შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

იქნებ, ვაჟა რომ გვესწავლა…

ბოლო ხანს მომხდარ ამბებს რომ ვადევნებ თვალს, ყველაზე ხშირად ვაჟა-ფშაველა მახსენდება. მისი მოთხრობები, ესეები, ლექსები. გონებაში გამუდმებით ერთი ფიქრი მიტრიალებს: იქნებ ვაჟა რომ სხვაგვარად გვესწავლა, იქნებ ვაჟა რომ სხვაგვარად გაგვეაზრებინა, იქნებ ვაჟა რომ წაგვეკითხა. იქნებ… იქნებ… იქნებ… და ეს “იქნებ” არ მთავრდება. ისიც გავიგე, ზოგიერთს მისი წერილის – “მღვდლების ვინაობის” – ფრაგმენტის აღება მოუთხოვია პორტალ lib.ge-დან. რატომ? იმიტომ, რომ მას შემდეგ მაინცდამაინც არაფერი შეცვლილა ჩვენს ცნობიერებაში სასიკეთოდ – არც მღვდლების ვინაობა და არც ერის მორჩილება. ხოლო გენიალობა მწერლისა, რომლის პუბლიკაციები საუკუნის შემდეგაც ასეთი აქტუალურია, სათანადოდ ვერ გაგვიაზრებია. მის ორ-სამ ნაწარმოებს ჩავჭიდებივართ და გვგონია, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ვიცნობთ. თუ უცხოა დღემდე ჩვენთვის მწერლის ფასეულობები, თუ უცხოა ჩვენთვის მარტივი ჭეშმარიტებები, მწერალი თავისი შემოქმედებით რომ გადმოგვცემს, რატომღა გვეამაყება იგი? იქნებ ჩვენც იმ იმ თეატრის რეჟისორმს ვგავართ, შემოქმედებითი კრიზისის გამო “ვეფხისტყაოსნის” სცენაზე დადგმა რომ ვერ შეძლო, მაგრამ ეყო თავხედობა იმის სათქმელად, რომ რუსთაველის პოემა “იდიოტიზმია”; იქნებ გამოვიჩინოთ ფხა და ვაღიაროთ საკუთარი სისუსტეები… ამით არც ვაჟას დააკლდება რამე და არც რუსთაველს.

“მღვდლებო-პოლიტიკოსებო!სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ. მე პირადად მწყინს, როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ეს ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვათ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, გაურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამამთავარმა იესო ნაზარეველმა, არც არაფერი იმით დაშავდება…
თქვენი გავლენა ხალხზე, გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს…”
ამ სიტყვების კითხვისას მხოლოდ ერთი აზრი მომდის თავში: მთელ საუკუნეს თითქოს ისე ჩაევლოს საქართველოში, ჩვენ, ყველას, საღათას ძილით გვძინებოდეს და გუშინდელ ამბებს აფასებდეს მწერალი; თითქოს ისევ იმ ქართველებად დავრჩენილიყოთ, წერა-კითხვაც რომ იშვიათად სცოდნია ვინმეს.
მაშ, თუ წერა-კითხვაც ვიცით, რატომღა გვიჭირს ნაწერიდან აზრის გამოტანა? დავუშვათ, რომ ვაჟა-ფშაველას ესე “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” ბევრს არ წაუკითხავს, ობიექტური მიზეზებიც შეიძლება მოვუძებნოთ ამ ფაქტს, მიუხედავად ესეში განხილული თემის დღემდე აქტუალობისა. მოთხრობა “ამოდის, ნათდება” ხომ მაინც ყველამ ვიცით – სკოლაში ისწავლება, თანაც უმცროს კლასებში. ცოტა თუ მეგულება ნაწარმოები, ბავშვისთვისაც კი გასაგები ენით დაწერილი, სადაც ასე ნათლად იყოს აღწერილი ბრბოს ფსიქოლოგია. როდესაც ასეთ საგანძურს ფლობ, შეიძლება კი, კათარზისი არ განიცადო? თან – თუ სკოლაშიც გასწავლიან, გესაუბრებიან და გიხსნიან, რატომ და რა მიზეზით არ უნდა იქცე ბრბოს ნაწილად. ჩვენ კი აგერ უკვე ათწლეულებია ჩვენი ქვეცნობიერი კომპლექსების დასათრგუნავად დავრბივართ “ჯოს! ჯოს!” შეძახილებით და ვირტუალურ მტერს დავეძებთ, რომელსაც, ქარის წისქვილებივით, ხან იეჰოვას მოწმეებში ვხედავთ, ხან აი დი ბარათებზე დატანილ მხეცის ნიშანში, ხანაც ლგბტ აქტივისტებს დავეძებთ ცარიელ ავტობუსებში.

არა, წუთითაც არ მიგულისხმია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ცუდია. პირიქით, თუკი გააზრებულად ვიცით, რა გვსურს და საკუთარ ინდივიდუალობას არ ვკარგავთ, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას და არ გავდივართ კანონის ჩარჩოებიდან, რაც არ უნდა განსხვავებული და რადიკალური პოზიცია გვეკავოს, ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრის გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ როდესაც გავდივართ კანონის ჩარჩოებიდან და ვიქცევით ბრბოდ, რომელსაც ადამიანთა მცირე ჯგუფების ჩაქოლვა განუზრახავს, სულ უნდა გვახსოვდეს: ამ ბიჭივით, რომელსაც გავეშებული ბრბო უპირებს ჩაქოლვას, ნებისმიერ დროს თავადვე შეიძლება აღმოვჩნდეთ მხილებულნი, ისევე როგორც ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში – მოხუცი მგელი ტოტია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი