შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ქართული მელანქოლიის ანატომია

ოქტომბრის დასაწყისში თბილისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი  „არტისტერიუმი” გაიმართა. მიუხედავად ძალიან საინტერესო პროგრამისა, ვერც ერთი გამოფენა ვერ ვნახე, გარდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ლადო ფოჩხუას, ფოტოგამოფენისა. სწორედ ამ გამოფენაზე უნდა მოგიყვეთ, ბნელი 90-იანებისა და აფხაზეთიდან ლტოლვილთა შავ-თეთრი ცხოვრების ამსახველ „ქართული მელანქოლიის ანატომიაზე”, რომელიც ეროვნულ გალერეაში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. მისი ნახვა მკაცრად რეკომენდებულია.
ლადო ფოჩხუა 1993 წლამდე სოხუმში ცხოვრობდა, მერე ცნობილი მოვლენების გამო იძულებული გახდა, საცხოვრებლად თბილისში, უფრო სწორად, წყნეთის „ლტოლვილთა დასახლებაში” გადმოსულიყო და სამხატვრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. სწორედ იმ პერიოდს ასახავს „ქართული მელანქოლიის ანატომიაც”.
„ამ პროექტის არსებობას დიდწილად ვუმადლი ჩემს მეხსიერებას და ვითარებებს, რომელთა შეცვლაც მე არ შემეძლო. ოცდასამი წლისამ ყველაფერი დავკარგე – ოჯახი, მეგობრები, მშობლიური ქალაქი, სახლი, საბუთები. უკვე თბილისში შევიტყვე, რომ ახალ, მოუწყობელ და მშიერ ცხოვრებაში ლტოლვილი ვარ. აფხაზეთიდან ლტოლვილი, ანუ – არავინ. ნოლი. ადამიანი სოციალური ფუნქციის გარეშე. როცა პირველი ჰუმანიტარული დახმარება მივიღე, ამერიკული სამხედრო ულუფა, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ლობიო და ხორცი, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თავს დავაღწევ გასაჭირს, რომელშიც აღმოვჩნდი. ამისთვის წლები დამჭირდა. ეს ფოტოსურათები ჩემი გზის ეტაპებია, რომელიც ლტოლვილის ცხოვრებიდან ადამიანურ ცხოვრებამდე გავიარე”, – წერია პირველივე ფოტოსთან. 

„…წყნეთში ყველაფერი სპექტაკლად გარდაიქმნება. ნებისმიერ მოვლენას მაყურებელი ჰყავს. ცხოვრება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, თავადაა შიშისა და მოწყენილობის წამალი. სცენა. სოფლის მაწანწალა ფოტოგრაფი (არ ვიცი, ეს პროფესია დღესაც თუ არსებობს) ჩემს მეზობლებს იღებს. ფოტოს და ფოტოგრაფირებას ამ შემთხვევაში ყოვლად უტილიტარული მნიშვნელობა აქვს. ეს პატარა ფოტო იქნება, პორტრეტი ცისფერი ცის ფონზე – საპასპორტე ფოტო. რატომ ვიღებ ამ სცენის ფოტოს, ვერც ფოტოგრაფს გაუგია და ვერც მეზობლებს. მართლაც, მე ვისთვის ვიღებ? ეს ხელოვნებაა? ვსწავლობ? ეს მასალა მომავალში გამომადგება? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, ჩემ გარეშემო ცხოვრებას ვიღებ”.
ლადოს წყნეთში გადაღებულ ფოტოებზე ყველაფერს ნახავ: ეროვნულ სამოსში გამოწყობილ გოგონას გვერდზე USAID-ის ერბოს კოლოფით; ხორცის საკეპ მანქანას; ტელეეკრანიდან მომზირალ ედუარდ შევარდნაძეს; იმ ეპოქის საყოველდღეო ნივთს – ლამპას; ოჯახურ ფოტოებს: დედას, მამას და მათ ბიჭუნას, რომელიც ფაზლს აწყობს, დაღლილ ქალს, რომლის უკან, კედელზე, ბედნიერი, ფერხორციანი ქალების, ხელოვნების შედევრებად აღიარებული ტილოების რეპროდუქციები კიდია, ველოსიპედის საჭეს ჩაფრენილ ბავშვებს, უმიწოდ დარჩენილ გლეხებს, რომლებისთვისაც სახნავ-სათესისგან, ბაღებისა და მინდვრებისგან მოწყვეტა ტრაგედიაა, აივნებს აქა-იქ თოკებზე გაფენილი სარეცხით…

„წყნეთში საგნების სტატუსი იცვლება. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები საკრალურ მნიშვნელობას იძენს. უბრალო სიაა. ტანსაცმელი: ბატინკები, სვიტრები, ქურთუკები ან პალტო. ოთახისთვის – ელექტროგამათბობელი, ღუმელი – ბურჟუიკა, ნავთის ლამპა, სანთლები. სამზარეულო – წყლის ვედრო, თეფშები, კოვზები, ჩანგლები, ტაფები, ქვაბები, დანები. სააბაზანო – ბაკი, ვედროები, ტოლჩა. ყველაფერი ეს სიცოცხლის გადარჩენისთვისაა აუცილებელი. წყნეთში სიკვდილი სიცოცხლეზე გაცილებით ადვილია”.
„პეიზაჟი, გარშემო სხვა ხეებია, სხვა ბალახი, სხვა ჩიტები. ზღვის ნაცვლად – მთები. მიდამოს გავცქერი. ვუყურებ ცას და ჩემს ფეხქვეშ – მიწას. უწინდელი, ჩვეული სამყარო დაინგრა. მარტო ვარ, ოცდასამი წლის. „უნდა გადარჩე!” – ვეუბნები საკუთარ თავს. ხრამის პირას ვდგავარ, სადღაც ქვევით, შორს, თბილისია, ჩემს უკან – სოფელი წყნეთი. შემოდგომის სიჩუმე. ცაში შავი ფრინველი უცნაურ გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავს: ზევით, ქვევით მიფრინავს, ბრუნდება. პირველი დღე. ჩემი მეორედ დაბადება…”

ლადო გადარჩა. ის მესამედაც დაიბადა, 2004 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, სისტემატურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, პერსონალურ სტუდიაში ასწავლის ხატვას, კითხულობს ლექციებს კოლუმბიის უნივერსიტეტში ქართული და საბჭოთა ხელოვნების შესახებ. ნოემბერში პერსონალურ გამოფენას მართავს ნიუ-იორკის Brooklyn Box-ში. ამრიგად, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი წარმატებული, რეალიზებული და შემდგარი ხელოვანია. ახლა ალბათ უკვე ადვილია ძველი ნეგატივების ამოქექვა და მათი გალერეაში გამოფენა, იმ დროის ნეგატივებისა, როცა არავინ იყავი, ცაში თვითმფრინავის თეთრ კვალს იღებდი და ფიქრობდი, რომ რასაც ახლა იღებ, შესაძლოა, ოდესმე საინტერესო აღმოჩნდეს, შესაძლოა, არც. აქვე, ფოტოებად ქცეული ძველი ნეგატივების გვერდით, იმასაც წაიკითხავთ, როგორ ემზადებოდა ლადო გადასარჩენად, აქედან შორს წასასვლელად: 
„თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ბუკინისტებთან, სქელტანიან, გვარიანად შელახულ წიგნს ვყიდულობ. რიჩარდ ბარტონის „მელანქოლიის ანატომია”. ვტირი, ვიცი, რომ ჩემს კვალობაზე ასტრონომიული თანხა გადავიხადე, ამ ფულით ერთი კვირის შეშას ან საჭმელს ვიყიდიდი. წიგნი ინგლისურადაა. გადავწყვიტე, ინგლისური ვისწავლო. „აქ და ახლა!” – ვეუბნები საკუთარ თავს. მიმართლებს, „მელანქოლიის ანატომიამდე” ორი დღით ადრე ქუჩაში ყდამოხეულ ინგლისურ-რუსულ ლექსიკონს ვპოულობ.
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში დაწერილი წიგნით ინგლისურის სწავლა, ერთი შეხედვით, სისულელეა. ეს მე ვიცი. ლექსიკონით ხელში წიგნის სტრუქტურაში გარკვევას ვცდილობ, ვთარგმნი წინასიტყვაობას, თავების სათაურებს, ცალკეულ ფრაზებს, დილიდან საღამომდე წიგნში ვიქექები. წყნეთში ცივა.
 
ამ უცნაური წიგნის ძირითადი ნაწილი მელანქოლიის მიზეზების აღწერას ეთმობა. ორასი გვერდია. თუ ანაქრონიზმებს ყურადღებას არ მიაქცევ, – და ბარტონთან კი უხვად არიან სულები და მოჩვენებები, ზეგარდმო ნიშნები, ჯადოქრობა, ჯადოქრები და კუდიანები, – სევდისა და უბედურების ნამდვილი მიზეზების პოვნასაც შეძლებ. სიღარიბე, მომავლის შიში, ომები, განსაცდელები და ქონების დაკარგვა, ახლობლების სიკვდილი. სიტყვასიტყვით ვთარგმნი. სიღარიბე. შიში. ომი. განსაცდელი. დანაკარგი. სიკვდილი. ვამთავრებ და ფანჯარაში ვიხედები. სადღაც შორს, უხილავი საკვამურიდან, კვამლი ამოდის და ტყვიისფერ ცაზე უცნაურ თეთრ კვალს ტოვებს. ვიღაცასთან თბილა, ზამთრის პირველი დღეა”.

ორ დარბაზში გამოფენილი შავ-თეთრი ფოტოები კიდევ ერთხელ გახსენებს იმას, რის გადახარშვას, მონელებას, დავიწყებასაც აგერ უკვე ოცი წელია ვცდილობთ. სევდას და სიდუხჭირეს, რომელიც წლების განმავლობაში ბევრს ცხოვრების წესად ექცა. ადრე დაკარგულ ტერიტორიებს ახლახან დაკარგული ტერიტორიები დაემატა, ძველ „ლტოლვილებს” – ახალი ლტოლვილები, წყნეთის გარდა სხვაგანაც შეიქმნა დევნილთა დასახლებები… უყურებ ფოტოებს და ხვდები, რომ, მართალია, ახლა ტელევიზორი სხვა პრეზიდენტს აჩვენებს, ლამპით აღარ ვინათებთ ოთახს და აღარც USAID-ის ერბოთი ვიკვებებით, მაგრამ მელანქოლია თითქმის არ გაგვქარვებია. მელანქოლია, რომელსაც თავისი ანატომია აქვს: სიღარიბე. შიში. ომი. განსაცდელი. დანაკარგი. სიკვდილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი