პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქრაუნ-ეთერი – ორგანული სინთეზის ტროას ცხენი

კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა. ყველა ერს, დიდსა თუ პატარას, დღეს მცხოვრებსა თუ უკვე გამქრალ-გადაშენებულს, თავისი არსებობის განმავლობაში მრავალჯერ განუცდია გამარჯვების სიხარულიც და დამარცხების სიმწარეც. ვიბრძოდით ყოველ საუკუნეში, წელიწადის ყოველ დროს, დედამიწის ყოველ კუთხეში ნებისმიერი მიზეზით, თუმცა დროგამოშვებით გაოცებული სახით ვსვამდით რიტორიკულ კითხვას: „რატომ?” მარსის ამქვეყნიური მსახურნი კი პასუხად დუმდნენ… ან ძილისპირულის ლამაზ ზღაპრებს გვიყვებოდნენ.
იცვლებოდა საუკუნეები და იცვლებოდა ბრძოლის მასშტაბები, სტრატეგია და ტაქტიკა, მეთოდები. კომბალი ქვის იარაღმა შეცვალა, ქვა – ბრინჯაომ და ფოლადმა, ხმალი და მახვილი – დიდი კინეტიკური ენერგიის მქონე ტყვიის პატარა მასამ, ტყვია – ატომმა. კაცობრიობის მონაპოვრის მისათვისებელ-გასანადგურებლად ატომბირთვის პროტონები და ნეიტრონებიც კი დავგეშეთ მტრად წოდებული მოყვასის წინააღმდეგ. ჰომო საპიენსების ლეგიონებთან ერთად გაწვრთნილ-გავეშებული ბაქტერიებისა და ვირუსების ბატალიონებითაც შევავსეთ ჩვენი არმია. სიმწრით სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ კაცობრიობა ომის შეწყვეტის რეზოლუციებთან ერთად ბრძოლის ჰუმანურად წარმოებასა და ჰუმანური იარაღის შექმნაზეც აქტიურად ფიქრობს. იარაღის ევოლუცია გვიჩვენებს, რომ შემდგომი იარაღი კიდევ უფრო უხილავი იქნება, ვიდრე ნეიტრონი და ბაქტერიაა.
რა შეცვლის ატომურ და ბაქტერიულ იარაღს? – ფული. 
იარაღთან ერთად იცვლება ბრძოლის ტაქტიკაც.
დიდი ხანია ვიცით, რომ ბრძოლაში წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული შენიღბვაზე. ამიტომაც ავაშენეთ ტროას ცხენი. მას შემდეგ დიდი ხანი გამოხდა, ტროას ხის ცხენმაც მრავალჯერ იცვალა სახე და ხან ჭკუის დამრიგებლის, ხან მომრიგებელ-მოსამართლის, ხან ერთმორწმუნის და ხანაც, ვინ იცის, ვისი ნიღაბი აიფარა სახეზე. ამ ტაქტიკაში უკანასკნელი მიღწევაა თვისტომის გამოყენება – მას არც ნიღაბი სჭირდება, გიაურობასაც ვერავინ დასწამებს და არც მის პატრიოტიზმში შეიტანს ბევრი ეჭვს…
სწორედ ასე ტყუვდებიან ჟანგვის რეაქციებში არომატული ნაერთები – ნაერთები, რომელთაც ჩვენთვის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი კანონების შედეგად საუკუნეების განმავლობაში გაუძლეს დაუჯერებელ წნეხსა და ზეწოლას და დედამიწის წიაღში თვითმყოფადობა შეინარჩუნეს.
კალიუმის პერმანგანატი ერთ-ერთ აგრესიულ ნაერთადაა მიჩნეული ქიმიაში. მასთან კონტაქტს ბევრი ნაერთი გაურბის. დაუცველი ელექტრონული საზღვრების მქონე ნაერთები, მით უფრო – პატარა ზომის მოლეკულები, მასთან შეჯახებისას მალე მარცხდებიან და კაპიტულაციაზე თანხმდებიან. მხოლოდ პირამიდის შიგნით მოკალათებულ (ალაკნებს) ან ერთ მუშტად შეკრულ ელექტრონული ღრუბლის მიღმა მდგომ (p- სექსტეტის მქონე არენები) ნახშირბადის ატომებს შეუძლიათ, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ და ფიცხელ ომში ჩაბმამდე არ დაყარონ ფარ-ხმალი, ისიც მაშინ, თუ მომხდურ კალიუმის პერმანგანატს გარემო პირობებიც (ტემპერატურა, წნევა, კატალიზატორი) უწყობს ხელს.
როგორ ახერხებენ არომატული ნაერთების მოლეკულები მედგარი წინააღმდეგობის გაწევას და რატომ არ უჩოქებენ „მტერს” ეთილენის მოლეკულებივით? წყალში გახსნილ კალიუმის პერმანგანატს, მით უფრო – თუ ამჟავებულ ხასიათზეა, ერთი შეხედვითაც (ფერზე) ეტყობა, რომ პირსისხლიანი მტარვალია. იგი უცხოტომელია (არაორგანული ნაერთია) და არომატულ ნაერთებს შორის თანამოაზრეებს ვერ პოვებს – არ იხსნება მათში, ამიტომ შეჯახება მხოლოდ ფაზათა გამყოფ საზღვარზე მიმდინარეობს და კალიუმის პერმანგანატი დიდ ხანს ანდომებს არენების დამორჩილებას, ისიც – მხოლოდ გარემო პირობების დახმარებით. 
მაგრამ ქიმიაშიც შეიძლება ტროას ცხენის გამოყენება. თუ კალიუმის პერმანგანატის ქრაუნ-ეთერთან კომპლექსს დავამზადებთ, მაშინ მანგანუმის ელექტრონმოწყურებული იონი ქრაუნ-ეთერის (ორგანული ნაერთის) ქურქში გაეხვევა და ძლიერ საშიში გახდება არომატული ნაერთებისთვის. პერმანგანატის ქრაუნ-ეთერის კომპლექსს არენი თავისიანად აღიქვამს და ფართოდ უხსნის მოლეკულურ კარიბჭეს – კომპლექსი იხსნება არენში. 
ეს გარეშე თვალისათვისაც კი ადვილი შესამჩნევია. აიღეთ ტოლუოლი და დაამატეთ აღნიშნული კომპლექსი. ტოლუოლი მყისვე ვარდისფრად შეიღებება, რაც პერმანგანატის მასში გახსნას მოწმობს. აქედან კი დამარცხებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. აღარც გარემო ფაქტორების (წნევა, ტემპერატურა) ხელშეწყობა სჭირდება პერმანგანატს – ჟანგვის რეაქცია 25 °C-ზეც მშვენივრად მიმდინარეობს…
ტოლუოლს რომ ქრაუნ-ეთერისათვის გულში ჩახედვა შესძლებოდა, აუცილებლად დაინახავდა იქ მოკალათებულ პერმანგანატის ანიონს და ერთმანეთისგან გაარჩევდა მტერსა და მოყვარეს, მაგრამ გამოცდილი ექსპერიმენტატორის ეშმაკობის ამოცნობა არცთუ ადვილია. კიდევ უფრო ძნელია, გამოცდილ დამპყრობელს მიუხვდე ჩანაფიქრს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი