ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„人生がときめく片づけの魔法 – ცხოვრება – დალაგების მაგია“

ფილმი გადაღებულია საყოველთაოდ ცნობილ კონ-მარის

მაგიური დალაგების მეთოდის მიხედვით.

არის ასეთი იაპონური ფილმი: 人生がときめく片づけの魔法 – ცხოვრება – დალაგების მაგია“. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, იაპონელი გოგონა კაორი, როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს, შეხვდება ვაჟს, რომელიც მოსწონს. კაფეში გოგონა  ცოტა მეტს დალევს და ვაჟი  შინ წაიყვანს.  კაორი სახლში არ უშვებს შეყვარებულს იმის შიშით, რომ არეულ სახლს თუ ნახავს, მიატოვებს. შეჰპირდება, რომ ერთი კვირის შემდეგ მოიპატიჟებს სტუმრად.

კაორი პირისპირ აღმოჩნდება თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ პრობლემასთან – უნდა გაუმკლავდეს ბუნაგადქცეული სახლის დალაგებას, რაც მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდება.

გოგონა მიაკითხავს ფირმას, რომელიც სახლებს ალაგებს. მას კი დამლაგებლად გამოეცხადება „ქალი – თეთრებში“ – მაკიკო ნორიტა. მაკიკო დაჰპირდება გოგონას, რომ, თუ მის რჩევებს მიჰყვება და სახლს თავად დაალაგებს, მაშინ მის ცხოვრებაში საოცრება მოხდება და მაგიური ძალით ცხოვრებაც შეეცვლება.

კაორისთვის ადვილი არ აღმოჩნდება ამის მიღება, მაგრამ, ბოლოს დათანხმდება. მაკიკო აძლევს დავალებებს, როგორ უნდა გადაარჩიოს ნივთები, როგორ უნდა მიხვდეს, რომელიმე ნივთი ნამდვილად სჭირდება თუ არა? ყველა დეტალს გულსადმით უხსნის…

სახლის დალაგება – ეს არ არის მხოლოდ სუფთა სახლი. თავად პროცესი შეიძლება იქცეს საოცარ მოვლენად, რომელსაც მოაქვს ბედნიერება – ასეთია მაკიკოს რწმენა.

ფილმში რჩევები მხოლოდ სახლის დალაგებაზე არ არის, ახსნილია სახლის დალაგების ფილოსოფიური მნიშვნელობა, როდესაც სახლს ათავისუფლებ ზედმეტი, არასაჭირო და ხარახურა ნივთებისგან, იგივე ხდება მენტალურ სფეროშიც. ადამიანი თავისუფლდება  ზედმეტისგან ცხოვრებაშიც – ზედმეტი ადამიანებისგან, ზედმეტი ურთიერთობებისგან, არასასურველი სამსახურისგან და ასე შემდეგ;

 

დალაგების მთავარი პრინციპი – იწვევს თუ არა ნივთი სიხარულს?

 

მარი კონდოს აზრით, წესრიგისა და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო ის არის, რომ სახლში გვქონდეს ისეთი საგნები, ნივთები, რომლებიც სიხარულს იწვევენ.

დალაგების დროს რომ გავიგოთ, ნამდვილად გვჭირდება თუ არა ესა თუ ის საგანი და გვანიჭებს თუ არა სიხარულს, ამისთვის ხელში ვიღებთ საგანს, მიგვაქვს გულთან და თუ შევიგრძნობთ გულის აჩქარებას, მაშასადამე, მას მოაქვს სიხარული, ხოლო თუ საგნის გულთან მიტანისას ვერაფერს ვგრძნობთ, მაშინ ის საგანი შეგვიძლია გავიტანოთ სახლიდან.

და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: ნივთი, რომელიც აღარ გვჭირდება, საჭიროა, მის მიმართ გამოხატოთ მადლიერება. ეს ქცევა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ  ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიის თვალსაზრისით;

სწორედ ასე ვითარდება ფილმში მოვლენები…

  • იცი, რას ნიშნავს სახლის დალაგება?
  • რას?
  • წარსულში გარკვევას და წარსულის დალაგებას – ეუბნება მაკოკო კაორის.
  • წარსულში გარკვევას? – გაოცებული ეკითხება გოგონა.
  • დიახ!

კაორი ამ საუბრის სიბრძნეს მას შემდეგ გაიგებს, რაც სახლს დაალაგებს მაკოკოს ინსტრუქციების მიხედვით და გაოცებული სრულიად ახალი მზერით თვალს მოატარებს თავის საცხოვრებელს.

და იცით, რა ხდება მეორე დღეს, როდესაც ის სამსახურში მივა? წლების ნაგროვებ და გულში დამალულ ყველა სიტყვას ეტყვის კაორი თავის უფროსს, მანამდე რომ შიშს გამო ვერ ეუბნებოდა და ამაყად ტოვებს სამსახურს, რომელსაც სიხარული არ მოჰქონდა მის ცხოვრებაში. კაორი მაკოკოსთან ერთად ახლა თავად იწყებს სხვა ადამიანებზე ზრუნვას და სხვა ადამიანების ცხოვრების შეცვლას, რადგან ეს მაგიური გაკვეთილი მან უკვე მიიღო ცხოვრებისგან.

ამ ფილმის ყურებისას გამახსენდა დათო ყანჩაშვილის ერთი საინტერესო ლექსი, რომელსაც „სარდაფი“ ჰქვია. თითქოს ამ ფილმის იდეაა გახსნილია დათოს ლექსში.

„ყური დაუგდე,

ბებერ წარსულს, ზურგზე რომ გაზის

ბავშვივით ცელქი აწმყოს ხმები მხოლოდ ნუ გესმის,

აწმყო, რომელსაც ყვავილივით მარტივად წყვიტავ

და არ ემჩნევა მიწის გულში გადგმული ფესვი…“.

 

ამ ლექსშიც ყველაფერი სახლზეა და ამ სახლის სარდაფზე, რომელიც სავსეა მოგონებებითა და საგნებით, და რომელიც „გამუდმებით უნდა ალაგო“:

„ჩნდება შეგრძნება,

თითქოს დაგრჩა ანდერძით სახლი,

რომლის სარდაფიც

გამუდმებით უნდა ალაგო

და ვერ გაერკვე,

როგორ მოხვდა სარდაფში მკვდარი,

რომელიც ღამე

სადმე სხვაგან უნდა დამარხო…“.

დაგროვილი ნივთები (მოგონებები) უკვე ისეა ერთმანეთში აზელილი, ლირიკული გმირი დამფრთხალი და დაბნეულია, აღარ ახსოვს, რა იყო და რა არ იყო მართლა… რა გაუყალბა ქვეცნობიერმა:

„და ეს წარსული,

როგორც აწმყოს ქვეცნობიერი,

გინდა-არ გინდა, იწყებს ტივტივს,

გაფრთხობს და გაბნევს,

ვეღარ იხსენებ რა გადაგხდა,

რა იყო მართლა

და რა გადმოგყვა ამ ანდერძით –

რა გაგიყალბეს”.

 

დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ფილმის – „ცხოვრება – დალაგების მაგია“ კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელსაც იმდენი ნივთი დაუგროვდა, რომ ვეღარც სარდაფი და ვეღარც ეზო ვეღარ იტევს. ის მხოლოდ მაშინ შეწუხდება, როდესაც ნივთების გროვაში ძვირფას გულსაბნევს დაკარგავს. მაშინ მიაკითხავს მაკოკოს ფირმას და ნივთის მოძებნას სთხოვს. მაკოკო სხვადასხვა გზით ცდილობს, რომ ქალბატონს ბინა დაალაგებინოს, მაგრამ მას ამის გაგონებაც არ უნდა… წარსულს ჩაბღაუჭებული (რაც ნივთების გროვით გამოიხატება) ხელს არ უშვებს არცერთ საგანს. სინამდვილეში კი ის შვილთან ნაჩხუბარია, რაც ძალიან აწუხებს და ბავშვობიდან მოყოლებული შვილის ყველა ნივთი შენახული აქვს. როგორც იქნება, რომ დაიწყებს დალაგებას და სახლის/წარსულის გარკვევა-მოწესრიგებას, ამის შემდეგ ის თავის შვილს ურიგდება და მისი ცხოვრება მაგიურად იცვლება.

სწორედ ეს არის ფილმის იდეა – მაგიური ცვლილებები.

 

„ჩემი კლიენტები ბედნიერებისგან ბრწყინავენ, როგორც შედეგები აჩვენებს, სახლის დალაგებამ შეცვალა მათი აზროვნების სტილი და მსოფლმხედველობა. არსებითად შეცვალა მათი მომავალი. რატომ? სახლის მოწესრიგებით ადამიანი აწესრიგებს საკუთარ წარსულს და საქმეებს. შედეგად, სრულიად ცხადად იგებს, რა სურს და არ სურს მას ნამდვილად ცხოვრებაში“ (მარი კონდო იგივე კონ-მარი).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი