ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ოდა უთქმელ სიყვარულს

რამდენიმე წლის წინ ვინტაჟური საფოსტო ყუთი ვიყიდეთ. დიდხანს ვერ მიეჩვივნენ ფოსტალიონები გზავნილის ყუთში ჩაგდებას, მაგრამ ბოლო ხანია, კარზე აღარ გვიკაკუნებენ. ჩვენც ყოველ ჯერზე გული სიხარულით გვევსება, როცა კიბეზე ასვლისას ყუთის ჭრილში ჟურნალის ან კონვერტის ფრაგმენტს ვხედავთ. ფეხს ვუჩქარებთ და სახლში შესვლამდე გასაღებების დიდი ასხმიდან ყველაზე მინიატურულს ვირჩევთ.

ჟურნალების ზამთრის ნომრებს უცნაური ბედი აქვთ (ზამთარი კი რთული გამოვიარეთ). დაუსრულებელი საქმეების ან მათზე გაუთავებელი ფიქრის გამო ხანდახან თავიდან ბოლომდე წაკითხვას კი არა,  გადაფურცვლასაც ვერ ახერხებ. ამიტომ მათი უმეტესობა – ზოგი გადაკეცილი, ზოგი ხელუხლებელი, ზოგიც ხელახლა წასაკითხად გამზადებული  – ცალკე თაროზე, უკეთესი დროისთვის გადაინაცვლებს.

ზაფხულის საკითხავებს შორის აღმოჩნდა „ნიუ იორკერის“ თებერვლის ნომერიც, რომლის 49-ე გვერდზე ერთი დიდებული ამბავია მოთხრობილი.

ეს ის დროა, როდესაც ორწლიანი მუშაობის შემდეგ ავიაინჟინრებმა ბოინგ 707 ააგეს, ნიუ-იორკში ჯორჯ ბალანჩინმა ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“ დადგა, მაიამიში „ბურგერ კინგის“ პირველი რესტორანი გაიხსნა, პენსილვანიაში პოლიომიელიტზე ბავშვების მასობრივი იმუნიზაცია დაიწყო, ჩრდილოეთ კაროლინას ქარიშხალმა ჰაზელმა შეუტია, ელვის პრესლიმ პირველი სინგლი – That’s all right – ჩაწერა, ჯოზეფ მიურეიმ პაციენტს თირკმელი პირველად გადაუნერგა, მერლინ მონროს გული ბეისბოლისტმა ჯო დიმაჯომ მოიგო, ტელევიზიით პირველად აჩვენეს „მის ამერიკა“ და უზენაესმა სასამართლომ სეგრეგირებული სკოლები არაკონსტიტუციურად ცნო… იმავე წელს ოდრი ჰეპბერნი ბროდვეის დაუბრუნდა და ჟან ჟიროდუს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მელ ფერერთან ერთად ითამაშა. სექტემბრის ბოლოს კი ოდრი და მელი დაქორწინდნენ.

ახლა კი ჟურნალში გამოქვეყნებულ პოლ როჯერსის გრაფიკულ ამბავს და თანდართულ ტექსტს მივყვეთ, რომელიც დაგ რომსის წიგნს – „Take Five: პოლ დესმონდის საჯარო და პირადი ცხოვრება“ – ეფუძნება:

პოლ დესმონდი დეივ ბრუბეკის კვარტეტის ალტ-საქსაფონისტი იყო 1951-1967 წლებში. სწორედ მისი დაწერილია  ჯგუფის ყველაზე ცნობილი ჰიტი – Take Five.

პოლი მთელი ცხოვრება ოდრი ჰეპბერნს ეტრფოდა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

1954 წლის გაზაფხულზე ოდრი 46-ე ქუჩის თეატრის სპექტაკლში „უნდინა“ მთავარ როლს ასრულებდა.

ბრუბეკის კვარტეტი  კი იმ დროს იქვე, ბეისინ სტრიტზე, ღამის კლუბში უკრავდა.

პოლი ბრუბეკს შესვენებას ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს სთხოვდა.

დესმონდი ღამის კლუბს სწრაფად ტოვებდა და „ტაიმს სკვერს“ კვეთდა.

ჩიხში მალულად დგებოდა და შორიდან აკვირდებოდა, როგორ გამოდიოდა ოდრი მსახიობებისთვის განკუთვნილი შესასვლელიდან და თავის ლიმუზინში ჯდებოდა.

იმავე წელს პოლმა დაწერა კომპოზიცია „ოდრი“, რომელიც შევიდა ალბომში „Brubeck Time“.

პოლი 1977 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. დაქორწინებული არასოდეს ყოფილა და არც ის იცოდა, მოსმენილი ჰქონდა თუ არა ოდრის მისთვის მიძღვნილი მელოდია.

1993 წელს, როდესაც ჰეპბერნი გარდაიცვალა, მისმა ყოფილმა ქმარმა ანდრეა დოტიმ დეივ ბრუბეკს დაურეკა და სთხოვა,  გაეროს შენობაში ხსოვნის საღამოზე  კვარტეტს „ოდრი“ შეესრულებინა.

დეივი გაოცდა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა,  ანდრეამ ამის შესახებ რამე თუ იცოდა.

იცით, ჩემი ცოლი ამ კომპოზიციას ყოველ ღამით უსმენდა ძილის წინო, უპასუხა დოტიმ.

***

იმას ვამბობდი, რომ ზამთარი რთული გამოვიარეთ და როგორც ყველა ომის, წყალმოვარდნის თუ პანდემიის დროს, ნაღმებს გვერდი ვერ ავუარეთ – ყველა სიყვარული გავთქვით, ყველა ქრაშს ფარულად ვანიშნეთ. ასეა, რაც უფრო მძიმეა დრო, მით უფრო გვეშინია, რომ რაღაცას ვეღარ მოვასწრებთ და ყოველ ახალ დღეს გულგადაშლილები ვეგებებით. გრძნობების გამოსათქმელად სიტყვებსაც ადვილად ვპოულობთ და ისიც გადასარევად მოგვეხსენება, რომ ხშირად ვეღარც unsend შველის ნათქვამის უკან წაღებას.

თუმცა არსებობს უფრო მშვიდი დრო, როდესაც უკიდურესი გადაწყვეტილებებით არ გვიწევს ცხოვრება და იმასაც ადვილად ვეგუებით, რომ ყველა გული  ვერ მოიკრებს გამბედაობას. ვინ იცის, იქნებ ოდრისა და პოლის ერთად ყოფნა სულაც არ ყოფილიყო ისეთი მწველი და ამაღელვებელი, როგორიც ეს ბლუზია. მათი ამბავი ერთდროულად სევდიანიც არის და მშვენიერიც, მაგრამ ალბათ პოლზე უკეთ არავინ იცოდა, რომ თაყვანისცემაც ნიჭია და მხოლოდ ამ ნიჭით დაჯილდოებულს შეუძლია, უძღვნას ოდა უთქმელ სიყვარულს.

P.S. თანამოსასმენი –  Dave Brubeck Quartet – Audrey

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი