პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„ქუჩის დღეები“ ანუ მავნე ქიმია

ვიცოდი, რომ ქართველ რეჟისორებს თბილისური ნარკომანიის თემა არაერთხელ და თანაც უხარისხოდ გადაეღეჭათ, მაგრამ მაინც წავედი „ქუჩის დღეების” სანახავად. მითუმეტეს, ყურმოკვრით გამეგო, რომ ლევან კოღუაშვილს იქამდე კარგი დოკუმენტური ფილმი ჰქონდა გადაღებული შტატებში მომუშავე ქართველი ქალების შესახებ. კინომანების ენები იუწყებოდნენ, ნიჭიერი კაციაო. როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში თვალშისაცემი სიხალვათე დამხვდა. სულ ხუთნი ვისხედით: ფიზიკურად მოსიყვარულე და ვერბალურად მოჩხუბარი წყვილი, ორი შუახნის მამაკაცი და მე. ფილმში მრავლად შეხვდებით მოძველბიჭო, ბაბულიკა ელემენტებსა და წამლის მკეთებლებს, მაგრამ ძალიან იშვიათად გაიგებთ გინებას. იმ დღის შემდეგ, როცა კინოს საქმეში მეტნაკლებად ხვითო ადამიანები „ქუჩის დღეებს” დეკადის საუკეთესო ქართულ ფილმად არ ასახელებენ, ისეთი მრისხანება მიპყრობს, თითქოს ჩემს ნამუშევარს ჩაგრავენ და სურვილი მიჩნდება ხელში ასტამი ავიღო.

თავიდანვე ვაღიარებ, რომ კოღუაშვილმა ჩინებულად მოახერხა ის, რაც იქამდე ქართველმა კინოს მკეთებლებმა ვერ შეძლეს: აირჩია ფეხით ნატკეპნი იდეა და დახვეწა. გაწმინდა ნადებებისგან. იპოვა ლიტერატურული ღერძი, აიღო მიმართულება, შექმნა სცენარი და ბოლომდე მისდია მას. ერთიცაა: არის ასეთი რეჟისორი – პოლ ტომას ანდერსონი. ეს ახალგაზრდა კაცი როგორღაც ახერხებს იმას, რომ მის ფილმებში მსახიობებმა თავიანთი საუკეთესო როლები შეასრულონ. ამ პარამეტრით ლევან კოღუაშვილი პოლ ტომას ანდერსონს ჰგავს. „ქუჩის დღეებში” თითქოს იქამდე მიმკვდარებული მსახიობები კოღუაშვილმა საიქიოდან იმჰოტეპის მსგავსად გამოიხმო და ფილმისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა გაუჩინა.

იმხანად, როცა „ქუჩის დღეები” კინოეკრანებზე გამოვიდა, ჟურნალ ტაბულას კინომიმომხილველად ვმუშაობდი და ლევან კოღუაშვილს ინტერვიუზე შევუთანხმდი. მთავარი, რაც მისგან მაინტერესებდა ის იყო, რატომ აირჩია მრავალჯერ ნაცადი თემა. მაშინ კოღუაშვილმა საინტერესო პასუხი გამცა: „ეს არ არის ფილმი ნარკომანებზე. ეს არის კინო დაკარგული თაობის შესახებ”. მართალია ქართველი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა იმდროინდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო აირჩია მდინარის სხვა ნაპირი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თაობა შეიძლება ოქროს ხანაშიც დაიკარგოს – როცა ყველა განძის აღმოსაჩენად მიდის, შენ წამლის საშოვნელად წახვიდე.
„ქუჩის დღეებში” ნაჩვენებია არა მხოლოდ ის, თუ როგორ იხარშებიან თავიანთ წვენში წამალდამოკიდებული ადამიანები; დღითიდღე როგორ ემსგავსება მათი ყოველდღიურობა ჯოჯოხეთს ისე, რომ თავიანთ ცხოვრებაზე გული ერევათ; როგორ სძულთ საკუთარი თავი და ეჭიდებიან ხავსს; ერთი ბაიანის გამო როგორ კარგავენ ყველანაირ ადამიანურ ღირსებას, არამედ ისიც, თუ რა საფრთხეს უქმნის ასეთი ადამიანების არსებობა სხვებს, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებს.
რა თქმა უნდა, კოღუაშვილის ფილმი არაფერი იქნებოდა, მხოლოდ წამალდამოკიდებულთა დატბორილი და ჩამყაყებული ცხოვრება რომ ეჩვენებინა. მთავარი ისაა, რომ რეჟისორმა ნარკომანიის მუტაციის საფრთხე გვაჩვენა, რაც სიუჟეტში მოზარდების შემოყვანით მოახერხა. მოსწავლეები, რომლებიც თავიანთი სკოლის გადაღმა წამლზე მოჩალიჩე ელემენტებს ხედავენ, მიმბაძველობის გამო ცდილობენ თავადაც გასინჯონ აკრძალული ხილი. ფილმის სიუჟეტი კარგად გვაჩვენებს, რომ ნარკომანია ავთვისებიანი სიმსივნეა, რომლის მეტასტაზებიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და ყველანაირი მასშტაბის სოციუმში აღწევს – ქუჩიდან იწყება და სკოლაში, ოჯახებში, ცოლ-ქმრულ, მამა-შვილურ და მეგობრულ ურთიერთობებში ძვრება. სხვათა შორის „ქუჩის დღეები” ყველა ამ სოციუმის მანკიერ მხარეებზეც საუბრობს. პერსონაჟების ლომკა იმდენად გაცხოველებულია, რომ ერთ ეპიზოდში მარიხუანაზე უარს ამბობენ – ეს უკვე მეტისმეტად საბავშვოა მათთვის.
კოღუაშვილის ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ ნათელ ფერებშია გადაღებული, შინაარსით ფრანსისკო გოიას იმ ნახატებს უფრო ჰგავს, რომლებშიც მხატვარმა სიმახინჯით გადმოსცა ყოფიერება, ვიდრე გადაპრანჭული რეალობის ტილოებს.
ფილმის მთავარი გმირი – ჩეკი, ერთი სამოსით დადის. სხვისა არ ვიცი, მაგრამ „ქუჩის დღეების” ნახვისას ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩეკის მსგავსად ეს ტანსაცმელი მეც მახრჩობს, სხეული მექავება. სურვილი მიჩნდება მზისგან გახუნებული ქურთუკი საკუთარ კანთან ერთად შემოვიხიო და სადღაც, ძალიან შორს, უკანმმოუხედავად გავიქცე, თუმცა დავაპირებ თუ არა გაქცევას, ფეხზე გამობმული ბაწარი მაჩერებს.
ფილმის დასასრულს, რეჟისორი ბოლო იმედსაც მიკლავს, რომ მსხვერპლშეწირვის შემდეგ, რაიმე შეიცვლება. მარწმუნებს, რომ ჩეკის თაობამ ცხოვრების შანსი საბოლოოდ გაუშვა ხელიდან. იქნებ ამ ფილმით თქვენც დაარწმუნოთ მოსწავლეები, რომ ცხოვრების ვენაში გაშვება არ ღირს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი