შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სიმშვიდისაკენ და სინათლისკენ

– ვისია ეს მიწა, ქართველების თუ აფხაზების? – ჰკითხეს ტაძრის ეზოში შეცვენილმა მეომრებმა მოძღვარს.
– ეს უფლის მიწაა.
კომანში მოწამებრივად დაღუპული მამა ანდრია ყურაშვილის ამ სიტყვებში არა მხოლოდ რწმენისთვის, არამედ სამშობლოსთვისაც თავდადადებული ადამიანი ჩანს. მისთვის მიწა გაცილებით მეტია, ვიდრე ტერიტორია, რადგან მიწა, ტერიტორიისგან განსხვავებით, ასე იოლად არ იკარგება, მას ვერც პოლიტიკოსები გააჩუქებენ და ვერც სამხედრო ძალა მიისაკუთრებს. მიწის ხსოვნა და ამ ხსოვნის ძალა წლებით არ იზომება, არც მხოლოდ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მიღწეული შეთანხმებებით, – ეს იდუმალი, საუკუნეების წინ ჩათქმული და გადაწყვეტილი ამბავია.

– ნუ, ბლაგასლავი, სვიატოი ატეც, – ეს კი მანამდე უთხრეს, გამარჯვებულებმა, და სანამ ტაძრის აღმდგენელს, იპოდიაკონ გიორგი ანუას გაიყვანდნენ კონდახების ცემით, მისმა ქალიშვილმა მანანამ სწორედ ეს სიტყვა – „გამარჯვებულები” – და მათი იმწუთიერი ფსიქოლოგიური განწყობა – „გამარჯვების ეიფორიაში მყოფები” – დაიმახსოვრა ზუსტად და მკაფიოდ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც მანანა ანუას მონოლოგს ვკითხულობდი წიგნში „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლივიეს სოფელსა”, გამიჩნდა აზრი, ჩემს მშობლიურ ქალაქში გამემართა ამ ბრწყინვალე წიგნის წარდგინება. მთელი კრებული მამა ანდრია ყურაშვილის თანამედროვეთა მოგონებებზეა აგებული, დალაგებულია მისი ოჯახის წევრების, ნათესავების, საერო და სასულიერო პირების მიერ მოყოლილი ამბები და სულმოუთქმელადაც იკითხება.

მოძღვრები დიდად არ იჩენდნენ ინტერესს ჩვენ მიერ ჩატარებული ლიტერატურული საღამოებისადმი – ერთი-ორი თუ გვესტუმრებოდა ხოლმე დროდადრო და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ძნელია, უამრავი ყოფითი და სამსახურებრივი პრობლემისგან გადაღლილი კაცი წიგნით „შემოიტყუო”, ამ სრულიად არასანახაობრივი და, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი საგნით. შესაძლოა, ზოგჯერ მათთვის მისაღები და თემატურად საინტერესო რამეც ხდებოდა, სტუმრებიც მეტ-ნაკლებად საპატიოები და ანგარიშგასაწევები იყვნენ, მაგრამ…

– კორცხელში ავიდეთ, მეუფეს ავუტანოთ წიგნი და მოსაწვევები, – მითხრა ჩემმა მეგობარმა ჯაბა გერსამიამ და სანამ გაკვირვებული რამეს ვიტყოდი, უკვე მიტროპოლიტი გერასიმე გველაპარაკებოდა და გვპირდებოდა, მეც მოვალ და ვისაც ხმას მივაწვდენ, ყველას მოვიწვევო.

დაუჯერებელი ჩანდა და მაშინ ვიფიქრე, რამხელა ძალა აქვს მსხვერპლსა და თავდადებას, რწმენისა და სამშობლოსადმი თავგანწირვას, ზნეობრივ შეუდრეკლობასა და სულიერ სიმტკიცეს; ძალა, რომელმაც შეიძლება უბრალო ადამიანი, გნებავთ, სასულიერო პირი, თანამედროვეობისა და შთამომავლობისთვის სამაგალითო გახადოს.

როგორც მახსოვს, ცირა ყურაშვილს, პოეტს და მამა ანდრია ყურაშვილის სახელობის მკითხველთა მოძრავი კლუბის დამფუძნებელს, იმ დღეს თავისი საუკეთესო ლექსი არ წაუკითხავს. კლუბის წევრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები კითხულობდნენ ფრაგმენტებს მღვდელმონაზონ ანდრიასადმი მიძღვნილი წიგნიდან, მე კი სულ ის სტრიქონები მიტრიალებდა გონებაში:
„მეტად აღარ დამიძახო რაბი
ეს გვირაბი არ მთავრდება რაბი
ეს სიზმარიც არ მთავრდება რაბი
ეს ეკლებიც არ მთავრდება რაბი…”
დანიშნულ დროს უამრავი ხალხი მოვიდა, ამდენს ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, არტგალერეის დარბაზი გადაიჭედა, ცხელოდა და ბევრმა შემოსასვლელთან არჩია დგომა. მეუფე გერასიმეს მოსვლამდე ეპარქიის თითქმის ყველა მღვდელი დარბაზში იყო. უცებ ჯაბა ამომიდგა გვერდით: „მზად ხარ?” – მერე თვალი მოავლო დარბაზს და მეუბნება: – „ბიჭო, წიგნის პრეზენტაციაა თუ სინოდის კრება?” ვიღაცას საგალობლები ჩაერთო და კუთხეში მიდგმული მაგნიტოფონიდან ისმოდა. მე კი, გონებაში, ისევ და ისევ:

„ჩემი სახე შვიდი მშვიდი გველით
ჩემს სარკეში ჩახატული გროტესკით
შვიდი გველი აძრულია რაბი 
ერთმანეთზე უფრო უბოროტესი…” – 
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვმარცვლავდი სტრიქონებს და ბოლომდე არ მჯეროდა, უფრო სწორად, ადამიანური თვალით, ურწმუნო ადამიანის გონებით ბოლომდე ვერ გამეცნობიერებინა, რომ ოცდაშვიდი წლის კაცს, ბერს, შეეძლო, თავისი მოღვაწეობითა და ტრაგიკული აღსასრულით უფრო მეტი ეჩვენებინა და ესწავლებინა ჩვენთვის, ვიდრე ერთად აღებულ ყველა „მოღვაწეს”, რომლებიც ერისკაცისა და ერის გადამრჩენლის სახელით ეცნობოდნენ ხალხს და ოთხ წელიწადში ერთხელ უყოყმანოდ ცვლიდნენ პარტიას პარტიაზე, წამდაუწუმ უარყოფდნენ თავიანთ მრწამსსა და შეხედულებებს. ზოგიერთი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ არც სასულიერო პირებთან დაახლოება გასჭირვებია, მათთან გაშინაურება და წყალობათა მოხვეჭა, მაგრამ ცოტას თუ ესმოდა ქრისტეს ეკლიანი გზა მამა ანდრიასავით:
„მე მეგონა დაგიუნჯე რაბი
მე მეგონა მტრედებად დაგიუნჯე
მე მეგონა ჩემი იყო რაბი
ნეკნებს შორის დარჩენილი სილურჯე…”
ამიტომაც მგონია, მგონია კი არა, მწამს, რომ სანამ მამა ანდრია ყურაშვილის მოწამებრივი სახე გვიდგას თვალწინ, „სიმშვიდისაკენ და სინათლისკენ” მიმავალ მის ნაბიჯებს შევყურებთ, არც ძალადობის წაქეზება შეიძლება და არც სასულიერო პირების ჩამორჩენილ, ბნელ ძალად გამოცხადება – ეს არ არის გამოსავალი იმ რთული და სახიფათო მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება ამჟამად. გამოსავალი ერთმანეთის მოსმენა და შეყვარებაა, შეცდომების საკუთარ თავში ძიება და სინანულისა და ღვთის სიყვარულის მხურვალე განცდა, დაახლოებით ასეთი:
„სულ ციცაბოს სულ ქარაფზე მდგარი
სულ მძრწოლვარე
სულ დევნილი ძაბუნი
მე არა ვარ შენი ღირსი რაბი
მეტად აღარ დამიძახო რაბუნი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი