პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პერსონაჟის მორალურ-ეთიკური პრობლემების ანალიზი

(წერილი II)

როგორც ჩვენი სტატიის სათაურიც მიუთითებს, ეს წერილი გახლავთ გაგრძელება ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ამავე სერიის წერილისა, სადაც შევეცადეთ ძველი ქართული მწერლობიდან მოხმობილი  მაგალითების მიხედვით გვემსჯელა ტექსტების იდეურ-მხატვრულ ანალიზზე, კონკრეტულად კი პერსონაჟთა მორალურ-ეთიკური პრობლემების დეკოდირების ხელოვნებაზე, რაც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი მოსწავლეებისთვის.

წინა წერილში ვსაუბრობდით გიორგი მერჩულის მიერ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გაცოცხლებულ კოლიზიებზე, დრამატულ ეპიზოდებზე, სადაც მძაფრად იკვეთება მორალურ-ეთიკური პრობლემების უაღრესად საინტერესო ხვეულები. ტექსტში გაცოცხლებული რომანული ეპიზოდების განხილვის შემდგომ უპრიანი იქნება თუ გავიხსენებთ ანჩის მოძალადე ეპისკოპოსის დამაინტრიგებელ მხატვრულ სახეს. ცქირს ავტორმა ოსტატური ბიბლიური ალუზიით ალეგორიულად უწოდა „ღვარძლი იფქლთა შორის“.  მის ბოროტებას საზღვარი არ აქვს. ის თვითმარქვია (ძალით დაჯდა ანჩის ეპისკოპოსად), მოძალადე, კოლაბორციონისტი (სარგებლობს სარკინოზი ამირას მხარდაჭერით და საკუთარ ხალხს აშანტაჟებს, უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს), მკვლელობის შემკვეთი, მომსყიდველი, ეკლესიის მნგრეველი, შურიანი და ბოღმისგან თავგზააბნეულია, წმინდა მამის მოსაკლავად მკვლელს მოისყიდის, საწყალ ანჩელ ხალხს კი ხანძთის ეკლესიის ნგრევას აიძულებს. ამ მოცემულობაში მასთან დაპირისპირებულ უდაბნოს მამებს იარაღად მხოლოდ მხილება დარჩენოდათ. თუმცა მართლმხილება მძლავრი იარაღია, ძალადობასა და ინტრიგებს ჯაბნის კიდევაც. ეპიზოდის მთავარი იდეა სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც როცა გაუგონარი ბოროტების ჩასადენად – ხანძთის დასანგრევად მისულ ანჩელებს წმინდა მამებმა ლოცვის დრო სთხოვეს, გულმხურვალე ლოცვისას ეუწყათ, რომ ტაძრის დამანგრეველს საღვთო შურისგება ეწია. ცქირის სიკვდილის მიზეზი – თევზის ჭამა და მოუნელებლობა ალეგორიულად ანტიქრისტეს სასჯელია, რადგან თევზი ქრისტეს ჰიპოსტასად ითვლება.

ჰაგიოგრაფიული ტექსტებისგან განსხვავებული რაკურსით წარმოჩნდება პერსონაჟის მორალურ-ეთიკური პრობლემები საერო მწერლობის ნიმუშებში. „ვეფხისტყაოსანში“ რუსთველის იდეალური გმირების გვერდით ხატავს მორალურად დაცემულ პერსონაჟებსაც, როგორებიც არიან ხატაელთა მეფე რამაზი, დავარ-ქაჯი, გულანშაროელი ჭაშნაგირი. ამ უკანასკნელის სახე, მართალია, ეპიზოდურია, მაგრამ დრამატიზმითა და ალეგორიული ქვეტესტებით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ჭაშნაგირი ფატმან-ხათუნის საყვარელია და ქმრიანი ქალი მრუშობის ცოდვის გამო თავს ასე იმართლებს ახალ საყვარელთან:

„მით არ ჯერვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი,

ისი კაცი, ჭაშნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი;

ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,

ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!“

ჭაშნაგირის ქცევით გაოცებულია რაინდი ავთანდილი, რადგან საყვარლის ღალატის თვითმხილველი ჭაბუკი ფატმანს საიდუმლოს გაცემით, მეფისა და შვილების რისხვით ემუქრება. სასოწარკვეთილი ფატმანი ავთანდილს მის მოკვლას სთხოვს და არაბი სპასპეტიც ზედმეტი სინდისის ქენჯნის გარეშე ისე კლავს ჭაშნაგირს, ისე მოისვრის ზღვაში, როგორც უსარგებლო ნივთს. ავთანდილი ასრულებს ფატმანის თხოვნას, რომ უნებურად მტრად მოკიდებული საყვარლისგან მისი ნაჩუქარი ბეჭედი წამოიღოს. ავთანდილიც ჭაშნაგირს ბეჭდიან თითს აჭრის და ისე მოაქვს. ამ ეპიზოდში ნათლად იკითხება, რომ ავთანდილის ყველა მოქმედება რუსთველისეული იდეური შიფრ-კოდებით არის ნასაზრდოები. ჭაშნაგირი უთუოდ განასახიერებს ადამიანურ სიმდაბლეს, შანტაჟს, გაცემას, დაუნდობლობას, უღირსობას და თავისი გენიალური ინტუიტური წვდომით ავთანდილმა განჭვრიტა, რომ ეს კაცი ნესტანის საიდუმლოსთან იყო დაკავშირებული და რომ ახლა ფატმანის დასმენით სწორედ ნესტანისკენ მიმავალ გზას უხშობდა ავთანდილს. ამიტომაც ავთანდილმა ის იოლად გაიმეტა. მეტიც! – კაცს ასე არ კლავენ, თუ ეს ალეგორიულად ბოროტების დამარცება და კოსმიური სიკეთის გამოხსნისთვის ბრძოლის გზა არ არის. დავაკვირდეთ: ავთანდილმა ჯერ ჭაშნაგირის ორი მონა ასე დაუნდობლად მოკლა (ჰიჩკოკისეული საშინელებანი არაფერია ამ მომენტთან): „თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცნა სულთა ხდასა, თავი თავსა შუტაკა, გაურივა ტვინი თმასა“, ხოლო ამის შემდეგ „თვალმოსისხული“ ავთანდილი ჭაშნაგირს დაადგა თავზე და… „ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა“… და ჰოი, საოცრებავ: ამ დროს, ამ „სისასტიკის“ ჟამს, ავთანდილი, არც მეტი, არც ნაკლები, იხატება ასე: „მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია“, აგრეთვე ის არის „ლომი, მზე, მოყმე წყლიანი“ და კიდევ უფრო საოცარია, რომ კაცმა სამი ადამიანი ასე სასტიკად დახოცა, ხოლო ავტორი მას შეჰხარის: „წამოვიდა ვარდი ტკბილი“… ცხადია, რომ ავთანდილის ესოდენი სისასტიკე ალეგორიულად გმირის ბოროტებასთან შეუგუებლობას გამოსახავს, ხოლო ჭაშნაგირი სახეა ადამიანური სიმდაბლისა და მორალურ-ზნეობრივი კრახისა.

პერსონაჟის მორალურ-ეთიკური პრობლემების გამოსახვის დიდოსტატია სულხან-საბა ორბელიანი. მისი იგავები მთლიანად ადამიანური პრობლემების ჩხრეკასა და კათარზისის გზების ძიებას ეხება, ხოლო ფინეზის კარის ამბავში ის აცოცხლებს უკვდავ გმირს, რუქას, მეფის სეფეთუხუცესს, შურიან საჭურისს, რომელიც ღიად და შეუფარავად უპირისპირდება მეფის ფავორტს, უფლისწულის ბრძენ აღმზრდელს, ლეონს, სიკეთისა და სულიერების რუსთველისეულ სიმბოლოს. რუქა იმდენად დააბნელა ლეონისადმი შურმა და ბოღმამ, რომ მეფესთან ენატანიობა დაიწყო, მეფის შვილის კეთილისმსურველის მანტიით ცილს სწამებდა აღმზრდელს, რომელსაც თავისებური შეხედულებები ჰქონდა მეფის ძის წვრთნის პროცესზე. თუმცა საბამ ორიგინალური გადაწყვეტა მოუნახა რუქას ბედს. ის ლეონმა აგრესიაზე საპასუხო იგნორირებით დაამარცხა. ნაწარმოებში დამაჯერებლად არის გადმოცემული რუქას მეტამორფოზა. ფინალურ სცენებში ჩანს, რომ რუქა ნანობს ლეონთან დაპირისპირებას, აღიარებს მის უპირატესობას და მტრობას მეგობრობას ამჯობინებს. ამ კოლიზიებით ავტორმა მკითხველს ნათლად აჩვენა, რომ მტრობას, ინტრიგებს, ენატანიობას არ აქვს მომავალი, ბოროტს ყოველთვის კეთილი სძლევს.

ამჯერად შევეცადეთ ძველი ქართული მწერლობიდან რამდენიმე მაგალითის მოხმობით გვემსჯელა ნარატიული ეპიკური ტექსტების პერსონაჟთა მორალურ-ეთიკური პრობლემების გამოსახვის იდეურ აქცენტებზე, რაც, ვფიქრობ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დისკუსიების, ტექსტების კვლევა-ძიებების, პერსონაჟთა პორტრეტებზე დაკვირვების, ტექსტების სინთეზირების ერთგვარი მაპროვოცირებელი იქნება. მიმაჩნია, რომ ქართული მწერლობის მიერ დასმულ პრობლემებზე ფიქრი და განსჯა უწყვეტი პროცესია და თუკი ეს სტატია თუნდაც ორიოდე მოსწავლეს ან მასწავლებელს უბიძგებს ამგვარი განსჯისკენ, ამ თემებზე წერის გაგრძელება კიდევ ღირს. ამით იმის თქმა მინდა, რომ… გაგრძელება იქნება…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი