ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რამ შეიძლება გაგვახაროს მაშინ, როცა არაფერი გვიხარია

ყველას, ვისაც უხარია გახარებული ბავშვების ყურება, ვინც თავს ვალდებულად თვლის, მოუსმინოს და გაუგოს ბავშვებს, ცდილობს მათი ცხოვრება უკეთესი გახადოს

 

სიხარულის მიზეზებზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემი თავისა და სხვების გასამხნევებლად. ისეთი ადამიანებიც შემხვედრიან, სისხამ  დილას  ჩიტების ჭიკჭიკი, ადრე გაზაფხულზე  ყვავილების კვირტები, უცბად დაწყებული წვიმა, თოვა ან შოკოლადის ერთი ფილა რომ ანიჭებს სიხარულს და ისეთიც, რომლებსაც ვერაფრით დაარწმუნებ, რომ ამ ცისქვეშეთში შესაძლოა ბედნიერი იყო. ყველას შემიძლია გავუგო, თუმცა უფრო მეტი ინტერესით მათ ვაკვირდები, ვისაც პატარა სიხარულების მოხელთება კარგად გამოსდით. ალბათ იმიტომაც, რომ ჩვენი აღზრდის ნაწილი არ ყოფილა, გვესწავლა, როგორ დავტკბეთ ცხოვრებით და ასეთ ადამიანებზე დაკვირვებით ამ დანაკლისის შევსებას ვცდილობ ხოლმე.

 

ცოტა ხნის წინ ერთი გადასარევი წიგნი ვიყიდე ჩემი შვილებისთვის, რომელიც  მეც ახლა წავიკითხე პირველად – ელინორ პორტერის „პოლიანა”. ეს არის ამბავი პატარა გოგოზე, რომელსაც ყველა უბედურება თავს მანამ დაატყდება, სანამ წიგნის პირველ თავში მომხდარი ამბავი დაიწყება. 11 წლის გოგოს არც დედა ჰყავს, არც მამა და იძულებულია საცხოვრებლად დეიდასთან წავიდეს, რომელსაც არც ის უყვარს დიდად და არც მისი გარდაცვლილი მშობლებისადმი პატივისცემის გრძნობით გამოირჩევა. დეიდასთან მოხვედრამდე გოგოზე ეკლესიის მსახურები და საქველმოქმედო კომიტეტის ქალები ზრუნავენ. დეიდასთან მოხვედრის შემდეგ კი ერთადერთი ახლო ნათესავი და მისი მეურვე ზრუნვის სანაცვლოდ ითხოვს არ ილაპარაკოს მშობლებზე, განსაკუთრებით მამაზე და დაემორჩილოს მის მკაცრად შედგენილ გრაფიკს, რომელიც „ცხოვრებისთვის” დროს და სივრცეს არ უტოვებს.

 

 

მას შემდეგ, რაც დისშვილს დღის განრიგი გააცნო, მის პოლი სკამიდან ადგა და გასასვლელისკენ გაემართა.

— მაგრამ, დეიდა პოლი! — წამოიკივლა შეშინებულმა პოლიანამ. — დეიდა პოლი! როდისღა უნდა ვიცხოვრო? თქვენ დრო საერთოდ არ დამიტოვეთ.

— იცხოვრო? — წარბები ასწია ზევით, გაკვირვებულმა პოლიმ. — ვერ გავიგე, რას გულისხმობ, შვილო ჩემო? ჩვენ მანამდე ვცხოვრობთ, ვიდრე უფალი თავისთან არ გვიხმობს. შენ ცხოვრობ, და მნიშვნელობა არა აქვს, რას საქმიანობ.

— დიახ, დიახ. დეიდა პოლი! რა თქმა უნდა, ყოველთვის, ვიდრე ვმეცადინეობ, მე სუნთქვას და მოძრაობას არ ვწყვეტ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვცხოვრობ. მაგალითად, როდესაც მძინავს, მე მაშინაც ვსუნთქავ, მაგრამ იმ დროს არ ვცხოვრობ. როდესაც ვამბობ ცხოვრებას, დეიდა პოლი, იმას ვგულისხმობ, რომ შემიძლია ის ვაკეთო, რაც მე მინდა.

 

 

იმის მიუხედავად, რომ ბედნიერი ცხოვრება პოლიანას არც დეიდასთან ელოდება და დეიდამისის მოსამსახურეებს უკეთ ესმით, ვიდრე ერთადერთ ცოცხალ ნათესავს, ობოლი გოგონა არც წუწუნებს და არც ბედს უჩივის. მეტიც, ის ცდილობს გარშემო ყველას ასწავლოს ის, რაც მამასგან ისწავლა – ეძებოს სიხარულის მიზეზები ყველაზე სევდიან ამბებში, ყველაზე უხერხულ სიტუაციებშიც კი. გასაკვირი ის არის, რომ გოგო ამას გადასარევად ახერხებს. მაგალითად, როცა დეიდა სთხოვს ახლადგარდაცვლილ მამაზე არ ელაპარაკოს, ფიქრობს, რომ ეს კარგიცაა, თუ ხშირად არ გაიხსენებს, გულიც ნაკლებად ეტკინება, რომ ის მასთან აღარ არის. იმის ნაცვლად, რომ თავისი მწირი გარდერობის გამო დადარდიანდეს და თავი უხერხულად იგრძნოს, ამბობს, რომ რამდენიმე კაბის ამოლაგება უფრო სწრაფად შეიძლება. როცა დეიდა ისეთ ოთახს დაუთმობს, სადაც არც სარკეა და არც ნახატები, თავს იმით დაიმშვიდებს, რომ სარკის გარეშე არც თავის ჭორფლებს დაინახავს, რომელიც არ მოსწონს, ნახატების დანაკლისს კი ფანჯრიდან გადაშლილი შესანიშნავი ხედით შეივსებს. მოკლედ, პოლიანა ისეთი გოგოა, რომელმაც იცის, როგორ გადარჩეს, როგორ არ იქცეს უბედურ ობლად, როგორ მოითხოვოს თანაგრძნობის ნაცვლად აღიარება სხვებისგან, რომ ისიც მათნაირია და არა განსაკუთრებულად უიღბლო, რომელსაც გარშემომყოფები საბრალოდ მიიჩნევენ.  პოლიანა სხვებს ასწავლის, როგორ არ უნდა დაივიწყონ, რომ ბედნიერება მათი უფლებაა და სამყარო საბოლოოდ ისეთია, როგორადაც ჩვენ მას ვხედავთ.

 

 

–         ეს თამაში მაშინ დავიწყეთ, როცა ერთხელაც ეკლესიისთვის შეგროვებულ შემოწირულებაში ხის საბავშვო ყავარჯნები აღმოვაჩინეთ.

–         ყავარჯნები?

–         ჰო… მაშინ მე თოჯინა მინდოდა ძალიან და მამამ ქალთა კომიტეტს მისწერა, რომ თუ ისე მოხდებოდა და ეკლესიას ვინმე თოჯინას შემოწირავდა, ის თოჯინა ჩემთვის გამოეგზავნათ. ქალთა კომიტეტიდან კი უპასუხეს, რომ თოჯინა, სამწუხაროდ, არავინ შემოწირა. სამაგიეროდ, ვიღაცას შემოწირულებაში ბავშვის ყავარჯნები ჩაედო იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ვინმეს დასჭირდებოდა. თოჯინის ნაცვლად ყავარჯნები გამოგვიგზავნეს. ჰოდა, ეს თამაშიც სწორედ თოჯინის მაგივრად ყავარჯნების მიღების შემდეგ დავიწყეთ.

–         სიმართლე გითხრა, პირადად მე ამ ამბის თამაშად გადაქცევის ვერანაირ, აი საერთოდ ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ,- ლამის გაღიზიანებული ხმით უპასუხა ნენსიმ.

–         არადა, არის! თამაშის მთავარი წესი ისაა, რომ ყოველთვის, მაშინაც კი, როცა სასიხარულო თითქმის არაფერია, რაღაც ისეთი მოძებნო, რაც გაგახარებს. თანაც მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ეს, – სერიოზული სახით განაგრძო ახსნა პოლიანამ, – და ჩვენც მაშინვე დავიწყეთ… სწორედ იმ ყავარჯნებიდან.

–         ღმერთო მიშველე! როგორ შეიძლება იმან გაგახაროს, რომ თოჯინის მაგივრად ვიღაც ყავაჯნებს გჩუქნის?!

პოლიანამ ისევ გაიცინა და აღფრთოვანებულმა ტაშიც კი შემოკრა.

–         არადა, შეიძლება… შეიძლება! – წამოიძახა სიხარულით თვალებანთებულმა და მაშინვე გულწრფელად დაამატა: – რა თქმა უნდა, თავიდან მეც ვერ მივხვდი, რატომ შეიძლებოდა ეს გამხარებოდა, მაგრამ მერე მამამ ამისხსნა და ყველაფერი გავიგე.

–         მაშინ იქნებ მეც ამიხსნა, რომ გავიგო?! – უთხრა ლამის ნაწყენმა და უკვე საბოლოოდ გაღიზიანებულმა ნენსიმ.

–         რა თქმა უნდა! ეს ხომ ძალიან მარტივია, ნენსი! უბრალოდ გიხარია, რომ ის ყავარჯნები შენ არ გჭირდება! – მოზეიმე ხმით წამოიძახა პოლიანამ. ხედავთ რა ადვილია?.. მთავარია, იცოდე, როგორ ითამაშო!

 

პოლიანა ამბობს, რომ თამაში უფრო საინტერესო და სახალისო გამოდის მაშინ, როცა განსაკუთრებით რთულია სიხარულის მიზეზის პოვნა, თუმცა ზოგჯერ ეს თამაში რთულდება, როცა აღარ გყავს ის, ვისაც შეიძლება ეთამაშო, ვისაც უნდა რომ გახარებული იყო, ვისაც შენი სიხარულის მიზეზები აინტერესებს. თუ გარშემო არავინ გყავს, ვისაც აინტერესებს, რა გწყინს და რა გიხარია, თამაშს [და ზოგჯერ ცხოვრებასაც] აზრი ეკარგება. ბოლოს და ბოლოს მთავარი ხომ ისეთი ადამიანებია, ვისაც შენი ესმის, ვინც თავს ვალდებულად თვლის დაგიცვას უბედურებისა და მოწყენილობისას, გადაგარჩინოს ტრაგედიების დროს და არა ის, გექნება თუ არა თოჯინა ან ნახატები და სარკე საძინებელ ოთახში.

 

სიხარულის მიზეზების ძებნა ზოგჯერ სულელურ თამაშს და ზოგჯერ თავის მოტყუებას ჰგავს – დღეები გადის და არაფერი ხდება საინტერესო, საამური, მნიშვნელოვანი, ზოგჯერ სულ პირიქითაც კია. სიხარულის მიზეზების ძებნა ასკეტურ სავარჯიშოსაც ჰგავს და განძის ძიებასაც – უნდა ივარჯიშო მანამ, სანამ არ გამოიმუშავებ უნარს დაინახო ის, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ, დაიჭირო მომენტები, რომლებიც გაბედნიერებს, ან სულაც მიხვდე, რომ მთავარი არა კონკრეტული წუთები, პროცესია, იყო იმაზე უკეთ, ვიდრე ხარ, შენი მცდელობები, არ შეეგუო ბედს და არ მიჰყვე დინებას. ბედნიერებაა იმის ცოდნაც, რომ უკეთესს იმსახურებ და არ უნდა დანებდე. ეს არ არის სულელური აკვიატება და გასართობად თამაში, უფრო პრევენციაა საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად, ზოგჯერ გადასარჩენადაც.

 

სიხარულის მიზეზების ძებნა უბედურების მიზეზებზე თვალის არდახუჭვასაც ნიშნავს. უფროსები ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რა უხარიათ და რა სწყინთ ბავშვებს, რა სიმძიმის ტვირთს შეუძლიათ, მარტო გაუმკლავდნენ და როდის არის საჭირო ჩარევა და გვერდით დგომა.

 

სამედიცინო სფეროში მოქმედი პროტოკოლით ინტერესის ან სიამოვნების უნარის დაქვეითება, უიმედობა, სიხარულის განცდის დაკარგვა და შფოთვითი ეპიზოდები დეპრესიის კლინიკური სურათის შემადგენელი ნაწილია და ამის ცოდნა ამარტივებს საკუთარი და გარშემომყოფების, განსაკუთრებით მოზარდების დაცვას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან. ხშირად შეიძლება გავბრაზდეთ ვინმეზე, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება უჭირს, კონცენტრაციის პრობლემები აქვს ან მომავალის მიმართ უიმედოდ არის განწყობილი, მაგრამ ესეც დეპრესიის ნიშნებია და შესაძლოა მას, ვისზეც ვბრაზობთ, ჩვენი დახმარება სჭირდება.

 

არ არის ადვილი ღარიბ, განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ, დემოკრატიის პრობლემების მქონე ქვეყანაში, სადაც ბავშვები არც დიდად უყვართ და არც მათი საჭიროებების შესახებ აქვთ საკმარისი ცოდნა; სადაც ბავშვების ნაწილი თავს სრულიად მარტო გრძნობს სისტემების, სოციალური პრობლემების, უგულო და მოძალადე უფროსების პირისპირ, მოზარდებს  უთხრა, რომ ეძებონ სიხარულის მიზეზები, იყვნენ ბედნიერი და ყველაფერი გააკეთონ უკეთესი მომავლისთვის, თუმცა ის ნამდვილად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიანასავით მარტო ან უიმედოდ დარჩებიან ცხოვრების პირისპირ, ცოცხალი ადამიანების გარდა, მათ შეუძლიათ ხარისხიანი ლიტერატურის იმედიც ჰქონდეთ. წიგნის მოყვარულებმა კარგად იციან, როგორი ხსნაა სხვების ამბებში დაკარგვა და იქ საინტერესო, შენთვის ახლობელი პერსონაჟების პოვნა, რომლებმაც შეიძლება გარშემომყოფებზე მეტად გაგამხნევონ პოლიანასნაირმა, მალინისნაირმა, ჰაიდის და რონიას მსგავსმა გოგოებმა და ბიჭებმა.

 

როცა ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რა გვიხარია მაშინ, როცა არაფერი გვიხარია, პირველი ზუსტად ისაა, რომ ჩვენ გადავრჩით და ამ გზაზე ვისწავლეთ, როგორ დავინახოთ პატარა, რომელიც შველას ითხოვს, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ. ჩვენ გადავრჩით და ვიცით, რა რთულია გადარჩენა, როცა შენი კარგად არ ესმით, როცა ცეცხლს ეთამაშები, როცა ბეწვის ხიდზე დადიხარ, როცა ყველა ელოდება, რომ ვერ გადარჩები. ჩვენ გადავრჩით და ხმამაღლა ლაპარაკი, თანამოაზრეების პოვნა შეგვიძლია, ბავშვების დასაცავად და გასაძლიერებლად. შეიძლება ეს დიდი არაფერია იქ, სადაც ბავშვები დიდად არ უყვართ, მათი არ ესმით და არც სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა სიამოვნებთ დიდად, მაგრამ ესეც საქმეა. პოლიანა ამბობს, რაც უფრო რთულია სიხარულის მიზეზის პოვნა, მით უფრო საინტერესოა თამაშიო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი