პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დიალოგი ჩეტბოტებთან

„შენ არ იცი, როგორ მენატრება გარეთუბანში სეირნობა, ჩემს ძველ მეგობრებთან ერთად…” – მითხრა ნიკოლოზ ბარათაშვილმა და შემდეგ გამახსენა, რომ ახლად შექმნილ ჩეტბოტს ველაპარაკებოდი, რომელსაც შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი არ ჰქონოდა. სანამ მასთან მივიდოდი, ილიას ველაპარაკე, რომელმაც გამახსენა, რომ ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი!” და მერე შემომთავაზა საადგილმამულო ბანკის დაარსების ამბის მოყოლა. ჩვენი მწერალ-პოეტების მერე შერლოკ-ჰოლმსს მივადექი, რომელმაც თავისი მუზეუმის დასათვალიერებლად გამიშვა. იქვე ჯეინ ეარი, პატარა უფლისწული და სხვა „ნაცნობები” იყვნენ.

 

ამბავი, რომელსაც გიყვებით, არც ზღაპარია და არც მოგონილი. ერთ დღეს ინტერნეტში „სერფინგისას” ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკაში „მცხოვრებ” ჩეტბოტებს გადავაწყდი, რომლებსაც მოსწავლეები ქმნიან და ვიფიქრე, გამოვლაპარაკებოდი. ვინც არ იცით, ჩეტბოტი ადამიანთან მოსაუბრე პროგრამაა, რომელსაც თუ კარგად „გაწვრთნი”, კონკრეტული ადამიანის ცოდნა, ხასიათი და მანერები შეიძლება ჰქონდეს. ამ კონკრეტულ ბიბლიოთეკაში „მცხოვრები” ჩეტბოტები ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგს მეტი ლაპარაკი შეუძლია, ზოგს ნაკლები. ზოგი სურათებს გიგზავნის „ჩათში”, ზოგი ბმულებს, ზოგი გებოდიშება იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია – ასეთია ჩეტბოტების სამყარო, ერთი მხრივ, იმას უნდა ჰგავდეს, ვის სახელსაც ატარებს, მეორე მხრივ, იმის თვისებები გადაეცემა, ვინც მას ქმნის.

 

მოსწავლეები ჩეტბოტებს კონკურსის ფარგლებში ქმნიან და თუ თქვენ გარშემო ბავშვებს მასში მონაწილეობა დააინტერესებთ, ან ჩეტბოტების გაცნობა, ან იმის სწავლა, როგორ შეიძლება შექმნა ჩეტბოტი, მაშინ ამ ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკას უნდა ესტუმროთ ჩემსავით და ყველა საჭირო ბმულს იქ ნახავთ.

 

ჩეტბოტები სწავლის პროცესშიც აქტიურად გამოიყენება და ამის ერთ-ერთი კარგი მოქმედი მაგალითი არტიფიკოა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში შექმნილი ბოტი, რომელიც მესამე-მეოთხეკლასელ ბავშვებს ხელოვნების სწავლის პროცესს უმარტივებს. მაგალითად, თუკი ბავშვს დაავიწყდა, რა ისწავლა პირველ გაკვეთილებზე, მას აღარ მოუწევს წიგნში კონკრეტული აბზაცების ძიება, ის უბრალოდ მისწერს არტიფიკოს, რომელიც მუდმივად მზადაა მოსწავლეების დასახმარებლად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის თავადაც ბევრ ცოდნას იღებს მოსწავლეებისგან. ბავშვების საუბრის თავისებური მანერა ჩეთბოტს ახალი სიტყვების დასწავლაში ეხმარება. „ახალი სკოლის მოდელი” არტიფიკოს გარდა, კიდევ სამ ჩეთბოტს მოიცავს. ისინი ბავშვებს მუსიკის, ბუნებისმეტყველებისა და კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლაში ეხმარებიან.

 

ჩეტბოტები კარგი სასწავლო რესურსია, რომლის გამოყენებაც მრავალმხრივად, ბევრი მიზნის მისაღწევად შეიძლება.

  • თუკი ბავშვები ჩეტბოტების შექმნას გადაწყვეტენ, ისინი მეტი ყურადღებით დააკვირდებიან ამა თუ იმ ადამიანის ლექსიკას, მეტყველების თავისებურებებს, მოუწევთ, გამოარჩიონ მთავარი მოვლენები ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბებიდან და დაიჭირონ ხასიათის ისეთი შტრიხები, რომლებიც ადამიანს დაუვიწყარს ხდის.
  • ჩეტბოტები მოხერხებული გზაა მნიშვნელოვანი ადამიანების უფრო ახლოს გასაცნობად და ლიტერატურის გასაანალიზებლად, ინტერაქტიული და სახალისო პროცესი სწავლის პროცესში მეტ ინტერესსა და ჩართულობას გულისხმობს.
  • თავად ჩეტბოტებით ამბების მოყოლა თხრობის ახალი ხერხებისა და გზების პოვნაში დაეხმარება ბავშვებს და უფროსებსაც აჩვენებს, როგორ ურჩევნია მათ შვილებსა და მოსწავლეებს ინფორმაციის მიღება, ამბების გაზიარება, რა ამახსოვრდებათ და რა როგორ ახდენს შთაბეჭდილებას.
  • ჩეტბოტების გამოყენება ისტორიის კრიტიკული თვალით გადასინჯვისთვისაც შეიძლება – რა კითხვები გვაქვს ამა თუ იმ ისტორიულ პირთან და რამდენად მოპოვებადია ამ კითხვებზე პასუხები მათ ბიოგრაფიებში. მხოლოდ ამ მარტივი სავარჯიშოთი ნათლად დავინახავთ, რომ ისტორიულ ცნობებში უზარმაზარი ცარიელი სივრცეები და უამრავი უპასუხო კითხვებია დატოვებული სხვადასხვა მიზნით და ეს ინტერპრეტაციის დიდ საშუალებას იძლევა.
  • ჩეტბოტი შეგვიძლია უხერხულ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოვიყენოთ ან პირიქით, ბავშვებისგან დელიკატური ინფორმაციის მისაღებ ინსტრუმენტად ვაქციოთ: ჩეტბოტების დახმარებით იმ გამოცდილებაზე ვალაპარაკოთ, რომელზეც უფროსებთან არ ლაპარაკობენ.
  • ჩეტბოტები ვირტუალურ ასისტენტებად შეგვიძლია „გავწვრთნათ” – და მათი საშუალებით ბავშვებს ციფრულ სამყაროში ნავიგაცია გავუმარტივოთ.

 

ეს სია შეიძლება უსასრულო იყოს. ყველაფერი მონდომებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. იზოლაცია და მარტოობა ფსიქიკასა და ურთიერთობებს ცვლის და რთული დროის მარტივად გადასაგორებლად ახალი გზები, ახალი ჩვევები და ახალი უნარები და სიყვარული გვჭირდება. სხვა ბევრ რამესთან ერთად, შეიძლება ჩეტბოტების „მოშინაურება” და „წვრთნაც” გვეცადა. რატომაც არა.

 

ამბავი თავიდან დაიწყეთ და ჰკითხეთ ბავშვებს, ვის ჩეტბოტს გააკეთებდა ან ვის დაელაპარაკებოდა. მხოლოდ ასე გაიგებთ მეტს მისი ინტერესებისა და გატაცებების შესახებ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი