შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მოცულობითი ტექსტები და კომპლექსური დავალებები

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ ჩვენს სკოლებში ამ ეტაპზე მხოლოდ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ინერგება. გაისად მას საშუალო საფეხურიც ეზიარება, 2024 წლისთვის კი სრულად დაფარავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს.

ჩვენი კოლეგები ხშირად გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე განხორციელებულ კომპლექსურ დავალებებს უხვად გვიზიარებენ, საშუალო საფეხურის მასალები კი არ მოგვეპოვება. ვფიქრობ, სანამ პროექტი საშუალო საფეხურზეც ოფიციალურად შემოვა, შეგვიძლია საბაზო საფეხურის სამიზნე ცნებებით ვიხელმძღვანელოთ და მაღალ კლასებშიც შევთავაზოთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალებები. სტატიაში გაგიზიარებთ ჩემს მოკრძალებულ გამოცდილებას ამ მიმართულებით.

მეათე კლასში ვსწავლობთ ძველ ქართულ ტექსტებს, მათ შორის, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანსაც“. სანამ უშუალოდ ტექსტის კითხვას დავიწყებდით, მოვიფიქრე რამდენიმე კომპლექსური დავალება, რომელთაგან თითოეული უნდა შესრულდეს გარკვეული თავების მიხედვით, მთელი პოემის ტექსტის შესწავლის განმავლობაში ვმუშაობთ მხოლოდ ერთ დავალებაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში გაწერილია ყველა დავალება, რომლებსაც ამ ტექსტის ფარგლებში ვამუშავებთ. პირველ სვეტში მოცემულია კომპლექსური დავალებები, მეორეში – სამიზნე ცნებები, რომლებიც იფარება ამ დავალებების ფარგლებში, მესამე სვეტში კი – საკითხები, რომლებიც მუშავდება ამა თუ იმ კომპლექსური დავალების საშუალებით. საინტერესოა, რომ შევარჩიე ისეთი დავალებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავიდეთ შვიდსავე სამიზნე ცნებასა და მათ მკვიდრ წარმოდგენებზე (როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშუალო საფეხურზე ჯერჯერობით ვსარგებლობთ საბაზო საფეხურის სამიზნე ცნებებით).

კომპლექსურ დავალებებს მოსწავლეებს ვაცნობ ელექტრონული ფორმით (საპრეზენტაციო პროგრამა Sway), სადაც ერთ სივრცეშია მოქცეული დავალების პირობა, კრიტერიუმები, აგრეთვე, ძირითადი და დამატებითი რესურსები.

 

ცხრილში მოცემულ კომპლექსურ დავალებათაგან მოსწავლეებმა ამ ეტაპისთვის წარმოადგინეს პირველი ოთხის პრეზენტაცია. რაც შეეხება მეშვიდე დავალებას, პერსონაჟის ფეისბუქპროფილს, მასზე მუშაობა დავიწყეთ ტექსტზე მუშაობის დაწყებისთანავე, ხოლო დავასრულებთ მაშინ, როცა მის კითხვას მოვრჩებით.

პირველი კომპლექსური დავალება წარმოსახვითი ინტერვიუ როსტევან მეფესთან  https://sway.office.com/IL3Ppoo82TspFQAm

 

მოსწავლის ნამუშევარი

თქვენო უდიდებულესობავ, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და დამთანხმდით ინტერვიუზე! როსტევან მეფევ, რამდენიმე დღის წინ თქვენ მიიღეთ არაბეთის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება – სამეფო ტახტზე დასვით ქალი, თანაც, თქვენსავე სიცოცხლეში. თუ შეიძლება გვითხარით, რა იყო ამის მოტივი?

პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისთვის! მინდა, ყველასთვის გასაგები იყოს, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ თინათინი ჩემი ერთადერთი შვილია. შესაბამისად, სამეფო ტახტიც კანონიერად მას ეკუთვნის. ვინაიდან აქამდე ხელმწიფედ ქალი არასდროს ყოფილა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ თავი წამოეყოთ ხელისუფლებას დახარბებულ დიდგვაროვნებს და თინათინისთვის პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, მოვხუცდი, „სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელი“ და ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში ვარ. სანამ ცოცხალი ვარ, თვალს მივადევნებ თინათინის მეფობას. მისი ახალგაზრდული ენერგია და ჩემი გამოცდილება ერთმანეთს შეავსებს, ბევრს ისწავლის ჩემგან და მომავალში ქვეყნის მართვა არ გაუჭირდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თინათინს აქვს ყველა ის თვისება, რომლებიც ძლიერ ხელისუფალს სჭირდება. გეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა ქალის მეფობა, მაგრამ ეს არ არის მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევა. გავიხსენოთ საქართველოს მეფე თამარი, რომელიც, ასევე, სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა და მამამისმა თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. თამარი ძლიერი და ძალიან წარმატებული მეფეა. ასე რომ, სქესს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ხელისუფალი იყოს ჭკვიანი და გონივრულად მართავდეს ქვეყანას.

– თქვენო უდიდებულესობავ, თინათინის თვისებები ახსენეთ. დაგვიხასიათეთ, როგორია თქვენი ასული. როგორ ფიქრობთ, რომელი თვისებებით გგავთ და რომელი თვისებები დაეხმარება ახალგაზრდა მეფეს ქვეყნის მართვაში?

თინათინი არაჩვეულებრივი ადამიანია: ჭკვიანი, უხვი, თავმდაბალი, ყურადღებიანი. ყოველთვის დამჯერი შვილი იყო. ბავშვობიდან ვასწავლიდი, რომ ხელგაშლილი ყოფილიყო. უზომოდ მახარებს, რომ გამეფების ცერემონიალზე მთლიანად გასცა უფლისწულობისას დაგროვილი ქონება. ამ თვისებით მე დამემსგავსა. ვფიქრობ, სიუხვე მეფისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მოგეხსენებათ, „უხვი ახსნილსაც დააბამს“. თუ გასცემ, აუცილებლად გემორჩილებიან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თინათინს აქვს პრობლემის გადაჭრის საოცარი უნარი. როცა უცხო მოყმე გაუჩინარდა და ვერსად მივაგენით, სწორედ ჩემმა ქალიშვილმა დამარწმუნა, რომ უაზრო სასოწარკვეთაში ჩავარდნას საქმის მოგვარება სჯობია და, მისივე რჩევით, ყველგან გავგზავნე ჩემი კაცები უცხო მოყმის საძებრად. გარდა ამისა, ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია. მთელმა არაბეთმა ნახა, როგორ ტიროდა გამეფების ცერემონიალზე, რადგან „მამისა ტახტზე საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“.

– როსტევან მეფევ, რამდენადაც ვიცი, თინათინის გამეფების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიგიღიათ?

რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებდი. მთელი არაბეთი მიცნობს, როგორც სამართლიან, დემოკრატ მეფეს. გავმართე თათბირი ვეზირებთან, ავუხსენი ჩემი გადაწყვეტილების მოტივები. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ თინათინის „შუქთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია“ და რომ, ქალობის მიუხედავად, როგორც ხელმწიფის შვილს, სამართლიანად ერგება სამეფო ტახტი.

            – მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე არაბეთში მშვიდობაა, მაგრამ საფრთხის ქვეშ რომ დადგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საჭირო გახდეს საომარი მოქმედებების განხორციელება, თქვენი აზრით, ქალი მეფე შეძლებს ჯარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მითითებების გაცემას?

არაბეთს ჰყავს მრავალრიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი ჯარი და უძლიერესი სპასპეტი ავთანდილის სახით. სწორედ მისი პროფესიონალიზმი, საომარი ტაქტიკის სიღრმისეული ფლობა და თინათინის გონიერება მიმაჩნია არაბეთის ძლევამოსილი სახელმწიფოს ძლიერებისა და ერთიანობის გარანტად.

– და ბოლო შეკითხვა: რას უსურვებდით ახალგაზრდა მეფესა და არაბ ერს?

– თინათინს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მოთმინებას, ჩემს ხალხს – მშვიდობას, კეთილდღეობასა და აღმშენებლობას!

– თქვენო უდიდებულესობავ, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის!

მეორე კომპლექსური დავალება – ავთანდილის წერილი შერმადინს https://sway.office.com/ZCSVrGYhpVgX79SD

 

მოსწავლის ნამუშევარი

გამარჯობა, შერმადინ, ჩემო ერთგულო და ჩემთვის თავდადებულო!

როგორ ხარ, ჩემო კარგო ადამიანო? როგორ მრცხვენოდა, პირველად რომ გაგანდე ჩემი ხვაშიადი – თინათინისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული. სულ მახსოვს, როგორ იღვრებოდი ცრემლად, როცა გაუწყე უცხო მოყმის მოსაძებნად წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. როგორ მთხოვდი გაყოლას. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მზად იყავი ჩემდამი ერთგულებისა და თავდადების დასამტკიცებლად.

ჩემო მეგობარო, ჩემო გაზრდილო და ჩემთან თანაშეზრდილო, სხვას ვერავის ვანდობდი ჩემს ქალაქს, ყმებსა და ლაშქარს. ამ მხრივ მშვიდად ვარ. ვიცი, რომ იზრუნებ ჩემს ყმებზე და ჩემს სამფლობელოს უვნებელს დამახვედრებ.

საგონებელში ჩავვარდი. ნათქვამია: „ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“. მართლაც, გატეხილ სახელს ვერაფერი აღადგენს. აუგიან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. ხელმოცარული როგორ დავბრუნდე, თინათინს თვალებში როგორ შევხედო? მაგრამ სამი წელიწადიც რომ ამოიწურება? არ ვიცი, როგორ მოვიქცე!

გუშინწინ შემთხვევით გადავეყარე ვაჭარს, რომელიც ამ დღეებში არაბეთის გავლით სავაჭროდ გამგზავრებას გეგმავს. ამ წერილს მას გამოვატან. ასე მითხრა, არაბეთში სულ ერთ საათს დავყოფო. ამიტომაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი წერილი შენამდე მოაღწევს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სანამ ეს ვაჭარი არაბეთში მოხვდება, ამასობაში სამი წელიც შესრულდეს, მკვდრად ჩამთვალო და გლოვა გამოაცხადო.

მოკლედ, ძალიან დავიბენი, ჩემო შერმადინ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. მოხდეს, რაც მოსახდენია.

გემშვიდობები, ჩემო უერთგულესო მეგობარო – უცხო მოყმის ნახვის, არაბეთში დაბრუნებისა და თინათინთან და შენთან შეხვედრის იმედით!

დიდი სიყვარულით, შენი ავთანდილი

12 აპრილი, 1187 წელი

 P.S. ეს-ესაა ვიპოვე უცხო მოყმის სამყოფელი. პირადად ჯერ არ მინახავს. მეტს ვერაფერს გწერ. მაპატიე! მთავარია, იცი, რომ ცოცხალი ვარ და მალე დავბრუნდები. გთხოვ, თინათინს შეატყობინე!

 

მესამე კომპლექსური დავალება რეპორტაჟი ინდოეთიდან – ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობის ადგილიდან  https://sway.office.com/Qf9ALiDpYxjuLCYi

რეპორტაჟი გახლდათ ჯგუფური სამუშაო. დავალების ფორმატი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეთათვის, პანდემიის მიუხედავად, შემეთავაზებინა ჯგუფური დავალება, ვინაიდან, ძირითადად, ღია სივრცეში უწევდათ ჩაწერა. ჰყავდათ წამყვანები საინფორმაციო გადაცემების სტუდიაში, ჩართეს ჟურნალისტები შემთხვევის ადგილიდან და თვითმხილველებთან ინტერვიუებიც ჩაწერეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ დამატებით ბეჭდური რეპორტაჟიც წარმოადგინა.

მოსწავლის ნამუშევარი

მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფარსადან მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დატრიალდა საზარელი მკვლელობა. მოკლულია ხვარაზმშას სახელმწიფოს უფლისწული, რომელიც, ინდოეთის მეფის მოწვევით, წუხელ ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და, მეფის ბრძანებით, სპეციალურად მისთვის გაშლილ კარავში მოსასვენებლად იმყოფებოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გახლავთ ინდოეთის ჯარების ამირბარი, სარიდან მეფის ძე, ფარსადან მეფის შვილობილი, ტარიელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი გახლდათ ნესტან-დარეჯანის სიყვარული. სწორედ ნესტანის დავალებით მოკლა ტარიელმა ხვარაზმელი სასიძო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირბარმა დახოცა მდევრებიც. თვითონ მიმალვა არც უცდია. ამჟამად მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფება. როგორც მაცნობებენ, ამ წუთებში სახლი სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული და რამდენიმე წუთში დაიწყება ამირბარის აყვანის სპეცოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ მეფე ფარსადანმა ამირბარ ტარიელისა და დიდებულთა მონაწილეობით გამართა თათბირი, რომელზეც განიხილეს ნესტან-დარეჯანის გათხოვების საკითხი. აღნიშნულ თათბირზე ნესტანის საქმროდ შეირჩა ხვარაზმშას მეფის ძე. სწორედ საქორწილოდ ჩამობრძანდა ინდოეთში ხვარაზმელი უფლისწული, რომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ტარიელს, სავარაუდოდ, აყვანისთანავე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტოში ჩანიშნულია ბრიფინგი. სულ მალე ჩვენ ამ ბრიფინგიდან ჩაგერთვებით და საქმის შესახებ უახლეს ინფორმაციას მოგაწვდით.

 

მეოთხე კომპლექსური დავალებაღირებულებათა სქემა/გერბი და საჯარო გამოსვლა თემაზე „ღირებულებები წინათ და ახლა“ https://sway.office.com/OuQ6KULEUAsawg61

მოსწავლის ნამუშევარი

 

კომპლექსური დავალება – პერსონაჟის ფეისბუქპროფილი https://sway.office.com/9PQ9mlRhOopksBUv

როგორც უკვე აღვნიშნე, პერსონაჟის ფეისბუქპროფილზე მუშაობა გრძელდება მთელ ტექსტზე მუშაობის განმავლობაში. მოსწავლეები თავიანთი პერსონაჟების პროფილებზე ძალიან აქტიურობენ. ამ გამოცდილებას ვირტუალური როლური თამაშის დასრულების შემდეგ ცალკე სტატიაში შემოგთავაზებთ.

„ახალი სკოლის მოდელით“ სწავლებას ბევრი სიკეთე მოაქვს: აღძრავს მოსწავლის ინტერესს, არის ცოდნათა ურთიერთდაკავშირების ანუ მათი კომპლექსურად გამოყენების საშუალება, უვითარებს მოსწავლეს შემოქმედებით უნარებს, სიღმისეულად ააზრებინებს საკითხს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოსწავლე ხდება სასწავლო პროცესის სუბიექტი – სწავლობს კეთებით, ხოლო ის, რასაც კეთებით ვსწავლობთ, მოგეხსენებათ, მარტივად და ხანგრძლივად გვამახსოვრდება.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი