პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

   ღვთის ანაბარა დარჩენილები

კარტოფილს ვიღებდი სამი დღე, ამოღება ერთია და ბარს რა ამოაქვს – მეორე. წვრილი, ჟიჟმატი, თვალი არ წაგივა და გული. მიწა მაგარია, ფიქალივით, მუჭი ჩაეტევა ნახეთქებში. ან რა კეთილი დაეყრებოდა, ორ კვირაზე მეტია, წამლად წვეთი არ ჩამოვარდნილა ციდან. პირველი ბარი რომ გავტეხე, ვიფიქრე, მივანებებ-მეთქი თავს, მაგრამ დამენანა, ბარვასა და თოხნაში დამწყდარი მაჯები.

ეს უჩინარი სატკივარი რომ გაჩნდა, სიკვდილზე მეტად შიმშილის შემეშინდა. გულდაგულ ვაბრუნე ბელტები, გულდაგულ ჩავყარე თესლი. მუხლებზე ვიდექი, ისე ვმარგლიდი ხელით, სარეველის ღერი არ ამომიშვია მიწიდან. აღელდა კვლები, შედედდა და მწვანედ დაიწყო ბიბინი.

შემდეგ კი ორი კვირა ენთო აგვისტოს ღურღურა მზე, არ ჩანელებულა. ჩაიშრიტა მიწაში, მზემომსწრალი, აყვავებული კარტოფილი.

როცა მე და მიწამ მეორე ბარიც მოვინელეთ, ნატეხები ბელტებს მივახეთქე და თავი მივანებე.

დაღლილი ვწევარ და ვკითხულობ ბექა ქურხულის „მკვლელს“ მიწამიმხმარი ხელებით. ადრეც მინდოდა წაკითხვა, მინდორში ვიყავი და არ დამაცადა ნისლმა და ჟინჟღლმა. ახლა ვკითხულობ და შემებრალა ყველა, ისე შემებრალა, გულ-მუცელი ჩამეწვა.

ნაბაკეველი პარტიზანი გია ეზუხბია ცოლ-შვილთან ერთად სოფელ ახალკახათის კულტურის სახლშია შეკედლებული. სკამი არ მოეძევებათ, მანქანის სიდენიაზე ზის, უფილტროს სრუტავს და  ღუმელს ეფიცხება. ამ ცივ დილაბნელს ცოლი ეჩხუბება. გამწარებული ქალი ქმარს ეუბნება, რომ სულელია, თუ ომი და უბედურება უნდოდა, რაღას მოჰყავდა ცოლი და რაღას იყოლია შვილები; რომ ყველა მტრად მოიკიდა, მისასვლელი არავისთან აქვს… ქალი ტირილით იფხეკს ცომის ბოლო კორძებს ხელიდან…

გიას ეცოდება ცოლი, აქვე ყურისძირში ბიძაშვილი მოუკვდა და ფეხზე ამოსაცმელი არაფერი არ აქვს, სამძიმარზე რომ წავიდეს..

რცხვენია ცოლის. იცის, რომ გმირი სწორედ ისაა. გმირები მარტო ომში მსროლელები ანდა დახოცილები არ არიან. გმირები მათი დედები არიან, წელზე ფეხის დადგმით ობლებს რომ უზრდიან; ცოლები, ქმრის მაგივრად ღამე თავისი გმირის სახელი რომ მიუწვებათ. ფიქრობს ეზუხბაია, რა წყალში გადავარდეს, ცოლისთვის ფეხზე ამოსაცმელი რომ იშოვოს.

ცოლსაც ეცოდება ქმარი. იცის სხვანაირად არ შეეძლო – ორმოცდარვა წელი მიწაში იცქირებოდა, გლეხი იყო, მანდარინის ბაღით, პირუტყვით, და ავტომატი ააღებინეს ხელში. ომში ჯერ მისი ბავშვობის მეგობარი დათო შერვაშიძე ჩაერთვება. ის გიასნაირი არაა, წამალი, შავები მიდი-მოდი. გიას კი ისე უყვარს, თავისი ოთხი შვილიდან ორ ბიჭს მის სახელს დაარქმევს: ერთს დათას, მეორეს – დათოს. გიაც წავა თავის უფროს ძმასთან ერთად. კაცი, რომელსაც თოხის მეტი არაფერი უნახავს. პირველივე ბრძოლაში ბალახში ჩაწვება და თავს მაღლა ვერ სწევს.

უფროსი ძმა დაამუნათებს: „ისროლე, აწი სირცხვილია“. უმცროსი ეზუხბაიაც ისვრის და ამ ოხერი გრძელი, ცხელი დღის დაღამებას ნატრობს. როცა პირველად ნახავს მკვდარ მებრძოლს, ვერ იჯერებს, რომ ეს კაცი დილით ცოცხალი იყო. ახლა სულთმობრძავი, დაკრუნჩხული თითებით ისევ ცდილობს სასხლეტის გამოკვრას. კვდება გიას უფროსი ძმაც, რუსი სნაიპერის ტყვიით. ცრემლგამშრალი უმცროსი წაასვენებს და მშობლიურ სოფელში დამარხავს.

სროლა დამთავრდა, ომი კი გრძელდება. ახლა მშვიდობისმყოფელები ისინი არიან, ვისი წაქეზებითაც ეს ყველაფერი დაიწყო. იქ ენგურს გაღმა გიას ნახევრად დამწვარი სახლი და უფროსი ძმის გატყიურებული კამეჩი დარჩა, რომელიც არ გადმოჰყავს არაფრის დიდებით. ისაა ყველაფერი დაკარგულის სამაგიერო.

გია გაცეცხლებული გამოვარდება სახლიდან, რომ ან ცოლს ფეხსაცმელი უშოვოს ან არ დაბრუნდეს ცოცხალი სახლში. ცოლი გამოეტირება, რომ უჭმელი მაინც არ წავიდეს სახლიდან. ისედაც ბოლო ფქვილი მოზილა დღეს. გარეთ გიას ამბები დახვდება, აგეტირება კაცს…

შერვაშიძე უპატრონო მოხუცს გამოესარჩლება, რიგით გაზულუქებულს მიუვარდება და დაიჭერენ. ტყუილად ილაწლაწა გიამ, ვერაფერი იშოვა და ფეხსაცმლის ნოქარიც კინაღამ სცემა. უცბად ისევ ცოლის ნათესავი გამოუჩნდება „მშველელად“. იქ აფხაზეთში ხომ აქვს წაბლის კარ-ფანჯარა, ცეცხლს რომ გადაურჩა, სახლის პირველ სართულზე. გადაიპაროს ენგურს გაღმა, მოხსნას, მოუტანოს და ის მისცემს ფეხსაცმელს, ცოლი რომ სამძიმარზე გაგზავნოს.

წავა, გადაიპარება ეზუგბაია თავის სახლში და ისე მიუდგება საქმე, თავის გადატენილ ავტომატს დაეყრდნობა ნიკაპით. ვერ გაისვრის, დაუცლია სულ, სახლში რომ მიიპარა, აფხაზები დახვდნენ იქ.

კითხულობ და არ გინდა, დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ. არ გინდა დაჯერება, მაგრამ ასეა..

გევსება, გეტენება ბრაზით გული. ჯერ იმის გამო, პატრონი რომ არ გვყვავს და ღვთის ანაბარა რომ ვართ დარჩენილები; ჩვენი მეზობლის გამო, გასაქანს რომ არ გვაძლევს. პირში სული რომ გვიდგას, ის რომ შურს ჩვენი და ვერც ჩვენი შავი მიწით ძღება.

ავდექი გამეხებული, გავმართე გატეხილი ბარი და ჩავედი ბოსტანში. მაგათ ჯიბრზე გავაგრძელე ისევ ჩემი ურწანი მიწის თხრა. სანამ პირში სული მაქვს, მაგათ ჯიბრზე ვიქნები ამ მიწაში მაცქერალი და ამ ცის შემყურე. მანამდე, სანამ ეს მიწა არ შემჭამს, როგორც სხვები შეუჭამია.

ნუ დამაჭირვებ ღმერთო, რომ ის დამპალი თოფი ავიღო, ამ მიწის დასაცავად…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი