წერითი დავალების მრავალფეროვნება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, სწორედ ამიტომ ბევრს ვფიქრობ სხვადასხვა ფორმის ინსტრუქციაზე. პერსონაჟის დღიური ვაჟა-ფშაველას მოთხრობების სწავლებისას მომაფიქრდა. ინსტრუქციის თითოეული საფეხური გარკვეულ მიზანს მოვარგე:
- ტექსტის გაგება-გააზრება;
- პერსონაჟებზე დაკვირვება;
- რთული, მივიწყებული, უცნობი სიტყვების გამოყენება;
- ინტერპრეტაცია.
პერსონაჟის დღიურის წერისას მოსწავლე ერთგვარი თანამონაწილეა ავტორისა, რადგან საკუთარი თვალთახედვით აცოცხლებს პერსონაჟს, ამავე დროს, სიღრმისეულად იაზრებს ტექსტს და ამგვარი კავშირები ეხმარება გაიაზროს შინაარსი, აღიქვას მოვლენები და განიცადოს პერსონაჟის ემოციები.
ტექსტი: ვაჟა-ფშაველას „ია“
დავალების ინსტრუქცია:
- შეარჩიე მოთხრობიდან ერთი პერსონაჟი: გუგულისკაბა, სასუტელა, ქედანი, წიფლისჩიტა, არყი, წიფელი, დუდგულა, თამელი, თხილი…
- დააკვირდი, ავტორს სად შემოჰყავს შენი შერჩეული პერსონაჟ, რა როლი აქვს მას, როგორ გარემოშია;
- დაწერე შენი შერჩეული პერსონაჟის ერთი დღის დღიური;
- გამოიყენე ტექსტიდან 2 ან 3 სიტყვა;
- გამოკვეთე შენი შერჩეული პერსონაჟის ხასიათი და განწყობა;
- დღიური დაასრულე შეკითხვით, რომელსაც პერსონაჟი სვამს;
- შენი ნაწერი წაიკითხე ხმამაღლა და შეასწორე;
- თუ სურვილი გექნება, დახატე ილუსტრაცია.
მოცემული ინსტრუქციის მიხედვით ჩემს დღიურში თავად დავწერე დავალება. პერსონაჟებიდან ყუნჭი შევარჩიე, დავწერე დღიური და მეექვსეკლასელებს წავუკითხე:
ყუნჭის დღიური
უღრან ტყეში ვცხოვრობ. დავბერდი. გული არ ბერდებაო, ხომ გაგიგონიათ? მართალი ყოფილა. გულს ისევ უხარია მზის ამოსვლა, ჩიტების ჭიკჭიკი, ყვავილების ცქერა… ახლა ყუნჭს მეძახიან. ადრე ტოტებგაშლილი, ძლიერი მუხა ვიყავი. ფესვებით დედამიწის გულს ვწვდებოდი და ტოტებით – ცას. ციყვების, მელიების, გულწითელების, ქედნების თავშესაფარი მერქვა, მერე მომჭრეს და ასე დავრჩი, გადაჭრილი, განახევრებული. ხავსი მომედო. ალაგ-ალაგ ლპობა შემეპარა. დარდმა შემცვალა. მაინც მიცემს გული, მაინც უცნაურად მიხარია სიცოცხლე.
პრანჭია იას ვუმზერ დღედაღამ, მგონი, თავიც მოვაბეზრე. მე კი მასთან ერთად თამაში, ცეკვა მინდა. ესეც აღარ შემიძლია. არადა, ადრე ქარი რომ დაუბერავდა, ავაშრიალებდი ჩემს ძლიერ ტოტებს, გავლაღდებოდი, ყველას ვატკბობდი ჩემი ცეკვით.
რატომ არის ადამიანი ასეთი სასტიკი?
ამ დავალების ინსტრუქცია და ტექსტი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე სკოლის ბიბლიოთეკაში დავწერე. ბავშვივით მიხაროდა და ერთი სული მქონდა, როდის წავუკითხავდი მოსწავლეებს. ინსტრუქციის წაკითხვისას აღმოვაჩინე, რომ ილუსტრაციის დახატვა დამვიწყებია. გამოსავალი მყისვე ვიპოვე – ჩემი დღიური მოსწავლეებს მივეცი და ყუნჭის დახატვა ვთხოვე. ასე გაჩნდა მასწავლებლის დღიურში ულამაზესი ილუსტრაციები – რამდენიმე ბავშვის თვალით აღქმული და დახატული ყუნჭი, რომელსაც თვალი სულ იისკენ უჭირავს.
პირადი მაგალითი ყველა ბავშვის გულს სწვდება, წერის სურვილს აღვივებს და უდიდესი სიხარულით წერენ დავალებებს. ჩვენი მიზანიც ხომ თითოეული ბავშვის გულამდე მიღწევა და მათი შესაძლებლობების გამოვლენაა. მეორე დღეს მე ვიყავი მსმენელი და ბავშვები კლასის წინაშე კითხულობდნენ. ყოველ ჯერზე უზარმაზარი სიხარულით მავსებს იმის გააზრება, თუ როგორ გვიბრუნებენ ბავშვები გაცემულ ცოდნას, ნდობას, ზრუნვას.
ამ წერითი დავალების შესახებ სკოლიდან შინ დაბრუნებულმა ვიდეო ჩავწერე, რომელსაც თქვენც გიზიარებთ.