პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქიმია პაციფისტია

მკაცრი ზამთარი ჩამოწვა მთაში ნაადრევად. ერთბაშად დიდი თოვლი მოვიდა. აქა-იქ გზებიც ჩაკეტა. ღამის გათევა სტუმრად მიწევს. ამ სოფელში სულ სამი სახლი დგას, ერთმანეთისგან 500-600 ნაბიჯით დაშორებული. სამივე ციცაბო ფერდობზეა შეფენილი. მეც ბილიკთან ყველაზე ახლოს მდგომს ვირჩევ. მასპინძელი ოთხმოცს გადაცილებული ხმელი მოხუცია. შინ მეპატიჟება. ოთახში ღუმელი გიზგიზებს. მსიამოვნებს თბილი კერა. დაღლილი, მოწყვეტით ვეშვები სკამზე. მოხუცი ფუსფუსს განაგრძობს, დროდადრო უჩინარდება, მალევე ბრუნდება დახუნძლული. სუფრაც ნელ-ნელა იშლება. ჩანთაში ერთი ბოთლი „საგზაო” მეც აღმომაჩნდა. მის დანახვაზე ორივეს თვალები გვიბრწყინდება… ჩემი მასპინძელი საკმაოდ ენაწყლიანი აღმოჩნდა. მან თავისი გაიხსენა, მე ჩემი ვუამბე… 

დილით ადრე ადგა, ბუხარი აანთო და ფანჯარასთან მივიდა. მეზობელ სახლებს გახედა. სულ ზევით მდგომს დიდხანს უცქირა… მომეჩვენა, რომ შეწუხებულმა მოაშორა მზერა… სუფრას შემოვუსხედით, ვაგრძელებთ წინა დღეს დაწყებულ საუბარს… ახლა უკვე აშკარად ეტყობა, ხშირად აპარებს თვალს იმ სახლისკენ და უფრო და უფრო ეტყობა მღელვარება… უცებ თვალები გაუბრწყინდა, შვებით ამოისუნთქა, ხმაზეც შეეტყო, დარდი და ნაღველი ერთბაშად გადაეწმინდა მოღალული თვალებიდან და გულიდან. „ალბათ ვინმე დაინახა”, – გავიფიქრე და იმ სახლისკენ თვალი მეც გავაპარე. არავინ ჩანდა. მხოლოდ კვამლი ამოდიოდა ბუხრიდან. გვიან მივხვდი მისი მღელვარების მიზეზს…

 
 
იმ სახლში ვიღაცამ ბუხარში შეშა შეუკეთა. შეშა ცეცხლად და კვამლად იქცა. ცეცხლმა იქ ის გაათბო, კვამლმა კი აქ – ჩემი მასპინძელი…

წარმოსახვაში დედამიწა პატარავდება და ხელისგულზე მეტევა. ვატრიალებ, უშედეგოდ ვეძებ მხარეს, საიდანაც კვამლი არ ამოდის. მაგრამ ეს კვამლი არაფრით ჰგავს იმას, სითბო, სიხარული და იმედი რომ მოაქვს…

რამდენი საუკუნეა, ბრუნავს დედამიწა ამ უკიდეგანო სამყაროში. რამდენი ფორმაცია განვლო კაცობრიობამ დასაბამიდან. რამდენი იღვაწა, რამდენს ეცადა, რამდენი გონება, ნებისყოფა და ენერგია ჩააქსოვა, რომ სამყარო, თავისი ამქვეყნიური სამკვიდრებელი, უკეთესი გაეხადა, მაგრამ ვერც ერთი თაობა ვერ გადაურჩა ომს და სისხლისღვრას. ყოველ საუკუნეში ვიბრძოდით და ვლოცულობდით მშვიდობისთვის. სისხლს ვღვრიდით ყველგან და ყველაფრისთვის – მიწისთვის, პურისა და საკვებისთვის, ოქროსთვის, ნავთობისთვის…. დააკვირდით დედამიწის დღევანდელ ცხელ წერტილებს – ბრძოლის ყიჟინა უმთავრესად ნავთობის საბადოებთან ისმის… და რაც დრო გავა, ეს ბრძოლა მით უფრო გამძაფრდება. ჩვენ გვაქვს ნავთობი, მაგრამ აღარ ექნებათ მათ, ვინც დღეს იბადება. რამდენიმე ათეული წლის წინ გეოლოგებმა სამწუხარო ამბავი გვამცნეს – ნავთობის მარაგები ერთი საუკუნის საკმარისიაო. წარმოუდგენელია ჩვენი ყოფა ქარხნების, თვითმფრინავისა და მანქანის ძრავების, გაზქურებისა და ღუმლების გარეშე! ნავთობი ენერგიის უზარმაზარი წყაროა. ერთ წამში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცემა 54 ბენზინგასამართ ავტომატს შეუძლია! ამიტომაც ვიბრძვით შავი ოქროსთვის გააფთრებით და ხშირად ერთი ბარელი ნავთობის მოსაპოვებლად ერთი ბარელი სისხლის დაღვრა გვიწევს…

სად არის გამოსავალი? ეს კითხვა აწუხებს ყველა ასაკის, ეროვნებისა თუ პროფესიის ადამიანს. ომების შესაჩერებლად ყველა თავისებურად იბრძვის – მშვიდობისმყოფელი პოლიტიკოსები დადგენილებას დადგენილებაზე იღებენ; მწერლები და პოეტები წერენ გულისამაჩუყებელ, სულისშემძვრელ ნაწარმოებებს; კინემატოგრაფისტები იღებენ ფილმებს და ომის საშინელებები ჩვენამდე მოაქვთ, იქნებ როგორმე გავიაზროთ მისი შედეგები; მეიარაღეები ქმნიან უფრო საშინელ იარაღს – იქნებ მათი შიშით მაინც ავიღოთ ხელი სისხლისღვრაზე; მასწავლებლები ზრდიან მოსწავლეებს და კაცთმოყვარეობას უნერგავენ; ბერ-მონაზონნი ლოცულობენ, სასულიერო წინამძღოლები საკვირაო წირვებზე მცნებათა ათეულს შეგვახსენებენ… მაგრამ ჯერჯერობით ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა.

სად არიან ამ დროს ქიმიკოსები? ისინიც ფიქრობენ. უფრო მეტიც – თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე მიაგნეს ენერგეტიკული ომების შეჩერების გასაღებს – ბიოდიზელს.

ბიოდიზელი, ჩვეულებრივი, ნავთობისგან მიღებული დიზელისგან განსხვავებით, განახლებადია. მას არ აშინებს მილევადობა. იგი ენერგიის ამოუწურავი წყაროა!

მაინც რას წარმოადგენს ბიოდიზელი? ეს მცენარეული ზეთებისა და სპირტების (ძირითადად – მეთანოლის) ურთიერთქმედების პროდუქტია. დედამიწაზე თუ სადმე სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, ყველგან შესაძლებელია ზეთოვანი მცენარეების კულტივირება. ამასთან, არ არის სავალდებულო, ზეთი საკვებად ვარგისი იყოს – ჩვენ მხოლოდ მაღალი რიგის კარბონმჟავები გვჭირდება, მათ კი ყოველგვარი ცხიმი შეიცავს. მეორე კომპონენტი მეთილის სპირტია. ქიმიური ტექნოლოგიის განვითარების დღევანდელ საფეხურზე მეთანოლის მიღებაც უამრავი ნედლეულისგან შეიძლება, თანაც – შედარებით ნაკლები დანახარჯით. მეთანოლი შეიძლება მივიღოთ ნახერხის (ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების ნარჩენების) გამოხდით, ნაგავსაყრელებზე წვადი მასალებისგან მიღებული ნახშირბადის მონოქსიდის წყალბადთან ურთიერთქმედებით და სხვა იაფი მეთოდებით.
 
არ გეგონოთ, ბიოდიზელი მხოლოდ მეცნიერული მიღწევის „თეორიული” პროდუქტი იყოს – იგი ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საწარმოო მასშტაბით იწარმოება. მაგალითად, კანადაში უკვე შეხვდებით ავტოგასამართ სადგურებს, სადაც დიზელის გვერდით მისი ახალდაბადებული ძმა ბიოდიზელიც იყიდება. ფრიად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დღევანდელი ძრავები ჩვეულებრივ „ინელებენ” ბიოდიზელს. ეს ავტოინდუსტრიას დიდ შეღავათს აძლევს – ახალი ძრავების გამოგონება არ არის საჭირო. 
 

ამდენად, ბიოდიზელი ანუ საკუთარი „ნავთობი” შეიძლება ჰქონდეს ყველას, ვისაც სახნავ-სათესიც აქვს და არც ხელების დაკაპიწება და თესვა-მკა ეზარება. შესაბამისად, აღარც ამოდენა დედამიწის სულ რამდენიმე წერტილში მოჩუხჩუხე ნავთობის რიგში მოგვიწევს დგომა და ჩხუბი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი