შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

უსახელო ძეგლი

ჩანაწერების წიგნში „დინოზავრიდან დიზაინამდე” ტარიელ ჭანტურია ერთი მემორიალური დაფით ინტერესდება: „ამ სახლში 1937 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერალი ბესარიონ (ბესო) ჟღენტი”. რა მძაფრ ასოციაციებს იწვევს და რამხელა ტრაგედიას იტევს ეს ოთხნიშნა რიცხვი – 1937. ნეტა ვინ ცხოვრობდა ბატონ ბესომდე ამ სახლში, ნეტა რა ბედი ეწია?”

ამ საკითხს ეხმიანება ვახტანგ ჯავახაძე. ჩანაწერების წიგნში „ლექსიდან – ლექსამდე” ის მეორე მემორიალს იხსენებს: „ამ სახლში 1931 წლიდან 1937 წლამდე ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი”, – და იქვე აღნიშნავს: „თუმცა ეს ორი მწერალი ერთი ქალაქის სხვადასხვა სახლებში ცხოვრობდნენ, მაინც სამწუხაროა და დამაფიქრებელი, რომ ერთი მწერალი 1937 წლამდე ცხოვრობდა, ხოლო მეორე მწერალი 1937 წლიდან ცხოვრობდა”. რამდენიმე აბზაცის ქვემოთ კი მრავლისმთქმელი მინაწერია: „მოსკოვში საერთოდ აკრძალეს მემორიალური დაფები. ეს იქნებ მეორე უკიდურესობა იყოს. თუმცა იქნებ ეს ჯობდეს, რომ ქალაქი დიდ სასაფლაოს არ დაემსგავსოს?!”

კაცმა არ იცის, ჩვენი სინამდვილისთვის რომელია უკეთესი – ძეგლებსა და მემორიალურ დაფებზე უარის თქმა, მათი გამოხშირვა თუ, პირიქით, ისტორიის უცვლელად, შეულამაზებლად დატოვება, მაგრამ ერთი რამ ნათელია: უპატრონო, მეტიც, უსახელო ძეგლების რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
„დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო” – ფრთიან გამოთქმად დამკვიდრდა ნიკო ლორთქიფანიძის ეს სიტყვები, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ძეგლის დაკარგვაც შესაძლებელი ყოფილა, თან ისე, რომ დემონტაჟი, საღებავების გადასხმა და სადმე, მოფარებულში გატანა არც სჭირდება; უბრალოდ, იდგება თავის ადგილას უჩინმაჩინივით, არის და თითქოს არც არის.

ერთი ასეთი მემორიალი დღესაც დგას ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ. ჭადრაკზე რომ დავდიოდით, ყველას ნონა გაფრინდაშვილის ბიუსტი გვეგონა, ამაყად ჩავუვლიდით ხოლმე და თითქოს შეწევნას, დალოცვას, წარმატებაში ხელშეწყობას ვთხოვდით ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, ყველა მოჭადრაკისთვის სამაგალითო პიროვნებას, უფრო სწორად, ქვაში განსხეულებულ მის სახებას; მერე ვიღაცამ შეგვაგონა, ტყუილად ნუ დაშვრებით, ეს ის არ არის, ვინც თქვენ გგონიათ, რომელიღაც ადგილობრივი სოციალისტური შრომის გმირია და ჭადრაკში წარმატება კი არა, გირჩევნიათ, უხვმოსავლიანობა შესთხოვოთო. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, უბერებელ ნინელი ჭითანავას, ხუმრობით ვუთხარი კიდეც: არ გამიკვირდება, ერთ დღესაც გაირკვეს, რომ ეს თქვენი ბიუსტია-მეთქი. გულიანად გაეცინა, რას არ მოიგონებთ ეს ახალგაზრდებიო. აბა, ისაა კარგი, შუა ქალაქში მემორიალი გვედგას და არ ვიცოდეთ, ვისია? იმ მამაცხონებულ მოქანდაკეს წარწერა მაინც დაეტოვებინა ზედ, მკითხაობა და გამოძიება აღარ დაგვჭირდებოდა-მეთქი. 

ისტორიას ახსოვს ანონიმი პოეტები, ანონიმი მხატვრები, რომელთა სახელებიც დროის უკუღმართობით თუ თავად ავტორთა ნებით უკვალოდ გამქრალა, მაგრამ პარადოქსია, რომ გასულ საუკუნეში პატივისცემის ნიშნად დადგმული ძეგლიც შეიძლება ანონიმად იქცეს.

მეგობრებთან ერთად რამდენჯერმე ვცადე მისი წარმომავლობის დადგენა და საგანგებო გამოკითხვაც ჩავატარე, მაგრამ შრომა ალბათ ამაოდ ჩამივლიდა, რომ არა ერთი ხანში შესული, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი, რომელმაც ძეგლის „ვინაობა” გაგვიმხილა.

„რუხაძე ზოია მათეს ასული (10.IV.1923-1944), ქართველი პარტიზანი ქალი, დიდი სამამულო ომის მონაწილე, გერმ. ოკუპანტების წინააღმდეგ სიმფეროპოლში მოქმედი კომკავშირული ორგანიზაციის აქტ. წევრი. გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრკ საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე, მონაწილეობდა მნიშვნელოვანი იარაღ-საწყობების აფეთქებაში და სხვ. 1944 წ. 10 მარტს დააპატიმრეს გესტაპოს აგენტებმა და ერთი თვის საშინელი წამების შემდეგ ჭაში ჩაახრჩვეს. რ-ის ძეგლი დგას სიმფეროპოლსა და თბილისში, მისი სახელი ეწოდა სიმფეროპოლის მე-14 და თბილ. 42-ე სკოლებს. ქუჩებს, სიმფეროპოლსა და თბილისში კომკავშირულ და პიონერულ ორგანიზაციებს. რ-ის  გმირობაზე შეიქმნა კინოსურათი, დაიწერა პოემა (ი. ნონეშვილი)” (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 519, თბ., 1984.). 

ასე დაიბრუნა ძეგლმა სახელი. მაგრამ თავად ეს სახელი რამდენად აქტუალურია დღეს? არის კი ზოია რუხაძე პიროვნება, რომლის შესახებ უფრო მეტი უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ? ან იქნებ მემორიალის შენარჩუნებაა საჭირო, უახლესი ისტორიის გაფრთხილება, მისი ნიშან-სიმბოლოების უვნებლად შემონახვა? მაგრამ რამდენად მისაღებია თვალსაჩინო ადგილას გამოდგმული უსახელო და ფართო საზოგადოებისთვის უინტერესო ისტორიული პირის ძეგლი? ხომ არ აჯობებს მისი სხვა, გარემოსადმი თემატურად უფრო შესატყვისი მემორიალით შეცვლა? თუ ეს ისტორიაში ხელოვნური, ძალადობრივი ჩარევა იქნება? მაშ, იქნებ ის ისტორია შეგვესწავლა კარგად, რომელსაც ვიცავთ ან ვუპირისპირდებით…

ყველა გზა მაინც განათლებამდე მიდის. ძეგლებიცა და მემორიალური დაფებიც ხომ იმისთვის კეთდება, რომ ინფორმაციული სივრცე გაფართოვდეს, წიგნებიდან გადმოვიდეს და ქუჩები, პარკები და მოედნები მოიცვას. დანარჩენი თვითონ დალაგდება: ზოგ სახელს სამუდამოდ დაიმახსოვრებენ, ზოგიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მიიკარგება, მიინავლება და ენციკლოპედიებში იქნება საძიებელი. ენციკლოპედია კი, როგორც ჩემს ერთ მასწავლებელს უყვარდა თქმა, „თვითეული ჩვენთაგანის სამაგიდო წიგნია”!

P. S. წერილი დასრულებული მქონდა, როცა სრულიად შემთხვევით, „ფეისბუქზე” წავაწყდი 3D მაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ჭადრაკის სკოლის მიმდებარე ტერიტორიის განახლებას და ზოია რუხაძის მემორიალის ადგილას სახელოვანი მოჭადრაკის – ანდრია დადიანის ქანდაკების დადგმას. თუ ეს ჩანაფიქრი მალევე უნდა განხორციელდეს, მაშინ იქნებ აქედანვე გვეზრუნა ანდრია დადიანის სახელისა და ღვაწლის პოპულარიზაციისთვის, რომ არათუ ერთი საუკუნის შემდეგ, დღეს მაინც არ გაჩნდეს საჩოთირო შეკითხვები: „ვინ იყო?”, „რა გაუკეთებია?”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი