ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„დავეხმაროთ?! – არ დავეხმაროთ?!“

“ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი! ტიტუ, რა ბევრია!” – ბავშვების ბედნიერი შეძახილი ფილმიდან „იმერული ესკიზები” ალბათ ყველას გვახსოვს. ისინი ობოლი თანაკლასელის დასახმარებლად წარმოდგენას მართავენ და ფულს აგროვებენ. ალბათ გულიანადაც გვიცინია ამ ფილმის ყურებისას, მაგრამ სინამდვილეში რა შეიძლება იყოს უფრო სევდიანი, ვიდრე იმერეთის პატარა სოფელი თავისი სიკეთითა და მზრუნველობით, სოფელი, სადაც ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარების მნიშვნელობა ბავშვებსაც კი ესმით, სოფელი, რომელსაც თავისი ღარიბების დაპურება და ნუგეში შეუძლია.

არ ვიცი, როდის დაკარგა ქველმოქმედებამ მნიშვნელობა ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის – მაშინ, როცა დავიჯერეთ, რომ აყვავებულ საბჭოთა საქართველოში გაჭირვება არ არსებობდა თუ მოგვიანებით, როცა საყოველთაო სიღარიბისა და შიმშილის სუნმა ყველა შეგრძნება დაგვაკარგვინა და სხვისი ჭირი მართლაც ღობეს ჩხირად გვიქცია. არ ვიცი, როდის დავუკეტეთ კარი ერთმანეთს და ჩემმა იმერულმა სოფელმა როდის შეაქცია ზურგი საკუთარ ტკივილს – ღარიბ მეზობელს. არადა, ჩემი არც ისე შორეული ბავშვობიდან კარგად მახსოვს ორი უმნიშვნელოვანესი სიტყვა: „სოფელმა შეინახა”.
დღეს სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით მათ ფოტოებს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, იქვე მითითებული ტელეფონის ნომრებითა და საბანკო ანგარიშებით. ზოგჯერ ვრეკავთ, ზოგჯერ ანგარიშზე არ გვაქვს, ზოგჯერ ბანკში მისვლა გვეზარება და ვამბობთ: „ხვალ, ხვალ გავივლი, რას წყვეტს ერთი დღე?” არადა, ხანდახან ერთი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს – შეიძლება, ხვალ უკვე გვიან იყოს, შეიძლება, ჩვენზე სწრაფი სხვა აღმოჩნდეს, სხვა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია და რომელიც მრავალგვარია – შიმშილით, სიცივით, ავადმყოფობით, თქვენ წარმოიდგინეთ, უიმედობით გამოწვეულიც კი. აქედან მომდევნო ეტაპი იწყება – ერთმანეთისკენ თითის გაშვერის. ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, არასამთავრობო სექტორი, მედია – ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს. გამოვიჩენ თავხედობას და ვიტყვი, რომ ჩვენ მოგვწონს ეს პროცესი: ქოთქოთი, ვიშვიში, თავების სინანულით ქნევა და სხვის ფონზე კარგ ტიპად გამოჩენა.
ამბობენ, რომ სიკეთე ყველა ადამიანშია. მე მჯერა ამის, მაგრამ იმისაც მჯერა, რომ სიკეთის კეთების უნარს ხშირად სწავლა, უფრო სწორად, გამომუშავება სჭირდება. გიფიქრიათ, რამდენ ოჯახს აქვს საშუალება, თუნდაც ერთი ზედმეტი საჩუქარი შეიძინოს საშობაოდ, ან ყოველთვიურად მიზერული თანხა გადარიცხოს ფონდში, რომელიც ადამიანებს გაუსაძლის ცხოვრებას შეუმსუბუქებს? ალბათ, არც ისე ცოტას, მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, სიკეთის კეთების კულტურა ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია.
როცა ამ პოსტზე ვფიქრობდი, ვაპირებდი, ევროპულ და ამერიკულ სკოლებში ესოდენ პოპულარული საქველმოქმედო აქტივობების შესახებ დამეწერა, მომეყოლა, როგორ ყიდულობენ მშობლები ერთმანეთის გამომცხვარ ნამცხვრებს სასკოლო ბაზრობაზე და როგორი გულმოდგინებით ამზადებენ ბავშვები ხელნაკეთ სათამაშოებსა თუ სხვა ნივთებს თანატოლების დასახმარებლად. მერე კი ერთი შესანიშნავი ტრადიცია გამახსენდა, რომელიც ასევე სკოლას უკავშირდება, ჩემს სკოლას.

ქუთაისის მესამე საშუალო სკოლის წინ გიმნაზისტი გოგონას ძეგლი დგას, ერთ მკლავზე კალათი ჩამოუკიდია, მეორე ხელში კი გვირილა უჭირავს. „სავარდო და სამაისო” ქუთაისში მეოცე საუკუნის დასაწყისში ასეთი ტრადიცია არსებობდა: მაისის დასაწყისში ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად სამდღიან „გვირილობას” მართავდნენ. „გვირილების დედოფალი”, წარჩინებული და პატივსაცემი ქალბატონი, ქალაქის ქუჩებში დადიოდა. მას თან გიმნაზიელი გოგონა და ვაჟი დაჰყვებოდნენ. ვაჟს ყულაბა დაჰქონდა შემოწირულობის შესაგროვებლად, გოგონა კი ქველმოქმედებს გულზე გვირილას ამაგრებდა. ამბობენ, რომ კალათში გვირილები პირველად ქუთაისში სილამაზით ცნობილმა საშა ჩიქოვანმა ჩააწყო და ყვავილი სიკეთის სიმბოლოდ აქცია. არც ერთი თავმოყვარე ქუთაისელი თანხის გაღებაზე უარს არ ამბობდა, იმერული თავმოყვარეობისა და თავმომწონეობის ამბავი კი ყველას მოგეხსენებათ. ქალაქის მეხსიერება დღემდე ინახავს არაერთი ქალბატონისა და გოგონას სახელს, რომლებიც არა მარტო გარეგნობითა და განათლებით, არამედ სიკეთითაც გამოირჩეოდნენ და „გვირილობის” ტრადიციას აცოცხლებდნენ. მრავალი მათგანი ქუთაისის ქალთა გიმნაზიის (ახლანდელი მესამე სკოლის) კურსდამთავრებული ან მოსწავლე იყო.

თუ ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მოხვდებით, ნუ ჩაუვლით გულგრილად „გიმნაზისტკას” ძეგლს, რომელიც გიღიმით და გვირილას გიწვდით. ეს ხომ ვინმე კონკრეტული ადამიანის ძეგლი არ არის, რომელიც შეიძლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, – ეს სიკეთის ძეგლია. ტრადიცია კი მხოლოდ სადღეგრძელო და მოლხენა არ არის, ქველმოქმედებაც ტრადიციაა და სიკეთის კეთებაც შეიძლება სკოლაში ისწავლებოდეს. მთავარია, გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ გაღებული „ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი”.

არადა, სანამ ჩვენ სოციალურ ქსელებში აღშფოთებული კომენტარებს ვწერთ, პასუხისმგებლობის ტვირთს მხრებიდან ვიხსნით და სხვებს ვკიდებთ, სანამ ერთმანეთთან მისასვლელი გზა ვერ გვიპოვია და ინტერნეტში დაკარგულები ვირტუალურ თანაგრძნობას ვჯერდებით, გარეთ ჯადოსნური გაზაფხულია – მაისი მოდის, კალათების გვირილებით ავსების თვე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი