პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მადლობელი ვარ, დამბადებელო…

„მადლობელი ვარ, დამბადებელო…” – ამ სიტყვებით დაასრულა ვაჟა-ფშაველამ მოღვაწეობაც და სიცოცხლეც. ამბობენ, რომ ამ ქვეყნიდან წასვლისას მთელი ცხოვრება ჩაივლის თვალწინ. დრო ჩერდება – ერთსა და იმავე დროს ბავშვიც ხარ და თმაშევერცხლილიც, და ჩავლილ ცხოვრებას ისე უყურებ, როგორც ავტორი დასცქერის თავის სქელტანიან რომანს. მან იცის, რომელ გვერდზე რა ვნებაა, სად უხარია და სად სტკივა მთავარ გმირს, როგორ შემოდგა ფეხი წიგნის პირველ გვერდებზე და როგორ გაიხურავს კარს ეპილოგში. შენ, ავტორს, დრო აღარ გჭირდება მის წასაკითხად. 

როგორც უკვე გითხარით, ვაჟა-ფშაველამ მადლობა გადაუხადა დამბადებელს…

მაინც ვის უხდიდა მადლობას მწერალი? მშობელ დედას, არაგვს, დამწუხრებულს რომ ახარებდა, ანკარა წყაროებს, თიბვითა და მკით დაღლილს წყურვილს რომ უკლავდა; ქუჩს, იმ მწირ ბალახს, რომელიც მეფესავით გაათამამა და ვინ იცის, რამდენჯერ ქათიბად ჰფენია მთის წვერზე ჩამომჯდარი ბებერი არწივისა თუ დიაცის უბესავით აზვირთული მთების, მათ კალთებზე მოცურავე „ფიქრების” – ნისლების ცქერისას; შემოქმედს, მადლი რომ მოჰფინა მარჯვენაზე… ლუკა რაზიკაშვილი ხომ ყველამ და ყველაფერმა ერთად დაბადა ვაჟა-ფშაველად…

ამქვეყნად მოსვლის შესაძლებლობა ჩვენ ერთხელ გვეძლევა, დაბადებისა კი – არაერთხელ.

თუ გვინდა, ნერგი მაღალი და აშოლტილი გაიზარდოს, ჯერ კიდევ ნორჩს უნდა შევუდგათ ჭიგო. სანამ “სრულწლოვანი” გახდება, ვარჯს გაიმაგრებს და ფესვებსაც ღრმად გაიდგამს, ჭიგოს მიჰყვება მაღლა, მზისკენ. ყმაწვილ გოგო-ბიჭებსაც იმისთვის მიაბარებენ სკოლაში, ფესვი გაიმაგრონ (საფუძველი ჩაიყარონ), ტანი დაიმშვენონ (ცოდნით მომძლავრდნენ) და ფართოდ გაშალონ ტოტები (სხვასაც გამოადგნენ თავიანთი ცოდნით). ამიტომ მასწავლებელს მშობელზე არანაკლები როლი აკისრია ჩვენი შვილების ჩამოყალიბება-ფორმირებაში. თუმცა ამ როლს უდიდესი პასუხისმგებლობაც ახლავს თან. 

ალექსანდრე მაკედონელსაც და დავით აღმაშენებელსაც ჰყავდათ მასწავლებლები, თანაც არა მარტო მოწიფულობის ჟამს. პითაგორა, ციცერონი, ავრელიუსი და სხვა დიდი მოაზროვნენი პირველად თავიანთ მასწავლებლებთან ეზიარნენ “აი იას”. იყო დრო, როცა მასწავლებლის ყოლა დიდ ფუფუნებად ითვლებოდა, ამიტომაც მათ ყველა მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობოდა. შემდეგ დროებამ აუცილებელი სწავლა-განათლება მოიტანა. გაიხსნა უამრავი სკოლა. აღარც მასწავლებელი იყო სანთლით საძებარი და ამ პროფესიამაც დაკარგა ძველი პეწი (და არა მნიშვნელობა)… თუმცა სკოლა ყველა ქვეყანასა და დროში სახელმწიფოს სტრატეგიულ ობიექტად რჩება. ეკონომიური კრიზისები, ომები, შინააშლილობა და სხვა კატაკლიზმები სწავლების პროცესს ვერ აჩერებს… ამიტომ მასწავლებლებიც ყოველთვის (მშვიდობიან თუ საომარ, დალხენილ და ძნელბედობის ჟამს) საჭირონი არიან. მასწავლებელს მუდამ იგონებენ, ემადლიერებიან ან, პირიქით ემდურებიან, ნანობენ, რომ თავის დროზე არ დაუჯერეს…
მეც მაქვს სათქმელი ჩემი წილი მადლობა ჩემი მასწავლებლებისა და ადამიანი-კომპასებისადმი:

მეც ერთხელ მოვედი ამქვეყნად, მაგრამ არაერთხელ დავიბადე. მადლობელი ვარ მშობლებისა, რადგან გავჩნდი; მადლობელი ვარ მასწავლებლისა, რომელმაც ერთ თოვლიან დღეს ქალაქიდან სახლში მიმავალს ამიხსნა და დამარწმუნა, რატომ უნდა გავმხდარიყავი ქიმიკოსი. მადლობელი ვარ იმ პროფესორისა, რომელმაც ქიმიის ღრმა ტალანებში შემახედა და როდესაც პირველად მივიღე დამოუკიდებლად ახალი ნივთიერება, ბავშვივით აღტაცებული, უნივერსიტეტის კორიდორში მთელი ხმით გაიძახოდა: “მიიღო”, “მიიღოო!..” იმ დღეს ერთად დავიბადეთ: ჩემს კოლბაში – ახალი ნივთიერება, ხოლო ლაბორატორიაში – მე, როგორც მკვლევარი. მადლობელი ვარ რედაქტორის, რომელმაც პირველად გამაბედვინა წერილის დაწერა. იმ დღეს დავიბადე როგორც ბლოგერი და თქვენამდე მოვიტანე ჩემი გულისნადები ქიმიის არაერთ მართლაც საინტერესო საკითხზე.

მე განგებ არ ვასახელებ ჩემი მასწავლებლების გვარ-სახელებს, რადგან მწამს, ბევრია ასეთი ადამიანი ჩვენ გვერდით. მჯერა, თითოეული თქვენგანიც არაერთს გაიხსენებს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი