პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე, სკოლა, ვამპირები და მანიაკები

ჩემი სკოლიანობის ჟამი (წავუჩიქორთულე, როგორც ბებიაჩემი იტყოდა) უცნაურ დროს დაემთხვა. საბჭოთა ამბებიდან ახალი გათავისუფლებულები ვიყავით, რელიგიის თავისუფლების საქმე უკეთ იყო და უცებ ყველაფერი აირია: ტრადიციული რწმენის იქით ცრურწმენების ზღვა ადიდდა. დაერთო ამას ფილმები სულებზე, ვამპირებზე და სხვა მსგავს უმსგავსოებზე. ეკრანებიდან ბატონი კაშპიროვსკის მისტიკური მზერა და არაამქვეყნიური ხმა გვიტევდა. ამ ამბავმა უცხოპლანეტელებიც დააინტერესა, ამხედრდნენ მფრინავ თეფშებზე და რამდენჯერმე დაგვზვერეს. რა შთაბეჭდილებით გაბრუნდნენ უკან, ვერ გეტყვით, ჩვენ კი დაგვტოვეს დაზაფრულები… მოკლედ, ინგლისური შუა საუკუნეები გურიაში გასულის ოთხმოცდაათიანებში დადგა. სკოლა, აბა, როგორ გამოაკლდებოდა ამ ფერხულს…

პირველი საიდუმლო ადგილი, სადაც ურჩხულს ედო ბინა, სკოლის უზარმაზარი სარდაფი იყო. ერთი-ორმა კი წამოიკნავლა, უფროსკლასელები ეწევიან სიგარეტს და იმის შუქიაო, მაგრამ ეგ რას გაჭრიდა… მთელი წელი იმ ადგილას გავლისა გვეშინოდა. მითი მაშინ თუ დაიმსხვრა, სარდაფი რომ გაწმინდეს. ურჩხულის ნაცვლად აღმოჩნდა: ვლადიმერ ვისოცკის სურათები, მერაბ კოსტავას პლაკატები და რამდენიმე წიგნი მეორე მსოფლიო ომზე.

მეორე ასეთი ადგილი სკოლის გზაზე ჩაის მოუვლელი პლანტაცია იყო. იქ ახალი ჯურის ხალხი ბუდობდა: მანიაკები. აქ უკვე მასწავლებლებიც და მშობლებიც ზაფრამ შეიპყრო. მახსოვს, ერთხელ ვიღაცის ღორი დაიკარგა და თქვეს, მანიაკი შეჭამდა – ბავშვის ხორცი თუ შემოაკლდაო. მერე ღორის თავი იპოვეს და ერთმა ბრძნული იერით აღნიშნა, ასეთ ნიშნებს მანიაკები ადებენო. მანიაკომანიამ კარგა სამ წელს გასტანა. მერე, ეს ბავშვების მოყვარული კაცი მკვდარი იპოვესო, რაღაც ასეთი ხმა დაირხა და მიცხრა.

ერთხელ მთლად საოცარი ამბავი მოხდა – მთელი სკოლა გარეთ გამოვცვივდით: ერთმა მოსწავლემ თქვა, მოჩვენება ვნახეო, უზარმაზარ ქალს ჰგავდა, ქვა ვესროლე, მუცელში გაუარა და მიწაზე სველი დაეცაო. აი, აქედანაც (შემაღლებულ ადგილზეა სკოლის შენობა) ჩანსო. გავიხედეთ და რას ვხედავთ – ქალაქის მეორე ბოლოში მართლაც უზარმაზარი, მწვანე ქალი დგას. დარეკეს პოლიციაში, ადგილობრივმა ტელევიზიამაც კი გააშუქა ეს ამბავი და თუ ვინმე იპოვის მის არქივში, სახალისო საქმე იქნება. იმ ხეს კი დასცვივდა შემოდგომაზე ფოთლები, მაგრამ ჩვენ ჩვენი დაგვემართა.

დანარჩენს მერე მოგითხრობთ. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სკოლა საუკეთესო დროა ასეთი ცრუ თუ ნახევრად ცრუ ამბების გასათავისებლად და მათგან გასათავისუფლებლად. ან ეგებ გათავისუფლება არც იყოს საჭირო; ჩვენ ხომ ისედაც მითების სამყაროში ვცხოვრობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი