პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნაცნობ-უცნობი ჭოლა ლომთათიძე

თხრობის პოეტურობით, ლირიზმით, რიტმულობით, მუსიკალურობით, ლანდური ფერადოვნებით, მოზაიკურობით ჭოლა ლომთათიძის პროზა მოდერნისტული ესთეტიკის კონტექსტში ექცევა. მან თავისი შემოქმედებით შექმნა ერთი მძლავრი შენაკადი იმ ძიებებისა, რომლებიც ქართველი მოდერნისტთა – ცისფერყანწელების, ნიკო ლორთქიფანიძის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში უფრო დაიხვეწა და კონცეპტუალური მხატვრული სისტემის სახით ჩამოყალიბდა.

ჭოლა ლომთათიძე სპირიდონ მცირიშვილის ნიღბით გამოჩნდა პირველად.   ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი დროის რაინდის“ მთავარი პერსონაჟის „ძმებად“ შეიძლება გავიაზროთ მისი გმირები, დემოკრატი ინტელიგენტები,  რომლებიც თავს სწირავენ ძმობის, ერთობისა და თავისუფლების იდეებს.  ეს „შეწირვა“ მტანჯველი  და რთული პროცესია, რადგან, უპირველესად,  საკუთარ თავზე გამარჯვებას, სასიცოცხლო ინსტინქტების გადალახვას გულისხმობს. მწერალი  თანაბარი სიძლიერით ხატავს სიკვდილის წინაშე გამამაცებულსა თუ  დალაჩრებულებს.  მის პირველსავე მოთხრობებში გამოიკვეთა ცხოვრების ორი გზა, ადამიანობის ორი მოდელი, რომლებიც, თეიმურაზ მაღლაფერიძის აზრით, ვარიაციულად განმეორდა  მის შემოქმედებაში.

ერთ მოთხრობაში მწერალი თავისუფლებას „დაჭკვიანებასთან“ აპირისპირებს. იგი კონფორმისტს, მატერიალურ ღირებულებებს დამორჩილებულ ადამიანს უწოდებს „დაჭკვიანებულს“, ე.ი. გარემოებასთან შერიგებულს, დამარცხებულს. მისი აზრით, კაცობრიობის მთელი ისტორია ბრძოლაა „დაჭკვიანებასთან“ და დიდებული ადამიანები (ბრუნო, გალილეი, ვოლტერი, შილერი, ჰიუგო, დიკენსი და სხვანი) ყოველთვის იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. სიტყვა „დაჭკვიანებაზე“ მწერალს თვალწინ წარმოუდგებოდა უსულო ადამიანი, ცოცხალი მიცვალებული, მგლური თვალებითა და კბილებით, ადამიანი, რომელსაც თავისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი. მწერალი ფიქრობდა, რომ კუჭი შეიძლება იყოს ცარიელი, მაგრამ გული – არასოდეს. ადამიანმა გული ყოველთვის უნდა ასაზრდოოს სიკეთით, სიბრალულით, სასოებით, სიყვარულით, ერთგულებით: იგი „ვეებერთელა ქურა უნდა იყოს, სადაც ცეცხლი მუდმივ უნდა გიზგიზებდეს“ („მატლი“).

„ძლიერ ნიჭიერი მწერალი იყო ჭოლა ლომთათიძე“, – უთქვამს თბილისში ჩამოსულ მაქსიმ გორკის ბანკეტზე. – ჭოლა? – იკითხეს დამსწრეებმა?“, – ვკითხულობთ გალაკტიონის უბის წიგნაკში. ეს ჩანაწერი კარგად მეტყველებს, რომ სამწერლო საზოგადოება  სათანადოდ არ იცნობდა ჭოლა ლომთათიძეს. „ოღონდ კრიტიკამ რამე თქვას ჩემზე და თუნდაც გამლანძღოს“, – ეს მწერალს შეუმჩნევლობის გულგრილობამ ათქმევინა. არადა, როგორ შეიძლებოდა ლიტერატურის კრიტიკოსს ვერ ეგრძნო მისი  პროზის თავისთავადობა, გამორჩეულობა, განსხვავებულობა, პროზისა, რომელმაც, როგორც თეიმურაზ მაღლაფერიძე აღნიშნავს: „მანამდე სრულიად უცნობი გზასავალი გაუხსნა ქართულ პროზას“. მისი ერთი მოთხრობის  გმირი სარკეში იცქირება და ფიქრობს: „ყველაზე უფრო ჩემი თვალების გამომეტყველებამ გამაოცა. ეს სიობლე, რომელიც ჩემს თვალებში მოჩანს, ეს სევდა, ეს სევდა!“ („უსათაურო“). ასეთი უძირო სევდა გამოსჭვივის ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებაში. 1901 წლიდან (როდესაც 23 წლის იყო) იბეჭდება მისი მოთხრობები, მაგრამ არარეგულარულად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ერთხელ „ცნობის ფურცელში“ მიუტანია ნაწერებით სავსე დიდი რვეული, ორი კვირა უტარებიათ რედაქციაში, მერე უთქვამთ, კარგია, მაგრამ საიდანღაც გაქვს ნათარგმნიო, ქურდობა დამაბრალესო, – უთქვამს მეგობრისთვის. თუმცა აღშფოთებულსა და შეურაცხყოფილ ჭოლას რედაქციამ რვეული უკან აღარ დაუბრუნა. მალე მისი მოთხრობა „დავით“ დაიბეჭდა „მოამბეში“, „ცხოვრების გულიდან“ კი „ცნობის ფურცელში“. საგულისხმოა, რომ სწორედ ამავე პერიოდში გამოდის  სამწერლო ასპარეზზე მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ამ დროს ადამაშვილის გვარს ატარებს. 1903 წელს პირველად დაიბეჭდა მისი მოთხრობა „ჩანჩურა“ „ცნობის ფურცელში“. ჭოლა ლომთათიძე და მიხეილ ადამაშვილი განსხვავებული ხელწერით გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათი მოთხრობების გმირები ჰგავდნენ ერთმანეთს – ისინი ცხოვრებისაგან გათელილი, პატარა ადამიანები იყვნენ. პოლიტიკურად აქტიურმა ჭოლა ლომთათიძემ სიცოცხლის დიდი ნაწილი პეტერბურგის, მოსკოვის, სევასტოპოლის, ხარკოვის, თბილისის, ახალციხისა თუ ბათუმის ციხეებში გაატარა, მაგრამ წერას ციხეშიც  არ წყვეტდა და შესანიშნავი მოთხრობები შექმნა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში მას თავისი ადგილი მიუჩინა დრომ და მისი შემოქმედება დღესაც იქცევს ყურადღებას.

ჭოლა ლომთათიძის (1878-1915) ნაწარმოებების ორტომეული პირველად 1925 წელს დაიბეჭდა და სათანადო გამოხმაურებაც მოჰყვა. შემდეგ კი მის მიმართ ლიტერატურული კრიტიკა უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა. ტიციან ტაბიძეს იგი უახლეს ქართულ ლიტერატურაში ყველაზე საინტერესო ფიგურად მიაჩნდა და აოცებდა მისი პროზით მოგვრილი „ჟრუანტელი“.

ჭოლა ლომთათიძის პროზა ქართული მოდერნიზმის კონტექსტში უნდა გავიაზროთ. მისი მხატვრული შემოქმედებისთვის დამახასიათებელია: 1. ქალაქის (ურბანული გარემოს), როგორც პერსონაჟთა პიროვნული განვითარების მთავარი სივრცის ანალიზი; 2. თხრობის ექსპერიმენტულობა: ტრადიციული კომპოზიციისა და სიუჟეტური  ხაზის უარყოფა; 3. ქვეცნობიერში ჩაღრმავება – ჯოისისეული არაცნობიერის   ნაკადი; 4. თხრობაში შემოჭრილი ფიქრის ლირიკული მდინარება – პოეტური პროზა.

ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებაში ქალაქთან, როგორც ერთგვარ ჩაკეტილ სივრცესთან, „ქალაქ უდაბნოსთან“ (ჟან ბოდრიარი),  რომელიც ზღუდავს პიროვნების სულიერ განვითარებას, იმავდროულად, ხელს უწყობს გონებისა და ინტელექტის წინსვლას, ასოცირდება სატუსაღო, მისი ბნელი საკნების ფონზე იხატება ადამიანის გულის ჭიდილი ვნებებთან, დროსთან, საზოგადოებასთან. „ქალაქი #-იც ზღვის პირას არის გაშენებული, როგორც ჩემი საპყრობილე; იქაც ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სატუსაღოში და ამიტომ სწორედ ის მაგონდება ეხლა მე…“.  („საპყრობილეში“). მისი პროზის გმირი თანამედროვე ტექნიკური ცივილიზაციის შვილია, გაუცხოებული ადამიანებსა და სამყაროსთან.

ქალაქი სიმბოლოა უზნეობისა, პირუტყვული ვნებების გაშიშვლებისა. ამ ტოპოსში უფრო მეტად წარმოჩნდება ადამიანის დაუცველობა, არაფრობა,  მარტოობა, გაუცხოება. საგულისხმოა, რომ პატიმრობას მწერალი მრავალმნიშვნელოვნად გაიაზრებს: 1. როგორც კონკრეტულ საპყრობილეს – რომელშიც იტანჯება მემარცხენე პოლიტიკური იდეების ერთგული, არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგე; 2. ცხოვრებას, როგორც ტყვეობას; 3. სხეულს, როგორც სულის სატუსაღოს. ამგვარად, მისი მოთხრობების კონტექსტში ბუნებრივად შემოიჭრება ფილოსოფიურ-რელიგიური ასპექტები.

მოძრაობის, პროტესტის, ბრძოლის პათოსით ჭოლა ლომთათიძის გმირები მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელებს ემსგავსებიან. თავისუფალი ადამიანი თავისუფალ სახელმწიფოში – ეს იყო მწერლის იდეალი, რომელიც შეიძლება მხოლოდ ბრძოლით მოპოვებულიყო. პიროვნული თავისუფლების თემას უკავშირდებოდა ეროვნული თვითმყოფადობა და მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები. ეს  მთავარი თემებია მის შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი მის საუკეთესო მოთხრობებში: „თეთრი ღამე“, „ძე კაცისა“, „საპყრობილეში“, „ჩემი დღიური“, „უბის წიგნაკიდან“, „სახრჩობელას წინაშე“. მწერალს ადამიანი აინტერესებს ექსტრემალურ ვითარებაში, თუ რა არჩევანს გააკეთებს, რას დათმობს, რას უერთგულებს. ასე რომ, მწერალი ადამიანის ფსიქიკის ღრმა შრეებს გვიხატავს, ნიუანსობრივად წარმოაჩენს, რა წარმოშობს ვნებათა ქარიშხალს ადამიანის სულსა, გულსა და გონებაში. მისი გმირები ხშირად იხატებიან სიკვდილის პირისპირ დარჩენილნი, ეს მწერალს საშუალებას აძლევს მცირე დროში, მოთხრობის შეზღუდულ სივრცეში, ვერტიკალური ჩაღრმავებით, წარმოაჩინოს გმირის წარსული. თუმცა დრო მის მოთხრობებში არ არის მთლიანი, დატეხილია და ის წამიერად ერთდება გმირის სულში, რათა ისევ დაიშალოს და სხვადასხვა მიმართულებით გაიტოტოს. თხრობაც ასე მიჰყვება არა აზრის, არამედ გრძნობის მდინარებას. მისი მოთხრობების სტრუქტურა, შეიძლება ითქვას, ჯვარსახოვანია, როგორც რეზო სირაძე იტყოდა. ჯვრის ჰორიზონტალზე „განლაგებულია“ გმირის მატერიალურ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, აქ დრო ჩვეულებრივ მიედინება წარსულიდან აწმყოსა და მომავლისაკენ, ჯვრის ვერტიკალი გმირის სულიერ ცხოვრებას წარმოაჩენს. ეს ვერტიკალი ჭოლა ლომთათიძის მოთხრობებში ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰორიზონტალი. მთავარი გმირები თითქმის ყოველთვის ტანჯული ადამიანები არიან, როგორ პოლ ვალერი იტყოდა, „თავიანთ ფიქრების ჯვარზე გაკრულნი“. ეს ადამიანები, ერთი მხრივ, იტანჯებიან კონკრეტულ დრო-სივრცეში არსებული ვითარების გამო (იგულისხმება პიროვნული, სოციალური თუ ეროვნული პრობლემები),  იმავდროულად, ზოგადსაკაცობრიო სატკივრის გამო (დროში არსებობის ტკივილი, ადამიანის სურვილთა და შესაძლებლობათა დაპირისპირება, სიკვდილის გარდუვალობა, გაუცხოება და სხვა ეგზისტენციალური თემები).

მის პროზაში წარმოსახვა და რეალობა, მატერიალური და ირაციონალური, ყოფითი და სიზმარეული, როგორც პოეზიაში, ისე გადაედინება ერთმანეთში, ხშირად ზღვრის გავლება ჭირს.

ჭოლა ლომთათიძის პროზა მოწმობს, რომ მას უყვარს და ეცოდება ადამიანი, რომლის გულშიც თანაბარი სისავსითა და ინტენსივობით ხარობს სიყვარულიცა და სიძულვილიც, რწმენაცა და ურწმუნოებაც, სიკეთეცა და ბოროტებაც. მისი მოთხრობების გმირები უმთავრესად ცხოვრებისგან დატანჯულნი არიან, რომელთაც ღრმად გაუაზრებიათ არსებობის სიმწარე და მიმხვდარან, ხსნა მხოლოდ სიყვარულშია: „ამ სტრიქონებს მე ვწერ იმათთვის, ვისაც მე ვუყვარვარ… მოხვდებათ თუ არა იმათ ხელში ეს ფურცლები? ვუყვარვარ თუ არა ვისმე მე? ან ეს სტრიქონები… უბრალო წერილებია გამწარებული ადამიანისა, რომელიც ვერ მოთავსებულა სატუსაღოს ოთხ კედელში, რომელიც ვერ შესჩვევია ტყვეობას, რომელიც მთელი არსებით ილტვის იმათკენ, ვისაც ის უყვარს…“ („თეთრი ღამე“).

ლირიკული ნაკადების სიჭარბეს კარგად იტევს დღიურის ფორმა, რომელსაც ხშირად იყენებს მწერალი. მისი გმირები, საკუთარ თავთან განმარტოებულნი, გაუცხოებულნი სამშობლოსა თუ მთელ სამყაროსთან, საკუთარ თავში ჩაკეტილნი, ქაღალდის ფურცლებს ემეგობრებიან და მას მიანდობენ თავიანთ გულისტკივილს. რევოლუციონერი ჯეირან ვარდოსანიძე („სახრჩობელას წინაშე“) პირველ პირში გადმოგვცემს, რას განიცდის სიკვდილზე ფიქრისას. ღრმა ფსიქოლოგიური ნიუანსებით არის წარმოჩენილი როგორ ენაცვლება მის გულში ერთმანეთს შიში და სიმამაცე. მოთხრობაში ერთი დღეა დილიდან საღამომდე წარმოჩენილი. თხრობა დაყოფილია საათების მიხედვით. გაღვიძებული გმირი თითქოს სულიერადაც იღვიძებს და მთელი დღის განმავლობაში ზღვის ტალღებივით იქოჩრება მის გონებაში ათასგვარი ფიქრი, წარსულის სურათები ფრაგმენტულად შემოიჭრება მის წარმოსახვაში. მწერალს ეს იმისთვის სჭირდება, რომ გმირის მგრძნობიარე ბუნება უფრო თვალნათლივ შეიგრძნოს მკითხველმა.

მიუხედავად იმისა, რომ მის ნაწარმოებებში ცხოვრების ლექი და ტალახი ჭარბად ჩანს, მაინც გამოსჭვივის სინათლის წყურვილი და იმედი. ადამიანები, მართალია, ხშირად კარგავენ წონასწორობას, სასოწარკვეთილება ეუფლებათ და ხსნის გზას ვეღარ ხედავენ, მაგრამ მაინც ცდილობენ ჭაობიდან ამოსვლას. დანია საპყრობილეაო – ამბობდა ჰამლეტი და გულისხმობდა პიროვნების ტყვეობას საზოგადოებისა, დროისა თუ გარემოებათა „საპყრობილეში“. ამგვარ ტყვეობას ხშირად განიცდიან ჭოლა ლომთათიძის პერსონაჟები. ჰამლეტივით ყოფნა-არყოფნის საკითხებზე ფიქრობენ ლომთათიძის პროზის მთავარი გმირებიც, მათაც აწუხებთ პიროვნული თავისუფლების პრობლემა: „განა ეს ქვეყნიერებაც იგივე საპყრობილე არ არის და ადამიანები იგივე მცველები არ არიან ამ ვეებერთელა საპყრობილის, რომ სიმართლესა და ჭეშმარიტებას ფეხი არ დაადგმევინონ ზედ?“ („სიცრუე“). ეს არის ფილოსოფიური დაფიქრება ცხოვრების არსზე. ადამიანი შეიძლება ციხიდან გათავისუფლდეს, მაგრამ როგორ უნდა დააღწიოს თავი, საზოგადოდ, ქვეყნიერებას, წარმავალს, მატერიალურს, ხორციელს, როგორც საპყრობილეს? ამგვარ საკითხებს მწერალი ფილოსოფიურ ჭრილში ხატავს და ჩნდება ასოციაცია პლატონისეული გამოქვაბულისაც – ადამიანები მხოლოდ გარედან შემოსულ  ჩრდილებს ხედავენ და არ შეუძლიათ  რეალობის აღქმა, ისინი „ტყვეები“ არიან.

თავისუფლების პრობლემა, როგორც აღვნიშნეთ, ამ მოთხრობების ხერხემალია.  თუ ქვეყნიერებაზე ძალადობა, სიცრუე, გაუტანლობა, სიძულვილი მეფობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის თავისუფალი. „ღვთის ხატად და მსგავსებად შექმნილ კაცს“ მხოლოდ რწმენა და სიყვარული ათავისუფლებს. „სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ – წერია იოანეს სახარებაში. ჭოლა ლომთათიძის გმირები, უპირველესად, სწორედ ამგვარ თავისუფლებას მიესწრაფვიან, როცა ადამიანი ნამდვილად ხდება თავის გამგებელი, როდესაც მას შეუძლია დაიმორჩილოს თავისი გულისთქმები, ვნებანი, ხორციელი ლტოლვები. ამგვარი თავისუფლების მოპოვება ძნელია და მწერალი სწორედ ამ ბრძოლას ხატავს – ადამიანის გრძნობისას და გონებისას. ამ თვალსაზრისით, მისი გმირები დოსტოევსკის პერსონაჟებს ემსგავსებიან – თვითგამანადგურებელი ეჭვითა  და თვითგვემის წყურვილით შეპყრობილნი.  „სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ასპარეზი კი ადამიანთა გულებია“ („ძმები კარამაზოვები“). სწორედ ამგვარი ასპარეზი იხატება ამ მოთხრობებში.

ჭოლა ლომთათიძის გმირები (ჯეირან ვარდოსანიძე, მიხა მცირიშვილი, ბიქტორ აგიაშვილი…), მკითხველის წინაშე სრულიად აშიშვლებენ თავიანთ სულს, რათა ჩასწვდნენ ფესვებს, საიდანაც იბადება ბილწი ვნება, უზნეობა, სიძულვილი: „ადამიანის გულში, ისე, როგორც ბუნებაში, ათასნაირი სტიქიონური ძალები იფარავენ თავს, რომელთაც საკმაოა უცებ წამოყონ თავი – და ერთ წუთში თავდაყირა აყენებენ ყველაფერს, ნაცარტუტად აქცევენ იმას, რაც ისეთი ძლიერი და შეურყეველი გვეგონა„ („ძე კაცისა“). ეს „ჩახედვა“ სულში პიროვნებისთვის ხშირად მტკივნეულია, რადგან აღმოაჩენს, რომ შინაგანად დარღვეულია. ადამიანში ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა „მე“. მწერალი ხატავს, როგორ არ ემორჩილება გმირს თავისი რომელიმე შინაგანი „მე“, რომელიც ცოდვასაც ჩაადენინებს. მაგრამ შინაგან სამყაროში ეს „ჩახედვა“ აუცილებელია სულიერი ზრდისთვის, რათა ნებისყოფით, შიშის დაძლევით ადამიანმა შეძლოს თვალის გასწორება სიძნელეებისათვის და თუ დაეცემა ამ ბრძოლაში, ღირსება მაინც შეინარჩუნოს. „მეების“ ჭიდილის ხატვით ჭოლა ლომთათიძე ეხმიანება  ფროიდის ძიებებს. მის შემოქმედებაში ლიბიდოს თემა მნიშვნელოვანია. მწერალი ცდილობს ზედმიწევნით დახატოს ამ სხვადასხვა „მეთა“ ბუნება და ძირისძირამდე ჩასწვდეს ადამიანის სულს: „გიორგის გულში ზის კიდევ ადამიანი, ნამდვილი გიორგი, რომელიც დიდი ცნობისმოყვარეობით დასეირნობს მის გულში და სწავლობს ყველაფერს, ათვალიერებს, სინჯავს, იმახსოვრებს. ბიჭო, და ეს რამდენი კაცი ვარ მე?“ („ძე კაცისა“). მწერალი დამაჯერებლად აღწერს სიკვდილის პირისპირ მდგარ ადამიანებს, მათ შინაგან ბრძოლას, ხატოვნად წარმოაჩენს სიკვდილის შემაძრწუნებლად გულგრილ სახეს: „და მოდის სიკვდილი, შავი, ახმახი ბებერი, რომელიც წარსულსაც დასცინის და მომავალსაც, რომელიც ყველაფერს ნთქავს და ინელებს, დედის ცრემლებსა და ჯალათის ხორცს, შეყვარებულის ალერსსა და ჯაშუშის თვალებს“ („სახრჩობელას წინაშე“). მწერლის აზრით, დროც თავისი არსით სიკვდილს ენათესავება: „მიდის დრო, მიდის დრო, მიდის დრო! ის ყლაპავს სიყვარულსა და სიძულვილს, სიხარულსა და მწუხარებას, გულგრილი და გულქვა, ის ერთნაირად უცქერის ავსა და კარგს, დინჯად, გულდამშვიდებით კაფავს ყველაფერს და მიდის წინ, მიდის შეუჩერებლად უხმო, უსიტყვო და უკვალო, ყრუ და მუნჯი, უგრძნობი და შეუბრალებელი“ („სახრჩობელას წინაშე“).

მის მოთხრობებში ხსნის სხვადასხვა გზის ძიებაა წარმოჩენილი.  მისი გმირები, ხშირად დაცემულნი და უსასონი, მაინც იკრებენ ძალებს. მწერალი ხატავს უკიდურესი სასოწარკვეთილების, სიკვდილის პირისპირ დგომისას, როგორ იღვიძებს ადამიანში რწმენის წყურვილი: „უთვალავმა ვარსკვლავებმა გამიღიმეს, ციმციმით მანიშნეს – მელოცა. აურაცხელი თვალებით მიცქერდა ზეცა და მაიმედებდა. მიცქერდა ზეციდან ანგელოზთა გუნდი, ჩვენ რომ ვარსკვლავებს ვეძახით“ („სახრჩობელას წინაშე“). ფარისევლური რწმენა იხატება მოთხრობაში „დავითი“. დირექტორი მოსწავლეებს ქრისტეზე ელაპარაკება, ამ დროს კი მისი უსულგულობისა და სისასტიკის გამო გაყინული დარაჯი ასვენია იმავე სკოლის ეზოში. ხსნის გზას ჭოლა ლომთათიძის გმირები სიყვარულშიც ხედავენ. მწერალი მხატვრულად წარმოაჩენს მის უხილავ შრეებს, ცდილობს, შეაღწიოს არაცნობიერში და ზედაპირზე ამოწეროს ცალკეულ ლტოლვათა მიზეზები. ეროსი და თანატოსი მის პროზაშიც განუყოფელია. მწერალი ეხმიანება ორ დიდ მოაზროვნესა და მწერალს: ნიცშესა და დოსტოევსკის. მათსავით წარმოაჩენს, როგორ ებრძვიან ადამიანის არსებაში ერთმანეთს მიწიერი და ღვთაებრივი გრძნობები. მწერალი ცდილობდა მკითხველისთვის შთამბეჭდავად დაენახვებინა ნამდვილი სიყვარულის არსი. მისი აზრით, ჭკუა უგულოდ არაფრის მაქნისი იყო: „ვინ უნდა წააქეზოს გონება, თუ არა გულმა, ვინ მისცეს სისხლი მკლავებს გონების გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად? …უგულო ცხოვრება – ეს მანქანად გადაქცევაა“ („შეყვარებული“). იგი ხატავს, რას განიცდის შეყვარებული, რა ანიჭებს ბედნიერებას, როგორ იცვლება სასიკეთოდ ტანჯული ცხოვრება მისთვის, ვის გულშიც სიყვარულის სხივები შეაღწევს, როგორ ენთება ცეცხლი, რომელსაც სხვების გათბობაც შეუძლია. სიყვარულით სავსე ადამიანი მეტი ძალითა და ენერგიით მიისწრაფვის გამარჯვებისკენ, ნაკლებად ეშინია დაბრკოლებებისა და ხიფათებისა, მეტი რწმენა აქვს გამარჯვებისა, მეტი თანაგრძნობისა და სიბრალულის უნარი აქვს, მეტად შეიგრძნობს სიცოცხლის სილამაზეს. ერთ მოთხრობაში პერსონაჟი აღწერს ქალის სიმღერას და ნეტარებას განიცდის, თითქოს რაღაც საიდუმლოს კარი გაეღო და ზეციურ ქმნილებებს დაუწყო ჭვრეტა, მაშინ იფიქრა: „სიმართლის დასაცავად თოფითა და ჯარისკაცებით კი არ უნდა მივდიოდეთ, არამედ ქალის სიმღერითა და ჩონგურით-მეთქი“ („შეყვარებული“). მწერალს სჯეროდა ხელოვნების ძალმოსილებისა და სწორედ იგი მიაჩნდა საყოველთაო მშვიდობისა და ჰარმონიის დამკვიდრების მთავარ „იარაღად“.

ადამიანის ბუნება და ხასიათი ხომ განსაკუთრებულ ვითარებებში უკეთესად წარმოჩნდება. სწორედ ასეთ მძაფრ სიტუაციებში ხატავს მწერალი გმირის განცდებს. რას ფიქრობს და განიცდის იგი დამცირებისა და შეურაცხყოფის, ღალატის დროს („საპყრობილეში“; „თეთრი ღამე“, „უბის წიგნაკიდან“), როგორ მძლავრობს თვითგადარჩენის ინსტინქტი და რას აფიქრებინებს, თუ ჩაადენინებს ადამიანს გადარჩენის სურვილი („სახრჩობელის წინაშე“). მწერლისთვის მთავარი იყო, ადამიანი სხეულზე მეტად სულს გაფრთხილებოდა.  მისთვის პოეზიაც სულიერი ხსნის ერთ-ერთი გზაა, ამიტომაც მთავარი გმირები, მისი ალტერ ეგოები, ხშირად იმოწმებენ ლექსებს. ჭოლა ლომთათიძეს უყვარდა სიცოცხლე და გამუდმებით ცდილობდა მშვენიერების დანახვასა და აღწერას. მასაც სწამდა ბარათაშვილივით, რომ „არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთ და უსულთ შორის / და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის“.  ამიტომაც ხატავს სინათლითა და ჰაერით გაჟღენთილ პეიზაჟებს. „საპყრობილის“ ერთი გმირი ოცნებობს: „წავალ უღრან ტყეში, წავალ შორს, მოვნახავ დაბურულ ალაგს, სადაც მხოლოდ ზეცა მოჩანს, გამოვარჩევ უზარმაზარ ხეს და იმის ძირში მოვღობავ ქოხს და იქ დავბინავდები… ათასი წელი რომ გავძლო, ერთხელაც არ ამოვიღებ ხმას… ხოლო როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დავინახავ, ვარსკვლავებს გავუღიმებ… და დავუგდებ ყურს ტყის დუმილს…“. მისი აზრით, საშინელებაა, როცა „არ შეგიძლია იხილო სავსებით დიდებული გუმბათი იმ ტაძრისა, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვიტანჯებით, დიდი დანაკლისია, როცა არ შეგიძლია იხილო ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა“ („უსათაურო“).

მწერალი არ ერიდებოდა, კრიტიკულად წარმოეჩინა ქართველთა პირფერობა, მლიქვნელობა, მომაკვდინებელი თვითკმაყოფილება და მოჩვენებითი ღვთისმოსაობა. მოთხრობაში „ცხოვრების გულიდან“ იგი ტკივილიანი ირონიით აღნიშნავს: „აბა, როგორ შეიძლება, რომ გამაძღარმა ქართველმა ბედის უკმაყოფილება იგრძნოსო“ ან კიდევ: „ქართული პატრიოტიზმი ხომ ღვინიან ჭიქაშიაო“. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ იგი ხშირად პერსონაჟთა გვარ-სახელებს მხატვრულ ფუნქციას ანიჭებს (მაგალითად, პერსონაჟი, რომელიც  არად აგდებს ერის ბედ-იღბალსა თუ მორალურ ღირებულებებს, ივანე გულგრილაძეა). ამ შემთხვევაში, იგი აგრძელებს ხალხოსან მწერალთა ტრადიციას, განსაკუთრებით, ეგნატე ნინოშვილისას, რომლის ერთი პერსონაჟის სახელი ფსევდონიმადაც ჰქონდა აღებული (სპირიდონ მცირიშვილი „ჩვენი დროის რაინდი“). მწერალი კმაყოფილებას კაცობრიობის წელკავად, კეთილშობილი გულების მოსისხლე მტრად, „სატანის შვილად, შავ ძალთა მიერ ამქვეყნად ღვთის მცნების – სიყვარულის – შესამუსრავად წარმოგზავნილად“ მიიჩნევდა.  ამ თვალსაზრისით, ილია ჭავჭავაძეს ეხმიანებოდა, რომელიც კმაყოფილებას ცხოვრების შემაფერხებლად მიიჩნევდა („კაცია-ადამიანი?!“).  იგიც ილიასავით მომხრე იყო არა ლამაზი, არამედ საქმიანი სიტყვებისა, რომელთაც მოჰყვებოდა „მსხვერპლი“. ეს კი გულისხმობდა მუდმივ სულიერსა თუ ფიზიკურ ღვაწლს დაცემულის ფეხზე წამოსაყენებლად, უნუგეშოს დასაიმედებლად, თავისუფლების მოსაპოვებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი