შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მუზეუმი და შთაგონება – ულევი რესურსი საინტერესო გაკვეთილებისთვის

მუზეუმები ჩემი სიყვარულია. ყველგან, სადაც ჩავდივარ, აუცილებლად ვგეგმავ მუზეუმში სტუმრობას. ლუვრებსა და მოდერნ ტეიტებზე კი არ მოგახსენებთ (ამ პანდემიის გამო ქვეყნიდან ცხვირის გაყოფა სანატრელი გახდა), არამედ ჩვენი ქვეყნის დიდი და პატარა ქალაქების მუზეუმებზე. გორის მუზეუმში ყოფილხართ? დაფნის ფოთლების უნაზესი ოქროს თავსამკაული გინახავთ? ნუმიზმატიკური საგანძური? უძველესი ბელადის მუმია? იქნებ ადამიანის გამოსახულებები, რომლებსაც ღვთაებას სწირავდა უძველესი ქართველი, რომ ჯანმრთელობა გამოეთხოვა? ბორჯომის მუზეუმი, რკინიგზის მაკეტი და რომანოვების პირადი ნივთები? საოცარი წარწერები და უძველესი ჭურჭელი? იქნებ ონის მუზეუმი – ჩემი დიდი სიყვარული? ყოფითი კულტურის საგანძური და ერთი პაწია ქანდაკება, რომელსაც ონის სიმბოლოდ ვაქცევდი – პაწია ბიჭი, რომელიც უზარმაზარ ვარდს იხუტებს, ექსპონატი ონის სასაფლაოდან, საოცარი ბარელიეფები და ჭვირვალი ბალთები? ფოთის მუზეუმი? ვანის, მესტიის? თბილისის, თელავის, ბათუმისა და ქუთაისის? ზღვაზე წასულებმა აუცილებლად შეიარეთ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში და პატარა, მაგრამ უძვირფასესი ექსპოზიცია ნახეთ: ფიროსმანი, გუდიაშვილი, ესმა ონიანი და გიგო გაბაშვილი.

მოკლედ, თქვენს პაწია თუ დიდ ქალაქებში მუზეუმებს ალბათ თავადაც მიაგნებთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად. მე მინდა, ჩვენი პირადი მუზეუმის გაკეთებასა და რამდენიმე საინტერესო შემოქმედებით გაკვეთილზე მოგიყვეთ.

 

პირადი ნივთებისა და ამბების მუზეუმი

გიფიქრიათ, რამდენ საინტერესო ამბავს მალავენ ნივთები? ჩვეულებრივი, ყოფითი ნივთები, აი, თუნდაც ისეთი, როგორიც ჯინსის შარვალი, თმის სამაგრი, საათი ან გულსაკიდია? კი, კი, კალამიც, წიგნიც, რვეულიც, კოვზიც.

რატომაც არ შეიძლება, შექმნათ თქვენი ამბების მუზეუმი, ეს შემოქმედებით აქტივობად აქციოთ და როგორც წერისა თუ კითხვის, ისე პრეზენტაციის უნარებიც გამოიყენოთ?

მაშ, ასე, მომყევით:

  1. პირველი და მნიშვნელოვანი მუზეუმისთვის ადგილის შერჩევაა. ეს შეიძლება იყოს რომელიმე თარო, ფანჯრის რაფა ან სულაც ვირტუალური სივრცე. ამ ეტაპზე შეგიძლიათ, მოსწავლეებს ვირტუალურად დაათვალიერებინოთ მუზეუმები, ისაუბროთ არქიტექტურასა და კონცეფციაზე.
  2. ექსპონატების შეგროვება. ამისთვის საჭიროა, მოსწავლემ აარჩიოს თავისთვის მნიშვნელოვანი ერთი, ნებისმიერი ნივთი, რომელსაც თავისი პატარა ამბავი აქვს, ვთქვათ, ჩვილობის დროინდელი ქუდი, კალამი, რომელიც მეგობარმა აჩუქა, თმის სამაგრი, რომელიც მამამ ჩამოუტანა, ნიჟარა, რომელიც ზღვის პირას იპოვა, რვეული, რომელიც პირველ კლასში ჰქონდა…

მოსწავლეს ევალება, თვითონ აღწეროს თავისი ექსპონატი და პაწია ამბავიც დაურთოს. თუ ვირტუალური მუზეუმი გვაქვს, მაშინ დავალებაში ფოტოს გადაღებაც შევა.

როდესაც ექსპონატები შეგროვდება, მოსწავლეებთან ერთად თემატურად დავახარისხოთ, აღვნუსხოთ და დავნომროთ.

  1. ახლა ექსპოზიციის ჯერი დადგა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვალაგებთ ექსპონატებს. ყველა ნივთის ამბავი თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა ექსპონატების ერთობლიობასაც უნდა ჰქონდეს თავისი შინაარსი, სიუჟეტი, სათქმელი.
  2. როდესაც მუზეუმი უკვე მზადაა და ბოლო სამუშაოებიც დასრულებულია, ფინალური დავალების დროც დგება: ყველა მოსწავლემ ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფებმა ისეთი საექსკურსიო პროგრამა უნდა შექმნან, რომ დამთვალიერებლები მუზეუმში მოიზიდონ. შესაძლოა. ბროშურები, პლაკატები, სლოგანები მოამზადონ. იქნებ აუდიოგიდიც ჩაწერონ სხვადასხვა ენაზე? ეს უკვე ინტერდისციპლინური გაკვეთილების ახალი ეტაპი იქნება.

სასიამოვნო მუშაობას გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი