ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ტემპის, არზრუნის და ილუზიების შესახებ

ფოთში, შემოდგომის მიწურულს ერთხელ დუნე, უსიცოცხლო განწყობა შემომაწვა და გვერდში მყოფ კაცს ხმამაღლა გავუზიარე, მანაც დამაფიქრებლად მოიშორა სიგარეტის მოკიდებული ღერი პირიდან და ჩახრინწული ხმით თქვა: „ჯერ სად ხარ, ცოტა აცივდეს და მერე ნახე… სასაფლაოა, რა“. ცნობილი ამბავია, რომ იქ, სადაც ხმაური იკლებს და ნელ-ნელა უახლოვდება სიჩუმის ნიშნულს, ადამიანებს ყველაზე ხშირად სიკვდილი ახსენდებათ. გარდა ამისა, კაცი, რომელმაც ეს თქვა, ომის ვეტერანი იყო და ამიტომ, კიდევ უფრო ბუნებრივია, რომ სრულიად ჰქონდა გამახვილებული წარმოდგენებისა და კავშირების ამდაგვარი ალღო, შეგრძნებათა საკმაოდ უტყუარი, ასოციაციურ-მეტაფორული დიაპაზონი გააჩნდა და ეს საოცრად მიწყობდა ხელს მოსმენის უნარის განვითარებაში. რატომ ვისხედით შემოდგომის იმ წყნარ საღამოს ფოთის სრულიად დაცარიელებულ პარკში, ხის სკამზე მხოლოდ ჩვენ ორნი, ახლა ნამდვილად ვეღარ ვიხსენებ.

კაცი ლაპარაკობდა თავის წარსულზე, იმ დროსა და ადგილებზე, სადაც წლების წინ ეცხოვრა და ამ ისტორიებს ყურადღებით ვუსმენდი. კონკრეტულად მისი მონათხრობი შეეხებოდა მოგონებებს ერთი ზღვისპირა ქალაქის ზაფხულზე, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც ჰქონდა სახლი და ჰყავდა მშობლები, ჰყავდა ნათესავები, იძენდა მეგობრებს და უთავბოლოდ იყო შეყვარებული ერთ გოგოზე. მალე მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც იხსენებდა და რაზეც ასეთი სითბოთი ლაპარაკობდა, სხვა ტემპის მონატრებით იყო პროვოცირებული. ეს შემეძლო ამომეკითხა გახუნებული ფოტოებიდან, ძველი ალბომების მკვიდრ ფერად სურათებში, რომლებიდანაც ჯერ კიდევ ასხივებდა მზე, მაგრამ წარწერა „სოხუმი 87“ თანდათან – უფერულდებოდა. და კაცმა, იმ ვარდისფერი სურათებით სავსე, გადარჩენილი ალბომის განწყობის საპირწონედ, რომელიც თავისთავად უდრიდა სხვა ტემპს, ადგილსა და სინამდვილეს, თვალი იმ გარემოს ნაღვლიანად მიმოავლო, სადაც ვისხედით და თქვა: „აქ კი“…

მივხვდი, რომ ახალი აღმოჩენით მიღებული შთაბეჭდილების სხვისთვის გაზიარების სურვილი არ მასვენებდა და წერილების წერა დავიწყე. ჩემს ძველ რვეულებში მარეკ პეგუსის, ტომ სოიერის, პორთოსის, დევიდ კოპერფილდის, მონტე-კრისტოსა და სხვათა სახელზე გაგზავნილი ათამდე წერილი არსებობს, რომლებშიც ბევრი აბდაუბდა წერია ტემპზე. მართალია, ძირითადად გზავნილები უპასუხოდ რჩებოდა და ამ წვრილმანის გამო მათ მიმოწერას ვერ ვუწოდებ, მაგრამ ეს უცებ არ გამხდარა უკან დახევის მიზეზი. პირიქით, მორიგი შესაძლებლობისკენ მიბიძგა და მალე თავადვე გამოვიგონე ჩემი ქალაქის ტემპისთვის შესაფერისი პერსონაჟი, რომელსაც ხშირად ვუზიარებდი ჩემს აზრებს და რომელიც სხვის გამოგონილ პერსონაჟებთან შედარებით ნამდვილად ამჟღავნებდა ტაქტს, რომ ჩემთვის მოკლე პასუხები მაინც დაებრუნებინა. ეს პერსონაჟი ბრმა იყო. გრძელი პალტო ეცვა, ხელჯოხი ეჭირა, თავს მუქი შლიაპა უმშვენებდა, ასაკით 3-4 ჯერ აღმემატებოდა და სიამოვნებით ატარებდა დროს ჩემს გვერდით, ქალაქის პარკის იმ ამოჩემებული ხის მოსასვენებელ სკამზე, საიდანაც კარგად მოჩანდა ბიბლიოთეკის წითელი აგურით ნაგები შენობა. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით და ეს ლაპარაკი უამრავ, ერთმანეთისგან განსხვავებულ საკითხს შეეხებოდა. ეს იყო ის უწყინარი, წარმოსახვითი დიალოგები, რომლის ერთადერთ დანაშაულსაც იმ თორმეტფურცლიანი რვეულების გაფუჭება წარმოადგენდა, რომლებშიც მათ ვწერდი. მაგრამ მას ჰქონდა ღირსებაც. უპირველესად ეს იყო იმაში თვითგამორკვევის მცდელობა, თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო. ბრმა კარგი მეგობარი იყო. იმდენად კარგი, რომ როცა დრო გავიდა და თანდათან გაქრა ჩემი წარმოსახვიდან, ადგილი რვეულებით გამოტენილი კორდონის ყუთის ფსკერზე, სრულიად უპრეტენზიოდ და უდავიდარაბოდ დაიკავა.

მას შემდეგ საცხოვრებელ ადგილს პერიოდულად ვიცვლიდი და ეს ჩემთვის ყოველთვის გულისხმობდა ერთი ტემპიდან მეორეში მონაცვლეობის პრაქტიკას. ჯავახური მარტოობის წლებში ჩემი ერთი მოსწავლე სახლში მსტუმრობდა ხოლმე, არზრუნი. საშინაო დავალებებს ერთად ვასრულებდით. იმ სახლში უკვე წელიწადზე მეტია, რაც აღარ ვარ, მაგრამ ქუჩაში, ან სკოლაში როცა მხვდება, ხელს დღესაც მოწიწებით მიწვდის, ზრდილობიანად მომიკითხავს. ახლაც კი, როცა ჩემი ნინოწმინდაში ჩამოსვლის წლით ინტერესდებიან, მას კალენდრით არასდროს ვითვლი, უფრო ზუსტი რამ მეხმარება – არზრუნი. მე და არზრუნი სკოლაში ერთ დღეს მივედით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის სკოლაში პირველკლასელად ჩაეწერა, მე კი მოხალისე მასწავლებლად. ახლა მეექვსე კლასის მოსწავლეა. სანამ სკოლაშია ის ყოველთვის იქნება ჩემი ათვლის წერტილი. მერეც, თუ აქ ვიქენი, მაშინ რომელიმე სხვა პირველკლასელ მოსწავლეს ამოვირჩევ. ალბათ არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ყოფითი აპოკალიფსებისგან ყველას რაღაც მკვეთრად თავისი გადაარჩენს, მასწავლებლის ერთადერთი ხსნა კი აქაც მოსწავლეა.

ჰოდა, იმ მარტოობისას, როცა არზრუნი ჩემთან დავალებების დასაწერად შემოივლიდა ხოლმე, ისეც ხდებოდა, რომ სხვა რამეებზეც ვლაპარაკობდით. სასწავლო წელი ახალი დაწყებული იყო, როცა ერთხელ მესტუმრა და ეზოში გამოვედით. ლამაზი საღამო იყო, ოქროში ამოვლებული, მზე თბილ საძოვრებს ელოლიავებოდა და ამდენი წლის მერე იმ დღიდან, ისევ გამიცოცხლდა მძაფრი შეგრძნება დუნე, ზანტ ტემპზე, რომელსაც თითქოს ორივენი თვალებში ვუყურებდით.

„აზრუნ, მაკკოფე გიყვარს?“ – ვკითხე.

ღიმილით დამიქნია თავი.

„შეხედე, მაკკოფეს ფერი საღამოა“. – ვუთხარი და ორი დღის შემდეგ, როცა თავის რამდენიმე თანაკლასელ ბიჭთან ერთად კარზე მომიკაკუნა და მზესუმზირის ახალდაკრეფილი, ყვითელი თავთავებით ამივსო სახლის შემოსასვლელი, მივხვდი, რომ ჩემი გაიგო.

იმ საღამოს სახლის უკანა ეზოში ისევ აღმოვჩნდი, ოღონდ ამჯერად, მარცხნივ როცა მივიხედე 16-17 წლის შემდეგ პირველად არ მიგრძნია თავი მარტოსულად. შევნიშნე, რომ გვერდში ის ძველი ნაცნობი პერსონაჟი ამომდგომოდა, რომელიც კაი ხნის დავიწყებული მყავდა. ბრმა.

„მგონი ჩემი გამოჩენისთვის შესაფერისი ტემპი იყო“. – თქვა და გაიღიმა.

მზესუმზირას ჩიტივით ვკენკავდი და გავცქეროდი საღამოს, რომელსაც მართლა დაჰკრავდა მაკკოფეს გემო და ფერი, ძროხები კი ბალახს ისევ ისე, ზანტად ძოვდნენ. ყველაფერი ისე იყო, როგორც ოდესღაც დავტოვეთ – ძველ და დავიწყებულ ნახატებში… ზანტი და დასავიწყებელი იყო გარშემო ყველაფერი, ამ მზესუმზირის თავთავის გარდა, რომელიც ვიცოდი, რომ მზე როცა ჩავიდოდა, მაშინაც გაანათებდა.

სამყაროს ილუზორულობის არაერთი თეორია არსებობს. მისი სიმულირების ათასგვარ ვერსიებს განიხილავენ. თუ ერთ-ერთ მათგანს ვენდობით, მაშინ თავისუფლად შეიძლება, რომ ახლაც იქ ვიყო, ფოთის ცენტრალურ პარკში. ხის მოსასვენებელ სკამზე ვიჯდე, ჩემ გამოგონილ პერსონაჟს საკუთარ მომავალზე ველაპარაკებოდე, ამ აქტის ერთადერთ დანაშაულს კი ისევ იმ თორმეტფურცლიანი რვეულების გაფუჭება წარმოადგენდეს, რომლებშიც ეს სიტყვები იწერება.

და ვინმემ დაუყოვნებლივ უნდა შემანჯღრიოს, რომ გამოფხიზლება შევძლო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი