შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

არჩევანი, არადანი

მახსოვს, მოწაფეობისას მთელ კლასს გამორჩევით გვიყვარდა ხუთშაბათი დღე. სწავლის უკანასკნელ წლებში ცხრილში ფიზკულტურას სულ ხუთშაბათობით გვისვამდა სასწავლო ნაწილის გამგე. ვერ გეტყვით, განზრახ აკეთებდა ამას თუ უბრალო დამთხვევა იყო, ეს კია – ხუთშაბათობით დილიდანვე ვემზადებოდით არჩევანი-არადანისთვის. ყოველი ფიზკულტურის გაკვეთილი ამით იწყებოდა, მეტადრე – თუ კარგ ამინდს დაიჭერდა და ღია ცის ქვეშ შეგვეძლო ფეხბურთის ან კალათბურთის თამაში. მახსოვს ისიც, რომ „არჩევანიც” და „არადანიც” სულ ერთი და იგივე მოსწავლები იყვნენ და მათი არჩეული გუნდების შემადგენლობაც თითქმის არ იცვლებოდა. კლასი ორ „მტრულ” ბანაკად იყო გაყოფილი და წინა კვირას განცდილი მარცხის გამო რევანშის სურვილი კლავდა…

ვინ იცის, იქნებ იმისთვისაც ვასრულებდით ამ რიტუალს, რომ ფეხბურთის ფინტებთან ერთად არჩევანის ხელოვნებაშიც გავწაფულიყავით – არჩევანი ხომ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია. ჩვენს თითოეულ სიტყვას, თითოეულ ნაბიჯს არჩევანი უძღვის წინ, ზოგჯერ – არაცნობიერი, ზოგჯერ კი შეგნებული, „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის” პრინციპს დაფუძნებული. რელიგიაც ღმერთსა და ეშმაკს შორის არჩევანია. არჩევანია ლოგიკაც, ხშირად – მეშჩანურ-მერკანტილური, ისტორიულ-ტრადიციული ზნე-ჩვეულებებით გაჯერებული ან მარტივი გამოსავლის პოვნით ნაკარნახევი – ეზოპე კლდეზე ლოგიკამ გადააგდო და არა მონებმა, მაცხოვარიც ჯვარს ლოგიკამ გააკრა…

რიტორიკაც არჩევანია – სიტყვათა სიმრავლიდან ვითარების შესაბამისი სიტყვების არჩევანი მსმენელის ყურის გასახარად და გულზე მოსაფონებლად.

ჩვენი ყოველი არჩევანი წინადან გამომდინარეობს, ამიტომ აზროვნების მიერ მოხმარებული ენერგიის 90% სწორედ არჩევანზე იხარჯება.

ასე ლაბორატორიაშიც – ყოველი ექსპერიმენტის წინ ქიმიკოსები რთული ამოცანის წინაშე დგებიან: დასახული მიზნის მისაღწევად (სასურველი ნაერთის მისაღებად) თავდაპირველად  რეაგენტები უნდა შეირჩეს, მერე, სანამ მათ კოლბაში ჩავუძახებდეთ და ავათუხთუხებდეთ, ექსპერიმენტის პირობებია ასარჩევი – ერთი და იგივე მოლეკულა სხვადასხვა პირობებში ხშირად სხვადასხვანაირად იქცევა. ამის მაგალითად სპირტებიც კმარა. ეთილის სპირტს თავდახურული ჭურჭლით ბნელ გრილ ადგილას თუ მოვათავსებთ, შეუძლია, წლობით, ასეულობით წლითაც კი, საღათას ძილს მიეცეს, მაგრამ თუ გავაცხელებთ და „გემოვნებისამებრ” გოგირდმჟავასაც დავამატებთ, მისი მოლეკულები თვალსა და ხელს შუა გარდაისახებიან და ეს გარდაქმნა ჩვენს (მერე კი – თავად მოლეკულების) არჩევანზე იქნება დამოკიდებული.

სპირტისა და გოგირდმჟავას ურთიერთქმედება სქემატურად ასე შეიძლება ჩაიწეროს:
 
გოგირდმჟავა ეთილის სპირტს „ოფლს ადენს” – იწყება დეჰიდრატაცია, რომლის დროსაც როგორც დიეთილის ეთერის, ისე ეთენის მიღებაა შესაძლებელი. მაგრამ ვინ იქნება მეისრე, რომელიც ისართა გასაყარიდან მოლეკულებს მარჯვნივ ან მარცხნივ უბიძგებს? ამ როლ რეაქციის პირობები შეასრულებს: ტემპერატურა, გოგირდმჟავას რაოდენობა და ექსპერიმენტის ჩასატარებელი მოწყობილობა.

კიდევ ერთი მაგალითი: დეჰიდტრაციის რეაქციაში შედიან დიოლებიც, მაგრამ ისინი კიდევ უფრო რთული არჩევანის წინაშე დგანან. მათგან როგორც უჯერი, ისე წრფივი ან ციკლური მაღალმოლეკულური ნაერთების მიღებაა შესაძლებელი:
 
პირველი რეაქციის შედეგად ეთილენგლიკოლისგან ეთინი მიიღება, ვინაიდან ხდება შიდამოლეკულური დეჰიდრატაცია. ჰიდროქსილის ჯგუფები მეზობელი ნახშირბადის წყალბადატომებთან დაწყვილდებიან და წყლის მოლეკულად ჩამოყალიბდებიან.

მეორე რეაქციის თანახმად კი დეჰიდრატაციის რეაქცია ორ მოლეკულას შორის მიმდინარეობს და რეაქციის პროდუქტის, პოლიეთილენგლიკოლის, წარმოქმნაში ეთილენგლიკოლის რგოლები იმავე როლს ასრულებენ, რასაც ეშელონის შემადგენლობაში – ვაგონები.

ბოლო რეაქციის ბილიკის პოვნას კი ბატონ პედერსონს უნდა ვუმადლოდეთ. პოლიეთილენგლიკოლების სინთეზის დროს მან შეამჩნია, რომ რეაქციის თანმხლებ პროდუქტად სულ რაღაც 4% თეთრი ლამაზი კრისტალიც წარმოიქმნებოდა. ასეთ ნაერთებს (თანმხლებ პროდუქტებს), როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევენ, მან კი მათი საგულდაგულოდ შესწავლა გადაწყვიტა და საკუთარ თავს ნობელის პრემია მოუტანა, კაცობრიობას კი ახალი კლასის ნაერთები – ქრაუნ-ეთერები (მათ თაიგულისებრი ფორმის გამო ეწოდათ ასე), ნაერთები, რომლებმაც არაორგანული ნაერთების ორგანულში ხსნადობის ბარიერი დაარღვიეს.
ასეა მოწყობილი ჩვენი და მოლეკულების ცხოვრება – მუდამ არჩევანის გაკეთება გვიწევს.

ხშირად დიდი თავსატეხის წინაშე ვდგებით – რა ვაჩუქოთ ბავშვს ყველაზე ფასეული? ტანსაცმელი? კომპიუტერი? ველოსიპედი? ეკოლოგიურად სუფთა საკვები? მე კი მგონია, რომ უმჯობესია, კარგი მასწავლებელი შევურჩიოთ – დანარჩენს თავად იშოვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი