ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სიყვარულის სახელით

ერთხელ შემზარავი სიზმარი ვნახე: ჩემი სოფლის მდინარის პირას, მდინარიდან ზურგით მწკრივში იდგნენ ბიჭები და ზურგებითვე, ფენა-ფენა ეშვებოდნენ მდინარეში, მშვიდად და უხმაუროდ, მწყობრად, რაღაცნაირი გამაშეშებელი წესრიგით…

იმ სიზმრიდან ორ დღეში გავიგეთ, რომ აფხაზეთში, ომის დროს, საჩხერის ბატალიონი მთლიანად განადგურდა. მერე მინდოდა ჩემი სიზმარი აღმედგინა და ყველა ბიჭისთვის შემევლო თვალი, სათითაოდ დამემახსოვრებინა, მაგრამ შეუძლებელს ვერ გადავაბიჯე, ჩემი სოფლის მდინარეს უკვე შთანთქმული ჰქონდა მათი ლამაზი, ნათელი, სევდიანი სახეები…

ეს სიზმარი ცხოვრების დაღად მომყვება, როგორც თავს გადახდენილი ყველაზე ნამდვილი ამბავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოდესმე აუცილებლად შევხვდები მათ, ჩემი ყველა სიზმრის გმირს, რომლებმაც მასწავლეს ხსოვნის გამოფხიზლება და უნახავის მიმართ სიმტკიცე… ეს ცოდნა საზიაროა, ჩვენ, ადამიანები, ამ ცოდნით ვეკვრით ერთმანეთს, ძალასაც მის გამო გამოვცემთ.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. ყოველ 27 სექტემბერს, მახსენდება მწერალ გურამ ოდიშარიას მონაყოლი, როცა ერთ აფხაზ ქალთან ამ თარიღის შინაარსზე ბჭობდა. ქალი ამტკიცებდა, რომ ეს დღე, ბატონი გურამისთვის დამარცხების ტრაგიკული დღე, აფხაზებისთვის გამარჯვებისა და სიხარულის დღეა, ჰოდა რა ეშველებოდა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობას თუნდაც ამ ერთი დღის აღნიშვნის გამო, როგორ მოვახერხებდით მის გააზრებას? გურამ ოდიშარიას ამ დამაბნეველ კითხვაზე სრულიად მკაფიო პასუხი აღმოაჩნდა: 27 სექტემბერი ქართველების და აფხაზების შერიგების დღედ ვაქციოთო!

მჯერა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება, ხოლო მანამდე ხსოვნისა და გონის სიფხიზლე გვმართებს, მანამდე ჩვენი სიზმრებიც ალესილი ხმლებივით გვჩეხავს და გულში იმ სახელებს ჩამოგვათვლევინებს, ვისზეც ამ ომმა გაიარა, ამ წლებმა, უერთმანეთო წლებმა, დროის მდინარეწაფარებულმა ტკივილებმა…

გამიგია ახალგაზრდა კაცის, ზაალ მდინარაძის გმირობის შესახებ, თუმცა დაწვრილებით არაფერი ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ზაალის და, აზა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ბავშვობის კეთილ ჯადოქრად მომევლინა, განა მხოლოდ მე, კიდევ უამრავ ბავშვს და მისმა ორგანიზაცია „მთენმა“ დიდი სიხარულის დღეები გაგვითენა ომგამოვლილ ბავშვებს, გასული საუკუნის 90-იან წლებში… ზაალის ამბავი კი, ორიოდე წლის წინ, აზა მდინარაძემ თავად მიამბო, ზაალის და მათი ღირსეული დედის ამბავი, რომელიც თავისი ამაღლებული შინაარსით „ვეფხვის და მოყმის ბალადის“ სწორია!

22 წლის თბილისელმა ბიჭმა, ზაალ მდინარაძემ, დედას წერილი დაუტოვა, შეჰპირდა, მალე დავბრუნდებიო და თვითონ გაიპარა აფხაზეთში, ოჩამჩირეში, სადაც უკვე კვირაზე მეტი იყო 4 გემიდან გადმოსხმულ სამხედრო დესანტს (რუსებს, კაზაკებს, ჩრდილო კავკასიელებს და მოლდოველებს) უმკლავდებოდა ქართული არმია. ტამიშში მტერს უკვე ალყაში მოექცია ჩვენი ჯარისკაცები, მწყობრიდან გამოსულიყო რაცია და ჩახშობილი იყო ყველანაირი კავშირი დანარჩენ ჯართან. სწორედ ამ დროს მოევლინა სასწაულებრივ მშველელად ზაალი, ალყამდე რამდენიმე კილომეტრი ტყვიების წვიმაში უიარაღოდ ირბინა და თანამებრძოლებამდე მიიტანა რაცია, რომლითაც სასწრაფოდ გადასცეს დამხმარე რაზმს მტრის კოორდინატები და ასე გააღწიეს სასიკვდილო ალყას. სულ ცოტა დააკლდა სამშვიდობომდე ზაალს, როგორც ჰყვებიან – მხოლოდ ერთი მეტრი დააკლდა, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, 18 წლის აფხაზი სნაიპერის, რომელიც იქვე მოკლეს ქართველებმა.

დედას შვილის უკანასკნელი წუთები ასე უამბეს: ერთი კი ჩაიხარა მუხლებში ზაალი, რამდენიმე წამით შეხედა მეთაურს და მერე ძალიან მშვიდად გადაწვა მიწისკენ.

ზაალის დედამ ასე განმარტა: გადაწვა მიწისკენ, დაუჩოქა, თავი მოუდრიკა მშობლიურ მიწას, შუბლით შეეხო, თაყვანი სცა საბოლოოდ…

სამი წლის შემდეგ კი ამ დიდებულმა ქალმა ღია წერილი მისწერა შვილის მკვლელის, 18 წლის აფხაზის დედას. „თქვენს შვილზეც ვდარდობ, აფხაზო დედავ… – სწერდა – თქვენი შვილი, თავისი წარმოდგენით, აფხაზეთის მიწას იცავდა „მომხდურთაგან“, ჩემი შვილიც – ზაალი, აფხაზეთს, ანუ საქართველოს არ ანებებდა… მაშ რომელი იყო მტყუანი? არც ერთი და არც მეორე, მათ არ გაემტყუნებათ თავიანთი საქციელი, რადგანაც ორივენი მამულისთვის დაიხოცნენ… დარწმუნებული ვარ, როდესაც აფხაზეთში ჩვენი შვილების უკვდავსაყოფად აგებულ მემორიალთან მოვალ, სხვებთან ერთად თქვენც იქნებით. მოვძებნოთ ერთმანეთი, მივუსამძიმროთ, დავსხდეთ, ვუამბოთ ერთურთს ჩვენი შვილების ბავშვობისა და ჭაბუკობის ამბები, ვანუგეშოთ ერთმანეთი… მოდით, დედებმა ყველაფერი ვიღონოთ, რათა აფხაზები და დანარჩენი საქართველო კვლავ არ დაუპირისპირონ ერთმანეთს. შთავაგონოთ ჩვენს შვილებს, შთამომავლობას, რომ ძმათამკვლელ ომში იმარჯვებს მხოლოდ სიკვდილი. მაშ, ვილოცოთ დედებმა სიცოცხლისათვის!“ – ზეინაბ მდინარაძე. 1996 წელი.

ამ წერილის ამბავი არ ვიცოდი, როდესაც ჩემი მოთხრობის „ბამბაზიის სამოთხე“ მიხედვით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრისთვის სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა. მაშინ თავისთავად გაჩნდა იდეა, რომ პიესა „ვეფხვისა და მოყმის ბალადაზე“ აგებულიყო და მთავარი გმირებიც – ქართველი და აფხაზი დედები ყოფილიყვნენ, რომლებიც ერთმანეთისგან დახოცილი შვილების საფლავებთან ერთმანეთს ყველაზე ძნელსა და მთავარზე, ყველაზე მართალსა და მტკივნეულზე უნდა დალაპარაკებოდნენ… არ ვიცოდი ამ წერილის ამბავი არც მე და არც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ, თუმცა, ორივეს გვჯეროდა, რომ ჩვენი ნამუშევრის მთავარ გმირებს ნამდვილად ჰყავდათ პროტოტიპები, რომ ისინი არ იყვნენ ცოტანი, და არც მხოლოდ ენგურს აქეთ… მართალია, ზეინაბ მდინარაძის წერილზე არავის უპასუხია, მაგრამ შეუძლებელია, ამხელა ენერგიით დამუხტული სიყვარული არ მოხვდეს საჭირო ადგილას, საჭირო გულში, შეუძლებელია, ამ სიყვარულმა რაიმე არ შეცვალოს…

იმ ჩვენი ორი წლის წინანდელი საუბრისას, აზამ დედამისის ტელეფონის ნომერიც მომცა და შემომთავაზა, თუ გინდა, მისგანვე აიღე ინტერვიუო. ვინ იცის, რამდენჯერ დავაშტერდი ამ ნომერს და ძვრაც ვერ ვუყავი თითებს, რომ ამეკრიფა… ვერც ის სიტყვები მოვიფიქრე, რითაც მასთან ლაპარაკი უნდა დამეწყო. მეგონა, რომ ამ ქალმა ყველაზე ნამდვილი სიტყვები იცის, ყველაზე ნამდვილი ენა და ვაითუ, რამე შემეშალოს და რაღაც ვაწყენინო, უნებლიეთ ვატკინო, ან ვიცრუო თუნდაც დიდი სიმართლის სახელით!..

ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაც ალბათ სიზმარივითაა – ხსოვნის სიფხიზლით და უნახავის ვნებით ხარ შეპყრობილი და ადამიანად ყოფნის გვირგვინებს იდგამ გაოფლილ შუბლზე. მათ სხვა ძალა აქვთ, სხვა ენა იციან, მათ რომ ვუსმენდეთ, ახლა უკვე ისე წინ ვიქნებოდით, ისე წინ და მაღლა!..

ყველა სიზმარს თავისი გმირი ჰყავს, ყველა ცხადს – თავისი მთხრობელი, დღეები კი, ხანდახან ისეთია, გმირი და მთხრობელი ერთად უნდა ჩამოსხდნენ და სიყვარულზე ილაპარაკონ… 28 წელია, ამ დღეების გემოთი ვართ. იმ ნანატრ აფხაზეთამდეც სიყვარულის სახელით მივალთ!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი