პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შეფასების სისტემის უცხოური გამოცდილება

„რამდენი ვარსკვლავი დაგიწერა მასწავლებელმა?“, „დღეს რა მიიღე?“ – ეს კითხვები მოსწავლეებსაც ეცნობათ და მშობლებსაც. პედაგოგიურ წრეებში კი ახლაც დავობენ იმაზე, შეფასების რომელი სისტემაა უფრო მოქნილი და მოტივაციის მომცემი – ქულებით თუ სხვადასხვა სიმბოლოების საშუალებით?

მრავალ ქვეყანაში ცოდნის შეფასების საკითხი მდგრადია და აღარ განიხილება. მისი მიზანიც უცვლელი რჩება – შეფასებამ, რა სახისაც არ უნდა იყოს, მინიმალური ცდომილების გარეშე უნდა წარმოაჩინოს მოსწავლეთა სასკოლო მიღწევები.

იმისთვის, რომ უფრო ნათლად დავინახოთ, როგორ აისახება მსოფლიოში არსებული შეფასების სხვადასხვა მეთოდი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებზე, გაგაცნობთ მშობლების მოსაზრებებს.

ფინეთი: ქვეყანაში შეფასების 10-ქულიანი სისტემაა. მე-3 კლასამდე ქულები საერთოდ არ იწერება. მე-7 კლასამდე მასწავლებლები ბავშვებს სიტყვიერად აფასებენ, მაგალითად, დადებითი შეფასებაა „შესანიშნავი“. მე-8 კლასიდან კი 10-ქულიანი სისტემა ირთვება.

ნიშნების გამო ფინეთში მოსწავლეებს არ კიცხავენ. შეფასების მიზანია მოსწავლის მოტივირება, მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განვითარება და კორექცია.

ფინელი მეათეკლასელი მარგარიტას დედა ამბობს: „თუ მოსწავლემ დავალება შეასრულა, „პლუსს“ დაუწერენ, თუ არა – „მინუსს“. თუ რაიმე ფორმით თავი ვერ წარმოაჩინა, მასწავლებელი მის ელექტრონულ დღიურში შეტყობინებას ჩაწერს და მუშაობას შემდეგ ჯერზე შესთავაზებს. დღიურში შენიშვნებს წერენ ფსიქოლოგი, სოციალური და სამედიცინო მუშაკი და ე.წ. „მომავლის მასწავლებელიც“ – სპეციალისტი, რომელიც მოსწავლესთან გასაუბრებით ავლენს მის მიდრეკილებას რაიმე სახის საქმიანობისკენ. ყველა სპეციალისტის მომსახურება ფინეთის სკოლაში უფასოა.

მასწავლებელი ყველა მშობელს სათითაოდ ხვდება და ბავშვის საქმიანობის შესახებ 15 წუთის განმავლობაში ესაუბრება. მოსწავლეთა შორისაც არავინ იცის, ვის რა შეფასებები აქვს სკოლაში. ძირითადად შეფასებას წერენ არა შედეგის შესაფასებლად, არამედ გაწეული ძალისხმევისთვის. სემესტრული შეფასება არის შედეგი იმისა, თუ როგორ უმკლავდება მოსწავლე დავალებებს კლასში, როგორ აბარებს გამოცდებს და რამდენად აქტიურია. ყველა მასწავლებელი თავად წყვეტს, რას და როგორ შეაფასებს“.

სინგაპური: 2018 წლის PISA-ს კვლევის თანახმად, სინგაპურმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ კვლევა ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. სინგაპურს „ახალგაზრდა“, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა აქვს. 1997 წლიდან ქვეყანა ახორციელებს რიგ ღონისძიებებს დაწყებით და საშუალო სკოლებში გამოცდებისა და შეფასებისთვის. ამ გარდაქმნების მიზანია საგანმანათლებლო პროცესის კონკურენტუნარიანობისგან მიღებული მოსწავლეთა სტრესის შემცირება.

10 წლის ირინეს დედა ამბობს: „მეექვსე კლასამდე სინგაპურელი მასწავლებლის მიზანი არ არის ქულების დაწერა და ბავშვების რანჟირება კლასის შიგნით. ჩემმა ვაჟმა სემესტრის განმავლობაში უბრალოდ უნდა ჩააბაროს ყველა სამუშაო და პროექტი, რომელზეც მასწავლებელი უკუკავშირით ეხმაურება და არა რაიმე შეფასებით. პედაგოგები იყენებენ განმსაზღვრელ მიდგომას, ანუ უწერენ: „კარგია“ ან „ეცადე, სამომავლოდ უკეთესი შედეგი მიიღო“. სემესტრის ბოლოს სკოლებში ტარდება საკონტროლოები 100%-იანი სკალით. თუ ბავშვმა 51% მაინც დააგროვა, ითვლება, რომ მან უკვე ჩააბარა.

რაც შეეხება საშინაო დავალებას, თუ მოსწავლემ ის ვერ შეასრულა, გაკვეთილზე მოუმზადებელი გამოცხადდა, მას გაკვეთილების შემდეგ დაიტოვებენ და ისე შეასრულებინებენ ყველა დავალებას. სინგაპურში არ ტარდება მშობელთა საერთო კრებები. თითოეულ სკოლაში ოჯახს ცალკე იწვევენ და ბავშვის შედეგებს ინდივიდუალურად აცნობენ. არც მე, არც ჩემმა შვილმა არ ვიცით, ვინ არის კლასში ფრიადოსანი და ვინ – არა“.

საფრანგეთი: ქვეყნის მთავრობა 2012 წლიდან ახორციელებს განათლების სისტემის რეფორმას, თუმცა აქ შეფასების სისტემა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უცვლელია. საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ ცოდნის შეფასების ოცქულიან სკალას თავისი უპირატესობა აქვს.

13 წლის ნიკოლის მამა ამბობს: „ჩემი გოგო კარგად სწავლობს, 15-18 ქულას იღებს. თუ მასწავლებელმა 10 ქულაზე მეტი დაუწერა, ჩათვალეთ, რომ მან დადებითი ქულა მიიღო. თუ 9.5 – მასალა კიდევ უნდა შეისწავლოს. 12 ქულა საშუალო შედეგია, 12.5 კი უკვე „კარგთან“ მიახლოებული. მიხუმრია ხოლმე, სკოლის შეფასებები მოციგურავეთა ოლიმპიური თამაშების შეფასებას ჰგავს-მეთქი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს მიდგომა ბავშვის უფრო ობიექტურად შეფასების საშუალებას იძლევა. როდესაც მასწავლებლის არსენალში მხოლოდ რამდენიმე ქულაა, დიდი შანსია, „სუსტები“ ამოქაჩო, მაგრამ „ძლიერის“ წარმატება დააკნინო. ფრანგულ სისტემაში კი ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია“.

ავსტრალია: PISA-ს ბოლოდროინდელ რეიტინგში ავსტრალია მე-20-30 ადგილზეა და მისი პოზიცია წლიდან წლამდე სუსტდება. 2003 წელს ის მე-10 ადგილზე იყო. სკოლებში მოსწავლეებს არ კვებავენ ცხელი კერძებით, მაგრამ მათ ორი დიდი შესვენება აქვთ – ამის შესაძლებლობას იქაური კლიმატი იძლევა. უფროს კლასებში ბავშვს შეუძლია აირჩიოს საგნები, რომელთა სწავლითაც დაინტერესებულია. ამავე დროს, არსებობს სავალდებულო საგნებიც – მათემატიკა და ინგლისური.

დღეს ავსტრალიაში ათი ათასამდე სკოლაა, 300-ზე მეტი საჯარო კოლეჯი და 40 უნივერსიტეტი. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და იცავს სახელმწიფო სტანდარტებს. სკოლებში 3 მილიონზე მეტი მოსწავლე ირიცხება. მხოლოდ ახალი სამხრეთი უელსის შტატში 2200 სკოლაა. საჯარო სკოლები 71%-ს შეადგენს, დანარჩენი კერძოა. სკოლები იყოფა საერთო, მხოლოდ ვაჟთა და მხოლოდ ქალთა სკოლებად.

4 წლის დავითის დედა ამბობს: „ჩემი შვილი ჯერ არ დადის სკოლაში, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, წინასწარ შევისწავლე შეფასების სიტემა, რომელიც მას სკოლაში ელის. ჩვენთან ბავშვები 5 წლის ასაკში მიდიან სკოლაში და ეს საკმაოდ ადრეა. მოსამზადებელი კლასი უფრო საბავშვო ბაღს ჰგავს, თუმცა იქ ბავშვს არავინ აჭმევს და აძინებს. შეფასების სისტემა ხუთქულიანის მსგავსია. მეგობრებმა მითხრეს, რომ რამდენიმე წლის წინ „A“ ფრიადივით იყო, „A+“-ის მიღება კი მოსწავლეს მხოლოდ განსაკუთრებული მიღწევებისთვის შეეძლო. „A“-ს მასწავლებლები იშვიათად წერდნენ, „B“-ს ან „C“-ს – გაცილებით ხშირად“.

ვეიცარია: ეს კიდევ ერთი ქვეყანაა, რომლის საშუალო განათლების ხარისხი მსოფლიოში ძალიან ფასობს. სასწავლო პროცესში ყურადღებას ამახვილებენ თითოეული მოსწავლის პიროვნებაზე: იმისთვის, რომ სწავლამ ბავშვებს სარგებლობა მოუტანოს, მოსწავლე თვითონვე უნდა იყოს დაინტერესებული სწავლით, რისთვისაც მასწავლებლები იყენებენ ინდივიდუალურ მიდგომას, იმდენ დროს უთმობენ თითოეულ ბავშვს, რამდენიც კონკრეტული მასალის ასათვისებლად დასჭირდება.

შვეიცარიის შეფასების სისტემის სპეციფიკა ისაა, რომ თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი წესები, ანუ, ფაქტობრივად, საუბარია 26 დამოუკიდებელ საგანმანათლებლო სისტემაზე. შვეიცარიის სკოლები მოსწავლეებს მხოლოდ აკადემიური მოსწრების საფუძველზე არ აფასებენ. ეს საშუალებას აძლევს ბავშვებს, ჰქონდეთ ჯანსაღი კონკურენცია ერთმანეთთან.

7, 9, 12 და 14 წლის ბავშვების დედა: „ციურიხის რეგიონში, სადაც ვცხოვრობთ, ბავშვებს ექვსქულიანი სისტემით აფასებენ. მეტიც – არსებობს ასეთი ქულებიც: 4.9 ან 5.7. სკოლამდელ ასაკში მომზადების დროს ქულები არ იწერება, დაწყებით სკოლაში კი – მხოლოდ მეორე კლასიდან. თუმცა სწავლის პირველი წლის განმავლობაში, აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების მიხედვით, ბავშვები სხვადასხვა კლასში ნაწილდებიან. მოსწავლეები, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს, ხვდებიან „A“ კლასში, საშუალო შედეგისები – „B“-ში, დანარჩენი კი – „C“ კლასში. რა თქმა უნდა, მშობლებს სურთ, მათი შვილები A კლასში მოხვდნენ, რადგან შემდეგ საშუალო სკოლაში სწავლა უფრო გაუადვილდებათ. გამოდის, რომ სკოლაში არის ძლიერი და სუსტი კლასები. და თუ ბავშვს უფრო ძლიერ კლასში გადასვლა სურს, მას თავისი შესაძლებლობების დამტკიცება მოუწევს.

შვეიცარიაში ოთხი ოფიციალური სახელმწიფო ენაა და მათ სწავლას დიდი ყურადღება ეთმობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს სკოლაში კარგი შეფასებები ჰქონდეთ. ამას ყურადღება ექცევა როგორც სკოლაში შესვლისას, ისე დაწყებითი სკოლიდან საშუალო სკოლაში გადასვლის დროსაც“.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი