ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვებრესურსები სამოქალაქო განათლების სწავლებისთვის

(ნაწილი მეორე)

ჩემი მოსწავლეები კლასში განხილული საკითხების ირგვლივ ხშირად მთხოვენ დამატებით  მასალას. შესაბამისად, ვცდილობ, რომ ყოველთვის მზად მქონდეს „კლასგარეშე ელექტრონული  ლიტერატურა“, რათა შევძლო მათი ინტერესების დაკმაყოფილება. ამ სტატიაში (პირველი ნაწილის გასაცნობად დააჭირეთ აქ) სწორედ იმ ვებგვერდებს გაგაცნობთ, რომლებსაც ვურჩევ ახალგაზრდებს ცოდნისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად. ცხადია, აქ განხილულ პლატფორმებზე განთავსებულ რესურსებს სასწავლო პროცესშიც ხშირად ვიყენებ.

კენწერო არის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა სკოლის მოსწავლეებისთვის. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, გაიარონ ონლაინკურსები საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. გამოვყოფდი ოთხ დისტანციურ კურსს:

  • დემოკრატიზაციისა და კარგი მმართველობის სკოლა;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა;
  • აქტიური მოქალაქეობისა და ლიდერობის სკოლა;
  • ეკონომიკის სკოლა.

გარდა ჩამოთვლილისა, სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ გაიღრმაონ ცოდნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებით.

კურსები აგებულია დარგის კვალიფიციური ექსპერტების ვიდეო ლექციებისგან.  შემოთავაზებულია ადაპტირებული საკითხავი მასალა. დარეგისტრირებულ მოსწავლეს პრე- და პოსტტესტების გავლის შედეგად საშუალება აქვს დააკვირდეს მიღწეულ პროგრესს.

მომდევნო რესურსი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, არის სამოქალაქო იდეის ვირტუალური აკადემია. პლატფორმა გვთავაზობს დისტანციური კურსების მრავალფეროვან ჩამონათვალს. მოქალაქეობის/სამოქალაქო განათლების ჭრილში მოსწავლეებს დააინტერესებთ შემდეგი კურსებით:

  • ადამიანის უფლებები;
  • გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება;
  • ევროპული საქართველოს კულტურა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი;
  • კონფლიქტების მენეჯმენტი;
  • მართლმსაჯულება;
  • მედიაწიგნიერება;
  • სამოქალაქო აქტივიზმი;
  • სახელმწიფო მმართველობის სისტემა;
  • ჰიბრიდული ომი.

ორივე ვებგვერდზე მოსწავლეებს შეუძლიათ კონკრეტული მოდულის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებაც.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ დიდ წარმატებად ითვლება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მართლმსაჯულება, სურსათის უვნებლობა, შრომის უსაფრთხოება, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ა.შ. ასოცირების შეთანხმების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან (DCFTA), რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ფართო შესაძლებლობების გზას უხსნის.

ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელება ევროკავშირში გაწევრების განაცხადის გაკეთებისა და შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

ჩვენ – განმანათლებლები, მომავალი თაობების აღზრდასა და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე ვართ პასუხისმგებელნი. ევროკავშირის, როგორც დიდი ეკონომიკური გაერთიანების მთავარი პრინციპების, ფასეულობებისა და მასთან დაკავშირებული სიკეთეების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოება ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

სწორედ ამაში გვეხმარება პლატფორმა ასოცირების კვალდაკვალ, რომელიც გვთავაზობს კურსებს/ვიდეორგოლებს შვიდი მიმართულებით. ესენია:

  • ევროპა;
  • ასოცირების შეთანხმება: ზოგადი საკითხები;
  • ადამიანის უფლებები;
  • მართლმსაჯულება;
  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან (DCFTA);
  • მდგრადი განვითარება;
  • სურსათის უვნებლობა.

შემოთავაზებული რესურსების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ევროკავშირს დაინახავენ სულ სხვა თვალით, გაეცნობიან ევროპულ ღირებულებებს, ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორიას, ევროკავშირის სტრუქტურას (როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ევროკავშირში); ნახავენ, თუ როგორ არის დაცული დასაქმებულების უფლებები, როგორ ზრუნავს გაერთიანება რომ მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და ა.შ.

მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტის მიხედვით ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები VII და IX კლასებში სავალდებულო თემებადაა განსაზღვრული. მე-7 კლასში მოსწავლეები ეცნობიან თემში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო მე-9 კლასში ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართებას.

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს მიერ, მომზადებული რესურსი „ეკონომიკა 31 გაკვეთილში“ არის ფასდაუდებელი რესურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. ვებგვერდზე განთავსებულია აუდიო/ვიდეო მასალები, ადაპტირებული ტექსტები და საინტერესო დავალებები ეკონომიკისა და მეწარმეობის მიმართულებით.

საზოგადოება ილია ჭავჭავაძეს იცნობს, როგორც მწერალს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწეს. ცოტამ თუ იცის მისი ეკონომიკური ხედვებისა და ფიქრების შესახებ. ახალი ეკონომიკური სკოლის გაკვეთილებში ხშირად გადააწყდებით ილიას მოსაზრებებს ეკონომიკის შესახებ.

პლატფორმა ორჯერ ორი გვთავაზობს ეკონომიკური ტერმინების ახსნას მარტივი და მოკლე ვიდეოებით, წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ანალიზსა და შედარებით სტატიებს საქართველოსთან მიმართებით. ვებგვერდზე შესაძლებელია საინტერესო ტესტების შესრულებაც.

 

ვფიქრობ, ამ და პირველ ნაწილში განხილული პლატფორმები მასწავლებლებსაც შეუწყობს ხელს სასურველი კომპლექსური დავალების შექმნაში.  ამ მიმართულებით, მომავალში კვლავ გაგიზიარებთ ინფორმაციას საინტერესო ვებგვერდების შესახებ, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეებს გაუადვილებს შესასწავლი საკითხების აღმა-გააზრებას.

 

გამოყენებული რესურსების მისამართები:

Kentsero | eLearning Platform;

მთავარი გვერდი | სამოქალაქო იდეა (virtualdemacademy.com);

ევროპასთან ასოცირების გზამკვლევი (asocireba.ge);

ეკონომიკისა და მეწარმეობის გაკვეთილები (schooleconomics.org);

მთავარი – ორჯერ ორი (orjerori.ge);

ვებრესურსები სამოქალაქო განათლების სწავლებისთვის | mastsavlebeli.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი