პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

80 წლის ბედნიერი ტანჯული

თოვს. თვრამეტი მარტია. ზეგ უნდა დავიბადო.
ფუნიკულიორის პლატო კედელივითაა ჩამოთეთრებული.

იმავე აბზაცში:

უკვე ცხრამეტია. ქარია. ცივა. მაგარი სერიოზული
ზამთრის დღეა. მოდი და ამის შემდეგ, მართლა მოკითხე ჭკუა მარტს! ხვალ ვიბადები! უჭირს ბუნებას ჩემისთანა გაუგებრობის
გაჩენა, თავს ებრძვის, წვალობს… მე კი მესმის ბუნებისა, მაგრამ ჩემი არავის ესმის…

და იქვე, ცოტა
ხანში:

ორის თხუთმეტი წუთია და შუქი არ ჩაუქრიათ. ალბათ,
მე მცემენ პატივს უკვე ოცია,
უკვე სამოცდაოთხისა გავხდი და სამოცდახუთში გადავდექი. სამოცდაოთხი წლის წინათ, აღმოსავლეთ
საქართველოში, კახეთის პატარა ქალაქ სიღნაღში დავიბადე მე, თქვენი მონა-მორჩილი…

ეს ოთარ ჭილაძის
1997 წლის ჩანაწერია, თითქოს ერთი ამოსუნთქვით განვლილი სამი დღე – სამოცდამეოთხე დაბადების
დღის მოლოდინი თუ იმ დღის გახსენება, როცა კახეთის პატარა ქალაქ სიღნაღში…

ოთარ ჭილაძის
დღიურებისა და ჩანაწერების წიგნში – „ცა მიწიდან იწყება” – წლების დინებასთან ერთად,
ერთმანეთს ენაცვლება მწერლის ცხოვრება და ფიქრი ცხოვრებაზე, ყოველწამიერი განცდები,
სამოგზაურო თუ შემოქმედებითი პროცესის ამსახველი სურათები, ოჯახური ყოფა თუ რამდენიმე
მძაფრი, ორიგინალური დაკვირვება ზოგადად ოჯახის შესახებ.

მაგრამ ამ ყველაფერს
მაინც აჩრდილივით თან დაყვება გამუდმებული ფიქრი სამშობლოზე. ეს ფიქრი გასული საუკუნის
60-იანი წლებიდან ჯერ ლექსებად და პოემებად აქცია ოთარ ჭილაძემ, უფრო მოგვიანებით კი
– რომანებად. სათქმელს, რომელიც პროზასა და პოეზიაში ვერ ამოთქვა ბოლომდე, პიესებსა
და პუბლიცისტურ წერილებში მიუბრუნდა.

ლიტერატურული
პორტრეტების ციკლი „ბედნიერი ტანჯული” ნიკოლოზ ბარათაშვილით დაიწყო და ნელ-ნელა, სხვადასხვა
დროს შემოემატა ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ნიკო ფიროსმანზე, ტერენტი გრანელსა
და გალაკტიონ ტაბიძეზე შექმნილი ბრწყინვალე წერილები, სანამ ამ წერილების ავტორსაც
არ დაერქვა მის მიერვე მიგნებული ორიგინალური სიტყვათშეხამება.

თამაზ ჭილაძემ
ძმის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წელს გამოცემული კრებულის („ლექსები და პოემები”)
წინასიტყვაობაში სწორად შენიშნა, რომ ოთარ ჭილაძეც ბედნიერი ტანჯული იყო: „ტანჯვა და
ბედნიერება – ეს ორი, ურთიერთგამომრიცხავი ცნება – მის წარმოდგენაში უცნაურად ერწყმოდა
ერთმანეთს. მისთვის საკუთარი, უაღრესად ადამიანური, ანუ ტანჯული ცხოვრება ბედნიერება
იყო”.

 

ეს ბედნიერი ტანჯული,
სახელოვანი წინამორბედებისგან გასხვავებით, სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენ გვერდით ცხოვრობდა, ხალხის ტკივილსა
და სიხარულს იზიარებდა, მაგრამ მას ვერ ნახავდით ლიტერატურულ თავყრილობებზე, ტელეეკრანებზე,
ხალხმრავალ მიტინგებზე, პარლამენტის პლენარულ სხდომებსა და პოლიტიკურ დებატებში.

ხელისუფლებისგან მოუთვინიერებელი ოთარ ჭილაძის პიროვნება
ა შემოქმედება დღეს უკვე
ჩვენი თანამედროვეობისთვის ზნეობრივი და კულტურული ორიენტირია.

ის ერთნაირად ძვირფასია როგორც პროფესიონალი
ლიტერატორებისთვის, ისევე უბრალო მკითხველისთვის და რაც დრო გადის, დღითიდღე უფრო აქტუალური
ხდება. აქტუალური და სამაგალითო – თუნდაც თავისი პოზიციით, სიყალბისა და ფარისევლობის
უარყოფით, შეუწყნარებლობით – არა მხოლოდ აღზევებული პოლიტიკოსების (1996 წლის ჩანაწერში
ამბობს: „საქართველოს ვინც ყიდის, ნებისმიერი თვალსაზრისით, ყველას დედა ეტირება, ისე
მე ვიხაროო”), არამედ გამოჩენილი ხელოვანების მიმართაც. ერთ-ერთი ინტერვიუდან („წინ
მარადისობაა!”) თითქოს ვულკანივით იფრქვევა განრისხება:

– ერთმა საკმაოდ ცნობილმა ქართველმა, უფრო სწორად, წარმოშობით
ქართველმა ხელოვანმა, მცხეთის ჯვრის მონასტრის ფონზე (ადგილობრივი ტელევიზია ლაქიური
მოკრძალებით აფიქსირებდა „ოქროს ფონდისთვის” მსოფლიოს მოქალაქის მორიგ ვოიაჟს ყოფილ
სამშობლოში), თავის მცირეწლოვან შვილებს (რასაკვირველია, ტელემაყურებელთა გასაგონად),
ქართული გულითადობითა თუ ამერიკული პრაგმატულობით უთხრა: თუ გინდათ, კარგი ამერიკელები
გაიზარდოთ, ფესვები არ დაკარგოთ, იცოდეთ, საიდან მოდიხართო. კეთილი და პატიოსანი. ღმერთმა
ხელი მოუმართოთ. და საერთოდ, ვისი რა საქმეა, რას ურჩევს საკუთარ შვილებს მამა, ვინც
არ უნდა იყოს ის, ცნობილი ხელოვანი თუ ჩვეულებრივი არარაობა. სამაგიეროდ, დიახაც რომ
შემაშფოთებელია ჩვენთვის, როცა მთელი ქართველი ხალხი უყურებს და უსმენს ყველაფერ ამას
და არავის უჩნდება სურვილი, მორიდებულად მაინც უსაყვედუროს ტელევიზიას ამგვარი ანტიეროვნული
გადაცემების სიმრავლე…

უფრო ადრინდელ
ჩანაწერში ოთარ ჭილაძე თავის კოლეგას, ქართული წარმოშობის რუს პოეტ ბულატ ოკუჯავასაც
არ ინდობს:

–ბულატს უთქვამს: პატრიოტიზმი მარტივი
გრძნობაა, იგი კატასაც აქვსო. მაგრამ რაც კატას აქვს, ის შეიძლება ბულატს არ ჰქონდეს.
ბუდაპეშტში, ერთ-ერთ გამომცემლობაში, მე რომ განვაცხადე, ეგ ისეთი ქართველია, როგორი
უნგრელიც მე გახლავართმეთქი,
შეიცხადეს რას
ბრძანებთ, მაგის წიგნები ჩვენთან სულ ქართული ლიტერატურის ლიმიტით გამოდისო. მაგრამ
ეს ბულატის ქართველობაზე მეტად, მის გაიძვერობას ადასტურებს…

ოთარ ჭილაძეს სატელევიზიო გამოსვლები არ უყვარდა, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს  ძვირფასი კადრები, მათ შორის ლევან ანჯაფარიძის დოკუმენტური ფილმიდან „მას საქართველო ჰქვია” (იხ. 31:57-33:31 წთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტიდან „მეხსიერება”), რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოთარ ჭილაძის, როგორც ჭეშმარიტი მწერლის, სახელმწიფოებრივ აზროვნებას:

https://1tv.ge/video/603

 

ვფიქრობ, უკვე დროა, უფრო მეტად ვიცოდეთ ოთარ ჭილაძე:
საჭიროა სასკოლო სახელმძღვანელოებში უშურველად შეიტანონ მისი შემოქმედება, მასწავლებლებმა
ხშირად მიუთითონ კლასგარეშე საკითხავ წიგნებად უკვდავი რომანები, არც მის საზოგადოებრივ-კულტურულ
და პოლიტიკურ შეხედულებებზე მსჯელობა გვაწყენდა და სახელმწიფო ინსტიტუტებმაც უნდა დაისახონ
მიზნად მსოფლიოსთვის დიდი მწერლის სრულყოფილად გაცნობა.

დანარჩენს თვითონ
მიაღწევენ პატარა იკაროსი და მომავლისკენ მიმავალი ცალხელა ალექსანდრე, „სიყვარულის
იმპერიის” შემქმნელი აველუმი და გელა, ძე წარსულისა და მამა მომავლისა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი