შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მანდარინების ომი

ომი, როგორც ასეთი, არ მახსოვს. იმ დროს ძალიან პატარა
ვიყავი და ჩემი ოჯახი სურამში ცხოვრობდა, რკინიგზის სადგურთან. თუ სურამისნაირ პატარა
დასახლებაში რომელიმე ადგილს ხალხმრავალი შეიძლება დაერქვას, ეგ იყო ეგეთი ადგილი.

ხშირად აკაკუნებდნენ კარზე ახალგაზრდა, გაბურძგნილი
და დაუბანელი ბიჭები, დედა პურს უხვევდა ხოლმე გაზეთში და რომ წავიდოდნენ, ოხრავდა.
საღამოობით, შუქი თუ იყო, ტელევიზორში ასეთივე ბიჭებს აჩვენებდნენ, ოღონდ დაბანილებს,
გაპარსულებს და დედა მათ დანახვაზე ტიროდა.

გვიან მივხვდი: ის ბიჭები, დედა პურს რომ აძლევდა, ომს
გადარჩენილები იყვნენ, ისინი, ვის დანახვაზეც ტიროდა – ომში დაღუპულები. უფრო გვიან
დედა იტყოდა ხოლმე, სულ მეშინოდა, მამაც ომში არ წასულიყოო.

მახსოვს ისიც, რომ სკოლაში არსებობდა ცალკე კასტა –
„ლტოლვილები”. სულ რამდენიმე იყო ასეთი ბავშვი, რომლებიც, მაგალითად, კლასის რემონტის
ფული თუ იყო შესაგროვებელი, უარს ამბობდნენ არგუმენტით, ლტოლვილები ვართო. ისიც მახსოვს,
ამ „კასტაზე” ვიღაცები როგორ ბრაზობდნენ – ლტოლვილები ეგენი კი არა, ჩვენ ვართ, მაგათ
მშვენივრად აიწყვეს ცხოვრებაო…

 

ომი, როგორც ასეთი, თითქმის არ ჩანს ზაზა ურუშაძის ფილმში
„მანდარინები”, სადაც ნარატივი რამდენიმე, უფრო სწორად, ოთხი მთავარი გმირის (ორი აფხაზეთში
მცხოვრები ესტონელი, ომში წასული ქართველი სტუდენტი და ჩეჩენი ბოევიკი) ამბის ფონზე
მიმდინარეობს. კი, ისმის აფეთქება, სროლა, ჩანს რამდენიმე დაღუპული, მაგრამ ომი ეგ
არ არის, ომი გაცილებით საშიში და საშინელია.

ფილმის ერთ-ერთი გმირი, აფხაზეთში მცხოვრები ესტონელი,
რომელსაც მანდარინის უზარმაზარი პლანტაცია აქვს, კარგი მოსავლით ხარობს და ომის პირობებში
მისი რეალიზაციის სირთულეებზე დარდობს, ამ ომს მანდარინების ომს უწოდებს. მეორე ესტონელი,
მისი მეზობელი, რომელსაც სამხერხაო აქვს და პირველს მანდარინებისთვის ყუთების გაკეთებაში
ეხმარება, ამბობს, რომ ეს მანდარინების კი არა, მიწის, ტერიტორიების გადანაწილებისთვის
ომია. პირველი თავისას არ იშლის – იქნებ ასეც არის, მაგრამ ეს მიწა მანდარინების მიწააო.

ფილმის სათქმელი კი ის გახლავთ, რომ ეს არავის ომი არ
არის. არც ერთ მათგანს, ვისაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უყურებ ეკრანზე,
ომი არ უნდა. ისინი ამ არეულობაში შემთხვევით მოხვდნენ. ესტონელები იქ ცხოვრობენ. მათი
ახლობლები ომის დაწყებისთანავე დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ კი იქაურობა არ ეთმობათ.
ერთს მანდარინის პლანტაცია აკავებს, მეორეს – ომში დაღუპული შვილის საფლავი. დედისერთა
ქართველ სტუდენტს, რომელიც ფრონტზე იმიტომ წავიდა, რომ ეს თავის ვალად მიიჩნია, არ
სურს, თავისი მიწა სხვას ჩაუგდოს ხელში, მაგრამ მან ომისა არაფერი იცის, მსახიობია
და პირველივე შეტაკებისას იჭრება. დაქირავებული ჩეჩენი მეომრისთვის კი ომი უბრალოდ
ხელობაა; ის ხალხს ხოცავს და ამაში აღებულ ფულს ოჯახს უგზავნის. თან სჯერა, რომ ფეხი
აფხაზების მიწაზე უდგას.

ქართველისთვის ჩეჩენი უბრალოდ უწიგნურია, რომელსაც სკოლაში
ისტორია არ უსწავლია, ჩეჩნისთვის ქართველი მტერია, რომელმაც მეგობარი მოუკლა, ესტონელისთვის
კი ორივე გარემოებათა მსხვერპლია, ვიღაც მესამემ ერთმანეთის მტრებად რომ აქცია, ამიტომაც
ორივე დაჭრილს შეიფარებს და ერთმანეთის სიძულვილს ავიწყებს. მას არ მოწონს ეს ომი,
არ მოსწონს სიკვდილის გარშემო მოსიარულე ახალგაზრდები.

ფილმის სიუჟეტი გამართულია, ზედმეტი გმირები აქ არ არიან,
ნარატივი მკაფიოა, თუმცა თავად თემა, მტრების დამეგობრება და ომის სისასტიკე ისეთი
შაბლონია, „მანდარინების ომი” ჩვეულებრივი კარგი ფილმის კატეგორიას ვერ სცდება. და
მაინც, ის აუცილებლად სანახავი სურათია, მით უმეტეს – ჩვენს სინამდვილეში, როცა საქართველოს
ლამის მესამედი ოკუპირებულია, როცა ვითომ ჩვენს იურისდიქციაში მყოფ სოფლებში მავთულხლართს
მავთულხლართზე აბამენ, როცა ვიღაც იმაზე დავობს და ორჭოფობს, არის თუ არა სოჭის ოლიმპიადაში
ქართველების მონაწილეობაზე უარის თქმა ღირსების საქმე, როცა ომს ომი დაემატა და ჩემი
მოწაფეობისას არსებული „ლტოლვილების” რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ან რა მნიშვნელობა
აქვს, კარგია თუ არა ფილმი – მთავარია, რომ ის დაგაფიქრებს შენს ღია ჭრილობებზე, ომში
დახოცილ ბიჭებზე, დაქირავებულ მეომრებზე, რომლებიც, რომ არა დამქირავებელი, ამ ბიჭების
მეგობრები იქნებოდნენ, ზღვისპირა ტყეებში გათხრილ შვილების საფლავებზე, მარტო დარჩენილ,
მიწას მიჯაჭვულ მოხუცებზე, თუნდაც მანდარინის პლანტაციებზე.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი