პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლების პირველი მინისტრი

შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ საქართველოში განათლების სფეროს პოლიტიკური პროცესის სისტემურ ნაწილად ჩამოყალიბება XIX საუკუნის მეორე ნახევარიდან დაიწყო. “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის” საფუძვლის ჩაყრით სამოციანელთა წარმომადგენლებმა განათლება მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად და საზოგადოებრივი განხილვების ერთ-ერთ მთავარ თემად აქციეს. მათ არც შემდგომი თაობის პუბლიცისტები ჩამორჩნენ. საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე სამოქალაქო აქტივისტებმა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში მოხვედრაც მოახერხეს და, ამის კვალობაზე, თავიანთი იდეების განსახორციელებლად აუცილებელი სახელისუფლებო ბერკეტებიც მოიპოვეს.  ერთ-ერთი ასეთი მოაზროვნე გახლდათ გიორგი ლასხიშვილი, რომელიც 1918 წელს საქართველოს პირველი განათლების მინისტრი გახდა. თუმცა,  ვიდრე საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებდა, მან ცხოვრების ურთულესი, დაბრკოლებებით აღსავსე გზა განვლო.

მომავალი მინისტრი 1866 წელს, შობის წინა ღამეს დაიბადა. წერა-კითხვის მცოდნე, ნიჭიერი მოზარდი ადვილად ჩაირიცხა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 19 წლის იყო, როდესაც, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, განათლების გასაგრძელებლად რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ცენტრისკენ, ოდესისკენ, გაეშურა. მალე ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი ქალაქში მოქმედი ახალგაზრდული ხალხოსნური წრეების ლიდერადაც იქცა. ლასხიშვილი ხელმძღვანელობდა სტუდენტურ მღელვარებებს ცარიზმის წინააღმდეგ, თანამიმდევრულად აკრიტიკებდა მეფის თვითმპყრობელობას და მხარს უჭერდა საზოგადოებაში დემოკრატიული წესების დამკვიდრებას. ბუნებრივია, ეს არ გამოჰპარვიათ უნივერსიტეტის მმართველებსა და საიდუმლო სამსახურის, ოხრანკის, წარმომადგენლებს. ქართველ სტუდენტს რევოლუციური საქმიანობა ძვირად დაუჯდა, იგი ციმბირში გადაასახლეს, სადაც მან შვიდ წელზე მეტი დაყო.

1895 წელს უკვე ჩამოყალიბებული პუბლიცისტი, გამოცდილი მოღვაწე საქართველოში დაბრუნდა. ილია ჭავჭავაძის მიწვევით იგი ჯერ “ივერიაში” მუშაობდა, მერე “ცნობის ფურცელში” გადავიდა. ამ გაზეთის ირგვლივ ლასხიშვილმა ჩამოაყალიბა მაშინდელი პოლიტიკის ყველაზე ზომიერი მიმართულება და მისი ინტელექტუალური ბირთვი, რომელთაც შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური გაერთიანება – ფედერალისტური პარტია – შექმნეს. მომავალი ფედერალისტები მკაცრად ემიჯნებოდნენ რადიკალურ მარქსისტულ ჯგუფებსაც და თავად-აზნაურთა კონსერვატიულ დინებებსაც. მათი მიზანი დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება გახლდათ.

გიორგი ლასხიშვილმა განათლების მიმართ თავისი პოლიტიკური დამოკიდებულება ასობით საგაზეთო პუბლიკაციასა და მთავრობაში მოსვლის წინ გამოქვეყნებულ საარჩევნო პროგრამაში წარმოადგინა.

მან უმთავრეს მიზნად დაისახა რესპუბლიკაში უფასო საშუალო განათლების დაწესება, რომელიც იმავდროულად ყველა მოზარდისთვის სავალდებულო იქნებოდა. მისი აზრით, საქართველოს ყველა თემს თვითმმართველ ერთეულს დაქვემდებარებული სახალხო სკოლები უნდა ჰქონოდა. სკოლებში კი მაშინდელი ეპოქისათვის შესაბამისი თანამედროვე საგანმანათლებლო დისციპლინები უნდა დანერგილიყო. გარდა სასკოლო საგნებისა, საშუალო განათლება რომელიმე ხელობის სრულყოფილად შესწავლასაც ითვალისწინებდა.

ფედერალისტის მინისტრობისას მომზადდა ნიადაგი იმისათვის, რომ 1918 წლის იანვარში დაფუძნებულ თბილისის ქართულ უნივერსიტეტს სახელმწიფო სასწავლებლის სტატუსი მინიჭებოდა. ლასხიშვილი და მისი პარტია აქტიურად ემხრობოდნენ განათლებისა და მეცნიერების საერთო სივრცის ფორმირებისა და მისი ეროვნული ხაზინიდან მხარდაჭერის იდეას.

სამწუხაროდ, ოპოზიციონერი სახელმწიფო მოღვაწე რამდენიმე თვეში ჩამოაშორეს თანამდებობას, თუმცა მან მაინც მოახერხა ახალშექმნილ, ღარიბ სახელმწიფოში განათლების სისტემის მამოძრავებელი ზამბარისათვის პირველი ბიძგის მიცემა.

ეჭვი არ მეპარება, რომ პირველი მინისტრის გამოცდილება, მისი ხედვა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თანამედროვეებმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი