პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მედროვეთა გასაგონად

ცოტა ხნის წინ
ევროპაში მცხოვრებ ერთ ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი „სკაიპით”.
ალბათ
თქვენც დაკვირვებიხართ, ასეთ დროს რაც უფრო დიდხანს გრძელდება საუბარი, მით უფრო ცუდ
ხასიათზე დგები ბოლოს – ათასი რამე გახსენდება, ძველი და დავიწყებული, მონატრებული
და „ტკბილ” სიტყვებსაც არ იშურებ იმათ მოსაკითხად, ვინც ამ დღეში ჩააგდო ქვეყანა და
ხალხი.

– მარტო მაგათ
გამო კი არ ხდება ეგ ყველაფერი, – მპასუხობს უცებ ჩემი მეგობარი, – ჩვენც კაი მედროვეები
ვართ, ყველაფერზე წამსვლელები, ოღონდ ტყავი გადავირჩინოთ.

დიდხანს ვფიქრობ,
რა უნდა ვუპასუხო. არა, მარტივ „სმაილს” ვერ გავუგზავნი,
ასე ადვილად ვერ დავნებდები, ვერც დავეთანხმები.
სიმართლესთან
ახლოა მისი სიტყვები, მაგრამ ნამეტანი თავზე ნაცრის დაყრა ხომ არ გამოდის?

ჩვენს მანკიერ
თვისებებს ვინ მოთვლის, მემატიანეები და მოგზაურები ჩანიშვნას ვერ აუდიან ხოლმე, მაგრამ
ყველას და ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა რატომღაც გადამეტებული მეჩვენა. ეტყობა უცხოობაში
უფრო მგრძნობიარე ხდება ადამიანი და გაცილებით მტკივნეულადაც აღიქვამს აქაურ ამბებს.

მაინც ვფიქრობ,
რა უნდა ვუპასუხო, საიდან დავიწყო. ამ დროს უეცრად ლინკი მომდის. საგონებელში ვარ.
ჯერ ვუპასუხებ და მერე გავხსნი, თორემ 1:0 იქნება მის სასარგებლოდ – თეორემა წამოაყენა
და დამტკიცებაც მოაყოლა. ჩქარ-ჩქარა ვკრეფ:

– გეთანხმები.
უბრალოდ ხომ არიან ეგეთებიც, მედროვეებს რომ ჯანდაბაში გაუშვებს.

და ახალ ლინკს
ვუგზავნი „იუთუბიდან”, მინაწერით: „0:07-დან მოუსმინე”:

„…ხალხთან მოქცევა
თუ არ იცი, არ გამოვა არაფერი. ხალხთან მოქცევას ცოდნა უნდა, და ბავშვობიდანვე მასწავლიდა
ცხონებული მამაჩემი ამას… თოთხმეტი წლის ვიყავი და მეუბნება ერთხელ: შვილო, რომ დაინახო
ორი კაცი ერთმანეთზე მოსაკლავად იწევდეს, დააცადე, არ ჩაერიო შენ, თუ ერთმა მოკლა მეორე,
მიდი სატირალში, შეეწიე ოჯახს და იტირე შენცო. ახლა იმ მეორე კაცსაც სასამართლოზე რომ
გაიყვანენ, მიდი იქაც და ისე ილაპარაკე, ვითომ მთლად მისი ბრალი არ იყო ის ამბავი და
მისი ბრალიც რომ იყო, ისე. მიუსჯიან ციხეს, მიდი ოჯახში, მიუსამძიმრე, მათაც შეეწიე
რამე. ასეთი კაცი იყო მამაჩემი ბიკი ყუფარია” (სატელევიზიო მხატვრული ფილმი „დათა თუთაშხია”,
პირველი სერია).

ბავშვობაში „ნამიოკობანას”
ხშირად ვთამაშობდით ერთად, წყვილში, ამიტომ კარგად ვხვდები, რასაც გამოგზავნიდა. ლინკს
აუღელვებლად ვხსნი და ვუსმენ:

„სანამ ბოლშევიკები
აქ მოვიდოდნენ, რამე უნდა იჩალიჩო, ყვარყვარე…
(შემოდიან აბრაგები) ქვეყანა გადატრიალდა. დღეიდან ბოლშევიკურად უნდა ვიმუშავოთ, ყურები
კარქად გამეიფხიკეთ, აღსრულდა ჩვენი ოცნება, დადგა დრო სანეტარო,
გაიხარე მუშავ წამებულო!
(სტუდენტს ძველი დროშა
შემოაქვს, შეკითხვით: „დავწვა?”)
რა უნდა დაწვა, შე ცალტვინა, რა იცი, როდის დაგჭირდება”
(მხატვრული ფილმი „ყვარყვარე”).


უშანგი ჩხეიძე ყვარყვარეს როლში (რეჟ. გრიგოლ სულიაშვილი, ქუთაისი, 1929 წ.)


ძალიან შორსაა
ეს ორი ამბავი ჩვენგან? დიახ, გასული საუკუნისაა ის ორი წიგნი და ის ორი ფილმიც, მაგრამ
მედროვეობა რომ მარადიულ, მარად თანამდევ თვისებებს მიეკუთვნება? კარგად კი ვიცინით
პოლიკარპე კაკაბაძისა და ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟთა მონოლოგებზე, მაგრამ დღესაც,
ამ წუთას, რამდენი ვინმე გვახსენდება, ვინც ყვარყვარე თუთაბერისა და ყველო ყუფარიას
ადგილს დაიჭერდა, სიამოვნებით გამორჩებოდა ყველა წყობილებას სათავისოდ რამეს, ყოველ
შემთხვევაში, არსად არ დაიჩაგრებოდა.

გასული საუკუნე
ვახსენეთ და ამ საუკუნეშიც გამოქვეყნდა ერთი ძალზე სადღეისო და საყურადღებო წერილი-დიალოგი,
სადაც ოთარ ჭილაძე ჯანსაღი საზოგადოების შექმნის საფუძვლად ახალგაზრდების აღზრდას ასახელებს
ოჯახსა და სკოლაში:

„მე განსაკუთრებულად
ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება – უნიჭიერესი და უვიცი, არასწორი წარმოდგენებისა
და ფუჭი ილუზიების ტყვე. შენ რომ არ გისმენს, არაფრად რომ აღარ გაგდებს, ეს კიდევ არაფერი,
ამას შენც მოინელებ და, რა თქმა უნდა, აპატიებ, მაგრამ შეიძლება მართლა გაგისკდეს გული,
როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ბრმად ენდობა ნებისმიერ სულგაყიდულ, სინდისგარეცხილ
მედროვეს, რომელიც აშკარად პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა კიდევ უარესი, სხვა, უფრო
დიდი მედროვის ფარული მითითებების შესაბამისად, დაუნანებლად სვრის, ბილწავს, ასახიჩრებს
ირგვლივ ყველაფერს; აკნინებს, აბითურებს წმინდა ცნებებს; ეჭვის ქვეშ აყენებს საუკუნეობით
დადგენილსა და დაკანონებულს… პირუტყვულ თავისუფლებას ქადაგებს ზნეწამხდარ ოჯახებსა
და ფუნქციადაკარგულ სკოლებში…” („მედროვეები და დრო”, 2006).

ხედავ, ძმაო? – ამბობს ჩემი მეგობარი, – ჩვენი გამოსწორება არ იქნება.

აზრი არა აქვს
შეპასუხებას, კამათს, ვცდილობ არ ავყვე:

– შენკენ რა ხდება
ახალი, დაიწყე მუშაობა? – ვკრეფ და სანამ მისი პასუხი მოვიდოდეს, არც ის საფიქრალი
ამომდის თავიდან, შუაგზაზე რომ გავწყვიტე, მტკივნეულ ადგილას.

…თუკი ვთანხმდებით,
რომ ოჯახი და სკოლა აყალიბებს პიროვნებას, მაშინ არც იმ მედროვეების დასახელება უნდა
გაგვიჭირდეს, რომლებიც, სხვადასხვა პროფესიის სამოსში გამოწყობილნი, ზნეობისა და ქცევის
კოდექსს უკითხავენ საზოგადოებას. ოღონდ შორს ნუ დავიწყებთ ხოლმე ძებნას – სხვა კონტინენტზე,
გასულ საუკუნეებში – აქვე, ახლოს მოვავლოთ თვალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი