პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„ჰარი პოტერის“ სოციოლოგია

სოციოლოგია ბევრისთვის პოლიტიკურ და მარკეტინგულ კვლევებთან და ამ კვლევების საფუძველზე შედგენილ დიაგრამებთან ასოცირდება. სინამდვილეში ეს მეცნიერება მხოლოდ პრაქტიკული განზომილებით არ შემოიფარგლება. სოციოლოგიას ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და ნებისმიერი განათლებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თეორიული მიმართულებაც აქვს. სოციოლოგია არის დარგი, რომელიც სწავლობს საზოგადოებას, საზოგადოების შემადგენელ ჯგუფებსა და ინსტიტუტებს, საზოგადოების ნაწილთა შორის არსებულ ურთიერთმიმართებებს.

ფანტასტიკის ჟანრში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც კი ვხვდებით სოციოლოგიის შესწავლის საგნებს, ოღონდ მწერალთა ფანტაზიაში დაბადებულ ადამიანთა გაერთიანებებს განსხვავებული ფუნქციები და მახასიათებლები აქვთ. მხატვრული ტექსტების კითხვით გატაცებულმა მეცნიერებმა თავიანთი შრომისა და ინტერესის საფუძველზე შექმნეს მეცნიერების ჰიბრიდული დისციპლინა – ლიტერატურის სოციოლოგია, რომელიც მხოლოდ ნამდვილ, კონკრეტულ დროსა და სივრცეში არსებულ სოციალურ სისტემებსა და ურთიერთობებს კი არ სწავლობს, არამედ ცდილობს, გამოიკვლიოს, განიხილოს წიგნის ფურცლებზე გაცოცხლებული და დადგენილი სოციალური წეს-წყობილება და შეადაროს იგი ჩვენს რეალობას.

ლიტერატურის სოციოლოგთათვის თანამედროვე ერთ-ერთი საყურადღებო ნაწარმოები გახლავთ ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“. მართლაც, ბრიტანელი ავტორის მიერ შექმნილ ჯადოსნურ სამყაროში სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახს, ფულს, სოციალურ წარმოშობას, გოლიათებსა თუ ნახევარგოლიათებთან ურთიერთობის ფორმებს, ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრის მიმართ ადამიანების, ელფების, მოჩვენებებისა თუ კენტავრების დამოკიდებულებას. ცხადია, ყველა დასახელებულ საკითხს ერთ ბლოგში ვერ მიმოვიხილავთ. მოდი, ჰარი პოტერის ირგვლივ არსებულ ჯგუფებსა და მათ განსაკუთრებულ ნიშნებზე დავსვათ აქცენტი.

ჯგუფებსა და მათ წევრებს სოციოლოგები საუკუნეზე მეტია იკვლევენ. სოციალურ მეცნიერებათა ამ დარგის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა მოტივაციითა და წესებით წევრდებიან ადამიანები სხვადასხვა ტიპის ასოციაციებში; რა პირად და საჯარო სარგებელს იღებენ სხვებთან ასეთ კავშირში ყოფნით; რა ფუნქციებს ასრულებენ კონკრეტული ჯგუფები მოცემულ საზოგადოებაში; როგორია ჯგუფების სტრუქტურა და შემადგენლობა; რა მსოფლმხედველობას იზიარებენ ჯგუფის წევრები და ა.შ.

ჯადოსნურ სამყაროში უამრავ კლუბსა თუ საიდუმლო საზოგადოებას ვხვდებით. წიგნის მთავარი პერსონაჟი რამდენიმე მათგანის წევრია, რაც ხშირად ხდება მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის წინაპირობა, მისი მოქმედებების განმსაზღვრელი ფაქტორი.

ნაწარმოების პირველივე ტომის პირველსავე გვერდებზე ჰარი პოტერი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის – ჰოგვორტსის სტუდენტი ხდება. ჰოგვორტსის ყველა სტუდენტი ვალდებულია, სკოლის რომელიმე ფაკულტეტს, კლუბს შეუერთდეს. კლუბის წევრობა მოზარდის პიროვნული თვისებების მიხედვით განისაზღვრება. გრიფინდორში მამაცი და გულადი ახალგაზრდები ჯგუფდებიან, სლიზერინი მოქნილთა, ამბიციურთა და ძალაუფლების მოყვარეთა თავშესაფარია, რეივენქლო გონებამახვილი და ჭკვიანი სტუდენტების თავმოყრის ადგილია, ხოლო ბეჯითები და შრომისმოყვარეები ჰაფლპაფში ირიცხებიან. ცხადია, ზოგიერთ სტუდენტს რამდენიმე კლუბისთვის დამახასიათებელი თვისებები გამოარჩევს. მაგალითად, ჰარი პოტერი თავისუფლად შეიძლება მოხვედრილიყო ამბიციურ და ძალაუფლებისკენ მსწრაფ სტუდენტებს შორის, მისი ერთგვარი ტყუპისცალის – ნევილ ლონგბოტომის ჰაფლპაფში მოხვედრაც არ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ ორი გრიფინდორში აღმოჩნდა. კლუბში შექმნილმა გარემომ, ფაკულტეტზე შეძენილმა მეგობრებმა, კლუბის ტრადიციებმა, საერთო სივრცის განაწილებისა და შრომის კულტურამ გავლენა მოახდინა 31 ივლისს დაბადებულ ორივე ბიჭზე. ნაწარმოების დასასრულს ჰარი პოტერი თავის „სლიზერინისეულ“ თვისებებზე მაღლა დგება და სხვებისთვის თავგანწირვის მაგალითად  იქცევა, ნევილი კი მორცხვი, დაბნეული და მოუქნელი სტუდენტის ნაცვლად მამაც ახალგაზრდად გვევლინება და ბოროტების განადგურებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს. ცხადია, ჰარისა და ნევილის პიროვნებათა ჩამოყალიბებას მრავალმა სხვა გარემოებამაც შეუწყო ხელი, მაგრამ გრიფინდორში ყოფნამ, თანაკლუბელთა ღირებულებებმა და თანადგომამ მათ გზაზე არაერთხელ შეასრულა კომპასის ფუნქცია.

ჰარი პოტერი მალევე გახდა გრიფინდორის ქვიდიჩის ნაკრების წევრიც. ქვიდიჩი ჯადოსნურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა, რომელსაც მაგიის სკოლებშიც კი ასწავლიან. ქვიდიჩის გუნდის წევრობა პიროვნული თვისებებზე არ არის დამოკიდებული – ჯადოსნურ სპორტშიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ფიზიკურ მომზადებას ენიჭება. ქვიდიჩის გუნდი თავის წევრებს სპორტულ სიმტკიცესა და აზარტს, გუნდური მუშაობის ჩვევებს გამოუმუშავებს. მაგრამ სპორტს შეუძლია საყოველთაო პოპულარობის, პრესტიჟისა და მაღალი სოციალური სტატუსის მოტანაც. ჰარი პოტერს პოპულარობა ისედაც არ აკლდა, მაგრამ თუ დავაკვირდებით მის უახლოეს თანამებრძოლს რონ უიზლის, დავინახავთ, რომ ქვიდიჩის გუნდის წევრობამ მას „კიდევ ერთი უიზლისა“ და „ჰარი პოტერის მეგობრის“ სტატუსის გარდა საზოგადოებაში თავისი დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სახე შესძინა.

ჰოგვორტსის ფაკულტეტები და სპორტული გაერთიანებები ფორმალურ ჯგუფებს წარმოადგენენ. ისინი ადმინისტრაციის მიერ იქმნებიან, მათი საქმიანობა ოფიციალური წესებით რეგულირდება. თუმცა, ჯადოსნურ სამყაროში საიდუმლო, არაფორმალურ ჯგუფებსაც ვხვდებით. ჰარი პოტერი „დამბლდორის არმიის“ წევრიც გახლდათ და ფენიქსის ორდენშიც ირიცხებოდა. ორივე მათგანი შეგვიძლია მივიჩნიოთ არასაჯარო ორგანიზაციად, რომელიც სხვადასხვა იდენტობის ადამიანებსა და სხვა არსებებს ერთ სიმრავლედ აჯგუფებდა. მაშასადამე, არმიისა და ორდენის წევრებისთვის მნიშვნელობა ენიჭებოდა გამაერთიანებელ ღირებულებებს და არა წევრთა ურთიერთგანმასხვავებელ ნიშნებს, პიროვნულ თვისებებსა თუ სპორტულ შესაძლებლობებს. ღირებულებების საფუძველზე შექმნილი ჯგუფები სხვა ფუნქციას ასრულებდნენ, „დამბლდორის არმიაც“ და „ფენიქსის ორდენიც“ მოწოდებულნი იყვნენ იმისთვის, რომ ჯადოსნურ სამყაროში ავტორიტარიზმს, საყოველთაო ტერორსა და ბოროტ ძალთა აბსოლუტურ ძალაუფლებას არ მისცემოდა გასაქანი. ისინი საერთო სიკეთისა და ხედვის ნიადაგზე წარმოქმნილ ერთობებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ჰარი პოტერი ლომვეშაპისებრი ულვაშების პატრონი პროფესორის ჰორაციო სლაგჰორნის კლუბის წევრადაც მოიაზრებოდა. სლაგჰორნის კლუბი ყველა დასახელებული ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციისგან განსხვავდება. მასში მხოლოდ არისტოკრატული წარმოშობის, გავლენიანი თანამდებობის პირთა ოჯახებთან დაახლოებული, მდიდარი და ცნობილი სტუდენტები ხვდებოდნენ. პროფესორი სლაგჰორნი ამ ჯგუფისა და მისი წევრების საშუალებით თავისი სოციალური კაპიტალის გაზრდას, სხვადასხვა ინსტიტუტზე კონტროლის მოპოვებას და სხვადასხვა ტიპის სარგებლის მიღებას ცდილობდა. სლაგჰორნის ამხანაგობა ექსკლუზიურ, პირადი მოგების მიზნით ჩამოყალიბებულ ჯგუფად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა ამ კლუბის წევრობაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჰარისთვის, რათა ბოროტების ტოტალური გამარჯვებისთვის მოეჭრა გზა.

სხვადასხვა ერთობისადმი ჰარი პოტერის მიკუთვნების საკითხი კიდევე ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჯადოსნურ სამყაროშიც კი ჯგუფების გარეშე, მათი წევრობის გარეშე ადამიანები ფონს ვერ გადიან და დიდი საქმეების კეთებას ვერ ახერხებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი