პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინდური ეკოფემინიზმი

სულ რამდენიმე ისეთი გამოთქმა არსებობს, გაგონებისას გული რომ გაგისკდება. ერთ-ერთია, როცა მოულოდნელად ჩამოვარდნილ სიჩუმეში ვინმე იტყვის (ალბათ, უფრო უხერხული დუმილის დასარღვევად), გოგო დაიბადაო. ზოგი უფრო შორსაც მიდის და მეზობელი ერის წარმომადგენლებს იხსენებს. ვერ გეტყვით, რომელი უფრო მაბრაზებს, მაგრამ, მერწმუნეთ – ხუმრობითაც რომ იყოს ნათქვამი ფრაზა, აღშფოთება ყოველ ჯერზე ტალღებად მივლის: ხალხში დამკვიდრებული ყოველი ასეთი გამოთქმა ერის შეხედულებებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს ასახავს, მე კი არ მინდა, ჩემ გვერდით მცხოვრებთათვის გოგოს დაბადება ისეთი ამბავი იყოს, მწუხარებისგან ხმას რომ ჩაგიწყვეტს, არც ის მინდა, სელექციური აბორტების ასეთი მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს და არც ის, ვინმეს სქესის გამო რაიმე შეზღუდვის ატანა უწევდეს.

პირიქით, მინდა, ყველამ ამქვეყნად, განსაკუთრებით კი ჩემს სიახლოვეს, კარგად იცოდეს გოგონების ფასი, მათი ყოლის სიხარული და მათზე ისე ზრუნავდეს, როგორც გოგონებს შეეფერებათ, ზრუნავდეს მათ მომავალზე, მათთვის ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც თავს უსაფრთხოდ და რეალიზებულად იგრძნობენ.

სწორედ გოგონებზე მზრუნველი ინდური სოფლის შესახებ უნდა გიამბოთ, სოფლისა, სადაც საშუალო განათლებაზე ჯერ კიდევ ყველას არ მიუწვდება ხელი, სადაც ხშირია ნაადრევი ქორწინება, დედათა სიკვდილიანობა და სქესობრივი ძალადობა. ინდოეთის ჩრდილოეთში, რაჯასტანის შტატში მდებარე სოფელ პიპლანტრის მკვიდრნი თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისგან ჯერ კიდევ შორს დგანან და, დარწმუნებული ვარ, მათ ლექსიკონში სიტყვა “გენდერი” არც კი მოიპოვება, მაგრამ ერთი გადასარევი ტრადიცია აქვთ: ყოველი გოგონას დაბადებისას 111 ხეს რგავენ. ტრადიციას სოფლის ყოფილმა მმართველმა ჩაუყარა საფუძველი – მას მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა და მისი ხსოვნის პატივსაცემად ხეები დარგო. უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში სოფელში, სადაც წელიწადში სამოცამდე გოგონა იბადება, ახალდარგული ხეების რიცხვმა (რომლებიც უმეტესად ხეხილია) 250 ათასს გადააჭარბა. მავნე მწერებისგან დასაცავად ხეების გარშემო ალოეს რგავენ, რომლისგანაც სოფლის მოსახლეობა ათასგვარ ნელსაცხებელს, წვენსა და სხვა პროდუქტს ამზადებს. დროთა განმავლობაში ალოეს პროდუქტებით ვაჭრობა წარმატებულ ბიზნესად და სოფლისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა.


ტრადიცია, გარდა გოგონას დაბადების სიხარულისა, ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად აუცილებელია იმ გარემოზე ზრუნვაც, რომელშიც მომავალ თაობებს მოუწევთ ცხოვრება. სამწუხაროდ, კავშირი მოსახლეობის ზრდასა და ბუნებრივი რესურსების შემცირებას, საზოგადოდ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას შორის პირდაპირპროპორციულია, განსაკუთრებით – მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც ნიადაგის გამოფიტვა და სამეურნეო მიწების ნაკლებობა ხშირად მიგრაციის მიზეზადაც იქცევა, ეს კი, თავის მხრივ, ხელუხლებელი ლანდშაფტების ათვისებას და ბუნებრივი ეკოსისტემის დარღვევას უწყობს ხელს.

ამრიგად, ინდოეთის ამ სოფლის მკვიდრნი ერთგვარი ეკოფემინისტები გამოდიან, ქალებსა და გარემოზე ერთდროულად მზრუნველები.

ხეების დარგვასთან ერთად, ინდოელი ეკოფემინისტები ქალიშვილის დაბადებისას პირობას დებენ, რომ შვილს აუცილებლად მიიყვანენ სკოლაში, იზრუნებენ მის განათლებაზე და სრულწლოვანებამდე (20 წლამდე) არ გაათხოვებენ. პირობის დადებისთანავე იხსნება ანაბარი, რომელზეც სოფლის მცხოვრებთა მიერ შეგროვებული დაახლოებით 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი იდება. თანხას სარგებელი ერიცხება, იმატებს და ხელუხლებელი რჩება სრულწლოვნებამდე, როცა გოგონას შეეძლება, ამ თანხით თავის მომავალზე იზრუნოს.

აი, სამაგალითო ხალხი, ვისაც ესმის უმთავრესი რამ: ის, რომ ადამიანის ძალა მისი განათლებაა, ხოლო სტაბილური ცხოვრებისთვის დაცული და სუფთა გარემოა ყველაზე მნიშვნელოვანი. მათ ესმით ისიც, რომ მთავარი არა შვილების რაოდენობა, არამედ გაჩენილ შვილებზე სათანადოდ ზრუნვაა.

P.S. იქ, სადაც სიცოცხლის, ბუნებისა და გოგონების ფასი იციან, მიცვალებულებსაც საკადრის პატივს მიაგებენ. პიპლანტრში გარდაცვლილთა სახელზეც რგავენ ხეებს, ოღონდ შედარებით ნაკლებს – სულ 11 ცალს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი