პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რობერ ბრესონი: სინამდვილის შესწორება

„სიმართლე მსხვრევადია. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – წერს ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო რობერ ბრესონის ჩანაწერების წიგნის შესავალში. ეს შესანიშნავი კრებული – „ჩანაწერები კინემატოგრაფზე“ რამდენიმე წლის წინ ქართულადაც თარგმნეს და გამოსცეს. მახსოვს, უამინდობამ სახლიდან გასვლა ვერ გადამაფიქრებინა და სტამბიდან ახლად გამოტანილი ვიყიდე კინოთეატრ „ამირანის“ ფოიეში სახელდახელოდ მოწყობილ დახლთან. მერე კი ისე დავატარებდი შავი ტილოს ჩანთით, როგორც განძს, როგორც გაუსაძლისად მშვენიერ ნივთს, გარდაცვლილი მეგობრისაგან სახსოვრად რომ დამრჩენოდა.

მას შემდეგ ვკითხულობ და ვკითხულობ. ქართული გამოცემა 130 გვერდს ითვლის – თვალი ნაწერს ვერ სწყდება, ბოლო ჩანაწერამდე მისაღწევად საათიც არ მჭირდება.

დროდადრო, ალბათ, ყველა ვამოწმებთ, სწორად ავირჩიეთ თუ არა მიმართულება; მეტისმეტად ბევრი ან არსებითი ხომ არ გავწირეთ რაღაც უსახოს, ბუნდოვანს გამოკიდებულებმა. ეჭვების გაფანტვაში ხან რომელი ავტორი მეხმარება და ხან რომელი. რობერ ბრესონი კი ამ თავისი ნაწერით, ბრწყინვალე ფილმებით მართლაც შეუდარებელია.

„მაყურებელმა არ იცის, რა უნდა. თავს მოახვიე შენი სურვილები, შენი გრძნობები“. ამაზე კარგს დღეს რას წავიკითხავდი?

*

წერილში ორი ფილმი უნდა ვახსენო, დაუყოვნებლივ სანახავი, გადასამეორებელი, მეათედ მისაბრუნებელი ორი შედევრი: 1966 წელს გადაღებული „ასეთია ცხოვრება, ბალთზარ“ (Au hazard, Balthazar) და „მუშეტი“ (Mouchette), რომელიც 1977 წელს ნახა პირველად მაყურებელმა. აჩვენეთ შვილებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდებს თქვენ გარშემო და ნურაფერს აუხსნით. უბრალოდ, გზა მოუსუფთავეთ, ზედმეტი ქვა-ღორღისაგან გაუწმინდეთ.

ფილმების განხილვას არც მე შევუდგები. ამოცანად მხოლოდ დიდი სახელის შეხსენება, განწყობის შესაქმნელი ფრაზების შერჩევა დავისახე. და, ცხადია, რობერ ბრესონის ჩანაწერების წიგნთან მათი მიყვანაც, ვინც ეძებს, ქმნის, შექმნილს ანაწევრებს და თავიდან აწყობს.

„ადამიანებისა და საგნების ერთი საერთო საიდუმლო“. არა, ნაწერი მხოლოდ კინემატოგრაფს არ ეხება. სადაც უნდა იყოთ ამ წამს, ამ სიტყვების კითხვისას, მიმოიხედეთ.

„გამოსახულება და ხმა, როგორც ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გზაში გაიცნობენ და ვეღარ შორდებიან“. როგორი შედარებაა?

„იპოვო ძებნის გარეშე“. და სხვაგან ფრანგი მხატვრის, ჟან-ბატისტ-კამილ კოროს ნათქვამი: „არ უნდა ეძებო. უნდა დაელოდო“.

„კავშირები, რომლებიც ელიან ადამიანებსა და საგნებს, რათა იცოცხლონ“.

„იყოს შენთვის ისეთივე მოულოდნელი, რას აღბეჭდავ ფირზე, როგორც მეთევზისათვის –  რა ამოჰყვება მის ანკესს“. შესანიშნავი რჩევაა მისთვისაც, ვისაც წერა გადაუწყვეტია, ვინც ბნელ წყალში რაღაცის მოხელთებას ცდილობს. მართალია, ჩანაწერების ავტორი მკაფიოდ დასანახ ხაზს ავლებს კინემატოგრაფსა და ლიტერატურას, კინემატოგრაფსა და მხატვრობას, კინემატოგრაფსა და ხელოვნების სხვა დარგებს შორის, მაგრამ შრომის კანონს დამორჩილებული და გაკვირვებული მეთევზის ეს სახე მაინც უნივერსალურად მოჩანს.

და ჩემი საყვარელი: „შეასწორე სინამდვილე ისევ სინამდვილით“.

*

სანამ წერას დავიწყებდი, რობერ ბრესონის ორი ფილმი – სწორედ ისინი, რომლებიც ზემოთ დავასახელე – კიდევ ერთხელ ვნახე. არ ვიცი, რომლისკენ უფრო გამიწევდა გული, მეტის თქმა რომ მომენდომებინა. მარის („ასეთია ცხოვრება, ბალთაზარ“) და მუშეტის (ამავე სახელწოდების ფილმიდან, რომელიც ჟორჟ ბერნანოსის რომანის მიხედვითაა გადაღებული) სახეები დაუვიწყარია – მათი ისტორიები მრავალი სხვისასაც აირეკლავს და მაყურებლისასაც, რომლის ბავშვობისა თუ მოზარდობის განსაცდელიც, თვალშეჩვეული გარემოც შესაძლოა სულ სხვა ყოფილიყო. მე კი ვფიქრობდი: „ვიცნობ ფრანგული სოფლის ამ უგულო მოსახლეებს, ამ საცოდავ და სასტიკ ადამიანებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, კარგად იციან, რასაც აკეთებენ“.

ოთახში, სადაც მუშეტის ოჯახი ცხოვრობს, ერთ ყუთს, ყუთზე მიწერილ სიტყვას მივაქციე ყურადღება: „Fragile“ – მყიფე, მსხვრევადი. და მაშინვე გამახსენდა ჩანაწერების წიგნში წაკითხული: „საჭიროა, რომ შენი ფილმის პერსონაჟები და საგნები დადიოდნენ მწყობრი ნაბიჯით, როგორც თანამზრახველები“.

„არავითარი ფსიქოლოგია, – წერს იქვე ავტორი და ფრჩხილებში უთითებს: – მით უმეტეს ისეთი, რომელიც აღმოგვაჩენინებს მხოლოდ იმას, რისი ახსნაც თვითონ შეუძლია“.

ბოლომდე გავუძელი ცდუნებას – არ მიცდია ზედაპირზე თუ სიღრმეში დამალული იდეების ძებნა, მთავარი გმირების მამოძრავებელი მოტივების ახსნა. მინდოდა, ის მაყურებელი ვყოფილიყავი, რომელიც ხედავს, რომელსაც ესმის.

„დარწმუნდი, რომ ამოწურე ყველაფერი, რაც გამოიხატება უძრაობითა და სიჩუმით“.

რობერ ბრესონის მსხვრევადი სიმართლე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი