პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მამაცი გოგო “ჭყიტა”

სულ ხელიდან რომ წავიდა მაისი და თავი მარტი ჰგონია, ამას ყოველდღე ვწუწუნებთ: ვიჭმუხნით წარბებს, ვიყურებით გარეთ და თავს უკმაყოფილოდ ვიქნევთ. გარეთ კი, გამვლელები თავების ნაცვლად ქოლგებს ისე საშიშად იქნევენ,  ლამის სხეულის რომელიმე ნაწილით ზედ წამოგვაგონ და ჩვენ, უქოლგოები, მივდივართ და წვიმასთან ერთად ქოლგების ჯარს მივარღვევთ. ერთ– ერთი მსგავსი გარღვევისას, რომელიღაც წინა თავსხმაში მოყოლილი დინჯად მოვუყვებოდი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას. პირველი კორპუსი ვისთვის “ცოდნის ტაძარია”, ვისთვის– საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობა, ვისთვის– სრულიად არასაკრალური ნაგებობა, სადაც ფიქრად არასდროს მოსვლია ცოდნის კელაპტრების აგიზგიზება, ვისთვის კი შენობაა, რომელიც სამი წელი რემონტდებოდა. 
თანაც, მე ჩემი მეექვსე კორპუსის მორყეული მოაჯირები პირველი კორპუსის დიდებულ მარმარილოებს ყოველთვის მერჩივნა და დიდად არ განვიცდიდი “დედა შენობაში” ვერჩატარებულ ლექციებს. სამაგიეროდ,  ძალიან მაფიქრებდა იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელის კიდეებზე ფენა– ფენად დალაგებული წიგნების ბედი. მათი წიგნური ბედი მუდამ ამინდზე იყო დამოკიდებული: ხან ქარი ფურცლებს აუფრიალებდათ, ხან წვიმა პურივით დაალბობდათ, ხან სეტყვა ყდებს, როგორც თავებს, გაუჩეჩქვავდათ.
ერთი სიტყვით, მკვდარი წიგნების ნახვის მოლოდინით მოვდიოდი. მაგრამ  ბუკინისტებს მოუფიქრებიათ, პოლიეთილენის პარკები გადაუფარებიათ და საბანივით საგულდაგულოდ შეუმოუკეცავთ. ჰოდა, მკვდარი წიგნების ნაცვლად მძინარე წიგნები დამხვდნენ. საბჭოთა ენციკლოპედიებით დაწყებული, კამიუთი გაგრძელებული და ფამუქით დამთავრებული ყველას შუადღის ძილით ეძინა. ფამუქის არსებობა გამიკვირდა: უმტვერო, ახალი და თეთრფურცლებიანი წიგნები მიწისქვეშა გადასასვლელებში ან მათ კიდეებზე ჩემი სტუდენტობისას, როგორც წესი, არ ხვდებოდა. 
ვათვალიერებ წიგნებს და მგონია, რომელიმე გადაბრუნდებიან, გვერდს მოიცვლიან ან ხვრინვას ამოუშვებენ. თან მეცინება. ვდგავარ უქოლგოდ თავსხმა წვიმაში და ვიცინი. ეს კი სიცილისთვის სრულიად შეუფერებელი დროა. ძირითადად, მშრალსა და კომფორტულ გარემოში ეცინებათ ხოლმე.
მსუქანი, ექვსასგვერდიანი ფამუქის გვერდით გაჩხიკული ჰარპერ ლი რომ აღმოაჩინო, ან მახვილი თვალი უნდა გქონდეს, ან იყო მე, რომლისთვისაც ჰარპერ ლი არა მხოლოდ უცნაური ლიტერატურული წარსულის მქონე, რასობრივი დისკრიმინაციის თემით დაინტერესებული, პულიცერის პრემიის მფლობელი მწერალია, არამედ– პატარა ჯინ ლუიზა ფინჩის და დიდი ატიკუს ფინჩის შემქმნელი. წიგნების წერა ისეთი მარტივი საქმე არ არის, როგორც ბლენდერით ბოსტნეულის დამუშავება და არც გარკვეული ხერხი არსებობს, რომელიც გამოუცდელ მწერალს ისე გამოადგება, როგორც სანტექნიკოსს– სუპერქანჩი. პირველი და თითქმის ერთადერთი ტექსტი ძალიან იშვიათად გამოდის კარგი და მით უმეტეს, იშვიათად ხდება პოპულარული.

იურისტი ლი კი იმაზე იღბლიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჯეკპოტის რომელიმე მფლობელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი მილიონი ერთხელაც აუცილებლად დაიხარჯება და “ნუ მოკლავ ჯაფარას” კიდევ ხშირად აღმოაჩენენ მელიქიშვილის კუთხეში.
იმას ვამბობდი, ვხედავ ამ მჭლე, მწვანე წიგნს თეთრი ზოლებით. მერე ვაღვიძებ, ლარნახევრად ვყიდულობ და სახლში მოტანილს გადაშლამდე ისე ვუღიმი, როგორც ძველ, დაკარგულ მეგობარს, რომლის სუნი და ტემპერატურაც ისევ შესანიშნავად მახსოვს და რომელიც წლების შემდეგაც ისევ ჩემი მეგობარივით გამოიყურება, ოღონდაც, ჩუმად, ჩემთვის მგონია, რომ მე შევიცვალე და საერთო აწმყოს არსებობა ცოტათი მაბნევს.
ახალნაყიდი წიგნი ტყუპისცალივით ჰგავს ჩემი ბავშვობის წიგნს, რომელიც თავისი სიგამხდრის გამო დაიკარგა: რამდენი თხელტანიანი წიგნიც ვათხოვე ნაცნობებს, იმდენი აღარ დამიბრუნეს. მეც ვიფიქრე, რომ ზოგისთვის წიგნის წონა განსაზღვრავს მის ლიტერატურულ ღირებულებას და ჰიპოთეტურად, ასოცდათხუთმეტგვერდიანი რომანი  მფლობელისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება. თითქოს წიგნი ხორცის ნაჭერი იყოს, თითქოს სასწორზე დაუდევრად აგდებდე, თითქოს ქონის სისქეს უმოწმებდე, თითქოს ხურდაში კევს გიბრუნებდნენ…

ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ვამბობ ხოლმე, რომ წიგნს აქვს საკუთარი დრო და რაც უფრო ადრე წაიკითხავ, მით უფრო ადრე გახდები უკეთესი, მით უფრო დიდხანს გემახსოვრება, რომ უკეთესი ხარ, ვიდრე წინათ იყავი და მით უფრო ადრე გეცოდინება, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სქესისა, რწმენისა თუ კანის ფერისა. რაც მთავარია, კისრისტეხით არასდროს მიირბენ სახლში ხელების სასწრაფოდ და საგულდაგულოდ დასაბანად იმ მიზეზით, რომ ცოტა ხნის წინ ხელი “ზანგმა” ჩამოგართვა. ასეც ხდება ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში, აქვე, ჩემს მეზობლად, ზუსტად ორი სართულის ქვევით მაშინ, როცა მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკაში, შავკანიანების მასობრივი, ამაზრზენი ჩაგვრის  პირობებში მეიკომელი ატიკუს ფინჩი “თეთრი” ქალის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილ “ზანგს”, ტომ რობინსონს, იცავს. პატარა “ჭყიტა”, ატიკუსის უმცროსი შვილი კი მთხრობელია და ყველაზე საზრიანი გოგო დედამიწის ზურგზე. 
ამერიკულ სასკოლო პროგრამაში შეტანილ ამ წიგნში ძალიან ხშირად არის ნახსენები მათი ფაქიზი ყურებისთვის მჭახე და მართლაც არასასიამოვნო,  საფრთხილო სიტყვა “ზანგი”. აქ “ზანგები” ყველაფრის ჩამდენები არიან, აქ “ზანგებს” დედამიწის საუკუნო ცოდვები აწევთ კისერზე, აქ არ არსებობენ კარგი “ზანგები”, აქ “ზანგები” ადამიანები კი არა, უსიცოცხლო ხორცები არიან, რომელთა ერთადერთი ფუნქცია “თეთრებისთვის” შრომაა, აქ “ზანგებს” სიკვდილს ისე მარტივად უსჯიან, თითქოს საქმე სიცოცხლეს კი არა, შაურმაში წიწაკის არსებობა– არარსებობას  შეეხებოდეს. აქ “ზანგებს” ფიქტიურად იცავენ და კონსტიტუციაც ადამიანის ფერის მიხედვით იცვლის შინაარსს. აქ კანონები ფიქციაა.
ამ ფონზე შავკანიანის უდანაშაულობის დამტკიცების ყოველგვარი მცდელობა თვითმკვლელობის ტოლფასია. ეს არის “შავ– თეთრი” წიგნი მეიკომელების შესახებ, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლე ისე უბრალოდ მოიპარეს, როგორც მანქანა იპარავს ბენზინს. ეს არის წიგნი რეგრესისა და პროგრესის შესახებ და იმის შესახებ, რა მახე უნდა დაუგო ბუა რედლის, რომ, ბოლოსდაბოლოს, თვალი შეავლო. ეს არის წიგნი ადამიანების სიყალბის შესახებ და ბავშვის შესახებ, რომელიც ფართოდ გახელილი თვალებით აკვირდება გაუგებარ  სამყაროს, სავსეს სრულიად გაურკვეველი ადამიანებით: ისინი, ფარისევლობით გართულები, ქუჩაში საკუთარ თავებსაც რომ შეხვდნენ, უცნობი გამვლელები ეგონებათ. რაც მთავარია, პატარა “ჭყიტა” ძალიან ჰგავს ჰერმიონ გრეინჯერს გამჭრიახობით, მოხერხებულობით და მბრძანებლური თვისებებით. ის ჰერმიონივით მეტისმეტად მამაცი და კარგი გოგოა. 
“საბჭოთა აჭარას”  მიერ 1986 წელს მიერ გამოცემული, წინა მკითხველის მიერ გადაფხეკილი “მონო” ბარათით ჩანიშნული წიგნი რომ გიდევს წინ და თან გეღიმება, რადგან ამდენი წლის შემდეგაც ისევ მეორე ნაწილი ჩაგივარდა ხელში, უკვე დროა, პირველი ნაწილის მოძიებაზეც იფიქრო. ახლავე თუ არა, მომდევნო წვიმისას მაინც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი