პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ზაფხულის სიზმრები

ზაფხული ყოველთვის ნეტარი შთაბეჭდილების დრო იყო. ასეთი მას შემდეგ გახდა, რაც იგრძნო, რომ სკოლის მერხებთან მსხდომი ბავშვები ჩაუსაფრდნენ.

ეს ამბავი შემდეგნაირად აღიწერება: ჰაერი ზაფხულის სურნელით გაჟღენთას მაისის ბოლოდან იწყებს. ამ სუნს ვერავინ გრძნობს ისე კარგად, როგორც მერხებთან მოკალათებული ბავშვები. მათი მახვილი რეცეპტორები განწყობას გარდაქმნიან და მოუსვენრობა ეწყებათ – სკამებზე წრიალებენ, ადგილს ვერ პოულობენ. ნათელი დღე სკოლის შენობაში ფართო ფანჯრებიდან იჭვრიტება, საკლასო ოთახებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს ეშმაკურად ათვალიერებს, იქიდან კი, საიდანაც ბავშვები მას უყურებენ, ყველაფერი ოდნავ სხვაგვარი მოსჩანს. თითქოს ეს ხედი, თავისუფლების სურათია, ფანჯარა კი მისი ჩარჩო. ბავშვები ხვდებიან, რომ თავისუფლებას ჩარჩოები არ უყვარს და მის შესაგრძნობად ფანჯარაში ჩატეული ნაფლეთის თვალიერება საკმარისი არ არის. და გაუთავებლად წრიალებენ, მანამ ვერ ისვენებენ, სანამ ივნისის შუა რიცხვებისკენ, არდადეგების მაუწყებელი ზარი არ დაირეკება.

სკოლის ეზოები მხიარული ბავშვებისგან იცლება, ისინი წიგნებით სავსე ჩანთებს ოთახის უკიდურესი კუთხეებისკენ ყრიან და მათი ამოლაგება აზრადაც არ მოსდით. თამაშის, თავისუფალი ურთიერთობებისა და თავგადასავლების ხანა იწყება. ბავშვების ნაწილი ქალაქში ატარებს დროს, კორპუსის ეზოებში, ნაწილი კი სოფლებისკენ მიეშურება.

რადგან სკოლის მოსწავლეები ოდესღაც ჩვენც ვიყავით, ეს შეგრძნება ყველას გამოგვიცდია. ჩემი ზაფხულის შეგრძნებების გენერატორი ცეცხლს მიცემული მხარე იყო, რომელიც ჯერ კიდევ იშუშებდა ომის ჭრილობებს. იქ სოფელი მქონდა და ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. თავიდან მშობლები დამატარებდნენ, მერე გზის გაგნებას დამოუკიდებლადაც ვახერხებდი. ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე ვალაგებდი ჩანთას და უთენია ვჩნდებოდი ფოთის სადგურთან. ფოთიდან ზუგდიდამდე მიმავალი გზის ერთფეროვნებას ლაღად აბალანსებდა ის ფათერაკიანი ქვა-ღორღი, რომელიც ზუგდიდიდან იწყებოდა. ზუგდიდის სადგურზე პაზიკის ტიპის ავტობუსი დგებოდა, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა თანასოფლელებით. მათთან შეხვედრას ყოველთვის ახლდა თბილი სევდა და ღიმილი. კაცებს და ქალებს შავი ტანსაცმელი ეცვათ, მკერდზე თავიანთი მკვდრების სურათები ჰქონდათ მიმაგრებული. აქედან სოფლამდე ავტობუსი გზას მინიმუმ, ორ საათ-ნახევარს ანდომებდა. ვიცოდი, რომ ენგურთან ქართულ ბლოგპოსტს გავცდებოდით თუ არა, ავტობუსში მყოფი ყველა სულიერი, მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მუდმივი საფრთხის წინაშე ვიქნებოდით. ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა შეიარაღებული ნიღბიანები გადაგვდგომოდნენ და მგზავრთათვის სიცოცხლის ფასად შეძენილი პროდუქტი, ფული თუ საყოფაცხოვრებო ნივთები წაეგლიჯათ. ამიტომ, ავტობუსის მძღოლი ხშირად იმპროვიზაციულად იცვლიდა მარშრუტს, უსაფრთხო ვიწრობებს ეძებდა. სახლში მშვიდობით დაბრუნებას ყოველთვის ახლდა ბებიასთან და ბაბუასთან შეხვედრის სიხარული, სტადიონზე თანატოლებთან შეკრება, მდინარეზე დასვენება, ღორჯოებზე თევზაობა.

ამას გარდა, ბევრი სათავგადასავლო წიგნი. ეს წიგნები ფათერაკებზე ჰყვებოდნენ და იქ, იმ ფათერაკგამოვლილ სოფელში, სადაც ზაფხულს ვატარებდი, მათი წაკითხვა უფრო მეტად თავშესაქცევი ხდებოდა. სტადიონთან ახლოს ძველი, აგურისფერი შენობის ნანგრევები იდგა. ბავშვებმა ვიცოდით, რომ ომამდე აქ სკოლა იყო, სადაც ერთ დროს ჩვენი მშობლები სწავლობდნენ. მერე ომის ცეცხლმა შთანთქა ისე, როგორც ყველაფერი დანარჩენი. შიგნით ბურთი ხშირად შეგვვარდნია. მის გამოსატანად მორიგეობას ვაწესებდით ხოლმე, ხანდახან ერთადაც შევსულვართ. ნატყვიარი და დანახშირებული კედლებიღა დარჩენილიყო, მათ შიგნით შენობის ნანგრევები ეყარა. შეგვეძლო მხოლოდ გვევარაუდა, რომ ოდესღაც აქ სამასწავლებლო იყო, იქ – დირექტორის კაბინეტი. ამ უზარმაზარი ნანგრევების გროვას ჯერ კიდევ სკოლას ვეძახდით, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ეს მისი გულამოჭმული ლანდი უფრო იყო, ომის მძლავრი ჰალუცინოგენი, რომელიც წარსულის აჩრდილებს შენობაში აბრუნებდა. ასე აკოწიწებდი ომამდელ, ფანტასმაგორიულ სურათს და ხედავდი, როგორ ჩამორბოდნენ ჩანთამოკიდებული ბავშვები კიბიდან, მასწავლებლები სამასწავლებლოში გროვდებოდნენ, მორიგე ზარს რეკავდა, მოსწავლეები ხმაურით უბრუნდებოდნენ საკლასო ოთახებს. მერე ეს სურათი თანდათან ქრებოდა და ფიქრებიდან გამოყავდი შეძახილებს: „დროზე გამოდი“, „დაგეძინა?“ „ბურთი გადმოაგდე“. ამ მოჩვენებების ლაბირინთიდან გამოდიოდი ბურთით ხელში, და გამოდიოდი ისეთი, როგორიც არ იყავი იქ შესვლამდე, აღჭურვილი გუმანით, რომელიც არ გაგაჩნდა. ახლა ვიცი, რომ თითოეული ასეთი გარინდების წამი, რომელსაც აქვს უნარი ბავშვი თამაშს სულ მცირე ხნით მოწყვიტოს, განსაკუთრებულია, თითოეული ადგილი კი, რომელიც ბადებს მსგავს წამებს – გამორჩეული.

აქედან გროვდება გამოცდილება, რომელიც უკვე სექტემბერში, სკოლისკენ მიმავალ ბავშვებს სახეზე აქვთ აღბეჭდილი. ქუჩებს, ტროტუარებს, ეზოებს მოფენილი ბავშვები ოდნავ გაუცხოებულ მზერას ერთმანეთისკენ აპარებენ და გრძნობენ, რომ ყველა მათგანშია ზაფხულის თითო თავგადასავლით მეტი, რომელმაც ისინი გაზარდა, ალღოთი აღჭურვა. ამ შთაბეჭდილებებით სახეაფერადებულნი თავიანთ მერხებს უბრუნდებიან და ზაფხულის სიზმრიდან ნელა იწყებენ გამოფხიზლებას. ჩემი დაკვირვებით, ეს პროცესი ორ-სამ კვირას გრძელდება და მთავრდება დასკვნით, რომ ზაფხული, ეს ნათელი სიზმრების ამფითეატრია – ფერადი მოგონებების სეიფი, რომელიც ჩვენი განვლილი ცხოვრების ათი ათას ათინათს ინახავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი