პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელი ქალები დამფუძნებელ კრებაში

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს სამართლიანად იკავებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე ეპოქა. დღემდე სრულყოფილად არ შეგვიფასებია ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომელიც რუსეთის იმპერიისგან დროებით თავდახსნილი სახელმწიფოსგან გვხვდა წილად. მრავალი შეცდომის მიუხედავად, მაშინდელმა ლიდერებმა მოახერხეს პროგრესული კონსტიტუციის შემუშავება, დემოკრატიული სტანდარტებისა თუ სოციალური სამართლიანობის პირველადი პრინციპების დამკვიდრება და საყოველთაო თანასწორი არჩევნების ჩატარება, თუმცა „მენშევიკური” მმართველობის უმთავრეს მიღწევად მაინც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ღია მხარდაჭერას მივიჩნევ. მსურს შეგახსენოთ კარგად დავიწყებული ადამიანები და მოგიყვეთ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქალი პარლამენტარების შესახებ, რომელთა შორის რამდენიმე მასწავლებელიც იყო.

 

1919 წელს არჩეულ საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ხუთი ქალი დეპუტატი მოხვდა. ერთ-ერთ მათგანს, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეს, საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდიუმის წევრობის პასუხისმგებლობაც კი დაეკისრა.

პატარა გურული გოგონა პოლიტიკურ ასპარეზზე პირველად 1904 წელს გამოჩნდა. ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიაში სწავლის დროს იგი არალეგალური სასწავლო ჯგუფის, წრის ორგანიზატორი გახლდათ. ამ წრის წევრებმა რამდენჯერმე გამართეს ქუთაისელ მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. შარაშიძე მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში, რაც საბოლოოდ სკოლიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა.

მშფოთვარე პირველი რევოლუციის (1905-1907) მიმდინარეობისას მომავალი კანონმდებელი თბილისის ნაომარ ქუჩებში მედდად მსახურობდა. გადასახლებას გადარჩენილმა ქალმა ათიანი წლების მიწურულს პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი და პროფესიონალ მასწავლებლად ჩამოყალიბდა. დიდხანს იგი სხვადასხვა კერძო სკოლის რეპეტიტორი გახლდათ, მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და თსუ-ს დამფუძნებელ კომიტეტში; პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა.



მის ყველაზე მამაც ნაბიჯად 1922 წელს ოკუპაციის გაპროტესტებას მიიჩნევენ. 25 თებერვლის საყოველთაო ზეიმის ფონზე, მისი თაოსნობითა და მისივე მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი პროტესტის ნიშნად გაიფიცა.

პოლიტიკური აქტიურობა, პატრიოტული და სოციალური მოთხოვნებით გამოსვლა ჩიტოს მეტეხის ციხედ და 1964 წლამდე მილიციის მუდმივ ზედამხედველობად დაუჯდა. შარაშიძის პოლიტიკური დამოკიდებულებები პატერნალიზმთან შეზავებულ მემარცხენეობად ან ოჯახურ ღირებულებებზე ორიენტირებულ სოციალ-დემოკრატიად შეიძლება შეფასდეს.

პარლამენტარ ქალებს შორის კიდევ ერთი იყო მასწავლებელი. კოლეგისგან განსხვავებით,  ელეონორა ტერ-პერსაგოვა   აშკარა რადიკალი და პლეხანოვური იდეების უერთგულესი მხარდამჭერი გახლდათ, ამიტომ მან გაცილებით მშფოთვარე და მძიმე გზა განვლო.



1905 წლის რევოლუცია ისტორიკოსების მიერ პოლიტიკური გადატრიალების უშედეგო, წარუმატებელ მცდელობადაა შეფასებული. ორწლიანი ბრძოლის განმავლობაში ვერც ერთმა აჯანყებულმა რეგიონმა ვერ მოახერხა ხანგრძლივად სრული ავტონომიის მოპოვება და ეფექტური დაუმორჩილებლობის გამოცხადება, თუმცა საქართველოში ორი გამონაკლისი შემთხვევა გამომჟღავნდება – გურიასა და სოხუმში.

აფხაზეთის დედაქალაქში პირველი ანტიცარისტული ნაბიჯი ერთ-ერთმა ადგილობრივმა კერძო სკოლამ გადადგა. ბულვარში მიტინგის ჩასატარებლად მოსწავლეებს მეწამული დროშითა და ყვავილებით ხელში მათი პედაგოგი გაუძღვა. ეს ის მასწავლებელი იყო, რომელიც მათ წლების განმავლობაში კლასიკურ დისციპლინებთან ერთად „მარსელიეზას” სიმღერასაც ასწავლიდა. ბუნებრივია, სასწავლებლის შეგირდები მასობრივ მანიფესტაციებზე საფრანგეთის მერმინდელ ჰიმნსაც აგუგუნებდნენ. სოხუმის მთავარი მეამბოხე პედაგოგი ლოლა ტერ-პერსაგოვა გახლდათ. მის მიერ აგორებულმა საპროტესტო მოძრაობამ შედეგი გამოიღო. რამდენიმე თვით ზღვისპირა ქალაქმა სრული თვითმმართველობა მოიპოვა. დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტს სათავეში მომავალი კანონმდებელი და მისი ექიმი მეუღლე, ვლადიმერ მახვილაძე ჩაუდგნენ. სიმამაცეზე სამეფო ხელისუფლების რეაქცია უმკაცრესი აღმოჩნდა – 1905-1917 წლებში ტერ-პერსაგოვა სამჯერ დააპატიმრეს და სამხრეთ კავკასიის მიღმა გადაასახლეს.

1919 წლის კენჭისყრაზე ლოლა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიაში მოწინავე ქალი იყო. პარლამენტარად არჩეული, არასრული ორი წლის განმავლობაში სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ კანონმდებლობასა და შრომის უფლებების საკითხებზე მუშაობდა. იდეალისტ პოლიტიკოსს არც „ბოლშევიკური” ტერორის ხანაში დაუხევია უკან. 1924 წლის აჯანყების წარუმატებლობის გამო პარალიზებული საქართველოს ანტისაბჭოთა მოძრაობა კიდევ ერთხელ გამოაცოცხლა არალეგალურად აღდგენილმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. მორიგ გადასახლებამდე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ტერ-პერსაგოვა აირჩიეს. ალბათ, იგი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო მსოფლიოში, რომელიც პარტიის ოფიციალური მეთაური გახდა. მეორე მასწავლებელი დეპუტატი 30-იან წლებში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

თანამედროვე საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხის მაჩვენებელი კატასტროფულად დაბალია, მაგრამ წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ვფიქრობ, აუცილებელია, ჩვენმა პედაგოგებმა იგრძნონ სათანადო პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საზოგადოების ან საკუთარი თემის, არამედ ლეგენდარული წინამორბედების წინაშეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი