შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მენტალიტეტი

უეინ რუნი არ არის დევიდ ბექჰემი ან რაულ გონსალესი, ყველამ რომ იცოდეს, ფეხბურთის თავგადაკლულმა ქომაგმაც და პასიურმა მაყურებელმაც. მაგრამ უეინ რუნი ნაღდი ქროქსტეზელი ბიჭია, ქროქსტეზი კი მეამბოხე გარეუბანია ლივერპულში. 
ამასწინათ, როცა ივანე ჩხიკვაძის მიერ თარგმნილ უეინ რუნის ავტობიოგრაფიულ წიგნს („ათი წელი პრემიერლიგაში”) ვკითხულობდი, ერთი საოცარი რამ შევნიშნე.

თავიდან უნდა აღინიშნოს, რომ თავად წიგნი შესაშური გულწრფელობითაა დაწერილი, დაახლოებით იმ განცდითა და ემოციით, ფორვარდებს რომ ეუფლებათ გოლის გატანის შემდეგ. 

თუ გამოიცნობთ, წინასიტყვაობა ვის ეკუთვნის?! – რა თქმა უნდა, სერ ალექს ფერგიუსონს, რომელიც მოკლედ გვიყვება, როგორ დაარწმუნა „მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორთა საბჭო მხარი დაეჭირა „ევერტონიდან” უეინ რუნის რამდენიმემილიონიანი ტრანსფერისათვის. შემდეგ არც იმას გვიმალავს, რომ რუნის დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ფიცხი და ჭირვეული ყმაწვილი (მანჩესტერში გადმოსვლისას ასაკით იმდენად პატარა ყოფილა, რომ საარჩევნო ხმის უფლება ახალი მიღებული ჰქონდა) იყო, რაც თამაშში ძალიან უშლიდა ხელს, მაგრამ დროთა განმავლობაში დასძლია ეს ყველაფერი და ჩამოყალიბებული, თანაგუნდელებისათვის მისაბაძი ფეხბურთელი გახდა.

ფერგიუსონი სიამაყით აღნიშნავს, რომ უეინ რუნიმ უკვე დაიწყო კლუბში არსებული რეკორდების დამხობა და კარიერის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე შეუძლია „მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. 

ერთი სიტყვით, ქება-დიდებაა.

არც რუნი აკლებს რამეს, თხრობისას აღმატებით, კრძალვით, პატივისცემით, შიშითაც კი მოიხსენიებს, მისი გვარის ხშირ მოხმობასაც ერიდება და „მწვრთნელად” გვაცნობს. სადაც მოუხერხდება, ყველგან ხაზს უსვამს მის დიდ გავლენასა და ავტორიტეტს.

მაგრამ უცებ, ერთგან საოცრად კომიკური ისტორია გვხვდება. ისეთი, რომ მიუხედავად გულახდილი თხრობისა, თავიდან შემეეჭვა და ვანოს დავეკითხე კიდეც, ეს ხომ ნამდვილად იმ წიგნიდან არის-თქო. ეგრეაო. 

– თუ ვინმემ ვერ შესძლო თვალი ედევნებინა „იუნაიტედის” გამოსვლისათვის გასულ ტურში, შეუძლია შედეგი მთავარი მწვრთნელის სხეულის ენაზე დაკვირვებით გაიგოს, – წერს რუნი, – სადილობისას იგი მაგიდებთან მიდის და ხალხს ელაპარაკება, ეხუმრება, მას ყველაფერი სახეზე აწერია.

იქვე – მწვრთნელი უკბილოდ ხუმრობს და სულელურ კითხვებს იძლევა.

მერე ორიგინალურ ვიქტორინასაც ატარებს ფეხბურთელთა შორის: „ბიჭებო, დამისახელეთ პრემიერლიგის ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატი მოუგიათ” და შემდეგ მათი ასაკის გამოცნობასაც ითხოვს მაშინ, როცა უმეტეს შემთხვევაში თავადაც არ იცის ამ კითხვებზე პასუხი.

ეს ჯერ კიდევ არაფერია – რუნი არც მერე ინდობს პატივსაცემ მწვრთნელს: „უამრავ ამბავს გვიყვება, მათ შორის თავის სათამაშო კარიერიდან იმ გოლების შესახებ, რომლებიც  „დანფერმლაინსა” და „რეინჯერსში” გაჰქონდა. გვიყვება ისტორიას, თუ როგორ თამაშობდა ერთი პერიოდი ტრავმირებული ზურგით”… 

იქვე სასტიკ ირონიასაც გაურევს: „ალბათ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ერთხელ მაინც ექნება გაგონილი ეს ისტორია – თუ რა საშინელ ტკივილს გრძნობდა და როგორ უჭირდა ტრავმირებული ზურგით თამაში. მთავარ მწვრთნელს „ტრავმირებული ზურგის” ისტორია იმდენჯერ აქვს მოყოლილი, რომ უკვე ზეპირად ვიცით, მაგრამ ის მაინც განაგრძობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიტყვა ტრავმებზე ჩამოვარდება. სასაცილო ისაა, რომ მიუხედავად მისი საუბრისა გატანილი გოლების შესახებ, არ არსებობს ამ გოლების დამადასტურებელი ვიდეო მასალა, ასე რომ, ძნელი სათქმელია, რამდენად კარგი ან ცუდი ფეხბურთელი იყო იგი”. 

და ბოლოს, ულმობელი დასკვნა: „მე პირადად არა მგონია ისეთი მაგარი ყოფილიყო, როგორადაც თავად გვიყვება”.
არ დაგვავიწყდეს: წიგნი 2011-12 წლებში იწერება და ამას ამბობს შეგირდი დამრიგებელზე (როგორც კომენტატორებს უყვართ ხოლმე თქმა) – „მანჩესტერ იუნაიტედის” მოქმედი ფორვარდი უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედის” მოქმედ ლეგენდარულ მწვრთნელზე, სერ ალექს ფერგიუსონზე, რომელიც თითქმის 30 წელია წვრთნის ამ გუნდს, მოგებული აქვს ყველა საკლუბო ტიტული, მის დროს ჩამოყალიბდნენ განუმეორებელ ფეხბურთელებად ერიკ კანტონა, როი კინი, დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ. არც თავის გაზრდილებთან განშორება უჭირს და არც მათი შემცვლელების პოვნა.

მაშინ რატომ იღებს უეინ რუნი ამდენს თავის თავზე? – განა თავად ფერგიუსონმა არ იცის, სად იყო ძლიერი და სად – საშუალო დონის?!

უეინ რუნი ქროქსტეზელი გულახდილი ბიჭი კია, მაგრამ მის გაბედულებას იქაური მენტალიტეტიც ხელს უწყობს: ინგლისში არავის ეუცხოვება დიდად პატივსაცემი პიროვნების ირონიით მოხსენიება, მისი ნაკლის ხაზგასმა. ამის გამო – თუკი სიმართლეს ამბობ და საბუთიც მოგაქვს – არც ის პიროვნება გადაგემტერება და გუნდიდანაც არავინ გაგიშვებს, რადგან ნათლადაა გარკვეული, რომ სიყალბეს სიმართლე ჯობია, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს.

 

…გეთანხმებით, ძნელი წარმოსადგენია ასეთი რამ ქართულ სინამდვილეში. ფეხბურთს რომ თავი გავანებოთ, დღემდე ვერ იტანს მიუკერძოებელ კრიტიკას ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება, კულტურა და ხელოვნება, არადა, ევროპაში გაუთავებელი პოლემიკისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის დიდი წილი სწორედ ამ სფეროებზე ვრცელდება.

რატომ არ გვიყვარს ნამდვილი კრიტიკოსები?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი