ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“

„რელიგია და კულტურა” – კარგად მახსოვს, ასე ერქვა საგანს, რომელსაც მე-3 და მე-4 კლასებში გავდიოდით. სახელმძღვანელო ძალიან თხელტანიანი, 3-4-ათეულგვერდიანი გახლდათ, გარეკანზე მართლმადიდებლური ტაძარი ეხატა (თუ არ ვცდები, სვეტიცხოველი), სარჩევში კი ბევრ საინტერესო სათაურს ამოიკითხავდით. რელიგიის გაკვეთილი ყოველთვის ერთნაირად – ორმოცამდე 7-8 წლის ბავშვის ნათქვამი „მამაო ჩვენოთი” იწყებოდა. ლოცვას რომ დავასრულებდით, მერხებთან დავსხდებოდით და დავიწყებდით საუბარს ბიბლიაზე, მის პერსონაჟებზე, მამა ღმერთზე, იესოსა და მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე.

დღევანდელი გადმოსახედიდან სავსებით ბუნებრივი კითხვა მიჩნდება: თუ საგანს „რელიგია და კულტურა” ერქვა, რატომ მასწავლიდნენ მხოლოდ ერთ რელიგიას და სიტყვას არ ძრავდნენ იმაზე, რომ განსხვავებული კულტურის ქვეყნებში სხვა რელიგიებიც არსებობს, რომლებიც ქრისტიანობაზე არანაკლებ კეთილ ღირებულებებს ეფუძნება? თუმცა მაშინ ამდენს, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდი… მოკლედ, სკოლაში ქრისტიანულ მორალს მასწავლიდნენ. მორალს, რომლის მიხედვითაც ღმერთი სიყვარული იყო, ცოდვა არ უნდა ჩაგვედინა, ათი მცნება დაგვეცვა და ასე შემდეგ.

ერთმნიშვნელოვნად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ…

 
იმ არეულობის ფონზე, რაც დღეს ხდება, უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ რელიგიაზე და უფრო და უფრო ვიბნევი. ერთ მხარეს ძალადობაა, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში ეჭვის შეტანა, კონსტიტუციის უგულებელყოფა, ეროვნული ღირებულებებით „გაპრავებული” (ახლა მოდაშია ეს სიტყვა) ზიზღი, მეორე მხარეს კი – ქრისტე, სიყვარული, სათნოება, პატიება, „არა კაც კლა”… არ ვიცი, მე მეშლება რამე თუ საზოგადოების ექსტრემისტულად განწყობილ ნაწილს…

სწორედ დაბნეულობისას მშველის მუსიკა. ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ გადმოვტვირთე ინტერნეტიდან ენდრიუ ლოიდ ვებერის უკვდავი როკოპერა „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი” (რომელზეც ფილმი ნორმან ჯუისონმა გადაიღო) და ყურება დავიწყე. არ მეგონა, ამდენი ნახვის შემდეგ კიდევ თუ მოახდენდა შთაბეჭდილებას.. 

მახსოვს, თავდაპირველად ამ როკოპერისადმი ძალიან ცუდად განვეწყვე. ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ტიპური შეცდომა მომივიდა – განვსაჯე ის, რაც არ მენახა. ალბათ, 12-13 წლის ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთმა ტელეარხმა ეს ფილმი თავის სამაუწყებლო ბადეში ჩასვა. მაშინ ბავშვურად ვიფიქრე, როგორ შეიძლება ღმერთზე ასეთი სათაურის მოფიქრება-მეთქი და გადავწყვიტე, პროტესტის ნიშნად ფილმისთვის არ მეყურებინა. იმხანად ჩემი გონება ჯერ კიდევ არ იყო მზად, როგორც მაშინ მიმაჩნდა, უდავო ჭეშმარიტების განსხვავებული ინტერპრეტაციების მისაღებად.

ფილმი საინტერესოდ იწყება – ოცამდე ჰიპი ავტობუსით მიემგზავრება „აღთქმულ მიწაზე” და გადაღებისთვის ემზადება. ამით რეჟისორი თითქოს გვახსენებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ხელოვნებაა და ჭეშმარიტებად არ უნდა აღვიქვათ. მოთხრობილია სახარებისეული ამბავი იესო ქრისტეს ცხოვრების ერთი კვირის შესახებ – იერუსალიმში შესვლის სამზადისიდან მის ჯვარცმამდე. მკვდრეთით აღდგომის სცენა ამ ფილმში არ არის. როკოპერა ძალიან კარგადაა დადგმული და შესრულებული. მხოლოდ ის რად ღირს, რომ სტუდიურ ჩანაწერში მთავარ, ქრისტეს პარტიას თავად „Deep Purple”-ის სოლისტი, იან გილანი ასრულებს.

როკოპერის დიდი ნაწილი იუდა ისკარიოტელზე მოგვითხრობს, რომელსაც იდეური წინააღმდეგობები აქვს თავის მასწავლებელთან, იესოსთან. სწორედ ამ უთანხმოებას აღწერს გენიალური არია, რომელსაც კარლ ანდერსონი ასრულებს. იუდას მიაჩნია, რომ ქრისტეს მიმდევრები მეტისმეტად ბევრს ელიან მისგან, როგორც მესიისგან, მეტისმეტად ბევრს ფიქრობენ სამოთხეზე, და ავიწყდებათ, რომ ქრისტე იმდენადვეა ღმერთი, რამდენადაც ადამიანი.

პირადად მე ფილმს იესოს „გაადამიანურების”, ანუ ადამიანებთან დაახლოების მცდელობად აღვიქვამ. კარგადაა წარმოჩენილი, რომ მასაც, ისევე როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, ჰქონდა შეგრძნებები, სირთულეები, რომელთა დაძლევაც გამუდმებით უწევდა, იმედგაცრუება, რომელიც იუდას ღალატის შემდეგ დაეუფლა და, რაც მთავარია, შიში და უსამართლობის შეგრძნება, რომელიც ერთ-ერთ არიაშია გამოხატული. არიას ასე ჰქვია: „რატომ უნდა მოვკვდე?” ქრისტე ეკამათება მამა ღმერთს და სთხოვს განუმარტოს, რას მისცემს კაცობრიობას მისი ტანჯვა და სიკვდილი. ის ამბობს:

„…მე შევიცვალე
ადრე შთაგონებული ვიყავი
ახლა კი სევდიანი და დაღლილი ვარ…”

თუმცა ამ წამიერი სისუსტის შემდეგ ქრისტე საბოლოოდ მიანდობს თავს უფალს და იტყვის, რომ მზადაა, ბოლომდე ატაროს ჯვარი, დაითმინოს ტანჯვა და მიიღოს სიკვდილიც, რადგან ღმერთს ასე სურს.

მერეა გაცემა, შეპყრობა, გასამართლება, გზა გოლგოთამდე, ჯვარცმა… ერთი შეხედვით, ახალი არაფერია, მაგრამ, მერწმუნეთ, ვებერისა და ჯუისონის უაღრესად ექსპერიმენტული ტანდემი ნამდვილად ბევრ ახალს აღმოგაჩენინებთ. აქ შეხვდებით როგორც პროგრესივ როკისა და ბლუზის, ისე სასულიერო მუსიკის, ე.წ. სპირიჩუელის, ელემენტებსაც. შესანიშნავი ქორეოგრაფია და სცენოგრაფია, კარგი სარეჟისორო გადაწყვეტები, იდეალური გადაღება… ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ ამ ფილმის ყურება სასურველია ყველასათვის, განურჩევლად იმისა, ქრისტიანი ხართ, მუსლიმი, ბუდისტი, ათეისტი, ბაპტისტი თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი. მოკლედ, საჭირო მასალაა სანახავად და გასააზრებლად. კარგი იქნება, თუ უკვე არ იცნობთ ამ როკოპერას, აუცილებლად გაეცნოთ სწორედ ახლა, იმ დროს, როცა ქრისტიანული ღირებულებების არასწორი ინტერპრეტირება ცუდს უქადის როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებსაც. კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ღმერთი სიყვარულია და არა ძალადობა, რომ ქრისტიანული ღირებულებები რეალურად არ დგას შორს თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი ღირებულებისგან – პიროვნების თავისუფლებისგან და რომ საზოგადოების მრავალფეროვნება მის ძლიერებაზე მეტყველებს და არა სისუსტეზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი