ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გოგოთურ და აფშინას ირგვლივ

ვაჟა-ფშაველას  „გოგოთურ და აფშინა“ მისი სხვა პოემების ფონზე მკითხველთა ფართო წრისთვის თითქმის უცნობია. არადა, ნაწარმოებში დასმული საკითხი არანაკლებ აქტუალურია ყოველი დროისა და ეპოქისათვის.

პოემებში „ალუდა ქეთელაური“ და  „სტუმარ -მასპინძელი“ უცხოტომელ მოსისხლე მტერში ვაჟკაცობის დამნახავ-დამფასებელი ღირსებაა შექებული და ამდენად, ორივე პოემა საკაცობრიო მნიშვნელობისაა.  „გველისმჭამელში“ „გასხივოსნებულ“ ადამიანს არა მხოლოდ სხვათა გამო, არამედ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარეც უჭირს თავისი სიწმინდის დაცვა. „ბახტრიონში“ კი მამულისათვის თავგანწირვაა ადამიანის უმაღლეს სათნოებად მიჩნეული, რამდენადაც იგი ღვთივკურთხეული მოვალეობაა. და „გოგოთურ და აფშინა“?

პირველი, რაც მკითხველს ამ პოემაში იზიდავს, ესაა იმთავითვე დამაინტრიგებელი გახსნა ამბისა (ალუდა ქეთელაურშიც ასეა: „მაცნე მოიდა შატილსა? ქისტებმა მოგვცეს ზიანი“) და გარდა ამისა, თხრობის სიმსუბუქე:

„ამბობენ ბლოელ აფშინა,

მინდოდაურის გვარისა.

სცარცვავს სჯულიან-უსჯულოს,

მარჯვედ მამხმარე ფარისა.

ჭერხო აავსო უნჯითა

როგორც სალარო ხანისა“.

მაგრამ ამ შთამბეჭდავი დახასიათების შემდეგ, აფშინას, ერთი შეხედვით, „კაი ყმად“ რომ წარმოგვიდგენს, უცებ გოგოთური წამოიმართება, რომელიც  თურმე აფშინას „ნეკით გასტყვარცნის“ და იქვე „მსჯობნს მსჯობნი არ გამოელევაო“ გაგახსენებს:

„ნეკით გასტყვარცნის აფშინა

ხე და ქვათ შაეცხებაო“.

პოემა, მიუხედავად მისი მომცროობისა, თავის თავში ეპოსის შტრიხების მატარებელია.  გოგოთურის სახე ეპიკური ნაწარმოების გმირის დარადაა გამოხატული, რომელსაც  ხსენებულ ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად, მაღალი მორალიც ამშვენებს – მეომრობისდაკვალად იგი გამრჯე ადამიანი („ამბობს ომის დროს ვიომოთ, არა’დ ვიქნიოთ ცელია“) და კარგი მონადირეა.

ყოველი ეპოსის გმირს, რომელიღაც მომენტში, ჭარბი ძალა აუცილებლად საფრთხის ქვეშ აყენებს. ასე ვთქვათ, საკუთარი ძალის ზემოქმედებას განიცდის და შედეგად, გაბუდაყებულ-გაბოროტებული ისჯება კიდევაც. გოგოთურმა იცის ეს და ამიტომაცაა, რომ შინ უქმად არ ჩერდება და საკუთარ ენერგიას სასიკეთოდ წარმართავს. თუმცა ამ დროს ცდუნებაც წამოყოფს თავს ცოლის სახით:

„ცოლი აუტყდა გოგოთურს:

-რად გინდა დიდი სხეული,

თუკი ზღურბლს არ გაცილდები

როგორც სახადით სნეული?!

წადი შენც ვინმე გაცარცვე,

არ გინდა სარჩო ნეტარა?

ქისტებს თავები გაჰბალთე,

ხევსურთ დაადევ ბეგარა.

ამბობენ აფშინაის ცხენს

ტანი სულ ვერცხლით ეფარა“.

ცოლის მიერ წამოყვედრებული თითოეული არგუმენტი გოგოთურის სიქველის, ღვაწლის არად ჩაგდებაა.  ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ცუდ-მრუდ აფშინას სახელი უფრო შორსაა გავარდნილი და ერთგვარ იდეალად წარმოსახული, ვიდრე ჭეშმარიტი გმირის – გოგოთურისა.  პოემა გმირისა და ფსევდოგმირის  გამოვლინებას ეთმობა.

ცოლთან პაექრობაში გოგოთურის შინაგანი სამყარო უფრო მეტად იშლება. ჩანს, რომ იგი სახელისათვის არ იბრძვის – მაშინ მუდამდღე ამას დაიკვეხნიდა; პატივისათვის არ იხარჯება – მაშინ მეფის შემოთავაზებას სიხარულით აიტაცებდა. არც სიმდიდრისთვის იკლავს თავს, რადგან საკუთარი ოფლით ნაშოვნს არ დასჯერდებოდა და მომხვეჭელობის ვნებას აყოლილი, თუნდაც ქისტებს დაეცემოდა. ერთადერთი, რის გამოც გოგოთური წუხს, ეს სამშობლოსთვის, რაც შეიძლება მეტხანს, სამსახურია, მანამ, სანამ ჯანი და ღონე ასდევს.

გოგოთურის სიდინჯეში ბრძენი კაცის ცინიზმი გამოსჭვივის, რომელსაც ეს ყველაფერი უკვე დიდი ხნის ნაფიქრი აქვს და მონოლითურ, ბზარდაუმჩნეველ მრწამსად ჩამოუქნია. ამიტომაცაა, რომ არ ამჩატდება, არ დაიბოღმება და:

„დედაკაცს დაათათბირებს

-უნდა მიმოვვლო ხმელიო,

რასაც შენა მთხოვ, იმისა,

წავალ, ვიქნები მქნელიო.

მოყვრებში გამაემართა

ამის დაცინვით მთქმელიო“.

გოგოთურის სახლიდან გამოსვლა, თუნდაც დროებით, თან, ისიც მოყვრებში, ერთგვარად სიწმინდის შესანარჩუნებლად, მაცდურად ჩასმენილი ზრახვებისაგან თავის არიდებად,  „განსაწმენდად“ წამოსული კაცის ნაბიჯად უნდა შეფასდეს. აკი თავად ეუბნება ცოლს:

„თუკი მაცდური არა ხარ,

ეგ საყვედური რა არი?!“

ვაჟას პოემებისთვის ერთი რამაა ნიშნეული – მას ეპიკისათვის სამყოფი მასალა მცირე, ცალკეული პოემების სახით გადმოუცია (მისი თანამედროვე ეპოქა ითხოვს ასე) და თითო პოემაში თითო საკითხისათვის მიუჩენია ადგილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს პოემები სინამდვილეში ერთმანეთის გაგრძელებანი არიან, უფრო სწორად, ერთი თემის ვარიაციებს წარმოადგენენ.

ცოლისა და საზოგადოების, აგრეთვე, სხვა გარემოებებით გულდამძიმებული მინდიაც უამრავ საცდუნებელთა წინაშე აღმოჩნდება.  თუმცა კარგავს თავის უნარს, რომლითაც იგი საკუთარ ხალხს ეხმარებოდა და ეს  მისი ტრაგედიის საფუძველი ხდება:

„…რომ სწუწუნებდი, ჩიოდი:

„სიცივე ბავშვებს მილევსო“,

შვილ-მამკვდარივით ჰკიოდი:

„ბერდიას რამდენ შეშა აქვ,

როგორ ცეცხლს ანთებს ჰნახოდი“,

ცხოვრების მაგალითადა

ბრიყვები დამისახოდი“.  (აქ კურსივი ჩვენია -ო.ქ.)

გოგოთურის შემთხვევაში კი ასეთ უნარად მისი შეგნება წარმოგვიდგება, რომლისაც მის ცოლს/საზოგადოებრივ აზრს არაფერი ესმის. გოგოთური არ უჩერდება ამ აზრს, არ ეთრევინება.

აზერბაიჯანულ საგმირო ეპოს „ქოროღლიში“ მთავარ გმირ ქოროღლის ტოლ ვაჟკაცად გიზიროღლი მუსტაფა ბეგია მიჩნეული:

„ბაღდადის მიღმა-მოღმა მოსადევარში იყო ერთი სახელგანთქმული ვაჟკაცი, გიზიროღლი მუსტაფა ბეგი. ეს გიზიროღლი მუსტაფა ბეგი ძალიან ყოჩაღი და მკლავღონიერი კაცი იყო. იმისი მამა წინათ გზირი ყოფილიყო, მერე ხონთქარს როგორღაც თვალში არ მოსვლოდა და უსამართლოდ ჩამოეხრჩო.  ამის შემდეგ მისი შვილი გიზიროღლი მუსტაფა ბეგი ორმოცი თანამზრახველი ცხენოსნით მთაში ყაჩაღად გავარდნილიყო. ფაშებთან მტრობა ჰქონდა. ხანდახან მამამისის მტრებიდან რომელიმეს დაეცემოდა, დაიჭერდა, სახრჩობელაზე ჩამოჰკიდებდა და ისევ მთებში დაიკარგებოდა.

 გიზიროღლი მუსტაფა ბეგს დიდი ხანია  უნდოდა, როგორმე ქოროღლის შეხვედროდა, ორთარკენაში გამოეწვია და ძალ-ღონეში დასტოლებოდა.  ნათქვამია, ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში არ მოიხარშებაო და გიზიროღლიც ამბობდა: „ან ჩემი ბიჭობა უნდა ითქვას, ან იმისიო. ქოროღლისაც ბევრი გაეგო გიზიროღლი მუსტაფა ბეგზე. პირადად არასოდეს ენახა, მაგრამ მის მკლავმაგრობაზე ბევრი სმენოდა. ისიც კარგად იცოდა, რომ გიზიროღლი, როგორც იტყვიან – ის მთა მე და ეს ხევი შენიო – ამის მადევარი იყო და პირველობას ეძიებდა“.

ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში არ მოიხარშებაო“ – ეს აქსიომაა, მაგრამ ქოროღლის არ ანაღვლებს გიზიროღლი მუსტაფა ბეგთან შებმა. ალბათ, ორი გარემოების გამო: 1) ქოროღლის ვინმესთან ჭიდილი საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად არ სჭირდება – იგი ან ვიღაცის დასამეგობრებლად იყენებს ამ ხერხს, ანდა მტრებთან ბრძოლაში ავლენს თავის უძლეველობას. 2) გიზიროღლი მუსტაფა ბეგიც მასავით მამის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო იბრძვის და ამდენად, ქოროღლი მის მიმართ სიმპათიითა განწყობილი. ამიტომაცაა, რომ ხალხური ცნობიერება მათ შერკინებას კომიკურად აღწერს. ყირათის დარად გიზიროღლის ალაფაჩას (მათი ცხენების სახელებია -ო.ქ.) სიჩაუქესაც ასხამს ხოტბას და ქოროღლის „ნეტავ ერთი მამა გვყავდესო“ ათქმევინებს.

თუმცა გოგოთურსა და აფშინას შეხვედრას „ქოროღლიდან“ ქოროღლისა და დალი ჰასანის შეყრა უფრო ეთანადება.

დალი ჰასანმა „ჯერ ქოროღლის შეხედა, მერე ყირათი შეათვალიერა და იკითხა:

-ვინა ხარ და ამ ადგილებში რას დადიხარ?

-მგზავრი ვარ – მოუგო ქოროღლიმ.

ბიჭმა ქოროღლის ცხენი კიდევ შეათვალიერა და:

  • ეგ ცხენი სად გიშოვნია?
  • ჩემი ცხენია.
  • დღეიდან ჩემი იქნება. ჩამო ცხენიდან.

ქოროღლიმ უთხრა:

-გირჩევ, წახვიდე და გზას ბარაქა დააყარო. თორემ შენი საქმე ცუდად იქნება!

ბიჭი ამ სიტყვებზე გაბრაზდა. სადავე მოსწია, ცხენი ყალყზე შეაყენა და ქოროღლის ეუბნება:

-ჩანს, რომ არა გცნობივარ! რომ გცნობოდი, ასე აღარ დამიწყებდი ლაპარაკს. მე დალი ჰასანს მეძახიან. ამ გზაზე ვინც აივლ-ჩაივლის, ყველა ბაჟსა და ხარაჯას მიხდის.

ქოროღლი მამის სიკვდილის დღიდან მოყოლებული,  დალი ჰასანს ეძებდა. უნდოდა, დამეგობრობოდა და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამ საქმეს ასე იოლად თავი არ მოებმებოდა, უჩხუბ-უომრად არაფერი გამოვიდოდა“.

და ქოროღლი ჯერ თავისას ცდილობს. სურს, დალი ჰასანი გონზე მოიყვანოს. მაგრამ დაცინვის მეტს ვერაფერს იღებს და: „… ბოლოს ქოროღლიმ ერთი დელიბაშურად დაჰკივლა, დალი ჰასანი აიღო, მიწაზე დასცა და გულბოყვზე მუხლი დააჭირა. ქოროღლიმ რომ ხელი ხმლისკენ წაიღო, დალი ჰასანს ერთი ოხვრა დასცა.

ქოროღლიმ უთხრა:

  • ერთი პეშვი სისხლი რა გაგხდომია, რომ ეგრე ამოიოხრე?
  • ჰეი, ვაჟკაცო, არ გეგონოს, ჩემს სულს დავკანკალებდე. აღთქმა მქონდა დადებული, აღთქმას ვერ ვასრულებ და იმაზე ამოვიოხრე.
  • რა აღთქმა იყო ასეთი? – შეეკითხა ქოროღლი.
  • ის აღთქმა იყო, რომ ვინც მე დამამარცხებდა, ძმად და მეგობრად გავხდომოდი“.

(თარგმანი ზეზვა მედულაშვილისა)

 

გოგოთური და აფშინა ერთმანეთს არ დაეძებენ, რადგან ორივე სხვადასხვა ცნობიერების ადამიანია. გოგოთურისთვის აფშინასთვის მოცლა დროის ფუჭი  დაკარგვაა. ხოლო აფშინას გოგოთურის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ გოგოთური მას არაფერს ეცილება. თუმცა გარდაუვალობა მათ მაინც ახვედრებს ერთმანეთს:

 

„გოგოთურს ჰხედავს აფშინა,

გულშიაც ჩაეცინება,

ზედ მიჰვარდება ცხენ-და-ცხენ,

უდივრად შაიგინება, –

აფშინას ბაწარაულის

შუქი შორს გაიფინება:

-იარაღნ მამცენ, ფშაველო,

რად გი, არ იცი ხმარება! –

პირდაპირია აფშინა,

ვაჟკაცს არ უყვარს პარება.

რა გაკვირვებით მიყურებ?

აფშინას მეძახიანო!

ჰა, თორო შავთხოვ ფრანგულსა,

ხმალო, გამიჭერ, ფხიანო!“

 

აფშინა გაბუდაყებული, გათავხედებული ადამიანია, რადგან მას შეგნება აკლია, შეგნება სიქველისა და სიავის გარჩევისა. დალი ჰასანის დარად ისიც ამპარტავნობითაა აღვსილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დალი ჰასანი თავისი მომრევის გამოჩენას ელოდება. აფშინაც უნდა შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მას თავად არ სურს და არც მოელის ამას.

ვაჟა-ფშაველას მიერ აფშინას თუნდაც ირონიულად ვაჟკაცად მოხსენიება („ვაჟკაცს არ უყვარს პარება“) მისდამი ავტორის ერთგვარ სიმპათიასაც  უსვამს ხაზს.

ქოროღლის მსგავსად, გოგოთურსაც სურს კეთილის სიტყვით გამოარკვიოს აფშინა.  თანაც აინტერესებს, თუ მოსდგამს სიბრალულისა და ადამიანურობის რაიმე ნიშატი. ამიტომაც ჯერ თავის ვინაობას არ ამხელს და თავსაც ისაწყლებს:

 

„ – რადა, ძმობილო, რად-აგრე?

გან დიაცი ვარ ორსული?

დედამ გამზარდა მენაცა,

ნეხვჩი არა ვარ მოსული!

თუ მართლა აფშინაი ხარ,

იარაღთ რად მყრი, ძმისაო?

უიარაღო გამიშვა

ხათრი არა გაქვს ღვთისაო?!“

 

მაგრამ ამან აფშინას გული არათუ ვერ მოულბო, არამედ კიდევ უფრო გაუსასტიკა და გაახელა. აფშინამ მიიჩნია, რომ გოგოთურს მისი ეშინოდა და ეს ხვეწნა მუდარაც მხოლოდ საკუთარ ნივთთათვის ვერშემლევი კაცის აჯა იყო და მეტი არაფერი.

როდესაც თავისი მცდელობით გოგოთურმა აფშინასთან ვერაფერი გააწყო და კეთილი სიტყვითაც ვერაფერი ჩააგონა, ჯერი უკიდურეს ზომაზე – ფიზიკური ძალის გამოყენებაზე მიდგა. გოგოთური აფშინას მაშინ დაეცა, როცა ეს უკანასკნელი ამას არაფრით მოელოდა და მორიგი „გამარჯვებით“ დამტკბარი თავის სამყოფლოში აპირებდა გაბრუნებას. გოგოთურის მიერ „მარჯვე დროის“ შერჩევამ ფსიქოლოგიურად გადაასხვაფერა აფშინა.  ზოგადად, ამგვარი შერკინებების ამსახავი ქართული თუ უცხოური ლიტერატურა აჩვენებს, რომ ორი მებრძოლიდან ერთ-ერთი, ძლევის შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად ჩიავდება ან  კიდევ უფრო მეტად იბოღმება.  მაგალითად,  „ამირანდარეჯანიანში“  საკუთარი თავის ტოლუპოვარ ფალავნად წარმომსახავი ამირან დარეჯანის ძე,  როცა იგებს, რომ ვიღაც ამბრი არაბს აქებენ, სასწრაფოდ  გასწევს მასთან შესარკინებლად, მაგრამ ცოცხალს ვერ მიუსწრებს. ამბრი არაბს უკვე მიასვენებდნენ, რომელსაც გზად კუბოდან ცალი ფეხი გადმოეკიდა იმ ჯაყჯაყში. ამირან დარეჯანის ძე კი რამდენიც არ შეეცადა, რომ ფეხი ისევ კუბოში ჩაესვენებინა,  არაფერი გამოუვიდა და ამან თავზარი დასცა – მას – მკვდარს ვერ მოვერიე და ცოცხალს როგორღა გავუმკლავდებოდიო.  ამ შემთხვევამ იგი მართალია დროებით, მაგრამ მაინც დააძაბუნა. რატომ?  იმიტომ, რომ ამ ეპოსში ფალავნის სიძლიერე მის ფიზიკურ შესაძლებლობებთან არის გაიგივებული და ზღვარდადებული. არადა, მხოლოდ სულიერი სამყაროა თვალუწვდენელი, ამოუწყავი და ვაჟკაცობაც, პირველ ყოვლისა, სულის თვისებაა, სულის კეთილშობილებაა, ფიზიკური სიძლიერე მხოლოდ საშუალებაა მის გამოსავლენად.

აფშინაც ფიზიკურ სიძლიერეზე ორიენტირებული პერსონაჟია, განსხვავებით გოგოთურისაგან, რომელიც აჩვენებს, რომ მეომრის დანიშნულება სულაც არ არის ადამიანთა მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტა, მით უმეტეს ძარცვა, პირიქით, მათი გადარჩენა და დაცვაა. ჭეშმარიტი გმირი ფიზიკურ სიძლიერეს იშვიათად, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს.

გოგოთურმა აფშინა სამი ფსიქოლოგიური ეტაპის გამოტარებით ააღორძინა:

  • ჯერ თავი ისაწყლა და ამით აფშინას მედიდურობა, საკუთარ თავში ზღვარგადასული დარწმუნებულობა მწვერვალებს უწვდინა;
  • ფიზიკური დაჯაბნვით მას ეს ილუზია გაუფანტა და შემდეგ მის მიერ შერჩეული გზის სიმცდარე გაუთვალცხადა;
  • ხელი არ ჰკრა კაცს, რომელმაც შველა ითხოვა მისგან და ძმადაც გაეფიცა.

 

რატომ არ მოკლა გოგოთურმა აფშინა?

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოთურმა მასში ენერგია, შემართება იგულა – „შენც ჯანიანი ყოფილხარ, როგორაც წეღან გცადია“ – ეუბნება იგი აფშინას დაძმობილების შემდეგ. აფშინას მოკვლით გოგოთური მოსპობდა ამ ენერგიას და მამულისთვის უხმარს გახდიდა. იგი მიხვდა, რომ ზნეობრივად დაცემულ ადამიანს, ზნეობრივი თანადგომა ესაჭიროებოდა.  სად ჰყავს მამულს დასაკარგავი შვილები? – ეს ვაჟას კრედოა.

რაც შეეხება აფშინას, მანაც თავის მხრივ გაიცნობიერა, რომ გოგოთურის სიძლიერე მისი ადამიანურობიდან იკვებებოდა და ამან გააოგნა.  შეიგნო, რომ რასაც აქამდე სჩადიოდა, მას ვაჟკაცობასთან საერთო არაფერი ჰქონდა და თვალები ახლა აეხილა:

„მეგონა თავი, ამბობდა,

გაუტეხელი ბურჯია;

ეხლა სჯობს სახჩი ვიმალო,

თავზე დავირტყა გურჩია.

მოდი, გაკოცო, გოგოთურ,

სიკეთისათვის შუბლჩია“.

 

აფშინამ დააგდო ძველი გზა, ცხენი და აბჯარი სხვას მისცა – „გახდა ერთგული რჯულისა“ ანუ მონანიებას მიჰყო ხელი და პოემის ბოლოსკენ მას უკვე ხევისბრად ვხედავთ.

ვაჟა-ფშაველა სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, მოქალაქეობრივ შეგნებაზე მოფიქრალი პოეტი და მოაზროვნეა, – იმდენად ღრმად აქვს ეს ფაქტორი შესწავლილ-გამოკვლეული.

თუკი ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის, როგორც თანამედროვე გაგებით ნაციის ჩამოყალიბებას ესწრაფოდა, ვაჟა პიროვნებისა და სახელმწიფო/მამულის მიმართების სამარადჟამოდ აქტუალურ კონცეფციას უკირკიტებს, რისი ერთ-ერთი ცხადი დასტურიც სწორედაც რომ „გოგოთურ და აფშინაა“.

წიგნიდან  „129  გვერდი  ლიტერატურაზე“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი