ქართული  „შესაქმე“

სვეტი-ცხოვლის მნიშვნელობა იმითაც განისაზღვრება, რომ მისი აღმართვა ქართული ეკლესიის დაფუძნებასაც გულისხმობდა.

მწერლობაში სვეტი-ცხოველმა „მოქცევაჲ ქართლისაჲდან“ – „წმ. ნინოს ცხოვრებიდან“ შემოაღწია, უფრო ზუსტად, სვეტი-ცხოველის ლიტერატურულ – მხატვრული გააზრება აქედან იღებს სათავეს. „წმ. ნინოს ცხოვრება“ ჩვენამდე რამდენიმე ხელნაწერით არის მოღწეული. გამოვლენილია ნაწარმოების უძველესი შრეებიც, რითაც მტკიცდება, რომ „წმ. ნინოს ცხოვრება“ ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნაწარმოებია.

სვეტი-ცხოვლის აღმართვა უკავშირდება მეფე მირიანის მოქცევას. ქართველთა მთავრის, მეფის გაქრისტიანების შემდეგ იხილა ერმა უდიდესი სასწაული. თუმცა ღვთის ჩენას მცხეთაში სვეტი-ცხოველის აღმართვამდე ჰქონდა ადგილი, მაშინ, როდესაც წმ. ნინოს ლოცვით კერპები დაამხო უფალმა: „და ვითარცა წამის-ყოფაჲ თუალისაჲ იყო, დასავლით ჰაერნი და ქარნი შეიძრნეს და ჴმა-სცეს ქუხილთა ჴმითა საზარელთა. და აჩნდა ღრუბელი მოწრაფჱ, ნიშანსაშინელი“ [შატბერდის კრებული 1979: 335]; “ღრუბელი მოწრაფჱ“ იგივე ბიბლიური  ღრუბლის „სუეტი“ უნდა იყოს, უფლის მრისხანების ჟამს მოვლენილი ურწმუნოთა დასასჯელად. ასევე სვეტი-ცხოველის უახლესი პარადიგმები ჩანს იმ ნაძვების სახეში,  რომელთა ქვეშაც სასწაულმოქმედი „ბაბილოები“ იყო აღმოცენებული. „ქუეშე“ ამ შემთხვევაში ფესვებს უნდა უკავშირდებოდეს, ფესვები – მიწას, საიდანაც იკვეთება სვეტი-ცხოველის მიწიერი საწყისი.

მირიან მეფე ეკითხება წმ. ნინოს: „სადა უშენო სახლი ღმერთსა?“ – რაც პირდაპირი გამეორებაა პავლე მოციქულის სიტყვებისა: ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ“ (I ტიმ. 3,15).

ღვთის სახლის ასაშენებლად მოჰკვეთეს ნაძვი და „შემზადეს სუეტად“. ეს ის ნაძვი უნდა იყოს, რომლის ქვეშაც ხარობდა სასწაულმოქმედი „ბაბილოები“.  გადმოცემის თანახმად, ხე, რომელიც სვეტად შეამზადეს, ქრისტეს პერანგზე იყო ამოსული, მისი ადგილი კი მხოლოდ წმ. ნინომ უწყოდა. სვეტის აღმართვა ვერავინ შეძლო,  მეფე და ხალხი საგონებელში ჩავარდა. „ხოლო სანატრელი იგი გოდებდა და დაადენდა ცრემლთა სუეტსა მას ზედა“. ცრემლი ქრისტიანულ სახისმეტყველებაში განწმენდის, სისპეტაკის და მონანიების სიმბოლოა. ცრემლით დაულტო, დაბანა მარიამ მაგდალელმა ფეხები ხორციელ კაცად მოვლენილ ღვთის ძეს. წმ. ნინოს ხომ მამისგან ჰქონდა ჩაგონებული: „ხოლო შენ მაგდანელისა მარიამის შური აღიღე სიყუარულისათჳს ქრისტესისა და დათა ლაზარესთა“. სწორედ ქრისტეს სიყვარულისთვის დაადინა წმ. მოციქულმა ცრემლი ქრისტეს კვართის საფლავზე ამოსული ხისგან შექმნილ სვეტს, როგორც ქრისტეს სხეულს, ისევე როგორც მარიამ მაგდალელი – უფლის ფეხებს. ცრემლთა დენა იყო საწინდარი სვეტი-ცხოველის სასწაულებრივი აღმართვისა, რომელიც ქრისტეს აღდგომის სიმბოლურ გააზრებას წარმოადგენს.

სვეტთან მოქვითინე წმ. ნინო თითქოს ჯვარცმულ შვილთან მგლოვიარე მარიამის სახეც უნდა იყოს, რომელსაც აღდგომა მოჰყვება, აღდგომა იესო ქრისტესი და აღდგომა, იგივე აღმართვა სვეტი–ცხოველისა.

პირველ შემთხვევაში აღდგომას ადამის  მოდგმის ხსნა მოჰყვა, მეორე შემთხვევაში კი ქართველთა ხსნა – მრავალწლიანი უღმერთობიდან და წარმართობიდან გამოსვლა.

წმ. ნინოს ცრემლებს პატიოსანი ჯვრის აღმართვის ეპიზოდშიც ვხვდებით, მბრწყინავი, სასწაულებრივად მოვლენილი ვარსკვლავი: „ნელიად-ნელიად განდგის მიერ კერძოდ არაგუსა და დადგის ბორცუსა ზედა კლდისასა, ზემო კერძო, ახლოს წყაროსა მას, რომელი იგი აღმოადინეს ცრემლთა წმიდისა ნინოჲსთა, და მუნით აღმაღლდის ზეცად“ [შატბერდის კრებული 1979: 348].  ორივე შემთხვევაში წმინდა მოციქულის ცრემლი აღდგომას, „აღმაღლებას“  მოასწავებს, წყარო სიმბოლურად ქრისტეს, რწმენას უკავშირდება, მაგალითად, გურამიშვილთან, ხოლო წმ. ნინოს ცრემლებით „აღმოდინებული“ წყარო წმინდანის მიერ ქრისტეს რწმენის დანერგვაა, ურწმუნოთა გაქრისტიანებაა.

სვეტის დაფუძნებას „ხარისხსა ზედა“ წინ უძღოდა წმ. ნინოსა და თორმეტი დედის ხილვა, ზმანება. მათ შუაღამისას ორი მთის – არმაზისა და ზადენის  წარმოქცევა იხილეს, როგორც ქართლში ურწმუნოების დარღვევის სიმბოლო. ამას მტრის შემოსევა და სისხლის ღვრა მოჰყვა. ყველაფერი არეულია, ირგვლივ ქაოსია. ხმა გაისმის, მეფე შეიპყრესო, წმ. ნინო და ქალები ცრემლებად იღვრებიან.

ყველაფერი ქაოსს მოუცავს, ისე როგორც შესაქმემდე.  და მცხეთაში სიმბოლურად იწყება ქართული „დაბადება“, ქართული შესაქმე. მყარდება წესრიგი. ეს ყველაფერი კარგად უწყის წმ. ნინომ: „უბრძანებ ქართა და ნიავთა: წარვედით ბნელთა ჩრდილოჲსათა, მთათა მათ კედარისათა. აქა მოვიდა იგი, რომელსა თქუენ ევლტოდეთ.“ ურწმუნოება, ბნელეთი, ქაოსი  გაძევებულია. მყარდება კოსმოსი, რომელსაც წმ. მოციქულის ხელით ჯვრის გამოსახვით ედება დასაბამი.

და სწორედ ამ საოცარი ზმანების შემდეგ, როდესაც ირგვლივ სიმშვიდეა, გათენებისას, ნათლის შემოსვლის დროს, გამოჩნდება ზეციური ჭაბუკი „ყოვლადვე ნათლითა შემოსილი, და მოებლარდნა ცეცხლის-სახედ ზეწარი, და არქუნა სამნი რაჲმე სიტყუანი ნეტარსა ნინოს“. ეს სამი სიტყვა სამების გამომხატველი უნდა იყოს. სამი სიტყვით –  მამა, ძე და სულიწმინდა –  იწყება სვეტი-ცხოვლის დაფუძნება, მცხეთური შესაქმის დასრულება. ჭაბუკი სვეტს ზეცად წაიღებს – აქ იკვეთება მისი ზეცასთან ზიარება, ზეციური საწყისი. მიწიერი საწყისი მას ხედ ყოფნის ჟამს, როდესაც ფესვები მიწის სიღრმეებში ჰქონდა გადგმული, უკვე აქვს. აქედანაც გამომდინარეობს სვეტი-ცხოველის შუამავლობა,  მედიუმობა მიწასა და ზეცას შორის. იგი დედამიწის, მიწიერი საწყისისა და ცის, არაამქვეყნიურობის, რეალურისა და ირეალურის შემაერთებელი ხდება.

ღამეული ზმანება ნათლით იცვლება, ნათელი აძევებს ბნელს. სვეტი ცეცხლის სახედ ეშვება ზეციდან მიწაზე, თავის საძირკველზე. თუმცა პირდაპირ არ დაფუძნებულა, არ მიახლებია თავის „ხარისხს“ – იგი ჰაერში გაჩერდება და ნელ-ნელა დაიწყებს  ძირთან მიახლოებას. გარიჟრაჟს მეფე მირიანმა იხილა: „ნათელი, ვითარცა ელვაჲ, ზეცადმდე აღწევნული სამოთხესა მას“.

მთელი ერი გახდა მოწმე იმისა,  თუ როგორ ჩამოვიდოდა „ნათლითა მბრწყინვალეჲ სუეტი იგი“ ადამიანისგან ხელშეუხებლად და ემყარებოდა თავისავე გადანაჭერს, თავის საფუძველს. ამის შემდეგ სვეტი-ცხოველი ქართლში სასწაულებს ახდენს, როგორც მაცხოვარი, კურნავს სნეულთ, ხოლო ამ უდიდესი სასწაულის თვალით ხილვა სულიერ განკურნებასაც იწვევს.

ასე გაცხადდა უძველეს ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებში ქართველთა ახალი ეპოქის დადგომა, ახალი ერა, ახალი სარწმუნოება, ასე დაიწყო ახალი ისტორია, ახალი შესაქმე…

სვეტიცხოველი თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა ნათელს, რომელიც ქრისტიანულ კულტურაში საღვთო სახელად არის მიჩნეული. ნათლის სიმბოლიკა ლოგოსური მრავალფეროვნებით გამოირჩევა: დაუბნელებელი ნათელი, უხილავი ნათელი, დაუსაბამო ნათელი, უსხეულო ნათელი, შეუხებელი ნათელი, გამოუთქმელი, მიუჩრდილებელი ნათელი და ა.შ.

ასევე, განასხვავებენ მარად არსებულ შეუქმნელ ნათელს (ნათლის სულიერ ასპექტს) და ხილულ, შექმნილ ნათელს (ფიზიკურ ასპექტს).  ამ შემთხვევაში სვეტი-ცხოველი უხილავი ნათლის ხილულად მოვლინება უნდა იყოს. ესაა სასწაული, რომელიც მცხეთაში მოხდა.

ნათელი ღმერთის ბუნების შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა, ნათელი მომდინარეობს ღმერთისგან, ანუ სახიერებისგან და, ამავე დროს, თვით ნათელია სახე სახიერებისა. ნათელი არის ყოველი სინათლეგანფენილობის წყარო და, აქედან გამომდინარე, ღმერთი, როგორც ნათელი, მარადიულია, დაუსაბამოა და უსაწყისოა.

სვეტი-ცხოველი ნათლის სვეტად წარმოდგება და ამიტომაც იგი ქართველებისთვის ღვთისჩენაა, თეოფანიაა, უფლის გამოცხადებაა, დაუსაბამო ნათლის „ჩენაა“. სწორედ ეს ნათელია, სვეტიცხოველთან ერთად რომ იჩენს ხოლმე თავს ქართულ აგიოგრაფიაში (და არა მხოლოდ მასში) და უცილობლად სასწაულს, მოწამეობას უკავშირდება.

კომენტარები

comments