შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მარსის ქრონიკა(მასწავლებლის დღიურიდან)

უკვე მეორე თვე დაიწყო.
ერთმანეთიც მეტ-ნაკლებად გავიცანით, შევეჩვიეთ, შევეგუეთ და შევიყვარეთ კიდეც, პროგრამასაც გავუთამამდით.
რამდენიმე დღის შესახებ თქვენც მოგიყვებით.
ორშაბათი

საინტერესო თემატური კვირა გვქონდა, უამრავი კარგი ნაწარმოები გავიცანით, ცოტა ურთიერთობაშიც გავიხსენით, ფანტაზიას გასაქანი მივეცით.

ვისაუბრეთ ჩვენს სახლებზე, ოჯახზე, მეგობრებზე – ამაში ვიქტორ ჰიუგო, ასტრიდ ლინდგრენი, მარკ ტვენი, რეზო ინანიშვილი, ანტუან დე სენტ ეგზიუპერი, აკაკი წერეთელი და ოსკარ უაილდი დაგვეხმარნენ.

ამ თვის მთავარი თემის ჯერი დადგა – საკუთარ თავზე მოვყევით, ავტობიოგრაფიისა და დღიურის სპეციფიკას გავეცანით – ანა ფრანკის დღიური და აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი” წავიკითხეთ.

ვიმსჯელეთ მწერლის, მისი ოჯახის შესახებ, მიუხედავად აკაკი წერეთლის ენის სისხარტისა და სიმსუბუქისა, ტექსტმა ოდნავ დაგვღალა, ამიტომაც დღეს ერთგვარ გამომაცოცხლებელ, ვიღაცისთვის – კონტექსტიდან ამოჭრილ, თუმცა ჩემთვის სავსებით ლოგიკურ გაკვეთილს ვგეგმავ: არც მეტი, არც ნაკლები – ასტრონომიაზე ვილაპარაკებთ, შესანიშნავი მწერლის, რეი ბრედბერის მოთხრობას „სახეცვალებას” წავიკითხავთ, „მარსის ქრონიკის” ციკლიდან. ვისაუბრებთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრზე, ქართულ ლიტერატურაში ამ ჟანრის ნაწარმოებების შექმნის ცდებზე, ვნახავთ ბოლო დროის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის ამსახველ სიუჟეტს – ალბათ იცით, სულ ცოტა ხნის წინ ნასამ მარსზე წყალი აღმოაჩინა…

კითხვა გაგიჩნდებათ, როგორ გადავაბი წერეთელი და ბრედბერი. რასაკვირველია, ერთი შეხედვით უცნაური გადასვლაა.

საქმე ისაა, რომ აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული ნაწარმოების კითხვისას ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ნაწარმოებში ასახულია მეცხრამეტე საუკუნის ქართული ოჯახი დროისა და სივრცის შესაფერის გარემოში, ვისაუბრეთ განსხვავებასა და მსგავსებაზე, ჩვენს ოჯახურ წრეზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე, სახლზე, ერთად ყოფნის სიხარულზე.

რეი ბრედბერის ჩემ მიერ არჩეულ მოთხრობაში კი ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახი მათთვის სრულიად უჩვეულო გარემოში – პლანეტა მარსზე ხვდება. მოთხრობის სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება – ამერიკული ახალშენი მარსზე, შეგუების რთული პროცესი, შინაგანი თუ გარე კონფლიქტები, წინააღმდეგობანი… მოკლედ, ძალიან საინტერესო მოთხრობაა.

ჰოდა, ამ ორი ოჯახის – წერეთლებისა და ბიტერინგების -მსგავსება-განსხვავებაზე, სირთულეებსა და სიყვარულზე ვისაუბრებთ.

ბოლოს დაწერენ მცირე მხატვრულ თხზულებას: „თავგადასავალი, რომელიც არასდროს გადამხდენია”.
ამით ერთ დიდ თემას დავხურავთ და სხვა, არანაკლებ საინტერესო ამბებს მივადგებით.
სამშაბათი
დრო-სივრცულმა და ჟანრობრივმა ცვლილებამ ბავშვები მეტისმეტად გაახალისა, საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა.

თანდათანობით რთულდება და მრავალფეროვანი ხდება ჩვენი პროგრამა.

მეხუთე კლასის წიგნში რამდენიმე კარგი მოთხრობაა სკოლის თემატიკაზე, ვფიქრობ, სკოლას ჩვენს ცხოვრებასა და ლიტერატურაში კვირეულის ცალკე თემად გავიტან, განათლების მნიშვნელობასა და ცნობილი პედაგოგების ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან ერთად მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ პედაგოგობა შემთხვევითი, ხელწამოსაკრავი საქმიანობა არ არის, ადამიანები სწავლების ოსტატობას მთელი სიცოცხლის  განმავლობაში ხვეწენ და ავითარებენ, მთელ თავიანთ დროს უთმობენ და შედეგებსაც აღწევენ.

ამ კვირეულს ბავშვთა უფლებების კონვენციით ვიწყებ, დღეს სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გაცნობა და განხილვა მაქვს გეგმაში.

კონვენცია მუხლებად დავჭერი, ფერადი ქაღალდის ფურცლებზე დავაკარი და თითო მუხლს დავურიგებ ბავშვებს, ყველამ იმ მუხლზე უნდა ისაუბროს, რომელიც შეხვდება, თავისი გამოცდილება, ცოდნა გამოიყენოს, მაგალითები მოიყვანოს, არგუმენტებით გაამყაროს.

შემდეგ ერთ-ერთ მთავარ მუხლზე – განათლების უფლებაზე – მე ვისაუბრებ და ფილმს ვაჩვენებ პაკისტანელი გოგოს მალალა იუსუფზაის შესახებ, რომელიც თავისი თავისუფლებისმოყვარეობით თალიბებისთვის ისე საშიში აღმოჩნდა, რომ თავს დაესხნენ და კინაღამ მოკლეს. თითქმის ჩემი მოსწავლეების კბილაა მალალა – ძალიან მინდა, მათ ასეთი გმირები, ასეთი მიბაძვის ობიექტები ჰყავდნენ.

დავწერთ არგუმენტირებულ ესეს თემაზე „ჩემი უფლებები და მოვალეობები სკოლაში” (ხვალ სკოლის შინაგანაწესსაც გავაცნობ და პუნქტობრივად განვიხილავთ).

ოთხშაბათი
დღის თემა – „სკოლა”.
ვნახავთ მრავალფეროვან და საინტერესო პრეზენტაციას მსოფლიოს უცნაური სკოლების შესახებ, გავიხსენებთ წიგნებს, რომლებიც წაგვიკითხავს და სადაც სკოლებია ნახსენები – „ჯეინ ეარი”, „დევიდ კოპერფილდი”, „ჰარი პოტერი”, „ბიულერბიუელი ბავშვები”, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები და რომანები, რეზო ინანიშვილის შესანიშნავი პროზა…

ვნახავთ ნაწყვეტებს ამ ცნობილი წიგნების ეკრანიზაციებიდან.

ტექსტობრივ მასალად რამდენიმე საგაზეთო სტატია მაქვს – სკოლა ხიდის ქვეშ (ინდოეთის ქალაქ დელიში, ღატაკი ბავშვებისთვის), ინტერვიუ ხევსურეთის ერთ-ერთი სკოლის ახალგაზრდა მასწავლებელთან და მცხეთის რაიონის სოფელ მაქართის საჯარო სკოლის ამბავი, რომელსაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს.

სამივე სტატიას დაწვრილებით განვიხილავთ, ვიმსჯელებთ განათლების მნიშვნელობასა და პრობლემატიკაზე, როგორი უნდა იყოს სკოლა, რა არის საჭირო კარგი განათლების მისაღებად, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვის უფლება განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ბოლოს ბავშვები თავიანთი სკოლის აღწერას და, თუ სურვილი ექნებათ, დახატავენ კიდეც. რევაზ ინანიშვილის შესანიშნავ მოთხრობას „ეთერს” სახლში კარგად, გააზრებულად წაიკითხავენ.

P.S. გავაგრძელებდი სხვა დღეების გეგმებზე საუბარს, მაგრამ ამჯერად მირჩევნია, თქვენი კვირის შესახებ მიამბოთ, გამიზიარეთ თქვენი სასწავლო კვირის „მარსის ქრონიკა”.
მოუთმენლად გელოდებით!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი