პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენ (ი) , სამყარო და კავშირები

ზაფხულის მშვიდი საღამოა. კაფეში, ფანჯარასთან, მარტო ვზივარ. უფრო სწორად, ერთი თანამეინახე მყავს – ლუდის კათხა.
ოფიციანტობას კი წარსულის მოგონებები მიწევენ. დროგამოშვებით მოირბენენ, რომელიმე გარდასულ
დღეს ამოატივტივებენ და გაქრებიან… დრო ბევრი მაქვს, არსად მეჩქარება, ნელ-ნელა შევექცევი
ქერისა და სვიის ნაჟურს, თან თავს გარემოს თვალიერებით ვირთობ…

კარი ფართოდ იღება. შემოდის ხელიხელჩაკიდებული ახალგაზრდა
წყვილი. მოხდენილად აუვლიან გვერდს მაგიდებს და შორეულ კუთხეში მოკალათდებიან…


ორი
მაგიდის გამოტოვებით კიდევ ერთი წყვილი ზის. ორმოცდაათს გადაცილებულები იქნებიან, მაგრამ
ისევე შესციცინებენ თვალებში ერთმანეთს, როგორც ის ახალშემოსული, ხელიხელჩაკიდებული
გოგო-ბიჭი…

რა ჰქვია იმ ფენომენს, რაც მათ ერთად აჩერებს ჩვენს
მოუსვენარ, აჩქარებულ-აფორიაქებულ ყოფაში? სიყვარული? მეგობრობა? დაძმობა? იქნებ რამე
სხვა?.. ასეთი პასუხი შესაძლოა მისაღები იყოს პოეტისთვის, მწერლისთვის, ფსიქოლოგისთვის,
სოციოლოგისთვის და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი „ლოგისთვის”, მაგრამ ბუნებისმეტყველისთვის
ვერაფერიშვილი ახსნაა…

დიდხანს ვიმტვრევ თავს. პასუხს ისევ მოლეკულებში ვეძებ…
რატომ უკავშირდებიან ერთმანეთს ატომები?

ჩვენს სამყაროში ატომთა უმეტესობაც არ დადის ცალუღელა.
გაჩენისთანავე ისინიც წყვილდებიან და ხელიხელჩაკიდებულნი დაეხეტებიან უკიდეგანო პლანეტარულ
სივრცეში.

ქიმიურ ელემენტთა მოდგმაში ყველაზე ყარიბი და ღარიბი
ელემენტი წყალბადია. მისი მხოლოდშობილი ელექტრონი თავს ძალზე მარტოსულად გრძნობს, ამიტომ
თავისივე ტყუპისცალს მაგრად ჩასჭიდებს ხოლმე ხელს. ამ ურთიერთობას ქიმიაში არაპოლარულ
კოვალენტურ ბმას ვეძახით.

ასევე არიან სხვა ელემენტებიც. ქლორის ატომსაც კი, რომელსაც
17 ელექტრონიდან ერთის გარდა ყველა წყვილ-წყვილად ჰყავს შესახლებული ორბიტალების „ოთახებში”,
ისე ადარდებს იმ ეულად დარჩენილი ელექტრონის ბედი, ძალისხმევას არ იშურებს მის დასაწყვილებლად,
ამიტომ სხვა ელემენტებს მტარვალად ევლინება – ძალით, მოტყუებით, გარიგებით თუ სხვა
მაქინაციებით ართმევს ელექტრონს, რომელიც „სახრავად” მისია და მხოლოდ „სახელად” რჩება
პარტნიორისა. ასე მიიღება პოლარული კოვალენტური ბმა.

„მენატრები, როცა ვერ გხედავ, თუმცა ხელის გაწვდენაზე
ხარ”, – თქვა მამაკაცმა თმაშევერცხლილთა მაგიდიდან. „მენატრები, როცა ვერ გხედავ, თუმცა
რამდენიმე ანგსტრემის გაწვდენაზე ხარ”, – ამბობს ნატრიუმი სუფრის მარილში. ნატრიუმსა
და მის მოძმე ტუტე მეტალებს გამჩენმა ელექტრონებით სიღარიბე დაანათლა. თავიანთი ენერგეტიკული
მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული არიან, გარე შრეზე მოხეტიალე ობოლი ელექტრონი
გააშვილონ – რომელიმე შეძლებული ელემენტის კალთას შეაფარონ, მაგრამ ბოლომდე ვერ ელევიან
და, მისი ნახვის სურვილით ატანილები, ქლორის შორიახლო დაეყუდებიან ხოლმე. ასე წარმოიქმნება
იონური ბმა – კავშირი, რომელიც ხელიხელჩაკიდების გარეშეც, იმ თმაშევერცხლილი წყვილისა
არ იყოს, ორი ელემენტის ერთად ყოფნის სურვილს წარმოადგენს; კავშირი, რომელიც ამ ურთიერთობას
მყარ, ლამაზად თლილი კონტურების კრისტალურ ფორმას აძლევს.

ბუნებაში სხვა ელემენტებთან დაუწყვილებელი უმთავრესად
მხოლოდ მეტალები არიან. ეს ატომთა ურთიერთობის მეტად უჩვეულო სახეა. მეტალის პროტონები
ერთ მწკრივად დაჯარებულან და, მიუხედავად მათ შორის განზიდვის ძალისა, ადგილიდან არ
იძვრიან, ერთიან ფორმას ინარჩუნებენ. ასეთ პროტონებს ელექტრონები უპატრონოდ ჰყავთ მიტოვებული
და ისინიც თავისუფლად დაქრიან ერთი პროტონიდან მეორეზე. რა აკავებთ ამ პროტონებს გვერდიგვერდ?
90-იან წლებში მეტროთი გიმგზავრიათ? მაშინ თქვენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როდესაც
გაჭედილ ვაგონში ხარიხისთვის ხელის მოუკიდებლად შეგეძლო დგომა…

რა აკავშირებს მოლეკულებს ჩვენში? რა ჰქვია იმ ძალას,
რომელიც სამყაროში უსასრულო ხეტიალით დაღლილ ამ ნაწილაკებს ჩვენს სხეულში დროებით შეჩერებას
და ჩვენი ფერ-ხორცის, ნაკვთების გამოძერწვას აიძულებს? ეს სულია. სულია ის ძალა, რომლის
წყალობითაც ჩვენი მოლეკულები ერთმანეთის გვერდით ატარებენ რამდენიმე ათეულ წელიწადს,
მერე კი… სული სადღაც მიდის და სხეული უპატრონოდ დარჩენილი სახლის კედლებივით ნელ-ნელა
იშლება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი