პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

უნივერსიტეტის ბაღი

საქართველოს გარდა არსად ვყოფილვარ. არც ტაჯმაჰალის სასახლე მომინახულებია, არც ბრანდენბურგის კარიბჭის ქვეშ გავმძვრალვარ და არც პეტრინის ბორცვიდან შემითვალიერებია ჩეხეთის დედაქალაქი. იმედია, წინ ბევრი საინტერესო მოგზაურობა მელის. ალბათ, მსოფლიოს რამდენიმე ლეგენდარული ღირსშესანიშნაობისთვის თვალის მოკვრის შანსი მეც მომეცემა. ვინ იცის, ფილეას ფოგის მსგავსად კონტინენტიდან კონტინენტზე აზარტული ხეტიალიც მომიწიოს. მაგრამ რაც უნდა გადამხდეს თავს, დედამიწის რომელ კუთხეშიც უნდა ამოვყო თავი, მჯერა, ჩემი ბოლო გაჩერება მაინც მშობლიური ქალაქი იქნება. თბილისში კი ჩემთვის ერთადერთი შეუცვლელი ადგილი არსებობს, რომელიც ნიჭიერმა ბოტანიკოსმა ნიკო კეცხოველმა ვარაზისხევის ერთ-ერთ გორაზე განსაკუთრებული მონდომებით გააშენა.
მოდი, ყველასთვის კარგად ნაცნობი უნივერსიტეტის ბაღის შესახებ ვისაუბროთ.

თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაშლილი მოედანი არაერთი მიზეზის გამო შეგვიძლია უნიკალურ ადგილად მივიჩნიოთ. ერთი შეხედვით სავსებით ჩვეულებრივ სკვერში უნივერსიტეტის ალტერნატიული აკადემია ფუნქციობს. ლექციიდან გამოსული ახალგაზრდები თანატოლებსა და ბაღში გაცნობილ ადამიანებთან ერთად სჯა-ბაასით ცდილობენ დამატებითი ცოდნის მიღებას. ივანე ჯავახიშვილის ძეგლთან მომავალი ისტორიკოსები, აღმოსავლეთმცოდნეები თუ ლიტერატორები ხმამაღლა არჩევენ თავიანთ მეცნიერებათა ძირითად პრობლემებს. პეტრე მელიქიშვილის მემორიალის ირგვლივ არსებული სივრცე, მგონი, ყველაზე მეტად დატვირთულია. აქ არაერთხელ ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე მისულა კონსერვატორი, ლიბერალი და მემარცხენედ განწყობილი სტუდენტების დავა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა თუ ევროპის უმუშევრობის დაძლევის სტრატეგიის შესახებ. დიმიტრი უზნაძის ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ხშირად ნახავთ ერთმანეთთან უკომპრომისო პოლემიკაში ჩაბმულ ფილოსოფოსებსა თუ მესამე კორპუსიდან გამოქცეულ ფსიქოლოგებს. ბაღში შეკრებილი საზოგადოებისთვის სადისკუსიო არენების ცვლა ჩვეული რამაა. ხან მცხუნვარე მზის გამო გვიწევს ჩრდილში ჩაჩოჩება, ხან საბავშვო ეტლებითა და ველოსიპედებით გვავიწროებენ… მაგრამ ვერავინ ვერაფერს უბედავს უნივერსიტეტის კიბესთან ქოლგასავით გაშლილი ბუჩქის ქვეშ შეკრებილ თავისუფალ ადამიანებს. ყველაზე კომფორტულ ადგილას მოკალათებულ სტუდენტებს განწყობა კარნახობთ ბაღის სიკეეთეებით სარგებლობის მიმართულებას. აქ ყველაფერი შეიძლება: გიტარაზე დაკვრაც, მზესუმზირით თავის შექცევაც, თანამედროვე ლიტერატურის განხილვაც, ბანქოს თამაშიცა და ჭორაობაც.

ამრიგად, უნივერსიტეტის ბაღში რამდენიმეწუთიანი გასეირნებით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მოქალაქეებთან გამოლაპარაკებით ნებისმიერს შეუძლია ჩვენი ქვეყანისა და მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური საკითხების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოპოვება.

თუმცა ბაღის უმთავრესი ღირსება სხვა რამ გახლავთ. უკანასკნელი ლექციის დასრულების შემდეგ მთავარი სადარბაზო კარიდან გამოსულს, ხშირად მიფიქრია, რომ პატარა სკვერში მოსიარულე გრძელთმიან და გრძელწვერა ახალგაზრდებს, გახამებულ პერანგში გამოწყობილ ჰალსტუხიან სტუდენტებს, საყურეებით ტუჩდამშვენებულ და წარბშემკობილ ჩემს თანაუნივერსიტეტელებს, თავსაფრიან დედაკაცებსა და მათ სათვალიან კავალერებს შესწევთ ძალა, ჩვენი გარემო უკეთესობისკენ შეცვალონ. ამრიგად, ვარაზისხევის გამწვანებული გორა ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო მომავლის იმედთან ასოცირდება.

საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად წარმოსაჩენად, იმედის გასამართლებლად სტუდენტებსა და ლექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სახელმწიფოს მეტი ყურადღება და საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა გვჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი