რამდენიმე დღის წინ საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის მოწმე და მონაწილე გავხდი. სასკოლო სწავლებისათვის მზაობის დონის გასარკვევად, სკოლაში დედასთან ერთად მოსული მომავალი პირველკლასელი ექვსი წლის ბიჭუნა უარს აცხადებდა ოთახში შემოსვლაზე. გარკვეული მცდელობის შემდეგ ბავშვი ოთახში შემოვიდა და შეთავაზებული ყველა დავალება წარმატებით შეასრულა. თუმცა, სახეზე აღბეჭდილი ბრაზი და უკმაყოფილება ბოლომდე შეინარჩუნა. შეხვედრის დასასრულ, სანამ დავცილდებოდით ბიჭუნას ვკითხე, რა უთხრა დედიკომ, როცა დილით სახლიდან გამოიყვანა, სად მივდივართო. „მითხრა მაკდონალდსში მივდივართო. ისევ მომატყუა!“ – უკმაყოფილება ვერ დამალა ბავშვმა და გაბრაზებული სახით დედას შეხედა. ტყუილის „მსხვერპლი“ გახდა პატარა გიოც. შეხვედრაზე ის ღიმილით შემოვიდა. შეთავაზებულ ყველა დავალებას ხალისით და წარმატებით ასრულებდა. მუშაობის დროს გიო მუდმივად დედისკენ იხედებოდა, რომ მისგან შექება და მოწონება დაემსახურებინა. ბოლოს, როცა ყველა დავალება ამოვწურეთ და ბავშვმაც დადებითი კომენტარები უხვად მიიღო, დედამ პატარას გამოუცხადა, რომ ის ახლა საბავშვო ბაღში უნდა წაეყვანა, თავად კი სამსახურში წასულიყო. ბავშვმა უცებ ტირილი დაიწყო და დედას საყვედურით მიმართა – „შენ ხომ დამპირდი, თუ კარგად მოიქცევი და ყველა დავალებას შეასრულებ, გაჯეტის საყიდლად წავალთო. რატომ მომატყუე!“.
ალბათ, ძნელი იქნება ისეთი მშობლის მოძებნა, რომელსაც არასოდეს უთქვამს ტყუილი ბავშვისთვის. მართალია, მშობლების უმრავლესობას სურს, რომ საკუთარ შვილში გულწრფელობა აღზარდოს, მაგრამ თავად მათი მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება გულწრფელი პატარებთან ურთიერთობაში. განა ტყუილი არ არის, როდესაც ატირებულ ბავშვს ვპირდებით, რომ თუ შეწყვეტს ტირილს, ვუყიდით მისთვის საყვარელ სათამაშოს, მაგრამ მალე გვავიწყდება ნათქვამი, ყურადღების მიღმა ვტოვებთ დაპირებას, მნიშვნელობას არ ვანიჭებთ მას. ბავშვი კი ელოდა, რომ ჩვენს დაპირებას შევასრულებდით. ტყუილს ვეუბნებით ბავშვს ასევე, როცა ვპირდებით, რომ ერთი საათის შემდეგ მასთან ვითამაშებთ, მაგრამ უკვე მთელი დღე გავიდა და ჩვენ დრო ვერ გამოვნახეთ დანაპირების შესასრულებლად.
მშობლების ყველაზე გავრცელებული ტყუილები ბავშვთან ურთიერთობისას:
- ბავშვი უარს აცხადებს საბავშვო ბაღში წასვლაზე. ჩვენ ვპირდებით, რომ ერთად წავალთ, დავათვალიერებთ და ძალიან მალე ისევ ერთად დავბრუნდებით სახლში. თუმცა, როცა საბავშვო ბაღში მისული პატარა ჩვენს კალთას არის ჩაბღაუჭებული, ხელს არ გვიშვებს, მისი ყურადღება სხვა მიმართულებით გადააქვთ, ართობენ. ბავშვს ყურადღება ეფანტება, ჩვენ კი ვუჩინარდებით, ვტოვებთ ბავშვს უცხო, მისთვის არცთუ სასიამოვნო გარემოში. პატარისთვის ეს საშინელებაა. ერთი წუთით ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ ბავშვის ადგილას – ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ადამიანმა მიგვიყვანა სრულიად უცხო ადამიანების საზოგადოებაში, რომელიც ჩვენში არანაირ ნდობას არ იწვევს. და უცებ, სანამ ჩვენ შემოვბრუნდით, ჩვენი ნაცნობი გაქრა. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის მიმართ ჩვენ შეიძლება ადვილად დავკარგოთ ნდობა. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვის დატოვება გვინდა საბავშვო ბაღში, ის კი არ გვიშვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ წინასწარ, საბავშვო ბაღში წაყვანამდე ბევრად უფრო ადრე გავუჩინოთ ბავშვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. მაგრამ, თუ ამისთვის დრო უკვე აღარ გვაქვს, უბრალოდ გულწრფელად და თავდაჯერებულად დავაყენოთ ის ფაქტის წინაშე – „ხვალ შენ წახვალ საბავშვო ბაღში. იქ იქნებიან ბავშვები და მასწავლებლები, რომლებთანაც შენ ითამაშებ. დედა საბავშვო ბაღში შენ გვერდით არ იქნება, მაგრამ ერთ საათში მოვა და წამოგიყვანს“. დიდი ალბათობით ბავშვი მაინც იტირებს, რადგანაც სხვაგვარად ის ვერ გადმოგვცემს თავის აღშფოთებას, გაბრაზებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა იყოს საბავშვო ბაღში დედის გარეშე. მაგრამ, პატარა მიიღებს ჩვენს გადაწყვეტილებას, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მტკიცე, კარგად დასაბუთებული, გამოხატული პირდაპირ და გულწრფელად. მთავარია, რომ ჩვენ, უფროსები დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს ქმედებებში;
- არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ბავშვს უმალავენ ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას, ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ის დიდი ხნით სხვა ქვეყანაში წავიდა საცხოვრებლად და ამიტომ ვეღარ ნახავს. პატარას აქვს უფლება, იცოდეს ყველაფერი, აქვს უფლება საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან ერთად განიცადოს ოჯახური მოვლენები, როგორი ტრაგიკულიც არ უნდა იყოს ეს მოვლენები. მწუხარების, გლოვის ატმოსფერო ვერ დაიმალება. ის მუდმივად ტრიალებს და თუ ბავშვს არანაირი ინფორმაცია არ აქვს მომხდარის შესახებ, შექმნილი სიტუაცია მას აშინებს, იწვევს შფოთვას. ამიტომ საჭიროა, ვესაუბროთ მას გულწრფელად იმ გრძნობებით, რასაც განვიცდით;
- უფროსების მხრიდან ბავშვისთვის ტყუილის თქმას ხშირად აქვს ხოლმე ადგილი ოჯახური ურთიერთობების ნგრევის შემთხვევაშიც. არასასიამოვნო ცხოვრებისეული სიტუაციის (მაგ. ერთ-ერთი მშობლის მიერ ოჯახის დატოვება) გამოგონილი ფაქტებით („მივლინებაში წავიდა“) შეცვლა, როგორც წესი, საგონებელში აგდებს ბავშვს. დროთა განმავლობაში მისი მეხსიერებიდან ცხოვრების ეს პერიოდი ქრება, ის იდევნება ცნობიერებიდან, მაგრამ შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვს უსიამოვნო გრძნობები და განცდები მუდამ თან დაჰყვება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ზრდასრულობის ასაკში არასწორი არჩევანისა და მოქმედებების მიზეზების გაცნობიერება არ ხდება, მიზეზები არ არის გასაგები;
- სახიფათო ტყუილთან გვაქვს საქმე მაშინაც, როცა შვილად აყვანილ ბავშვს არ ეუბნებიან, უმალავენ, რომ ის ნაშვილებია.
რატომ იტყუებიან მშობლები – ძირითადი მიზეზები:
- ნეგატიური ემოციებისაგან, წყენისა და ცრემლებისაგან ბავშვის დაცვის სურვილი. მაგ. ოჯახის საყვარელი ძაღლი მოკვდა. ეს მოვლენა შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს ბავშვისთვის. ამიტომ, მშობლები მიმართავენ პატარა ტყუილს და მისი საშუალებით ცდილობენ, დაიცვან ბავშვი ფსიქიკური ტრავმისაგან, სულიერი ტკივილისაგან;
- ბავშვის განაწყენების შიში. მაგ. ბავშვი გვჩუქნის საკუთარი ხელით შესრულებულ ნახატს, რომელიც ნამდვილად არ მოგვწონს, მაგრამ იმისათვის, რომ პატარა არ გავანაწყენოთ და საკუთარი ძალების რწმენა, თავდაჯერებულობა არ დავაკარგვინოთ, აღფრთოვანებას და სიხარულს გამოვხატავთ შესრულებული ნამუშევრით;
- ბავშვის თვალში უკეთ წარმოჩენის სურვილი და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება. მაგ. ჩავიდინეთ რაღაც ისეთი საქციელი, რაც საზოგადოების მიერ არ არის მოწონებული და იმისათვის, რომ არ გავხდეთ ბავშვისთვის ცუდი მაგალითი და არ შეილახოს ჩვენი ავტორიტეტი, მივმართავთ ტყუილს;
- ტყუილის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ჩვენი განზრახვა ვაიძულოთ ბავშვი გააკეთოს რაღაც კონკრეტული რამ – მაგ. პატარას ვპირდებით, რომ თუ კბილის ექიმთან წამოვა და არ იტირებს, მისთვის საყვარელ სათამაშოს ვუყიდით. მაგრამ, შემდეგ ამ დაპირებას არ ვასრულებთ.
როგორც წესი, უფროსების მიერ ბავშვების მოტყუება ხშირად გამოწვეულია არა იმდენად მათი დაცვის სურვილით, რამდენადაც ბავშვის ემოციური განცდებისაგან, განსჯისა და საყვედურებისაგან საკუთარი თავის დაცვის მიზნით.
რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ტყუილი ბავშვებთან:
- ტყუილი უვნებელია მანამ, სანამ არ გაცხადდება. როცა გამოაშკარავდება, მას მოჰყვება უმთავრესი შედეგი – ნდობის დაკარგვა. ბავშვები სამყაროს კონტრასტულად აღიქვამენ. მათთვის არსებობს „შავი“ და „თეთრი“, „კარგი“ და „ცუდი“. შეიძლება რაღაც მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ. რთული მანიპულაციები ისეთი სახის, როგორიცაა „არ შეიძლება, მაგრამ თუ ძალიან გინდა, გჭირდება, მაშინ შეიძლება“ – მათთვის მიუღებელია. ამიტომ, ბავშვებს არ შეუძლიათ უფროსების სიცრუეს, ტყუილებს გაგებით მიუდგნენ. საჭიროა ამ სიტუაციის გაგება და მისი შედეგების გაცნობიერება. პრაქტიკულად ყველას გვაქვს ბავშვობის მოგონებები მშობლების ტყუილზე და გვახსოვს ის სწორედ იმიტომ, რომ ეს ტყუილი იმედგაცრუებასთან და წყენასთან ასოცირდება. უბრალო ტყუილიც კი ბავშვის მიერ შეძლება აღქმული იყოს, როგორც ღალატი;
- ბავშვს უჩნდება უკმაყოფილების, წყენის, უსამართლობის გრძნობა უფროსების მიმართ. ტყუილი აშორებს ბავშვს მშობელთან, რადგან ის თვლის, რომ მშობელი არასწორად მოიქცა, ხოლო თავად უსამართლოდ მოტყუებულია;
- იკარგება მშობლის ავტორიტეტი. როცა მშობლების დაპირებები ქმედებებით არ არის გამყარებული, ბავშვს ეკარგება პატივისცემა უფროსების მიმართ, უჭირთ მათით აღფრთოვანება ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა;
- ბავშვი თავადაც იწყებს მოტყუებას. ბავშვები ცდილობენ, დაემსგავსონ მშობლებს და შესაძლოა, მათი მიბაძვით ტყუილების თქმაც მოირგონ. თუ უფროსები ტყუილს ვთვლით მისაღებად, მაშინ ბავშვსაც შეუძლია ასევე მოიქცეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიან გამომდინარე, გამოვიყენებთ თუ არა ტყუილს ბავშვის აღზრდისას, ჩვენი გადასაწყვეტია, მაგრამ დავფიქრდეთ, ღირს თუ არა თუნდაც პატარა ტყუილები ყველაზე ახლობელი ადამიანის, საკუთარი შვილის ნდობის დაკარგვად. ტყუილი დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მშობელს. ერთი შეხედვით სრულიად უვნებელი ტყუილი შეიძლება ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმად იქცეს. გვჯეროდეს ბავშვების, მათი სიბრძნისა და სიძლიერის. ვიყოთ მათთან გულწრფელი და ისინიც გულწრფელობით გვიპასუხებენ.