანი კალმით გადმოცემული თვალწარმტაცი მშვენიერებით: „ძირს, დაბინდული დაბლობის გულში, ცხროიანივით ცახცახებს დაყურულ ბალახზე მჯდომი ნამის ბურთულა, შეპყრობილივით შესციცინებს მთვარის მჩხიბავ თვალს…“ (397); – ეს ბურთულა ისეთივე დაუცველია, მყიფე, როგორც სული პატარა იობისა, რომელსაც ორთქლმავლის ვაგონში გუშაგი დაიჭერს („შეგვიკლა ამ ლაწირაკის დევნამ!“; „ჰმ…დედის რძე არ შეშრობია პირზე“); ავისმომაწავებელია ეს თავდაუზოგავი სწრაფვა ბათუმისკენ, მამის სამყოფელისკენ:

 

  • „იქ, რა, ფლავს არიგებენ?
  • მამაჩემი ცხოვრობს იქ.
  • დედა?…
  • მომიკვდა!
  • ჰო“ (400-401).

 

მიდის იობი ბათუმში. მლესაობა იცის ცემენტით, მაგრამ გაჯით უჭირს – პატარაა ჯერ. მიდის მამასთან, რომ სექტემბერში საღამოს სკოლაში შევიდეს. „დატუქსული ლეკვივით მოიკუნტა, თვალები აახამხამა“ – ეს შედარება შემთხვევითი არაა. ბიჭი, ფაქტობრივად, უპატრონოა, არავინაა მისი შემფარებელი. ერთ-ერთი მოგონება მისი ცნობიერების ნაკადში დედის დაკრძალვის დღეა: „ქვეყანამ დღეს მოიცალა იობისთვის, ყველა ეფერებოდა, ყველა ჰკვირობდა მის დიდბიჭობას, მის სილამაზეს. ახლა ყველა წასულა… წამოვარდა იობი, კარებს ეცა: ცარიელია მოთალხული ტახტი, არავინაა. აივანზე გაიჭრა: აღმართებს შესდგომია შავი ბრბო, გადახრილა მკბენარა მზეი, გადატრიალებულა ქვეყანა, კაციშვილი არ დარჩენილა იობის ღვიძლი, მისი მოყვასი, მისი მომფერებელი. აბღავლდა იობი, გაიჭრა…“ (408). ასე ამარგინალებს განსაცდელში მყოფ ადამიანს კაცთა მოდგმა, რომელსაც წარმატებულები, ძლიერები და „გაბრდღვიალებულები“ უყვარს და მოსწონს; და არა იობისნაირები.

 

მარტოსული, ერთ დროს პოეტი, იდეალისტი ბიჭის სულში ხან ღმერთი ენთება ლამაზი მიმოზის შემოგაზაფხულებად, ხანაც ჯოჯოხეთი ღვივდება; სატანაც, თითქოს, „ცა და მიწა დაიძრა, მოგდევს, ვიცი კლანჭებით ჩაგფრენია კისერში“.

 

ნაწარმოების ფინალი მძიმეა: „წავა მატარებელი (ცხოვრება – მ.ი.) და იობიც წაიღებს ამ ჩაბნელებულ ბაქანს, ამ ცას, ამ მიწას, ამ ღამეს…“. წუთისოფლის უმძიმეს ლოდად, რადგან ვერ იიობა, ვერ დაძლია ეშმაკი; სულში, ბავშვის სულში სინათლე ჩაქრა. არადა, იყო იქ იშვიათი ნათელი:

 

„ვინ გამაცოცხლა?“.

„მე!“ – დარეკა იობის გულმა.

ნაზი, ნათელი ხარება შემოადგა იობს ნელ-ნელა. ტკივილიანმა ნაღველმა მოუსალბუნა ამაოდ“ (405-406).

 

მაგრამ „ღრმა, ბნელი სამალავიდან ამოვიდა ეშმაკეული, უჩუმრად დადგა მის უკან… ჭაობის მწვანე სიცივე ააცოცდა იობს ბეჭებზე, ვიღაცამ ერთ წამში დაითვალა მისი კანის ყველა ბუსუსი, შეახო გაყინული ხელი…“ (406).

 

…და მე, ვინც ხარება დღეს ვწერ ამ წერილს, ვკითხულობ რიტორიკულად, პასუხგაუცემლად, „ხმად მღაღადებლისად“: რა ეშველება ამ ბიჭს? უამრავ ტვირთმძიმეს ამ ქვეყანაში? ადამიანია თუ ცხოველი, რომლებიც ჯავრისთვის, გვემისთვისა და დაუმსახურებელი უსამართლობების გამო ბალღამითა თუ ბრაზით ავსებული გულისთვის გაიმეტა სამყარომ? გაცოცხლდება, განა, მათი „მკვდარი“ გულები?

 

ყველას როდი შეუძლია ტრაგიზმით მხიარულება.

 

სიცოცხლის, ღვთის ნაღები სიხარული შემოსდგომოდეს, გაცოცხლებულიყოს, ენათოს ტანჯულთა გულებში, დიდია თუ პატარაა…

 

 

 

 

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“; გია ქარჩხაძის გამომცემლობა; 2007 წ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“